კითხვა: რატომ უთხრა ამბა ანტონიმ თავის მოწაფე პავლეს: წადი, დაჯექი განმარტოებით და დემონებისგან მომდინარე ბრძოლები შეისწავლეო?
პასუხი: მისი სრულყოფილება სურდა. მონაზვნისა და ყველა ქრისტიანის სრულყოფილება იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი სულის მიერ ყველაფერს აკონტროლებდეს თავის თავში. თუმცა, საკუთარი თავის ამგვარი მართვა გულის სიწმინდესთან ერთად მოდის; გული კი მაშინ განიწმინდება, როდესაც მას გონება მართავს, ხოლო გონებას კი მოუკლებელი იესუს ლოცვა. დემონები გულისსიტყვებისა და წარმოსახვების მიერ გვებრძვიან, რომლებიც განმარტოებასა და მყუდროებაში უფრო ძლიერად აღიძვრებიან.
განმარტოებისას დემონები კიდევ უფრო ძლიერად მოქმედებენ ჩვენზე გულისსიტყვების მიერ. ჩვენი მხრიდან კი საჭიროა გონებისმიერი ლოცვა, ძიება ქრისტესი, რომელიც ერთადერთია, ვინც ჩვენს გულს ხედავს და მისი დამორჩილება შეუძლია. ამგვარი მოუკლებელი სულიერი ღვაწლისა და გულისსიტყვებთან ბრძოლის გამოცდილების შედეგად, სულიერი თვითკონტროლის ჩვევას ვიძენთ, რაც, თავის მხრივ, როგორც ვთქვით, მონაზვნისა და ნებისმიერი ქრისტიანის სრულყოფილების საწინდარია.
კითხვა: რას ნიშნავს ამბა ანტონის მიერ ნათქვამი: როგორც წყლიდან ამოყვანილი თევზი კვდება, ისე ემართება იმ მონაზონსაც, რომელიც დიდ დროს ატარებს თავისი კელიის გარეთ? როგორ ხდება ეს მონაზვნის შემთხვევაში?
პასუხი: სულის სიცოცხლე ქრისტეს მოუკლებელი ძიებაა. ეს მდგომარეობა ჭეშმარიტად იწოდება სულის სიცოცხლედ, რადგან ის გონებასა და გულის აერთებს. ასე რომ, თუკი მონაზონი ქალაქში ხეტიალს დაიწყებს, საუბრებითა და სანახაობებით გაერთობა, ის სულიერ ცხოვრებას დაკარგავს და შინაგანად მოკვდება. რატომ? იმიტომ, რომ ამ დროს ის ღმერთს ივიწყებს და საკუთარი გულიდან დევნის ქრისტეს სიყვარულს, რომელიც მრავალი შრომისა და კელიაში ისიქასტური ცხოვრების შედეგად მოიხვეჭა. გარდა ამისა, მასში სუსტდება შრომისმოყვარეობა და სირთულეების სიყვარული, შედეგად კი ეძლევა ხორცის სიამოვნებას და გრძნობების(ხედვა, სმენა, შეხება, გემო და ყნოსვა) შედეგად შეღწეული წარმოსახვები არღვევენ მისი გულის სიწმინდე. ეს კი მონაზვნისთვის ნამდვილი სიკვდილია. ამრიგად, კარგად თქვა ნეტარმა ანტონიმ, როგორც წყლიდან ამოყვანილი თევზები კვდებიან, ისე კვდება ის მონაზონიც, რომელიც თავის კელიას მიატოვებს და ქალაქებში ხეტიალს დაიწყებსო.
კითხვა: წმინდა ანტონიმ თქვა: ,,ვიხილე ეშმაკის მიერ მთელ დედამიწაზე დაგებული ხაფანგები, ამის ხილვით გაოგნებულმა ამოვიგმინე: საწყალი კაცობრიობა! ვინ დააღწევს ამ მახეებს თავს? მითხრეს: სიმდაბლე გადაარჩენს მათ’’. როგორ იხილა მან ეს ხაფანგები? – გრძნობისმიერად თუ გონისმიერად? ვინ არის ის, ვინც უთხრა, სიმდაბლე გადაარჩენსო?
