peshhery skita svyatoj anny

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მესამე: მთაწმინდა – წმინდა ანას მცირე სკიტში

საღმრთო მოშურნეობა და ხორციელი უძლურება

დიდი ბერის ბიოგრაფიაში ჩვენი მოძღვარი იმასაც აღწერს, თუ თვითონ როგორ მოღვაწეობდა ახალგაზრდობაში, რათა თავისი მოძღვრისთვის მიებაძა: “ჩვენს ბერებს (იოსებს და არსენს), ეკლესიის მიერ დაწესებული მარხვების გარდა, მარხვის საკუთარი კანონებიც ჰქონდათ იმისთვის, რომ სულიერად უფრო მეტად გარჯილიყვნენ. როცა ჩვენ, ახალგაზრდა მოწაფეები, მიგვიღეს, თავიანთი ჩვეულება არ შეუცვლიათ, თუმცა ჩვენ უფლებას არ გვაძლევდნენ იგივე გაგვეკეთებინა. მ. ხარლმპი ჯერ არ იყო ჩვენს საძმოში, როცა მე და უმცროსმა ძმამ – ეფრემმა – მოძღვარი ვაიძულეთ ლოცვა-კურთხევა მოეცა, რომ მარხვაში ჩვენც მათნაირად გვეღვაწა. დაიწყო დიდმარხვა. ჩვენი ტიბიკონის თანახმად, შაბათ-კვირის გარდა, მკაცრი დუმილი და უმკაცრესი მარხვა უნდა დაგვეცვა, მარხვის წესი კი ყოველ წელს იცვლებოდა. თითოეული ჩვენგანი მცირე ოდენობის მარილწყალში 75 გრამ ფქვილს ხარშავდა (ქვაბის მოვალეობას კონსერვის ყუთი ასრულებდა), რასაც დღეში ერთხელ, ბიზანტიური დროით 9 საათზე, ანუ მზის ჩასვლამდე სამი საათით ადრე ვიხმევდით. შაბათ-კვირას საჭმელს ვჭამდით, მაგრამ მაშინაც პურის რაოდენობა შეზღუდული გვქონდა: იმდენი არ იყო, რომ მშრომელ კაცს ჰყოფნოდა. ასეთი განაწესი იყო იმ წელს. ბერი დავაჯერეთ რომჩვენც იმავე პროგრამას მივყვებოდით. სამდღიანი მძიმე მარხვის შემდეგ, ოთხშაბათიდან ასეთი მარხვა დავიწყეთ[1]. მეხუთე შვიდეულამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. შემდეგ კი ძალები ამოგვეწურა და უძლურებამაც თავის მწვერვალს მიაღწია. კვირის ბოლოს დილით დაწესებულ დროს ვეღარ ავდექით, მიუცედავად იმისა, რომ მ. არსენი ფანჯარაზე გვიკაკუნებდა. დიდმა ბერმა იკითხა, რატომ არ გამოვიდნენ ჩვეულ სამუშაოებზეო, რაზეც მ. არსენმა მიუგო, ავად არიან და არ და არ შეუძლიათ ადგომაო. “არა, არსენ, ნუ ხარ ასეთი მიამიტი”, – მიუგო ბერმა, – “მშვენივრად არიან. შენ ცოტა პური მიეცი და ნახავ, რა კარგად გახდებიან”. მართლაც, როგორც კი ეს “წამალი” მოგვცეს, იმწუთას “გამოვჯანმრთელდით”. ამგვარად ვისწავლეთ, რომ კაცმა ყველაფერში თავისი საზომი უნდა იცოდეს და საკუთარ ძალებზე აღმატებულ საქმეს ხელი არ უნდა მოჰკიდოს”[2].

