წმინდა გრიგოლ პალამასა და ისიქაზმის მოწინააღმდეგეთა შორის გონიერი ლოცვა იყო მთავარი საკამათო საკითხი. ვიცით, რომ ისიქასტური კამათების დასაწყისში ძირითადად სამი თემა განიხილებოდა: საერო განათლება, ლოცვა, განსაკუთრებით კი გონების გულში დამკვიდრების გზები და უქმნელი ნათლის ხილვა. ამიტომ ვამბობთ, რომ სწორედ ლოცვა იყო წმინდა გრიგოლ პალამას დროს განხილვებისა და კამათების მთავარი საგანი.
მიზნად არ ვისახავთ იმას, რომ სრულად გავშალოთ ლოცვის ღმრთისმეტყველება. ძირითადად ორ მნიშვნელოვან ასპექტს დავეყრდნობით. პირველი – გონიერი ლოცვის თეოლოგიურ საფუძვლებს, მეორე – განვიხილავთ სულისა და სხეულის საერთო ენერგიებისა და გონიერი ლოცვის პრაქტიკაში მათ თანამონაწილეობის საკითხებს. ამ ორ ასპექტს იმიტომ ვუღრმავდებით, რომ სწორედ ესაა საფუძველი ლოცვის შესახებ წმინდა გრიგოლ პალამას სწავლებისა და გვიჩვენებს, როგორ არის დაკავშირებული გონიერი ლოცვა მარხვასთან და ღამე მღვიძარებასთან.
წმინდა გრიგოლ პალამას მოძღვრის – წმინდა ნიკიფორე დაყუდებულის სულიერი გამოცდილება
კამათების საწყისი სწორედ გონიერი ლოცვის შესახებ ნიკიფორე დაყუდებულის სწავლებები იყო, რომლებშიც ის ეხებოდა გონების გულში ჩასვლისა და დამკვიდრების გზებს. თესალონიკში ჩამოსულმა ვარლაამმა, წარმოდგენაც რომ არ ჰქონდა ისიქასტურ ტრადიციაზე, მოისმინა რა წმინდა ნიკიფორეს სწავლება გონიერი ლოცვის პრაქტიკული მეთოდების შესახებ, ხისტად გაილაშქრა მის წინააღმდეგ.
წმინდა ნიკიფორე ხაზგასმით ამბობდა , თუკი ადამიანს გონიერი ლოცვის სწავლა სურს, მან აუცილებლად გულმოდგინედ უნდა ეძებოს გამოცდილი სულიერი მოძღვარი ისე, რომ არ დაიშუროს არც ძალები და არც რესურსი. თუკი მაინც ვერ იპოვის ასეთ მასწავლებელს, მაშინ შემუსვრილი გულითა და ცრემლებით მოუხმოს ქრისტეს და სიმდაბლით შეუდგეს გონიერი ლოცვის პრაქტიკული მეთოდების გამოყენებას, რომელთა შესახებაც წმინდა მამები გვასწავლიან.
წმინდა ნიკიფორეს სიტყვებით, ადამიანის გული სხეულისთვის სიცოცხლისა და სითბოს წყაროა. ის ამბობს, რომ ჩვენ სწორედ ,,გულისთვის’’ ვსუნთქავთ. გული იკვებება ჟანგბადით ისე, რომ ჰაერის ნაწილს ამოისუნთქავს და მუდმივ სითბოს უზრუნველყოფს სხეულისთვის. ფილტვები კი ამ პროცეში შუამავლის როლს ასრულებს. შემოქმედმა სწორედ ასეთად შექმნა და ჩამოაყალიბა- მათ აქვთ უნარი უმტკივნეულოდ შეკუმშვისა და გაფართოებისა. ასე რომ, ფილტვების მიერ ცივი ჰაერის ჩასუნთქვითა და თბილის ამოსუნთქვით გული თავის ფუნქციას ასრულებს და ადამიანის სხეულს სიცოცხლეს უნარჩუნებს.
