კანონად დაიდეთ, არაფერი მოიმოქმედოთ, სულიერი აღშფოთების ჟამს, მითუმეტეს არაფერი თქვათ. როგორი სათნოც გინდათ გეჩვენებოდეთ აღშფოთება და როგორი სამართლიანიც გინდათ გეჩვენებოდეთ თქვენი სათქმელი, იმ წუთში სულს მაინც არ შეუძლია საჭირო ზომების დაცვა, მითუმეტეს სიწმინდის შენარჩუნება. რამეთუ ეს მდგომარეობა თავისთავად მუდამ შეიცავს “მეს” შენარევს.
ქვეყნად არ არის საგანი, რომლის გამოც ღირდეს რამეზე გაბრაზება, სულზე და მის სიმშვიდეზე ძვირფასი არაფერია, გაბრაზება ართმევს მას სიმშვიდეს, აქ თვითონ ადამიანი აღიზიანებს საკუთარ თავს, უფრო აბუქებს ზრდის თავის სულში სხვის დანაშაულს. ეს ხდება იმიტომ, რომ ყურადღებით არ არის თავის მიმართ და აფეთქდება ხოლმე. გულის სიღრმეში დევს საკუთარი თავისთვის მინიჭებული უფლება განსაჯოს და დასაჯოს სხვები ცოდვებისათვის, ნაცვლად საკუთარი თავისა. აი, ყველაფერი – ცოდვილად რომ შეიგრძნობდეს ადამიანი თავს, სხვებს არ გაუბრაზდებოდა.
ამგვარი “აფეთქებები” საკმაოდ არასათნო რამაა, ეს არის, ჭეშმარიტად ნათლის ანგელოზად გარდაქმნილი სატანა. გარეგნულად სამართლიანობის გრძნობის მეტი არაფერი ჩანს, გული ისე დუღს, თითქოს მზადა არის სიმართლისათვის დანაზე წამოეგოს, ენა კი სხვის მიერ დარღვეულ და დავიწყებულ სიმართლეს ღაღადებს. ეს “სხვა” კი რომელმაც გაბედა მისი [სიმართლის] დარღვევა არარაობად და ბოროტგანმზრახველადაც კი გვეჩვენება და ჩვენს მიერ გამართული სასამართლო, ჩვენს თვალში იმდენად სამართლიანი ჩანს, მთელი სამყაროც რომ ესწრებოდეს, ისიც კი ჩვენ გაგვამართლებდა. ხედავთ, როგორი ნათელი და კანონიერია ყველაფერი? მაგრამ, ასეა მართლაც სინამდვილეში? საქმის არსს თუ ჩავწვდებით, მუდამ აღმოჩნდება, რომ დარღვეული სიმართლის შეგრძნებას ყოველთვის საფუძვლად უდევს შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა, ჩვენი ღირსების დამცირება, ანდა მისთვის შესატყვისი ფასის არ მიგება. სიმართლისადმი მოშურნეობის ცეცხლი სრულიადაც არ ანთია იმისათვის, რომ ძვირფასია სიმართლე, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცამ გაბედა და დაარღვია იგი ჩვენთან მიმართებაში. სხვასთან მიმართებაში რომ ყოფილიყო კიდევ ასდატანი იქნებოდა.
შეიგნეთ, რომ ყვირილი სიმართლისათვის მხოლოდ გარეგნულია, შიგნით კი ომი მიმდინარეობს “მეს” დამკვიდრებისთვის. აი მაშინ დაინახავთ ვინ არის ანგელოზის სამოსში.
თქვენი სული საკმაოდ ბრძენია, კარგ მდგომარეობაშია იგი, თუ ცუდში მისი სიმშვიდით ან აფორიაქებით მჟღავნდება. თუ თქვენი სული აფორიაქებულია, რაზედაც უნდა ბრაზდებოდეს იგი, არ დაუჯეროთ მას იმ წუთში, ყველაფერს იტყუება რასაც ამბობს, სატანა აწვდის იმ დროს აზრებს. რა თქმა უნდა, არამაცხონებელს, სული კი საწყალი ამ დროს მთელ ძალებს ფიტავს, “გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის”. ღმრთიური კი ყველაფერი წყნარი, მშვიდობიანი და ტკბილია, სულშიც ამ სიტკბოს ტოვებს, გარშემოც უხვად აფრქვევს.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