ჩვენს მოძღვარს სურდა ჩვენთვის ესწავლებინა, თუ რა სიზუსტეა საჭირო მონაზვნური ცხოვრების წესების დაცვაში. ამისთვის საკუთარი გამოცდილებიდან შემდეგს გვიამბობდა: “დიდი მამების “ფერხთა თანა” გავიზარდე. ამას, რასაც ახლა გეტყვით, იმიტომ ვამბობ, რომ ღმერთის წინაშე მატყუარა არ გამოვიდე: როგორც თქვენ ბუნებრივ მოვლენებს ხედავთ, ასე ვხედავდით ჩვენც იმ ზებუნებრივ მოვლენებს, რომლებიც ამ სულიერი გმირობისგან აღმოეცენებოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, მათ ღმერთი მთელი არსებით შეიყვარეს, ხოლო საკუთარ თავთან მიმართებაში ბუნებრივ კანონებსაც კი არ იცავდნენ, არამედ ზებუნებრივი შრომით, მარხვითა და მღვიძარებით ბუნებას სძლევდნენ”[3].

ბერი იმასაც გვასწავლიდა, თუ როგორ ხდება ნამდვილი მორჩილი თავისი მოძღვრის სულიერი მემკვიდრე: “მორჩილი, რომელმაც მორჩილების არსი გაიგო, თავისი სულიერი მამისგან მადლს მემკვიდრეობით ისე იღებს, როგორც მდიდარი მშობლების შვილები უშრომელად თავადაც მდიდრები ხდებიან”.

სათნოებებში წვრთნა

წმინდა იოსები თავისი მოწაფეებისადმი ყოველთვის იჩენდა სულიერ მზრუნველობას. ხელსაყრელ შემთხვევას ხელოდან არ გაუშვებდა, რათა მათთვის შრომისმოყვარეობა, თავდადება, სიმდაბლე, მორჩილება, დუმილი, გონებისმიერი ლოცვა და მდუმარება ესწავლებინა. ერთხელ მამა სოფრონი, ხორბლის ტომრით დატვირთული, წმინდა ანას სკიტიდან ესფიგმენის მონასტერში გაგზავნა. მორჩილს ხორბალი უნდა დაეფქვა და უკან ისე უნდა გამობრუნებულიყო, რომ გზაში ხმა არავისთვის გაეცა, არ ეჭამა და არსად დარჩენილიყო.

მონასტრის მამები მას კეთილად მოემსახურნენ და მზა ფქვილთან ერთად მოძღვრისთვის ერთი ჩანთა დამარილებული თევზიც გაატანეს. როგორც კი მამა სოფრონი წმინდა ანას სკიტში დაბრუნდა და ტომარა ძირს დაუშვა, ბერმა იოსებმა უთხრა, დიდ ლავრაში წერილი უნდა წაიღოო. მოძღვარი გვიამბობდა: “როგორც კი ტომარა მოვიხსენი, დამსვა, რომ მეჭამა და მერე მითხრა, ლავრაში წერილია წასაღებიო. ოთხი საათი იქით უნდა მევლო და ოთხი საათი აქით, თანაც,  ესფიგმენიდან წმინდა ანას სკიტში დაბრუნებულს!”[4].

თუმცა მორჩილს უფრო რთული გამოცდების ჩაბარებაც უწევდა. მისი მოთმინება ზოგჯერ უკანსასკნელ ზღვარს აღწევდა, ყოვლადბრძენი ბერი კი მას შესაძლებლობას აძლევდა, მორჩილება სიკვდილამდე გაეწია და ამგვარად დაემტკიცებინა, რომ სიკვდილამდე სწამს ღმერთის ნებისა და სიკვდილამდევეა მისი მორჩილი. უფალმა ბრძანა: “რომელსა აქუნდეს მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყვარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი”.

