წმ.ბასილი დიდი

წმინდა ბასილი დიდი და მოუკლებელი შინაგანი ლოცვა – მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი

წმინდა მამათა ღვაწლი უმთავრესად გონების განთავისუფლებისა და მისი ქრისტესკენ წარმართვისკენ იყო მიმართული. ამასთან დაკავშირებით, მინდა წმინდა ბასილი დიდის სწავლება გავიხსენო. ის ჭეშმარიტად გამოცდილი იყო მღვიძარებით ცხოვრებაში და ეკლესიის ისიქასტურ პრაქტიკას გამოხატავდა.

ის უდაბნოში, მდინარე ირისთან განმარტოვდა და იქ მიეცა ისიქასტურ ცხოვრებას. რატომ? იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ისიქია, ანუ მყუდროებითი შინაგანი ცხოვრება ეხმარება ადამიანს შინაგანი სამყაროს გარდაქმნაში.

წმინდა ბასილი დიდი ხშირად საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდეს ადამიანი სულიწმიდის ტაძარი. თავად სულიწმიდისგან შთაგონებული წმინდა მამა ასწავლის, რომ ადამიანი ამას იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუკი მისი გონება არ არის ამასოფლის სულისგან, საცდურებისა და ზედმეტი გაუთავებელი საზრუნავებისაგან დატყვევებული, არამედ ისწრაფვის ქრისტესკენ და ესაუბრება მას. ამრიგად, სულიერი ადამიანის გულში სულიწმიდა ცხოვრობს, რაც იმით დასტურდება, რომ მას აქვს ქრისტეს მოუკლებელი ხსოვნა და შეგრძნება.

თავის მხრივ, გონება – სულის ენერგიაა. წმინდა მამათა თანახმად, გონებას სულის თვალიც ეწოდება. მისი ბუნებრივი სამყოფელი არის – გული. ის სულის არსთან უნდა იყოს შეერთებული და ქრისტეს მოუკლებელი ხსოვნა ჰქონდეს. გონება ბუნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, როდესაც ვნებებს ემონება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით, სხვაა გონება და სხვა – აზროვნება. ეს უკანასკნელი ტვინში მოქმედებს, ხოლო გონების ბუნებრივი მდგომარეობა გულთან არსობრივი ერთობაა. წმინდა ადამიანში, რომელიც მართლმადიდებლური ტრადიციის თავის თავში მატარებელი და გამცოცხლებელია, აზროვნება თავისთავად მოქმედებს და ჩვეულებრივად აღიქვამს გარემომცველ სამყაროს, მაგრამ ამავდროულად, მისი გონება, ანუ სულის თვალი გულში მკვიდრობს და მოუკლებლად ლოცულობს და ეძებს ქრისტეს. სწორედ ეს არის სულიერი ცხოვრების მიზანი. ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესოა წმინდა ბასილი დიდის ნაშრომიდან ორი მონაკვეთი. ერთ-ერთ მათგანში საუბარია გონებაზე, რომელიც განსხვავდება აზროვნებისგან და რომელიც არის სულის წარმმართველი. ,,მაშინ ვხდებით ცოცხალი ღმერთის ტაძარნი, როდესაც მიწიერი საზრუნავები ჩვენში ქრისტეს მოუკლებელ ხსოვნას არ აფერხებენ და გონება არ ირყევა ვნებათა მოულოდნელი თავდასხმებისგან. ქრისტესმოყვარე გაურბის ამ ყველაფერს, მიეახლება ქრისტეს და განდევნის ყველაფერს, რაც მას ბოროტებისკენ უბიძგებს. დროს იყენებს მხოლოდ იმ საქმეებში, რომლებიც მასში სათნოებებს აღორძინებენ’’.

აქ საუბარია იმაზე, რომ ღმერთის ტაძრად ქცეულ სულიერ ადამიანში, გონება და აზროვნება თანადროულად, თუმცა ცალ-ცალკე მოქმედებენ. აზროვნების საქმეა აუცილებელი მიწიერი საზრუნავები(არსებობისთვის ზრუნვა, შრომა, გონებრივი საქმიანობა და ა.შ) ხოლო გონების საქმე არის მოუკლებელი ლოცვა. რადგანაც ასეთი ადამიანის გონება გულთანაა შეერთებული და აქვს ქრისტესთან ურთიერთობა, მას ვეღარ აშფოთებენ მოულოდნელი საცდურები.

მეორე მსჯელობაში წმინდა ბასილი დიდი საუბრობს გონების გულში დაბრუნებასა და გულიდან ქრისტესკენ ამაღლებაზე: ,,გონება, რომელიც გარეგნულზე არ განიფანტება და გრძნობების მიერ ამასოფლის სულისგან არ არის დატყვევებული, გულში ბრუნდება და იქედან ქრისტესკენ ზეაღიწევა. ამ გამოუთქმელი მშვენიერებით განწმენდილსა და ნათელმოსილს, ვერაფერი ამქვეყნიური ვეღარ იზიდავს, თავისუფლდება ყოველგვარი საზრუნავისაგან და მთელ თავის გულმოდგინებას მხოლოდ ზეციურ სიკეთეთა მოხვეჭისკენ წარმართავს’’.