გულისა და ფილტვების ფუნქციების განხილვის შემდეგ, ღირსი ნიკიფორე გონების გულში კონცენტრირების პრაქტიკულ ხერხებს გვაწვდის.
იმისათვის, რომ გონება გულში ჩავიდეს, საჭიროა, გონების ყურადღება სუნთქვის გზით ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ჩავიდეს გულში და იქ დამკვიდრდეს. თუკი ღმრთის მადლით ეს აღსრულდა, მაშინ გონება გამოუთქმელი სიტკბოებითა და მხიარულებით ივსება. ემსგავსება სახლიდან დიდი ხნით წასულ ქმარს, თავის მეუღლესთან დაბრუნებული სიხარულს რომ გრძნობს. მოღვაწემ უნდა იშრომოს და ივარჯიშოს გონების გულში გასამაგრებლად, რამეთუ ღვაწლის დასაწყისში ამ შინაგან ჩაკეტილობასა და სივიწროვეში მოქცეული გონება მოწყენილია. როდესაც, ღმრთის მადლით, ამას მიეჩვევა, მაშინ ის აღარ მოისურვებს აქეთ -იქით ხეტიალს, რადგან სწორედ იქ, გულშია ქრისტეს ზეციური სამეფო.
ხაზგასმით აღსანიშნავია ის, რომ გონება გულში მდუმარედ და უსაქმოდ კი არ მყარდება, არამედ მოუკლებლად უნდა მოუხმობდეს ლოცვას: ,,უფალო ,იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. გონების ამ ლოცვით დაკავება და მასში მოუკლებელი ვარჯიში მლოცველს დაეხმარება, აარიდებს სხვადასხვა ოცნებასა და წარმოსახვას, რაც ,თავის მხრივ, ეშმაკის ხიბლისა და საცდურებისაგან იცავს და ყოველდღურად მეტად გაძლიერდება ქრისტეს სიყვარულში.
თუკი მოღვაწე ბევრი შრომის მიუხედავად გულის წიაღში ვერ შედის, მაშინ ის შემდეგნაირად უნდა მოიქცეს: ყოველი ადამიანის გონებრივი ძალა შიგნით, გულშია. როდესაც ჩვენი ბაგეები დადუმებულია , სწორედ იქ ვესაუბრებით საკუთარ თავს და ვფიქრობთ სხვადასხვა საკითხებზე. ასე რომ, განვიშოროთ ყოვლგვარი სხვა წარმოსახვა და აზრი, ჩვენს გონებრივ ძალას, შინაგან მეტყველებას მივცეთ ერთადერთი მუდმივი საქმე – ლოცვა – ,,უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’, ვაიძლოთ საკუთარ თავს, რომ ნებისმიერი აზრისა თუ წარმოსახვის ნაცვლად სწორედ ამ სიტყვებით ვეძებდეთ მოუკლებლად ქრისტეს. თუკი ადამიანი ამ საქმეში უკანდაუხევლად, მთელი ყურადღებითა და სიმდაბლით იშრომებს, მაშინ ღმრთის მადლით ,დროთა განმავლობაში ,გულისკენ მიმავალი გზაც გაიხსნება და იქ ქრისტეს შეხვდება. შედეგად, იესუს ლოცვა ჩვენში მოიზიდავს და ააღორძინებს სიყვარულს, სიხარულსა და სიმშვიდეს.
ღირსი ნიკიფორე ლათინური წარმომავლობის იყო და სამხრეთ იტალიიდან გახლდათ. შემდგომში მან მართლმადიდებლობა მიიღო და ლიონის კრებაზე უნიის წინააღმდეგ გამოვიდა.გარკვეული დროის შემდეგ, ის ათონზე ჩავიდა, სადაც გამოცდილ მამათა მორჩილი გახდა და დიდ სულიერ სიმააღლეებს მიაღწია. მნიშვნელოვანია, კარგად ვიცოდეთ, რომ მის მიერ აღწერილი მეთოდები სულიერ ცხოვრებაში დამწყებთათვისაა და ლოცვისას გონების კონცენტრაციის დამხმარე საშუალებებს წარმოადგენენ და არა თვითმიზანს.