ბერმა ასეთი ამბავიც მოგვითხრო: “ერთხელ ხელსაქმისთვის დაზგის ყიდვა გახდა საჭირო. ლაკოსკიტში ვიღაც რუმინელი მონაზონი ასეთ დაზგას ყიდიდა. ბერმა გამაგზავნა: წადი, ნახე, როგორია, რას აფასებს და მობრუნდი, პასუხი მოიტანეო. ფეხით წავედი,ვნახე დაზგა, ფასი გავიგე და დავბრუნდი, რათა ყიდვაზე ნებართვა ამეღო. ბერმა თანხმობა მომცა და ისევ ლაკოსკიტში გავეშურე. რის ვაივაგლახით დავშალე დაზგა და ზურგზე მოვიკიდე”.

მამა სოფრონი ძალაგამოცლილი იყო, ხოლო დაზგა – უმძიმესი. ამგვარი ბარგით მას რთულ და სახიფათო ბილიკებზე, აღმართ-დაღმართზე უნდა ევლო, რათა ლაკოსკიტიდან[5] წმინდა ანას სკიტში დაბრუნებულიყო. ” იმდენად უკიდურეს ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ რაღაც მომენტში ძალაგამოცლილი ძირს დავეცი. მეგონა ვიღუპებოდი.სულმოკლეობისა და დრტვინვის გულისსიტყვები მომივიდა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და ჩემს თავს ვუთხარი: “ჯერ ხომ არ მომკვდარხარ? ჯერ გაისარჯე და მერე მოკვდი. უკან ვერ დაიხევ”. “თვით თავით თვისით განჩინებაი იგი სიკუდილოსაი მოგუეღო”, – გვიამბობდა ბერი[6]. სურდა ქრისტესთვის მიებაძა და ამიტომ მორჩილებაში სიკვდილამდე იღწვოდა, დღეს მისი მონაყოლი ზღაპრადაც კი გვეჩვენება.მაგრამ ის სულიწმინდის მადლმა სინდისის სწორად ასეთი მოწამეობით დააჯილდოვა.

ღირსი იოსები მამა სოფრონს ყველაზე მძიმე სამუშაოებზე აგზავნიდა. უმცროსი მამა ეფრემი მხოლოდ ცხრამეტი წლის იყო. ბერი მას რთული ფიზიკური საქმეებით არ ტვირთავდა, რადგან ტანად პატარა იყო და უძლური. მამა ხარლამპი საძმოში ჯერ არ იყო მოსული. ხოლო მამა სოფროს ისეთი ძლიერი სულიერი სიყვარული ჰქონდა, რომ უდიდესი მსხვერპლის გაღებაც შეეძლო. ასე მაგალითად, როდესაც უმცროსი მ. ეფრემს ჯარში წაყვანას უპირებნენ (სახელმწიფო არ ცნობდა მის მონაზვნობას, რადგან ბერის საძმო მაშინ დროებით ზილოტებს ემხრობოდა), მ. სოფრონმა ითხოვა,ძმის მაგივრად თვითონ წასულიყო ჯარში. საბოლოოდ, ღმრთისმშობელმა ეს არ დაუშვა და მისი შვილები ათონზე დარჩნენ.

“ბერი მონასტეიდან გარკვეულ საქმეებზე მაგზავნიდა… დღე და ღამე გზაში ვიყავი. თანაც მეუბნებოდა, არ გაძლევ კურთხევას ვინმეს დაელაპარაკოო. ერთხელ მე და მამა ეფრემი პანტოკრატორის მონასტერში გაგვზავნა. საქმე ის იყო, რომ დიდი ლავრის მმართველება მ. ეფრემს  ოფიციალურად ვერ აფორმებდა, ხოლო ჯარში რომ არ წაეყვანათ სადმე უნდა ყოფილიყო ჩაწერილი. ამიტომ გვინდოდა პანტორკატორის მფლობელობაში მყოფი კალივა გვეყიდა კაფსალაში და უმცროსი ძმა იქ ჩაგვეწერა. საქმეს ორი-სამი დღე სჭირდებოდა. ბერმა გვითხრა, ერთმანეთს არ დაელაპარაკოთო. მართლაც, სამი დღე ვიარეთ და სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის”[7].

