ღმერთის სახიერება
1988 წლის დიდმარხვა იყო, მარტი. ბერი ვატოპედში იყო, უამრავი სირთულე ჰქონდა. ამ დღეებში ბერი დუმილს მარხვასა და ლოცვას ეძლეოდა ხოლმე, როგორც წმინდა იოსებ ისიქასტმა ასწავლა. გარდა დიდმარხვისა, ბერს სხვა სერიოზული პრობლემებისა და განსაცდელების დროსაც, წესად ჰქონდა უზეთო მარხვის დაცვა.
ერთხელ, როდესაც მონასტრის გარეთ იყო გასული და პატარა მდინარეს მიუყვებოდა, სულიერმა განკვირვებამ მოიცვა და ჰკითხა უფალს: „რამ გაიძულა შენ, მიუწვდომელი, აუხსნელი, მამის დიდების ბრწყინვალება, რომ გამოსულიყავი მამის წიაღიდან ისე, რომ ის არ მიგეტოვებინა, არსებაში მოგეყვანა სამყარო? ხოლო როდესაც ჩვენი მიზეზით ყველაფერი განადგურდა, მოხვედი და შენს ქმნილებას, ადამიანს, შეუერთდი და ყოველივე განაახლე?“ იმწუთას გულში ქრისტეს სიტყვები ჩაესმა: „ჩემმა სახიერებამ“.
ბერმა ბევრი იღვაწა სიწმინდის მოსაპოვებლად. თავის ქადაგებებში ღრმა სიმდაბლით აღძრული წერდა: „პირველი გასამრჯელო, უკვე ამ ცხოვრებაში, არის ჩვენი ცოდვების მოტევება. ამის შემდეგ, ვნებებისა და ძველი კაცისგან გათავისუფლება და თავისუფლებასა და სათნოებებს იძენს. მაშინ კი! როგორ გაიხარებთ და იმხიარულებთ, როდესაც იგრძნობთ, რომ ძველი ჩვევები და ვნებები გაქარწყლდა; ძველ ბრძოლებს, რომლებიც გვაწუხებდა და სასოწარკვეთილებაში გვაგდებდა, ბოლო მოეღო, მათი ადგილი კი კეთილმა ჩვევებმა და ღმერთისადმი სიყვარულმა დაიკავა. თუ ადრე უაზრო რისხვა გვამძიმებდა, როცა ვინმე განგვიკითხავდა, მისდამი სიძულვილსა და ზიზღს ვგრძნობდით. ახლა გული სიყვარულითა და თანაგრძნობით გვიძგერს. ხოლო ჩვენი ლოცვა, მცდელობისა და შრომის გარეშე, ჩვენი შემაწუხებლებისკენ მიემართება.
მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ადამიანი თავის გულში საიდუმლოდ გრძნობს და რასაც ღმერთის ნათესაობა შეიძლება ეწოდოს, უფრო სწორად კი, როდესაც მთელი სიღრმითა და სისავსით ქრისტეს საკუთარ მამად შეიგრძნობს. ადამიანური მსჯელობებითა და კატეგორიებით ამის გაგება შეუძლებელია. ადამიანს რაღაც აუხსნელი, გამოუკვლეველი, ღრმა გრძნობა იპყრობს, რომლიც ნეტარებით აღავსებს მის მთელ არსებას, ერთდროულად გლოვობს საკუთარ მიწიერ სიგლახაკეს და ტირის ღმერთის განუზომელი მოწყალებისა და სიყვარულის გამო თავისი ქმნილების მიმართ, საკუთარ თავს კი სიცოცხლისა და ღმერთის უკიდეგანო მზრუნველობის უღირსად მიიჩნევს.
