სკვნილზე ლოცვა2

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეშვიდე: ვატოპედის მონასტერში

სინანულის ნიჭი

ბერი იოსები სინანულის მუშაკი, სინანულის ტრფიალი იყო, მთლიანად გამსჭვალული ამ გრძნობით. სინანული ქრისტესმიერი შინაგანი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიაჩნდა. მთელი მისი ცხოვრება იყო სინანული, გონების დაცვა, სულიერი გლოვა. არ ფიქრობდა, რომ სინანული არის პასიური მდგომარეობა, არამედ პირიქით, დინამიკა, რომელსაც ადამიანი სიწმინდემდე და განღმრთობამდე მიჰყავს. მონაზონიცა და სულიერად მოღვაწე ერისკაციც სინანულის მეშვეობით საღმრთო მადლს იხვეჭს, მარადიულ ცხოვრებას ეზიარება. ბერის მიერ წარმოთქმულ პირად ლოცვებში სინანულის სულია გამეფებული“. პირადი შეხვედრებისა და კრებების დროს ამგვარ ლოცვებს ხშირად წარმოთქვამდა. საძმოს კრებების დროს ამგვარ ლოცვებს ხშირად წარმოთქვამდა.

საზოგადო საუბარში ყოველთვის ახსენებდა სინანულს. მისი სიტყვა სინანულის შესახებ იმავდროულად მანუგეშებელიც იყო. ბერი ამბობდა:

„ჩვენი დანაშაულის საფასური თავად ღმერთმა თავისი სისხლით გადაიხადა და კურნების გზა გვიჩვენა. თუმცა ჩვენ არაფრად ჩავაგდეთ, უგულებელვყავით, იგი ზურგს მაინც არ გვაქცევს, არამედ პირველი პატივის ტოლფას ძღვენს სინანულს გვაძლევს. თითქოს გვეუბნება: „რაც გითხარით, თავი ვერ გაართვით. მოიხადეთ ბოდიში, საქმით აჩვენეთ სინანული, ამიერიდან გამოასწორეთ ცხოვრება და მე შეგიწყნარებთ. თანაც არა მარტო შეგიწყნარებთ, არამედ აღთქმულ ჯილდოსაც არ დაგაკლებთ, თვით სიწმინდემდე და განღმრთობამდე აღგამაღლებთ“.

ამგვარად, სინანული ამ წუთისოფელში ჩვენი მუდმივი და უმთავრესი ვალდებულებაა. სხვა არაფერი! ის, ვინც სინანულის აზრს ვერ ჩასწვდა, გზასაა ამცდარი, მონაზვნების მიმართ კი ღმერთის მოწყალება და სახიერება განსაკუთრებულად გამოვლინდა. ღმერთი

მართავს ყველაფერს. მისი მსჯავრის გარეშე არაფერი ხდება. კი, ზოგადად სინანული ყველას მისცა, მაგრამ თითოეულის „სიგრძე-სიგანეც“ კარგად უწყის, ადამიანის გულში იყურება. როგორც ყოვლადსახიერმა, მბრძანებელმა, შემოქმედმა და განმგებელმა, იცის, რომელ სულს შეუძლია დაიტიოს სინანული. ასეთი ადამიანები გამოირჩია და თავისკენ მიიზიდა. ეს ვართ ჩვენ მონაზვნები. ღმრთის ამგვარი სახიერების გახსენებამ ჭეშმარიტად უნდა შეგვძრას და გული მოგვილბოს. თანაც, საკვირველი ის არის, რომ ჩვენ, რომლებიც გამოგვარჩია და სრულყოფილების ჯილდოს გვპირდება, ადამიანთა შორის სიბრძნით, ძლიერებით, ვაჟკაცობით, გონებაგამჭრიახობით, სილამაზით ან სხვა რამით არ გამოვირჩევით. პირიქით, გამოგვარჩია სუსტები, სულელები, შეურაცხყოფილები, არარაობები[1]. იცით რატომ? რათა არავის შეეძლოს ღმერთის წინაშე რამე დაიკვეხოს, და გამოჩნდეს, რომ ეს გარდამეტებული ძალა ღმერთისაა და არა ადამიანებისა[2].