“საქმეს (პრაქტიკულ ცხოვრებას) ჭვრეტისკენ (თეორიული ცხოვრებისკენ) მივყავართ”, – წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის ამ სიტყვებს ღირსი იოსები თავის მოწაფეს ასწავლიდა. თავგანწირული შრომის, მორჩილების, სიმდაბლისა და სიყვარულის წყალობით მისი რწმენა მტკიცდებოდა. განწმენდილი სულიერი საგრძნობლების მეშვეობით მას შეეძლო, რომ ჯვრის ძალა შეეცნო; შეეძლო დაენახა, თუ როგორ მოქმედებდა ღმერთის განგებულება მის პირად სულიერ ცხოვრებაში. ბერმა გამოცდილებით შეიმეცნა, რომ სულიერ ასპარეზზე სულიწმინდის მოსახვეჭად საჭირო ძალა მონაზვნისთვის მდგომარეობს არა დაწყებით ანუ “სმენით რწმენაში”, არამედ იმაში, რასაც წმინდა მამები “ჭვრეტით (ხედვის) რწმენას” უწოდებენ. ეს რწმენა მოღვაწის გულში სულიწმინდის საიდუმლო თანამყოფობის შედეგია; ის ხელთუქმნელი საღმრთო ენერგიაა, რომელიც მას “ყოველივეს ასწავლის”.

მოგვიანებით ჩვენი მოძღვარი იმ სულიერ მდგომარეობებს გვიხსნიდა, რომლებიც თავგანწირვისა და ქრისტეს ჯვრის სიყვარულიდან გამომდინარეობს, როგორც ეს თავისი მასწავლებლებისგან შეეთვისებინა. ამბობდა: “როდესაც ჩვენი კურთხეული ბერი ცოცხალი იყო და ჯვრისმიერ გზაზე სიარულს გვასწავლიდა, რისი მატარებელიც თვითონაც გახლდათ, ისეთ ნუგეშს ვგრძნობდით, რომ ზოგჯერ გული მწყდებოდა, რომ ღამდებოდა. “ნუთუ გავიდა დრო და აღარსად გამაგზავნის? ნუთუ მეტს აღარ დავიღლები?” ასე იმიტომ ვფიქრობდი, რომ მორჩილებითა და სიყვარულით გაწეულ შრომას საღამოობით ზეცად ავყავდი! ჩვენი ცხოვრება ჭეშმარიტი სინანულითა და სინდისის ზედმიწევნით დაცვით იყო გამსჭვალული, როგორც ამას სულიწმინდა გვკარნახობდა. ეს იმხელა ძალას გვაძლევდა, რომ საღამოობით ჩვენს განსაცდელად მოსულ ეშმაკებს, პირიქით, ჩვენვე ვახელებდით და ბრძოლას ვუჩაღებდით. როდესაც გონება თავის ადგილზეა, იცით როგორ ოსტატურად მართავს ყველაფერა?! მთელი სულით გიხარია. როდესაც ახალგარდა ვიყავი და მოძღვართან ერთად ვცხოვრობდი, რომელიც ამ ყველაფერს გვასწავლიდა, სულმოუთქმელად ველოდი ღამის ლოცვის ჟამის დადგომას. მოდიოდნენ ეშმაკები გამოსაცდელად, მე კი მიხაროდა, რომ მათ აბუჩად ვიგდებდი. მიხაროდა! ველოდი მათ და ვგრძნობდი მათ, ვგრძნობდი, რომ მიახლოვდებოდნენ. ერთ წამში შეუძლიათ ურანუპოლიდან ჩვენს კალივაში გაჩნდნენ. გაუმარჯოს-მეთქი, ვეუბნებოდი, რისთვის მოსულხართ, რომ გამომცადოთ? რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ცოტა დრო დაგრჩათ და წარსაწყმედელი გელოდებათ? მეძგერებოდნენ და ყელში მწვდებოდნენ ხოლმე, მე კი არ ვუთმობდი. მახარებდა ასეთი ბრძოლა. საღმრთო მადლი მაძლიერებდა საამისოდ, რომ შემძლებოდა მათთან შერკინება. იმ წუთს ველოდებოდი, რომ დაღამებულიყო და მათთან ჭიდილის დრო მოსულიყო, რათა ისევ მასხრად ამეგდო. ნამდვილად ასეა. ჩვენთანაა ღმერთის მადლი. ღმერთის შვილები ვართ, ვისი უნდა გვეშინოდეს? ეშმაკის? ზეციდან გამოქცეული დეზერტირის? ყაჩაღისა და ქურდის, რომლისთვისაც ღმერთმა ჯოჯოხეთი გაამზადა? ვის გასაქარვებლადაც უფალმა ჯვარცმა დაითმინა? მისი უნდა გვეშინოდეს?!

