იოსებ ვატოპედელი

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეშვიდე: ვატოპედის მონასტერში

მღვიძარე მფარველი და მასწავლებელი

ბერი იოსები საღმრთო მოშურნეობით ცილობდა დარიგებებით სულიერად გაეძლიერებინა საძმო, რადგან იცოდა, თუ რა მძიმე იყო მონასტრის სულიერად გამართვის (განონასწორების) უღელი, რომელიც იტვირთა. წარსულში ვატოპედში მრავალი სულიერი პიროვნება ცხოურობდა და მონასტერმა ეკლესიას მრავალი წმინდანი მისცა. ბერი ამბობდა: „როდესაც მონასტერში ვცხოვრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მისი კერძო მესაკუთრეები არ ვართ. ჩვენ კი არ ავაშენეთ ის, არამედ მართლმადიდებლურმა გადმოცემამ და ჩვენმა ერმა. ხოლო ჩვენ მონაზვნური ტრადიციებისა და მემკვიდრეობის უბრალო მცველები და მასწავლებლები ვართ. თუკი უფალმა ჩვენმა მარილი და ნათელი გვიწოდა, ხოლო პავლე ამბობს, საქმე მაქვს ჩაბარებული და „ვაი ჩემდა, არა თუ ვახარებდე”, ჩვენც არ უნდა მოვდუნდეთ. არამედ ჩვენი სარწმუნოებისა და ჭეშმარიტების ანთებულ კელაპტრებად უნდა ვიქცეთ, რომელიც განუწყვეტლივ იწვის და უნათებს ყველას, ვინც ნათელს ეძიებს.

ერთსულოვნება, სიყვარული, ურთიერთგატანა, ძმათმოყვარება, თანაგრძნობა უხვად უნდა იყოს თქვენში, რათა გზააცდენილი მსოფლიოსთვისაც მაგალითი გახდეთ. უსამართლო, ინდიფერენტული და მოღალატე მსოფლიოსი, რომლის საძირკველიც ირყევა, ხოლო ოჯახური ტრადიციების საფუძველი, რომელიც საზოგადოების უჯრედს წარმოადგენს – ინგრევა. მე, უღირსს, ხშირად მეკითხებიან: “ამდენი უცხო ადამიანი, ერთმანეთის არც ნათესავები და არც ხორციელი ძმები, თანაც სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორ ახერხებთ მშვიდობით ერთად ცხოვრებას, ჩვენ კი ოჯახი თავზე გვენგრევა?”

ხედავთ, რომ სათნოება უთქმელად იქადაგება? განსაკუთრებით კი, ურთიერთგატანისა და სიყვარულის სათნოებები, რაც ხალხს ასე სჭირდება და რასაც ასე ეძებს. როდესაც ჩვენი სულის ცხონებისთვის ღმერთის შიშითა და გულმოდგინებით ვირჯებით, მაშინ იმავდროულად მისონერებიც ვხდებით. თანაც, ისე, რომ მონასტრის ზღუდის გარეთაც კი არ გავდივართ.

„ზე გუაქუნდინ გულნი“[1], „სულითა მდუღარე იყვენით, უფალსა ჰმონებდით“, არა როგორც პირმოთენეები და მლიქვნელები, არამედ როგორც სულიერი ვენახის პატიოსანი მუშაკები, რამეთუ „მცირედ, წუთ ერთღა” მოვა უფალი და თითოეულს შრომისა და ჯაფის მიხედვით მიაგებს საზღაურს[2].

საძმოს ერთ-ერთ კრებაზე ბერი ასე გველაპარაკა: თოეული ადამიანი ცალკეული, განსხვავებული პიროვნებაა. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან გარეგნულად, კიდევ უფრო მეტად განსხვავდებიან შინაგანად. მაგალითად, ერთი ჭკვიანია, მეორე – უვიცი; პირველს მიანიშნებ თუ არა, ხვდება, მეორეს კი, რომ უბიძგო კიდეც, ვერ მიხვდება. მიუხედავად ამისა, ძე ღმრთისა დედამიწაზე მოვიდა, „რაითა გვყოს სრულ ერთობით“.