როდესაც ვარლაამმა ეს ყველაფერი მოისმინა, აღშფოთდა და დაასკვნა, რომ ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება, ზოგადად, ლოცვის ხასიათს, რომელიც ასე ვერ აღსრულდება და ვერც ანატომიური ადგილით განისაზღვრება. სწორედ წმინდა გრიგოლ პალამამ ჩამოაყალიბა გონებისა და გულის ერთობის ისიქასტური ტრადიციის თეოლოგიური საფუძვლები.
გონიერი ლოცვის თეოლოგიური საფუძვლები
წმინდა გრიგოლ პალამა აცნობიერებდა, რა საფრთხეს წარმოადგენდა ისიქაზმისთვის ვარლაამის თავდასხმები. თავდაპირველად, წმინდა გრიგოლს არ ჰქონდა წაკითხული ვარლაამის ნაშრომები, რადგანაც ეს უკანასკნელი მათ საგულდაგულოდ მალავდა, ამიტომაც მის შეხედულებებზე სხვების სიტყვიერი გარდამოცემით შეიტყო. წმინდა გრიგოლმა უარყო ვარლაამის შეხედულებები და თქვა: ,,მივისწრაფვით რა მყუდროებაში საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ, საჭიროა, რომ ჩვენი გონება ჩვენ შიგნით, შინაგან სამყაროში ჩავკეტოთ’’.
წარმოგიდგენთ წმინდა გრიგოლ პალამას შეხედულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს გონიერ ლოცვას და აღწერს მის აუცილებელ თეოლოგიურ წინაპირობებს. საკითხი შემდეგნაირად ჟღერს: ,,ზოგიერთი ამბობს, რომ გონების გულში დამკვიდრების მცდელობა უსარგებლოა; მათ რომ უსმინო, პირიქით, მთელი ძალებით უნდა განდევნო გონება შენი შინაგანი სამყაროდან. ამიტომ დასცინიან ისინი ჩვენს ზოგიერთ მონაზონს და განიკითხავენ იმის გამო, რომ დამწყებებს სუნთქვის მიერ გონების ყურადღების გულში გამახვილებას ასწავლიან’’.
ნათელია, რომ ეს საკითხი ვარლაამსა და მის მომხრეებს ეხებოდათ, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ იმას, რომ გონება ლოცვის მიერ გულში უნდა დაბრუნდეს და ამ საქმეში სუნთქვა და სხვა გარეგნული მეთოდები გვეხმარება. ვარლაამი განიკითხავდა წმინდა ნიკიფორეს ე.წ ,,მექანიკურ’’ ლოცვის მეთოდს.
წმინდა გრიგოლი ათონის წმინდა მთაზე ცხოვრობდა, გამოცდილებით იცნობდა ისიქასტურ ტრადიციას და სწორედ მასზე დაყრდნობით ზედმიწევნით შეეძლო ისიქასტური ლოცვითი პრაქტიკისთვის საჭირო ყველანაირი წინაპირობის ზედმიწევნით აღწერა.
თავდაპირველად წმინდა გრიგოლი ხაზგასმით ამბობს, რომ სხეული თავისთავად ბოროტებას არ წარმოადგენს. ცნობილია, რომ ვარლაამს ადამიანის სხეულთან დაკავშირებით პლატონური შეხედულებები გააჩნდა. ქრისტიანული სწავლებით თავად სხეული არ არის ბოროტება, არამედ ხორციელი ზრახვები და სწორედ ამიტომ გონების სხეულში(ანუ გულში)ჩაკეტვა კი არ არის საზიანო, არამედ მისი დაკავება ხორციელი ზრახვებითა და გულისთქმებით.