როდესაც ღამე ლოცვაზე ვდგებოდით, პირჯვრის გადაწერასა და “მოვედით, თაყვანი-ვსცეთ…”-ის თქმას ვერ ვასწრებდით, რომ ჩემი გონება აღიტაცებოდა, აღიტაცებოდა ერთი-ორი საათით. სიმძიმეს ვერ ვგრძნობდი. ნელ-ნელა ისევ ბუნებრივ მდგომარეობაშივბრუნდებოდი. ასეთი ნაყოდი ჰქონდა დღისით გაწეულ მცირე შრომას. ტყუილს თქმა არ შეგვიძილია. ასეთი იყო რეალობა. თავს არ ვიქებ. თქვენთვის, თქვენი სარგებლისთვის ვამბობ ამ ყველაფერს. პავლეც ხომ ამას ამბობს: უგნური ვიქმენიო”[8].

“როგორ მენატრება ის დღეები, როდეააც მორჩილებისა და თავგანწირვის მადლს სულგრძელად ვითმენდით, ხოლო უფალი “ღუარითა საშუებელისაითა” ავსებდა ჩვენს სულს. როგორი ნოსტალგიით ველოდი ბერის სიტყვას, რათა უმალვე შემესურლებინა იგი ყოველგვარი მსჯელობის, ეჭვის, განმარტების, შიშის გარეშე; “იქნებ” და “ხომ არა”-ს გარეშე! გადაჭარბების გარეშე ვამბობ:ზოგჯერ დღეები და თვეებიც კი ოფლი არ მაშრებოდა, მაგრამ ეს სრულიად არ მაწუხებდა, არ მადარდებდა. ხშირად სხეულის სიმძიმეს ვერ ვგრძნობდი, რადგან მორჩილებისა და თავგანწირვის მოწამეობრივი მადლი ყველაფერს აღავსებდა”[9].

“რატომ გეუბნებით ამ ყველაფერს? იმისთვის, რომ გაიგოთ, თუ რა არის ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების აზრი: ქრისტეს მცნებებისასდმი ჩვენი ერთგულება, რამდენადაც არ უნდა ცდილობდნენ სხვადასხვა თეორიების მომდევრები ამის განქარვებას. რაც უფრო მოწამეობრივია ჩვენი მორჩილება უფლის მცნებებისადმი, მით უფრო მეტად იმკვიდრებს ჩვენში ქრისტესადმი და მოყვასისადმი სიყვარული, მით უფრო აშკარად განიცდის ადამიანი მცნებას: “ამას გამცნებ თქვენ, რაითა იყუარებოდით ურთიერთას”[10].