პასუხი: წმინდა ანტონიმ გონების თვალით იხილა ეს ყველაფერი. მან დაინახა ეშმაკის ხაფანგები, რომელთა მიერაც ის ჩვენს დაჭერას, დაბმას და სათნოებათა გზაზე ჩვენს შეფერხებას ისახავს მიზნად. როგორც ნათქვამია: ,,დამირწყეს მე ამპარტავანთა მახე და საბლითა განართხეს მახე ფერჴთა ჩემთათჳს და გარემოს ალაგთა საცთური დამიგეს მე’’(ფსალ. 139:5). ასე რომ, მან იხილა ეშმაკის მახეები, რომლებიც დედამიწაზე იმგვარადვე იყო განფენილი, როგორც მონადირეები აგებენ ნადირის დასაჭერად. ამ ყველაფრის მხილველი შეძრწუნდა, იმდენად ბევრი მახე იყო, რომ ასეთი ხაფანგიდან ცხოველიც კი ვერ გამოთავისუფლდებოდა. ამ სახილველის მიერ ანტონიმ ის ხორციელი და სულიერი ვნებები დაინახა, რომლებიც ყველას გვებრძვიან. თითოეულ ხაფანგს თავისი დანიშნულება ეწერა: გემოთმოყვარეობის მახე; ვერცხლისმოყვარეობის მახე; სიძვის მახე; დიდებისმოყვარეობის მახე; სიამაყის მახე და ა.შ. გარდა ამისა, ანგელოზებმა მას ყოველგვარი დემონური მზაკვრობის ხრიკები გააცნეს და უჩვენეს, თუ როგორ აგებენ ისინი ამ ხაფანგებს, რათა ქრისტეს სიყვარულის გზაზე მავალი მოღვაწე გამოიჭიროს, გააბას და შეაჩეროს. როცა ამ საზარელი სანახაობით შეძრწუნებულმა იკითხა: ვაი, ჩვენ, მონაზვნებს! როგორ გავთავისუფლდეთ ამ ხაფანგებისგან? როგორ ავარიდოთ მათ თავი? – ანგელოზებმა უთხრეს: ,,სიმდაბლე გადაარჩენს ყველას და ვინც მას მოიხვეჭს, არასდროს გაებმევა მახეებში და არასდროს დაეცემა’’. მათ არ უთქვამთ, რომ მხოლოდ სიმდაბლით მარცხდებიან ვნებები და დემონები: სიმდაბლესთან ერთად კიდევ სხვა საქმეები და ღვაწლია საჭირო. ისევე, როგორც საქმეები სიმდაბლის გარეშე არაფერს ნიშნავს, ასევე სიმდაბლეც საქმეების გარეშე. ეს იგივეა, რაც ხორცი მარილის გარეშე, რომელიც მალევე გაფუჭდება და გადასაგდები ხდება. ამრიგად, ფიზიკური შრომის, გონების შინაგანი ღვაწლის, მყუდროების, მოუკლებელი იესუს ლოცვისა და სიმდაბლეში სრულყოფის გზით მარცხდებიან ვნებები და დემონები.
კითხვა: ერთხელად, ამბა ამონი მივიდა ამბა ანტონისთან და უთხრა: ვხედავ, რომ შენზე დიდი ღვაწლი მაქვს, მაგრამ ვერ გამიგია შენი სახელი უფრო მეტად რატომაა განდიდებული კაცთა შორის? წმინდა ანტონიმ უპასუხა: ეს იმის გამო, რომ მე უფრო მეტად მიყვარს ქრისტე. რა მიზნით უთხრა მან ეს?
პასუხი: არც ამბა ამონი ტრაბახობს თავისი ღვაწლით და არც ამბა ანტონი თავისი სიყვარულით. რადგანაც ეს ორი წმინდა მამა მონაზვნური ცხოვრებისა და განდებილობის პირველი სულისჩამდგმენლი იყვნენ, ისინი ორმხრივად თანხმდებოდნენ, რომ ყველა მონაზვნისთვის ესწავლებინათ ხორციელ ღვაწლზე შინაგანი სულიერი ცხოვრების აღმატებულების შესახებ. რადგანაც გონების შინაგანი წყობა, იგივე შინაგანი სულიერი ცხოვრება, მოღვაწეს ქრისტეს უფრო სრულყოფილი სიყვარულისკენ უბიძგებს, რაც მას საღმრთო დიდების გამოცხადების ღირსად აქცევს. ხორციელი ღვაწლი მონაზონს ხორციელი ვნებებისგან ათავისუფლებს, ამტკიცებს მას სათნოებებში, აძლევს ძალას გულისთქმების განდევნისა და სხეულს სიწმინდეს ანიჭებს. ხოლო გონისმიერი ღვაწლი სულს დემონებისა და გულისსიტყვების წინააღმდეგ აღჭურვავს და გულს სიწმინდეს ანიჭებს. ამ დროს, გული ქრისტეს სიყვარულისგან იღებს ძალას და ხდება ღირსი იმისა, რომ მას სულიწმიდა მართავდეს. არ არის საჭირო, რომ სათნოებებში ყველა წარმატებული და ქრისტეს მოყვარე განდიდდეს ადამიანთა შორის. მაგალითად, ამბა პავლე, რომელიც ასევე ერთ-ერთი უპირველესი განდეგილი და მონაზონი იყო და რომელსაც ამბა ანტონი ზოგჯერ ელია წინასწარმეტყველს, ზოგჯერ იოანე ნათლისმცემელს და ზოგჯერ პავლე მოციქულს უწოდებდა, სანამ ცოცხალი იყო, მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ამრიგად, როგორც გითხარით, ორივე მამას სურდათ ორმხრივად დაემოწმებინათ და ჩვენთვის ესწავლებინათ, თუ რომელი ღვაწლია უფრო აღმატებული – ხორციელი თუ სულიერი. ეს უკანასკნელი კი დაფარულ შინაგან ბრძოლასა და მოუკლებელ გონებისმიერ ლოცვას გულისხმობს. ამ გზით მოღვაწის გონება იწმინდება, სულიერ ლოცვას იძენს და ჩვენი უფლისა და ღმერთის, იესუ ქრისტეს დიდების ჭვრეტას ეძლევა. რომელსა შვენის ყოველი დიდება, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
,,სათნოებათმოყვარეობის’’ პირველი ტომიდან.
მთავარი ფოტო: წმინდა ანტონი დიდის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)