წმინდა წერილისა და სრულიად მართლმადიდებელი ეკლესიის გადმოცემის მიხედვით, მართლმადიდებლური ასკეზის მიზანი სხეულიდან ცოდვის განდევნა და იქ გონების, როგორც მმართველის, დამკვიდრებაა. გონების ზედამხედველობით სულის თითოეულ უნარს და გრძნობის ორგანოებს შესაბამის საქმიანობას განვუწესებთ. გრძნობის ორგანოებს(სმენა, ხედვა, შეხება, ყნოსვა, გემო) – თავშეკავებას, სულის გულისთქმით(შეგრძნებით) ნაწილს – სიყვარულს, ხოლო სულის აზრობრივ უნარს კი – სიფხიზლეს. ამ გზით ჩვენ ქრისტეს შეცნობამდე მივდივართ. წმინდა წერილის მრავალი ადგილი გვიდასტურებს იმას, რომ გონების გულში დამკვიდრება ბოროტება არ არის.
შემდეგ წმინდა გრიგოლი სხეულისა და სულის ურთიერთდამოკიდებულებას განიხილავს. სული – ეს არის მრავალუნარიანი ერთიანი ძალა, რომელიც სხეულს სიცოცხლეს ანიჭებს და ,ამავდროულად, ინსტრუმენტად იყენებს მას. წმინდა მაკარი დიდისა და წმინდა დიოდოხოს ფოტიკელის სწავლებებზე დაყდრნობით წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს: ,, გული სულის გონიერი ნაწილის საუნჯეა’’. ამიტომაც, ვისაც სურს, რომ საკუთარ თავში მყუდროდ განმარტოვდეს, გონება გულში უნდა დაიბრუნოს და იქ დაიმკვიდროს.
ადამიანის გონების გარესამყაროში გაფანტულობიდან გულში დაბრუნების აუცილებლობის განმარტების შემდეგ, წმინდა გრიგოლი საუბრობს გონიერი ლოცვის თეოლოგიური საფუძვლების შესახებ. ოპონენტების კითხვაზე, თუ როგორ უნდა ჩავიდეს გონება გულში, თუკი ის(გონება) მუდამ სულთანაა დაკავშირებული, წმინდა გრიგოლი ადამიანის სულში არსისა და ენერგიის განსხვავებულობის შესახებ მსჯელობს.
უქმნელი ცოცხალი ღმერთისა და ნებისმიერი ქმნილების მსგავსად, ადამიანის სულსაც გააჩნია არსი და ენერგია. ,,ერთია გონების არსი, მეორე – მისი ენერგია’’. ამიტომაც, გარესამყაროში გაფანტული გონება(გონების ენერგია) გულში უნდა დაბრუნდეს. ამ ხედვას იზიარებენ წმინდა დიონისე არეოპაგელი, წმინდა ბასილი დიდი, წმინდა დიადოხოს ფოტიკელი და წმინდა იოანე სინელი.
ზოგიერთი მოღვაწე გონების გულში ჩაყვანის ე.წ ,,მექანიკურ’’ მეთოდს იყენებს: ისინი ცდილობენ, რომ გონების ყურადღება სუნთქვის მიერ გულში გაამაგრონ. წმინდა გრიგოლი როდესაც გონების გულში დაბრუნების საღმრთისმეტყველო საფუძვლებზე საუბრობს, ხაზს უსვამს, რომ ეს მეთოდი დამწყებთათვისაა სასარგებლო. რამდენადაც გამოცდილ მონაზვნებსაც კი უჭირთ ლოცვისას გონების ყურადღების კონცენტრირება და მუდამ მისი ხელახლა მოკრება უწევთ, იმდენად რთულია ეს გამოუცდელთათვის, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან, რომ საკუთარ გონებაზე უფრო მეტად მოხეტიალე და რთულად დასაჭერი არაფერია.
ისიქასტურ ლოცვაში წარმატებულებს კი ეს ყველაფერი ბევრი შრომისა და მცდელობის გარეშეც გამოსდით. წმინდა გრიგოლს ერთი მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ნამდვილ სიყვარულს მოთმინებაც მოსდევს. მაგრამ მოთმინების მოხვეჭა საკუთარი თავის იძულებითაც შეიძლება, რათა მისი დახმარებით სიყვარულამდე მივიდეთ. ამის თქმა შეიძლება ლოცვის მეთოდებთან დაკავშირებითაც. ვისაც სულიერი გამოცდილება აქვს, ყველამ იცის, რომ გონების გზა აუცილებლად გულისკენ უნდა მიდიოდეს.