ჩვენი მოძღვარი უკიდურესად ზნეობრივ ტრადიციულ ოჯახში გაიზარდა და სულის სისუფთავეს ბავშვობიდანვე იცავდა. როდესაც მონაზონი გახდა, კიდევ უფრო მეტად ზრუნავდა ამაზე. სხვა სათნოებების: მორჩილების, თავგანწირვის, მარხვის, მღვიძარების, შრომის, ლოცვის, ღრმა სინანულისა და სიმდაბლის გარდა, ჰქონდა უდიდესი ხორციელი და სულიერი უბიწოება და უმანკოება. არასოდეს ჰქონია ხორციელი ბრძოლა, არასდროს მიუცია უფლება ბოროტი სულებისთვის,რომ ძილში შეეწუხებინათ. პირიქით, როდესაც ისინი მის შესაცდენად სხვადასხვა უხამს და გამომწვევ სახეს იღებნენ, პირიქით, თვითონ ურჩევდა, უფრო მორიდებულები ყოფილიყვნენ. როგორც წმინდა იოანე კიბისაღმწერელუ წერს: “ის, ვინც [სულიერად] წარემატება, არა მარტო როდესაც ღვიძავს, არამედ ძილის დროსაც [სულიერად] მუშაობს. ამგვარად, ზოგიერთი [მოღვაწე] ძილში მის განსაცდელად მოსულ ეშმაკებს აბუჩად იმით იგდებს, რომ უზნეო ქალებს [რომლებიც ძილში ეცხადებიან] უბიწოების დაცვას ურჩევს”[11].

სხვა დროს ბერი ეშმაკებს საშინელი სამსჯავროს მოახლოებას ახსენებდა: “ერთი რამ არის, რაც ეშმაკებს თუ უხსენე, გიჟდება. როცა დამწყები მონაზონი ვიყავი, ვეუბნებოდი: “მოდი, შე საწყალო, დამთავრდა შენი დრო. სადაცაა მოვა ქრისტე და საუკუნოდ დაგსჯის”. ამის გაგონება იყო და რისხვის ცეცხლი ეკიდებოდა. ერთხელ ეს რომ ვუთხარი, ცოტაც და დამახრჩობდა”[12]. “ასეთი რამეები ძილსა და სიფხიზლეს შორის, ჩვეულებრივ, დამწყებ მონაზვნებს შეემთხვევათ ხოლმე”, – გვიხსნიდა ბერი.

კიდევ ამბობდა: “ყველა საქმეში ჭირთათმენის სიყვარული და თავის უარყოფა სულს ეხმარება დამდაბლდეს, ხოლო გულის ულმობელობა – განქარდეს. წმინდა მამების სწავლების თანახმად, ამის შედეგად ადამიანი საღმრთო მადლს იზიდავს, ხოლო როდესაც საღმრთო სიყვარული ღმერთის მიერ ამოქმედდება მასში, მაშინ ის სხვა ადამიანებისადმიც სიყვარულით განეწყობა”[13].


[1] ათონის მთაზე მონაზვნების უმრავლესობა დიდმარხვის პირველ ორ დღეს ყველანაირი საჭმელ-სასმელისგან თავს იკავებს და მხოლოდ ოთხშაბათის პირველშეწირულის წირვის შემდეგ იხმევს რამეს.

[2] წიგნიდან „ბერი იოსებ ისიქასტი“ (ბერძნული გამოცემა)

[3] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი 1984 წ.

[4] წმინდა ანას სკიტიდან ესფიგმენის მონასტრამდე ორი ამდენი სავალია.

[5] წმ. დიმიტრისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ათონური სკიტი. ექვემდებარება წმ.პავლეს მონასტერს.

[6] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1984 წ.

[7] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1985 წ.

[8] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1985 წ.

[9] წიგნიდან „ვატოპედური საუბრები“, სიტყვა 20

[10] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1985 წ.

[11] წმინდა იოანე სინელის „კიბე“, თავი 27

[12] ლიმასოლელ მიტროპოლიტ ათანასეს ნაამბობიდან.

[13] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1985 წ.

წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: წმინდა ანას მცირე სკიტის გამოქვაბული, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://afon-ellada.ru

Share