სხვა რაღაცებიც მინდოდა მეთქვა ღმერთის ყოვლადსახიერების შესახებ, რომელიც თავის ქმნილებაზე უშურველად ღვრის მადლს. მაგრამ ვგრძნობ რა საკუთარ არარაობასა და მოღალატეობას უდები ცხოვრების გამო, ვარჩევ დავდუმდე, რათა საძულველი არ გავხდე, რადგან ამას ვიმსახურებ.“[1]
ბერს სურდა ყოფილიყო უჩინარი, კაცთათვის „საძულველი“. მხოლოდ ისინი მიხვდებიან, რაოდენ დიდი სიმდაბლე მიანიჭა ბერს ღმერთმა, რომელთაც თავად უწყიან ამგვარი ღვაწლის სიმაღლე. ნებისმიერ ცილისწამებას ისე იღებდა, რომ არც კი ცდილობდა თავი აერიდებინა. გვასწავლიდა: „როდესაც ჩვენზე ცუდს ამბობენ, თავს ნუ აარიდებთ, რადგან სწორედ ამით შევიძენთ რაღაც გასამრჯელოს. ქება-დიდებამ ვის რა არგო?“ განსაცდელებსა და სირთულეებს ღმერთისადმი ღრმა რწმენით უმკლავდებოდა. ამბობდა, რომ ღმერთისთვის არასდროს უთხოვია, რაიმე მომეციო. არამედ ამბობდა: „უფალო, შენ იცი ყველაფერი! მონაზვნობაში შენ არ მომიწოდე მე დაგარიგო ახლა, რა და როგორ გააკეთო“ ერთადერთი, რასაც სთხოვდა ღმერთს იყო ის, რომ არ მიეტოვებინა.
„წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ“
როდესაც ბერს რამე ზებუნებრივი შეემთხვეოდა, ზედმიწევნით მალავდა და ჩვენც გვასწავლიდა, ჩვენებებისა და გამოცხადებებისთვის ყურადღება არ მიგვექცია, რადგან მათ ბევრი ადამიანი ჩაუგდიათ ცთომილებაში. თუმცა ზოგჯერ გარკვეული მოვლენები სხვებისთვისაც შესამჩნევი ხდებოდა, რომელთა წყალობითაც რამდენიმე შემთხვევის წერილობითი მოწმობა შემოგვრჩა.
ვატოპედში ცხოვრების პირველ, განსაკუთრებულად რთულ პერიოდში, როცა დიდი მოთმინების გამოჩენა იყო საჭირო. მოძღვრის კურთხევით, ყოველ შუაღამეს მონასტრის სხვადასხვა ეკვდერში წირვა ტარდებოდა. ეს წესი, როგორც უკვე ითქვა, თავისი ბერისგან გადმოიღო. ერთხელ, როდესაც ლიტურგია წმინდა სამების პატარა ტაძარში სრულდებოდა, ხოლო მღვდელმა წარმოთქვა: „ძლევისა გალობისა მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი”, ზებუნებრივი ხმა მოისმა: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ…“. ბერი დიდი ლმობიერებით იდგა მსახურებაზე, ცრემლები მდინარესავით მოსდიოდა, მაგრამ არავისთვის არაფერი უთქვამს, თუმცა ეს ზეციური გალობა მწირველმა მღვდელმაც გაიგონა.
წირვის შემდეგ მღვდელმა მოძღვარს სენაკში მიაკითხა და ამ მოვლენის შესახებ ჰკითხა. ბერმა დაუდასტურა, მაგრამ ბევრი ახსნა-განმარტება არ მისცა, მხოლოდ ეს უთხრა: „ანგელოზების გალობა იყო“. სხვისთვის არაფერი გაუმხელია, თითქოს არაფერი მომხდარა. სურდა რა ჩვენი დაცვა ცდომილებისა და ამპარტავნებისგან, გვეუბნებოდა: „არ მინდა ღმერთი ვაიძულო ის დაპატარავდეს, რომ მისი თვალით ხილვა შევძლო. ერთადერთი, რაც მინდა, ის არის რომ ჩემ შიგნით შემოვიყვანო და შევუერთდე ისე, როგორც თვითონ უკეთ უწყის.”[2]
მას შემდეგ, რაც ბავშვობაში ცოცხლად იხილა ქრისტე, ბერ იოსებს სულიერი სამყაროს ძალიან ფაქიზი აღქმა ჰქონდა. ადვილად იგებდა და ხვდებოდა სხვა თანამედროვე წმინდანების გამოცდილებასა და ღმერთისადმი მათ შვილებრივ დამოკიდებულებას. ამგვარად, პირველად წაიკითხა თუ არა წმინდა სილუანეს წიგნი, მაშინვე აღიარა მისი სიწმინდე. ასევე იყო წმინდა იუსტინე პოპოვიჩის, წმინდა არსენი კაბადოკიელის, ღირს პორფირი კავსოკა ლიველისა და პაისი ათონელის შემთხვევებშიც. თავის მოწაფეებს, როგორც უკვე ითქვა, ამ წმინდანების სახელები დიდი ხნით ადრე, მათ ოფიციალურ კანონიზაციამდე დაარქვა.
[1] წიგნიდან „ვატოპედური საუბრები”, სიტყვა 13.
[2]სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 1988 წლის 20 ნოემბერი/3 დეკემბერი.
წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©