გონება, რომელიც გარესამყაროში აქეთ-იქით დაეხეტება და ამასოფლის სულის მიერაა დატყვევებული, ავადაა და დაცემისკენაა მიდრეკლი. ის  გაფანტულობიდან თავის ბუნებრივ მდგომარეობაში – გულში უნდა დაბრუნდეს და იქ შეუერთდეს ქრისტეს. განღმრთობის მდგომარეობაში მყოფ გონებას აღარ აქვს არანაირი საზრუნავი, ის აღარ ზრუნავს არც საჭმელზე, არც სასმელზე და არც სხვა მიწიერ საგნებზე. სწორედ ეს არის განღმრთობა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით უმოძრავო ხდება, აღარც ჭამს, აღარც სვამს და საერთოდ აღარაფერს ყურადღებას აღარ აქცევს. მაგრამ, რადგანაც მან ჭვრეტის, ანუ ქრისტეს მოუკლებელი ხილვის მდგომარეობას მიაღწია, მისი ხორციელი ძალები გარდაქმნილია; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი სული და გონება აღარ ექვემდებარება ამ სამყაროს და მატერიალურ საგნებს. ადამიანი, რა თქმა უნდა, მიწიერითაც დაკავებულია, მაგრამ არ არის დამონებული მიწიერ საგნებზე. წმინდა ბასილი დიდი ხაზგასმით ამბობს, რომ გონების გულში დაბრუნების გზაზე, ადამიანში ყველა სათნოება მოიხვეჭება: კეთილგონიერება, სიმამაცე, სამართლიანობა, სიბრძნე და ა.შ.

წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ სახარებისეული მცნებები ყველა ადამიანისთვის საერთოა – როგორც მონაზვნებისთვის, ისე ქორწინებაში მყოფი ადამიანებისთვისაც. ყველა ადამიანისგან თანაბრად მოითხოვება სახარების მორჩილება: მონაზვნებისგანაც და ერის ადამიანებისგანაც’’. წმინდა ბასილი დიდი და წმინდა გრიგოლ პალამა როდესაც გულის სიწმინდეზე საუბრობენ, თვლიან, რომ დაოჯახებულებიც ძალიან გულმოდგინენი უნდა იყვნენ, რათა ამ მდგომარეობას მიაღწიონ.

ამ ყველაფრიდან კარგად ჩანს ის, რომ ადამიანი გონებით მოუკლებლად უნდა ისწრაფოდეს ქრისტესკენ და მისი განუწყვეტელი ხსოვნა ჰქონდეს. მაშინ ხდება ადამიანი სულიწმიდის ტაძარი და იკურნება მისი გონება. ამით კი ყველაფერი წესრიგში მოდის. ადამიანი მიწიერ საქმეებსაც აკეთებს, მაგრამ მის შიგნით მოუკლებელი ლოცვა მიედინება.

წმინდა ბასილი დიდი ასევე წარმოადგენს ყოველდღიური ცხოვრების პროგრამას. ის წერს, რომ მზის ამოსვლას ადამიანი ღმერთის დიდებითა და ლოცვით უნდა შეხვდეს და შემდეგ, როცა თავისი საქმის კეთებას შეუდგება, მისი მოუკლებელი ხსოვნა შეინარჩუნოს.

თუკი მისი ხელები მუშაობენ, ხოლო გულით ქრისტეს ესაუბრება, შედეგად მისი საქმეც იკურთხება. წმინდა ბასილი იმას კი არ გულისხმობს, რომ საქმე უნდა შეწყდეს, არამედ მის თანადროულად უნდა მიედინებოდეს შინაგანი ლოცვა –  გონება ქრისტესკენ უნდა იყოს მიმართული და გულში მოუხმობდეს მის უტკბეს და უწმინდეს სახელს.

როდესაც ადამიანი ქრისტესკენაა ამგვარად მიმართული, მაშინ შინაგანთან ერთად, ყველაფერი გარეგნულიც წესრიგდება და ჰარმონიაში მოდის. მათ შორის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – მოყვასთან ურთიერთობა.

ამრიგად, წმინდა ბასილი დიდი ასწავლის, რომ განკურნებულ და შინაგანად მოწესრიგებულ ადამიანს არ უყვარს კამათი, საუბრისას არ აწყვეტინებს არავის, მისი პასუხები არ იკვებება პატივმოყვარეობისგან, მისი ხმის ტონიც კი ისეთია, რომ სხვა ადამიანში სიმძიმეს არ იწვევს და მსჯელობს სიმდაბლით. მისი სხეულის ყველა მოძრაობა გაწონასწორებულია, შესამოსელიც მისი შინაგანი მდგომარეობის შესაბამისი. წესრიგდება კვებაც და ძილიც. ყველაფერი ხდება ისეთი, როგორიც ქრისტესთვისაა სათნო და მოსაწონი. წმინდა ბასილი დიდი უარყოფს ამ საკითხის თეორიულ ხედვას და მხოლოდ გარეგნული ქცევით, შინაგანი სულიერი ცხოვრების გარეშე, ზნეობრივ განვითარებას. ის ეკლესიის ისიქასტურ ტრადიციას გამოხატავს და ამიტომაც აღნიშნავს, რომ ყველაზე მთავარი გონების ქრისტესკენ წარმართვაა, რის შემდეგადაც ყველაფერი გარეგნული წესრიგდება.

წმინდა ბასილი დიდის ამ მოკლე სწავლებიდან ნათლად ჩანს, რომ სულიერი წესრიგი გონების ქრისტესკენ მიმართვით მიიღწევა. ამაში კი ადამიანს უმთავრესად ეხმარება სინანული, რათა განთავისუფლდეს შინაგანი ტყვეობისგან და ქრისტეს სახელს მოუკლებლად მოუხმობდეს.

ადამიანი როდესაც ავტომანქანას მართავს, ან მუშაობს, ჩვეულებრივ სხვადასხვა რამეზე ფიქრობს ხოლმე. შესაბამისად, ხომ შეიძლება მისი გონება იესუს ლოცვით იყოს დაკავებული და ქრისტე ახსოვდეს, ხოლო ხელები საქმეს აკეთებდნენ? სწორედ ეს არის სულიერი კურნების გზა.

წყარო: http://azbyka.ru

მთავარი ფოტო: წმინდა ბასილი დიდის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)

Share