რა თქმა უნდა, არსებობს გაყოფის მიზეზები. მაგალითად, როცა რაიმე საქმეა გასაკეთებელი, ერთი წუხს და შფოთავს, არ იცის როგორ გაართვას თავი, ხოლო მეორეს – ვერც წარმოუდგენია, თუ ასეთმა საქმემ შეიძლება ვინმეში შფოთი გამოიწვიოს. რა ვქნათ? „ურთიერთარს სიმძიმე იტრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი” იოანე ღმრთისმეტყველიც ამბობს: „ჩუენცა თანა-გუაც ძმა თათჳს სულთა ჩუენთა დადება.“უფალი კი ბრძანებს: „მე ვარ შორის თქუენსა ვითარცა მსახური“. ანუ ადამიანმა სრულიად უნდა უარყოს ის, რაც სურს და რასაც ეძებს. რამეთუ, როდესაც კაცს რაიმე უნდა და ვერ მიიღებს, იმ წუთას აღშფოთდება, იბუტება, ბრაზდება, რისხდება და უჩნდება „რატომ“, „იქნებ“, „თუ არა და“ და სხვა დემონური კითხვები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანში ეგოიზმი, თავისმოყვარება, თვითკმაყოფილება და ერთი სიტყვით, ყველა ვნება ბუდობს.

კარგი, ჭკვიანი, წარმატებული ადამიანი ყველას მოსწონს. ასეთებს არ სჭირდებათ თანაგრძნობა. თანაგრძნობა სჭირდება იმათ, ვინც სულით ან ხორცით უძლურია. მათი სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ. „ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი” – არც ის დაგავიწყდეთ, რომ საშინელ სამსჯავროზე სწორედ თანაგრძნობა იქნება კრიტერიუმი. სხვაგანაც ხომ ამბობს უფალი: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ“; მიუტევეთ და მოგეტევებათოა,

კაცის პატიებას რა უნდა. ამაზე ადვილი რა არის? ღმერთის მიმართ ჩადენილი ჩემი საკუთარი ცოდვები მე თვითონ როგორ მომეტევება? ცოდვა ღმერთის პიროვნების შეურაცხყოფაა. ამას კი ვერ ჩამორეცხავს ვერც ჩემი სისხლი ვერც მთელი ქვეყნიერება. ერთადერთი, რასაც მოველით არის მისი წყალობა; ანუ, თუ მისი სახიერება ინებებს, გვაპატიებს. ამის სანაცვლოდ ვერაფერს მიუძღვნით. რა სირთულეა იმაში, რომ ძმას მივუტევო ის, რაც სინამდვილეში უაზრობაა და არაფერია, და სამაგიეროდ ღმერთმა ცოდვები მომიტევოს?! ხომ ამბობს უფალი, მიუტევეთ და მოგეტევებათო.

მაგრამ, ამის გარდა, ღმერთის განკაცებაც გაიხსენეთ. როგორ დაეშვა დედამიწაზე, დაითმინა შეურაცხყოფა, დამცირება და სხვა დანარჩენი, რაც ჩვენი გამოხსნისთვის მოიმოქმედა. დამცირება და შეურაცხყოფა ღმერთის ბუნებისთვის მიუღებელი და წარმოუდგენელია. მიუხედავად ამისა, უფალმა იესომ ეს ყველაფერი ნებსით დაითმინა, რათა ჩვენთვის მაგალითი მოეცა. სილაც რომ გაგვაწნან, რა არის იმასთან შედარებით, რამდენი ცოდვაც ჩაგვიდენია. გონება ამით უნდა გქონდეთ დაკავებული, რათა თქვენი ცხოვრების აზრი და მიზანი არ დაკარგოთ და გქონდეთ ერთობა, რამეთუ ეშმაკი თავის ბოროტ საქმეებს [ერთობის დაშლით, ადამიანთა] დაშორებითა და გაყრით აკეთებს.