მაშასადამე, სინანული ჩვენი განუყრელი თანამგზავრია. ოღონდ რას ნიშნავს სინანული? სინანული ეტიმოლოგიურად ნიშნავს გონების მობრუნებას, ანუ გონება შეცდა, გზას გადაუხვია, ხოლო ჩვენ იგი თავის ადგილზე უნდა დავაბრუნოთ. ამას ჰქვია სინანული: გონების იმ საწყის ადგილზე დაბრუნებას, საიდანაც გადაუხვია. მაგრამ სიღრმისეულად სინანული მარტო ეს არაა. დღეს ხალხს სინანული ესმის, როგორც შეცთომილი გზიდან ადამიანის ღმერთისკენ მობრუნება, ჩადენილი შეცდომებისთვის ბოდიშის მოხდის გზით. ანუ მიზეზი არის გონება, რამეთუ გონებაა ადამიანის არსების ცენტრი. გონების გარეშე პიროვნება არ არსებობს. ადამიანი, როგორც პიროვნება, არის ბატონი, ხელმწიფება, ძალაუფლება. მაგრამ ეს ყველაფერი გონების გარეშე არ ხდება. გონების მეშვეობით ვეხებით გარესამყაროს, წარსულს, მომავალს, აწმყოს. ვფიქრობთ, ვმსჯელობთ, გადავწყვეტთ, ვმოქმედებთ – ამ ყველაფერს გონება აკეთებს. მაშასადამე, გონების გარეშე ვერაფერს გავხდებით. დიდი ხუროთმოძღვარი რომ არ ჩამოსულიყო ზეციდან და ჩვენი ჭრილობა არ განეკურნა და დაბრუნების გზა არ ეჩვენებინა, მაშინ უფლება გვექნებოდა ადამიანური ლოგიკის მიერ შექმნილ თეორიებს ავყოლოდით. მაგრამ საკითხი ასე არ დგას, განსაკუთრებით ჩვენთვის, მონაზვნებისთვის. ის, რამაც მსოფლიო დაანარცხა, ჩაძირა და გააცამტვერა, განსაკუთრებით კი დღევანდელ დღეს, არის წყეული ჰუმანიზმი. მასში ფერმკრთალდება, ქრება და სრულიად იშლება ადამიანის პიროვნება. ერთი სიტყვით, ამაზე რომ არ გავაგრძელოთ, რა არის ჩვენი საქმე? მოვაბრუნოთ გონება, რათა თავის ადგილზე იდგეს და ყურადღებით იყოს, რადგან ჩვენში პირველი დაცემის შემდეგ ვნებები ცოცხლობს. პირველი დაცემის შედეგი არა მარტო სამოთხის დაკარგვა  იყო, არამედ პიროვნების სრული შემუსვრაც. მარტივად შექმნილი ადამიანი გახდა რთული. გახდა ცვალებადობისა და გარემოს გავლენის მსხვერპლი. ჩვენზე ყველაფერი მოქმედებს – გარეგანი, შინაგანი, გარემო, წარსულის მოგონებები, შთაბეჭდილებები, აზრები. ამ უბადრუკებისგან განკურნების სხვა გზა და ფეხზე წამოდგომის სხვა შესაძლებლობა, გარდა გონების სიფხიზლისა და დაცვისა, არ არსებობს. სწორედ აქედან იწყება სინანული.