ეს პრაქტიკა რაღაც სიახლე კი არ არის, არამედ წმინდა მოღვაწეთა გამოცდილებითაა დამოწმებული. წმინდა გრიგოლს მოჰყავს მაგალითები დასტურად იმას, რომ გონება მართლაც გულში უნდა დაბრუნდეს. განსაკუთრებით გამოჰყოფს წმინდა წინასწარმეტყველ ელიას , რომელმაც ,,ლოცვით მრავაწლიანი გვალვა დაასრულა, თავი მუხლებში ჩარგო,ამით საკუთარი გონება შინაგანისკენ, ანუ გულისკენ მიმართა და ასე შეხვდა ცოცხალ ღმერთს’’. ასევე მეზვერის ლოცვაც გვიჩვენებს ისეთი ლოცვის ძალას, რომლის დროსაც გონება მოკრებილია და სხეულიც ჩართული. სწორედ ასეთი ლოცვით გამართლდა ის ქრისტეს მიერ.
ისინი, ვინც ისიქასტებს დასცინიან, სინამდვილეში ცხადყოფენ, რომ არ იციან წმინდა წერილი, მასში მრავალი ადგილია, რომელიც ადასტურებს წმინდა მამათა გზას: ,, შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია’’.(ფს.39:9)
გონიერი ლოცვის თეოლოგიური და წმინდა მამებისეული საფუძვლების განხილვის შემდეგ, წმინდა გრიგოლი ჩამოთვლის იმ წმინდანებს, რომლებიც ამ პრაქტიკით მოღვაწეობდნენ გონიერ ლოცვაში. წმინდა სვიმეონ ახალმა ღმრთისმეტყველმა და წმინდა ნიკიფორემ, რომლებმაც თავად იხილეს ლოცვის გემო, წმინდა მამათა ნაწერებიდან ამგვარი პრაქტიკის შესახებ სწავლებები გამოკრიბეს. მათთან ერთად წმინდა გრიგოლი თავის თანამედროვე წმინდა მამებსაც ჩამოთვლის, რომლებიც მასავით გამოცდილები იყვნენ.
წმინდა. გრიგოლი ადასტურებს, რომ ისიქაზმი ეკლესიის გარდამოცემაა. ამბობს, პირადად ურთიერთობდა მრავალ წმინდა მამასთან, რომლებიც ამ კურთხეული მყუდროების საქმიანობაში მისი მასწავლებლები გახდნენ. ასე რომ, წმინდა გრიგოლი მართლმადიდებლური გარდამოცემის ორგანული ნაწილი და, ამავდროულად, მისი გამომხატველიცაა.
შევაჯამებთ და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ისიქაზმი მართლმადიდებელი ეკლესიის გარდამოცემის ნაწილია. რომ სხეული კი არ არის ბოროტება, არამედ ხორციელი ზრახვები, სულს გააჩნია არსი და ენერგია, სული არსობრივადაა დაკავშირებული სხეულთან, ხოლო მისი ენერგია(ანუ გონება) დაცემულია და გაფანტული დაეხეტება გარესამყაროში; გონება თავის ბუნებრივ საცხოვრებელში – გულში უნდა დაბრუნდეს; ეს პრაქტიკული მეთოდები დამწყებთათვისაა რეკომენდებული და უშუალოდ წმინდა წერილში გვხვდება ამის მაგალითები; როგორც გონიერი ლოცვა, ისე მისი მიღწევის პრაქტიკული მეთოდები ეკლესიის გარდამოცემაა, რადგანაც, როგორც ძველი, ისევე მრავალი თანამედროვე წმინდა მამა ამოწმებ ამას.