ყველა ადამიანი კარგია. როდესაც კაცს მადლი შეეხება, ის ხვდება, რა და როგორ ხდება. ღმერთმა ყველაფერი მშვენიერი შექმნა, მაგრამ ადამიანი აზრებით ტყუვდება და ბოროტება იჩენს თავს ისევე, როგორც სხეულში ავადმყოფობა: სხეული ღმერთმა ავადმყოფობის გარეშე შექმნა, მაგრამ როდესაც სხეული სნეულება, სწორედ მაშინ  ზიანდება.

ქრისტეს სახელი გქონდეთ ბაგეებზე, გონება კი ღმერთის ხსოვნით იყოს დაკავებული, რათა აქეთ-იქით არ დაეხეტებოდეს. როდესაც გონება ღმერთის გარეშე რჩება, მაშინ ან პირუტყვს ემსგავსება, და მუცლისა და მუცლისქვეშა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ითხოვს, ან ემსგავსება ეშმაკს. ხოლო როდესაც, პირიქით, ყველაფერ გარეგნულს, წარმავალსა და ამაოს დაუტევებს და თავის თავს დაუბრუნდება და ღმერთს ევედრება, მაშინ „სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათგს. მუნ ვარ მე შორის მათსა”, ამ სამში იგულისხმება გონება, სიტყვა და სული. ხოლო როდესაც ადამიანში ღმერთი დაემკვიდრება, მაშინ ეშმაკს კაცის მოტყუება აღარ შეუძლია. სწორედ ამ დროს ხდება ადამიანი სრულყოფილი და აღწევს იმას, რაც შექმნიდანვე მის დანიშნულებას წარმოადგენს: იყოს საღმრთო მადლის ჭურჭელი და იარაღი”[3].

ბერი იოსები წინასწარ ხედავდა იმასაც, რაც დღეს ხდება. ის წერდა: „ფრთხილად იყავი, გაისარჯე, რწმენა იქონიე და ილოცე, მძიმე დღეები მოდის და ღმერთმა დაგვიფაროს იმ რისხვისგან, რაც დედამიწის მკვიდრებზე მოიწევა“[4].

ვატოპედის მონასტრის აღდგენის საქმეზე კი ამას წერდა „საზოგადოდ იცი ჩვენი ამბები. თუმცა ყველაფერი მძიმედ მიდის, მაგრამ ჩვენი ქალბატონის მადლით, მაინც უმჯობესისკენ მივემართებით. მტერი (ეშმაკი) სასტიკად გვეწინააღმდეგება სურს ციხე-სიმაგრე დათმოს, მაგრამ დედა ღმრთისშობელმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ის აქედან გააგდოს.

ცისკრის პირველი სხივები ჩნდება, თუმცა, დიდი შრომითა და სირთულეებით. როდესაც კაცი ფიქრობს, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, თანაც, მრავალჯერ აქვს გამოცდილი რწმენის ძალა და მოქმედება. მაშინ თავს იმის გამო აყვედრის, რომ განსაცდელის დროს სულმოკლეობას მიეცა. თუკი “არა კაცისა არს გზაჲ მისი“, მაშ რაღატომ შფოთავს ადამიანი და მაინც გასაცდელის წუთები მტკივნეული  და უსამოვნოა. მხოლოდ ღმერმის წყალობას ველით, რომელიც აუცილებლად მოვა, ოღონდ არ ვიცით, როდის”[5].