სინანული, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ ამ ცხოვრებაში ჩვენი დანიშნულება გავიგოთ. დღეს ეს სრულიად მივიწყებულია. ადრე ასე არ იყო. დღეს მსოფლიოში ჰუმანიზმი, ათეიზმი და მატერიალიზმი ბატონობს. ადამიანს გადაშენება ემუქრება. უფლის მიერ აღსრულებული კაცთა ცხონების საქმე დავიწყებას ეძლევა, ამიტომაც ვალდებულები ვართ, ჩვენი ფიქრები და ქმედებები სწორ საწყისებზე დავაფუძნოთ. სწორი საწყისი ის არის, რომ კაცი მიხვდეს, ვინ არის. თუ ადამიანმა არ იცის, ვინ არის, როგორ შეიქმნა, საიდან მოდის და სად მიდის, მაშინ ვერც სწორად განსჯას, ვერც გონების გაკონტროლებასა და თავის ადგილზე მობრუნებას შეძლებს. ამგვარ გულმავიწყობაზე მრავალი ადამიანი წაიბორძიკებს. ეშმაკმა მარტო იმას კი არ მიაღწია, რომ ღმერთის რწმენა გაანადგურა, არამედ ახლა უფრო შორს წავიდა და ისეთ იდეებს წარმოშობს, რომ ღმერთის არსებობასა და განკაცებას კი არ უარყოფს, არამედ უარყოფს მისი სიტყვების ჭეშმარიტებას. ქრისტეს სიტყვები აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არისო, და ასე უამრავი ცდომილება, მწვალებლობა და თეორია შექმნა, ხალხი დააბრკოლა. ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, მაგრამ, როგორც ხედავთ, საჭიროა ყურადღება. იმისთვის, რომ სწორ საფუძველზე ვიდგეთ, საჭიროა ჩვენი არსებობის, ჩვენი აქ ყოფნის მიზანი არ გვავიწყდებოდეს. ხოლო როდესაც ეს მიზანი კარგად გვახსოვს, მაშინ ამ ზღაპრებს ადვილად ვუმკლავდებით. რაც ჭეშმარიტება არ არის – ტყუილია და ამიტომ დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია. ტყუილი ფეხს ვერ მოიკიდებს, რადგან არარსებული რამაა.  ადამიანმა უნდა იცოდეს და ყოველთვის იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ პირველსახის ასლია. ადამიანი არის „ხელოვნური” (ანუ შექმნილი) ღმერთი – თავისი შემოქმედისა და მამის მსგავსად შექმნილი. ესაა ადამიანი. ადამის დაცემის შემდეგაც კი ეს უნარი არ წართმევია. ღმერთი ისევ ჩვენკენ მობრუნდა, აღგვადგინა და იმაზე მეტი მოგვცა, ვიდრე ველოდით.

მაშასადამე, როდესაც ადამიანი თავის დანიშნულებაზე დაფიქრდება, შემდეგ განკურნებასა და სულის სარგებელზეც იწყებს ფიქრს. აქედან იწყება სინანული. სინანული ნიშნავს, რომ ადამიანი სწორ საფუძველზე დგას. ამის შემდეგ ადამიანი აღმოაჩენს თავის დაცემულობას და ცოდვის კანონის მოქმედებას საკუთარ თავში. ადამის დაცემის შემდეგ, როგორც ვთქვით, საკუთარ თავზე ძალაუფლება დავკარგეთ და სისულელეებისა და ცოდვის გავლენის ქვეშ აღმოვჩნდით. საკუთარი ბუნების ასეთი ხრწნა ჩვენ თვითონ გამოვიწვიეთ. ეს ხრწნა გონებას აიძულებს, ჯანსაღი აზროვნების ფარგლებიდან გამოვიდეს და უაზროებაზედაიწყოს ფიქრი. სიცოცხლის შესანარჩუნებლად ადამიანი იძულებულია, რომ ჰქონდეს კავშირი მატერიასთან. მაგრამ ეშმაკი აქაც ყველაფერს ურევს და ადამიანს ავიწყდება, რომ ჭამს, რათა იცხოვროს და არ ცხოვრობს იმისთვის, რათა ჭამოს. ვნებებით დატყვევებული გონება ცდება და სხვადასხვა იდეოლოგიებს მისდევს, საბოლოოდ კი მათი მსხვერპლი ხდება. ამიტომაც უნდა გამოვიღვიძოთ და სინანულს მოვუხმობთ. სინანულის საშუალებით, ცხოვრებაში ყველაფერი თავის ადგილზე დგება და ადამიანს ახსენდება, რომ ღმერთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი; რომ ის უკვდავი, მარადიული, მარადმყოფი არსებაა“[3].


[1] იხ. 1 კორ. 26-28

[2] იხ. 1 კორ. 1,29 და 2 კორ. 4,7.

[3] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 2002 წლის 1/14 აპრილი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com

Share