წმინდა გრიგოლმა ჩამოაყალიბა გონიერი ლოცვის თეოლოგიური საფუძვლები და თავისი ცხოვრების წესით დაამოწმა, რომ მიიღო ეკლესიის გარდამოცემა და საკუთარ თავში გააცოცხლა.
წმინდა გრიგოლის სიტყვები იმასაც მოწმობენ, რომ ლოცვა, რომელიც ადამიანს ცოცხალ ღმერთთან აკავშირებს, ყველას საქმეა. გრძნობის ორგანოების მიერ გარესამყაროში გაფანტული ადამიანის გონება უნდა დაბრუნდეს გულში და სწორედ იქ შეხვდეს და შეუერთდეს ქრისტეს. ძველი ქრისტიანები სწორედ ამ რეალობით ცხოვრობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად დაყუდებული ისიქასტის გამოცდილება განსხვავდება ერისკაცის სულიერი გამოცდილებისგან, წმინდა გრიგოლის სწავლებები ყველა ქრისტიანისთვისაა. სწორედ ამიტომ, თესალონიკში, თავისი სამწყოს მიმართ წარმოთქმულ ჰომილიებში, ის ხშირად უსვამს ხაზს იესუს ლოცვის მნიშვნელობას.
დიდი მარხვის პერიოდში სამრევლოს ასწავლიდა მოდუნებული, პასიურ ცხოვრებისთვის თავის არიდებას , მარხვა -ლოცვის ქრისტეს წინაშე და ქრისტესთვის აღსრულებას. ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ თავისთავად ვერც მარხვა და ვერც ლოცვა კი ვერ გადაარჩეს, არამედ ამ ყველაფრის ქრისტესთვის და ქრისტეს თვალთა წინაშე აღსრულება. როგორც მზე ათბობს იმას, რასაც თავის სხივებს ჰფენს, ასევე ქრისტეს უხილავი მზერა გვანიჭებს სინათლეს. ეს ყველაფერი ქრისტეს წინაშე მაშინ აღესრულება, როდესაც მარხვისას და ლოცვისას ჩვენი გონება მუდამ ქრისტესკენაა მიმართული. როდესაც ლოცვისას ჩვენი გონება ზოგჯერ ქრისტესკენაა მიპყრობილი, ზოგჯერ კი გაფანტულია, იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაგვიხსნია გული ქრისტესთვის.
წმინდა გრიგოლის ამ სწავლების მიხედვით, ლოცვა და მარხვა პირადი სულიერი საქმიანობებია და უნდა აღესრულებოდეს ქრისტესთვის და არა რაღაც ადამიანური მიზნებისთვის. ნებისმიერი ღვაწლს, რომელიც ქრისტესთვის არ აღესრულება, არანაირი სარგებელი აქვს.
წმინდა გრიგოლი ქრისტეს ფერისცვალების შესახებ საუბრობს.ლოცვისას ქრისტეს სახის გაბრწყინება გვიჩვენებს , რომ სწორედ ლოცვაა ასეთი გამოუთქმელი ხილვის წყარო. ეს იმიტომ მოხდა, გვცოდნოდა: ,,სათნოებების მიერ ქრისტესთან მიახლებითა და ჩვენი გულისა და გონების მასთან შეერთებით ვიღებთ უქმნელი ნათლის გამოცდილებას, რომელიც ეძლევა ყველას, ვინც გულმოდგინე შრომითა და მოუკლებელი ლოცვით ეძებს ქრისტეს’’. რამდენადაც წმინდა მამები გვასწავლიან , რომ ქრისტეს უქმნელი ნათლის ხილვა მხოლოდ რჩეულთა ხვედრი კი არ არის, არამედ ადამიანის გზა ხატებიდან მსგავსებისკენ, ნათელია , რომ ყველა უნდა ვიდგეთ ამ გზაზე. მოუკლებელი იესუს ლოცვისა და ქრისტეს მცნენებში გულმოდგინე, სიმდაბლით შრომით ეს მადლისმიერი ხილვა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.