მიუხედავად იმისა, რომ ბერს მრავალი ჭირის მოთმენა უწევდა, ის ხელიდან არ უშვებდა შესაძლებლობას, რომ საკუთარი გამოცდილებისა და წმინდანთა ცხოვრების მაგალითებით ჩვენთვის შინაგანი სულიერი მოღვანეობა ესწავლებინა. ის კითხვას სვამდა: „რაში მდგომარეობდა წმინდანების სულიერ საქმიანობა მოღვაწეობის დაწყებიდან ვიდრე სიწმინდემდე? ღირსი ეფრემ ასური ამბობს, რომ არა მარტო წამძღვრებს უნდა გავუგონოთ, არამედ ძმებსაც. როდესაც მას რომელიმე თანამოღვაწე ეტყოდა რაღაც გაეკეთებინა, თავის თავს ეუბნებოდა: „ბატონი გიბრძანებს”. ამგვარად, ეგოიზმის იმ ურჩხულს, რომელიც გაპროტესტებას ცდილობდა, მომენტალურად აჭრიდა თავს. თუ სხვა ვინმე კიდევ რამეს ეტყოდა, თავისთვის ამბობდა: „აი, შენი ბატონის ძმა გიბრძანებს”. თუ უმცროსი ძმა იყო, ამბობდა, ბატონის შვილიო და ა.შ.

ასე იწვრთნებოდნენ ისინი, რომ საკუთარი თავი არაფრად ჩაეთვალათ, სხვებისთვის თვალი არ ედევნებინათ), არ დაინტერესებულიყვნენ იმით, თუ ვინ რას აკეთებს, არამედ თავს ჩაღრმავებოდნენ და სულიერად ემუშავათ. ლოცვითა და ყურადღებით ცდილობდნენ ღმერთის მცნებები დაეცვათ და  მაშინ ვნებების არსებობაში და საკუთარ უძლურებაში რწმუნდებოდნენ, შესაბამისად კი, პირველი სახის სიმდაბლეს იძენდნენ. ღმერთს მოკრძალებით, მოთმინებითა და დაჟინებით სთხოვდნენ შეწყალებას. ხოლო როდესაც საღმითო მადლი მათ სიმდაბლეს ხედავდა, მიდიოდა და თანდათანობით უკვე მუდმივად იმკვიდრებდა მათში. მათ კი, მიუხედავად იმისა, რომ თავის თავში ღმერთს ხედავდნენ არ ავიწყდებოდათ, რას წარმოადგენდნენ და ამიტომ სიმდაბლისა და თივის ბრალობის საქმიანობას აგრძელებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ცოდვილები იყვნენ და რაც კი კარგი ჰქონდად, ღმერთის იყო.

მეტსაც გეტყვით: როდესაც სულიწმიდა მოვა და ადამიანს თვალს აუხელს, მაშინ ის უფრო აშკარად ხედავს, თუ რამდენად ცოდვილია. თავს არ იმაღლებს იმ ზებუნებრივი ნიჭების გამო, რომლებიც სხვებზე მეტად აქვს, რადგან სულიწმიდა სიყვარულს ასწავლის. როდესაც ასეთი ადამიანი ხედავს, რომ მისი ძმა, ხატება ღმრთისა, ეშმაკისგან იტანჯება, ღმერთს გულისტკივილით სთხოვს, შეინყალოს იგი და, თუ შესაძლებელია მისი ავადმყოფობა მას მისცეს”[6].


[1] „მაღლა [ანუ უფლისკენ] მივმართოთ გულები“ – წირვის ასამაღლებელი.

[2] წიგნიდან ვატოპედური საუბრები“ სიტყვა 15.

[3] სიტყვა საძმოს კრებაზე. ვატოპედი, 1988 წლის 25 სექტემბერი/11 ოქტომბერი.

[4] წერილი მარია ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1997 წლის 18/31 მარტი.

[5] წერილი მარია ქრისტოდულუს, ვატოპედი, 1987 წლის 7/20 ოქტომბერი.

[6] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 1988 წლის 14/27 იანვარი


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

Share