წმინდა გრიგოლი მეზვერის ლოცვის შესახებ ამბობს, რომ ეს ყველა ქრისტიანისთვის ლოცვის მაგალითია. ასეთი ლოცვა ღმრთის მოწყალებას მოიზიდავს. ჩვენ უკვე ვთქვით , თავის ნაშრომებში წმინდა გრიგოლ პალამა ამ მეზვერეს წარმოგვიდგენს ,როგორც ჭეშმარიტ ისიქასტსა და მლოცველ ქრისტიანს.
იმას, რომ მოუკლებელი იესუს ლოცვა ყველა ქრისტიანის საქმეა, მოწმობს წმინდა გრიგოლის ცხოვრებიდან ერთ- ერთი ქადაგება. პავლე მოციქულის სიტყვებთან ერთად, მან მოიყვანა წმ. დავით მეფსალმუნის სიტყვებიც: ,,წინაწარვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის. რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რათა არა შევიძრა’’. ასევე წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის სიტყვებიც: ,,სუნთქვაზე უფრო ხშირად უნდა გვახსოვდეს ღმერთი’’. თავად წმინდა გრიგოლი ასწავლიდა: ,,ყველა ქრისტიანი, განურჩევლად ცხოვრებისეული პირობებისა, უნდა შრომობდეს მოუკლებელ ლოცვაში’’. წმინდანი მხოლოდ ამაზე არ ჩერდება და მეტსაც ამბობს, რომ არათუ ყველა უნდა შრომობდეს, არამედ უნდა ვასწავლოთ კიდეც ყველას, არა მხოლოდ მონაზვნებს, არამედ ერის ადამიანებს, მამაკაცებს, ქალებს, ბავშვებს, განათლებულებს, უბრალო ადამიანებს და ყველას ერთად.
წმინდა გრიგოლის ქადაგების მსმენელთა შორის ერთი ბერი იობიც იყო, რომელიც უბრალოებით, სათნოებითა და სულიერ ცხოვრებაში მოშურნეობით გამოირჩეოდა. ამ გულმხურვალე მამას ძალიან უყვარდა წმინდა გრიგოლი და მასთან სულიერ თემებზე სასაუბროდ ხშირად მიდიოდა. მაგრამ, როდესაც მისი სწავლება მოისმინა იმის შესახებ, რომ ყველა ქრისტიანი მოუკლებლად უნდა ლოცულობდეს, აღშფოთდა და იმას ამტკიცებდა, ეს მხოლოდ მონაზვნების საქმეა
წმინდა გრიგოლი ცდილობდა მამა იობის საპირისპირო აზრში დარწმუნებას, მაგრამ რამდენადაც ის მტკიცედ იდგა თავისაზე, წმინდა გრიგოლსაც არ უნდოდა მისი დამწუხრება და არც მრავალსიტყვაობა უყვარდა, დადუმდა.
იობი თავის კელიაში დაბრუნდა და ლოცვა დაიწყო თუ არა , მის წინაშე ზეციური დიდებით გაბრწყინებული ანგელოზი წარსდგა და უთხრა:
– მამა იობ, ნუ დაეჭვდები გრიგოლის სიტყვების ჭეშმარიტებაში, ის ამბობდა და ამბობს სიმართლეს. ასე იფიქრე შენც და სხვებსაც ასწავლე
როგორც კი გამოცხადება მიიღო, ეს გულწრფელი მოღვაწე წმინდა გრიგოლთან დაბრუნდა, ყველაფერი მოუყვა და ურჩობისთვის შენდობაც ითხოვა.
ასე რომ, ლოცვა გულის განწმენდისა და გონების განათლების უმთავრესი საშუალებაა და ამიტომაც ის ყველა ქრისტიანის საქმეა, არა მხოლოდ მონაზვნების საკუთრება, არამედ ყველასი, ვინც განღმრთობისკენ ისწრაფვის.
მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის წიგნიდან: ,,Святитель Григорий Палама как святогорец’’
მთავარი ფოტო: წმინდა გრიგოლ პალამას ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)