59696733 424273908411586 7639924449310932992 n 1024x792 1

შინაგანი კავშირი მოძღვართან და ღმრთის სიტყვის შესწავლა – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

ჩვენ ქრისტიანები, ვალდებულნი ვართ გამოვიძიოთ ღმრთის სიტყვა და არა მხოლოდ საკუთარი მოძღვრის სიტყვებში ვეძებოთ ჭეშმარიტება, არამედ თავადაც უნდა ვსწავლობდეთ წმინდა წერილს და წმინდა მამათა ნაშრომებს. მოძღვარმა ისე უნდა აღზარდოს საკუთარი სულიერი შვილები, რომ მის გარეშეც შეძლონ ცხოვრება. ასე აკეთებდა ყველა წმინდანი და  თავად უფალი იესუ ქრისტეც. უხილავი ღმერთი ხილული გახდა, შემდეგ  ზეცად ამაღლდა და კვლავ უხილავად იქცა, რათა გვესწავლა ცხოვრება მის გვერდით ხორციელად მყოფობის გარეშე, გვქონოდა ცოცხალი რწმენა, მასზე მინდობა და ლოცვით წარვმდგარიყავით მის წინაშე. ქრისტემ თქვა: ,,უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე წარვიდე’’(ინ.16:7) და მოგივლენთ ნუგეშინისმცემელ სულიწმიდას, რომელიც მსგავსად ქარისა ,,ვიდრეცა უნებნ, ქრინ’’ (ინ.3:8). იგი ჩვენი გულის სიღრმეში მოუკლებლად მკვიდრობს.

ჩვენ აუცილებლად დამოუკიდებლად უნდა ვუღრმავდებოდეთ და შევისწავლიდეთ ჭეშმარიტების სიტყვას. იმას კი არ უნდა ველოდეთ, თუ როდის შეგვახსენებს ან შეგვაგონებს მოძღვარი, არამედ წაკითხულის საქმით აღსრულებას ვცდილობდეთ. ნებისმიერი განსაცდელისას, თუ სირთულისას, თითოეულ ქრისტიანს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს წმინდა მამათა სულზე დაყრდნობით, სწორი გამოსავლის პოვნა.

რა თქმა უნდა მოძღვარს უნდა ეკითხებოდე, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ შენით არ შეგიძლია საკითხის გადაჭრა, არამედ მისი სიყვარულის, მასთან ერთობის განცდისა და მორჩილების გამო. ჩვენ უნდა მოვიხვეჭოთ ,,გონება ქრისტესი’’(1.კორ.2:16). ვისაც ქრისტეს გონება აქვს, შეცდომებს აღარ უშვებს. ალბათ იტყვით, – ადამიანები ვართ და შეიძლება შევცდეთ კიდეც, რადგან წმინდა მამებიც ცდებიანო, მაგრამ თუკი ზოგიერთი წმინდანი ცდებოდა და სცოდავდა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამაშიც უნდა ვბაძავდეთ მათ. მიწიერი ცხოვრება ზედმეტად სწრაფად მიქრის იმისათვის, რომ შეცდომებსა და გზააბნეულობებში დავკარგოთ დრო, ამიტომაც ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რათა ჭეშმარიტების სიტყვას ჩავუღრმავდეთ და მუდამ ჩვენი ეკლესიის შეუმცდარი სწავლების წიაღში ვიმყოფებოდეთ.

თუ ყოველდღიურად, სიმდაბლით დაიწყებთ წმინდა წერილისა და წმინდა მამების კითხვას და შესთხოვთ უფალს სიტყვებით: ,,გამოაბრწყინვე გულსა შინა ჩვენსა, კაცთმოყვარეო მეუფეო, ღმრთისმეცნიერებისა ნათელი მიუწვდომელი’’, მაშინ გამოცდილებით იხილავთ, თუ როგორ წარმოდინდება თქვენი გულიდან ,,ცოცხალი წყლის’’ მდინარეები, რამდენი საღმრთო აზრი და შეგრძნება აღმოცენდება თქვენი გულის სიღრმიდან – იქ, სადაც სულიწმიდა მკვიდრობს.

რასაკვირველია, აუცილებლად უნდა გვქონდეს განცდა იმისა, რომ მოძღვარი ყველგან და ყოველთვის ჩვენთანაა. ჩვენც უნდა მივისწრაფოდეთ მასთან შესახვედრად ისევე, როგორც საყვარელი ადამიანის სანახავად მიისწრაფიან. ის ხომ ჩვენთვის ქრისტეს ხილული ხატია! მაგრამ თუ მის გარეშე ნაბიჯის გადადგმა ერთი დღეც არ შეგვიძლია, ეს ნიშნავს, რომ მისი ნამდვილი შვილები არ ვართ. როდესაც ვინმე გაუთავებლად ჭამს და თავშეკავებას ოდნავადაც ვერ ახერხებს, ხომ ვიფიქრებთ რომ ავადაა? ასევეა ის ქრისტიანიც, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად იცხოვროს სულიერად. ჭეშმარიტი მონაზონი და ქრისტიანი ის არის, ვინც საკუთარ მოძღვართან მუდმივ, ღრმა შინაგან კავშირს ინარჩუნებს მაშინაც კი, როდესაც ფიზიკურად მის გვერდით არაა.

ამას წინათ ერთი ძმა კელიის კარზე მიკაკუნებდა. გავუღე კარი და მანაც ცრემლმორეულმა მითხრა: ,,მამაო, ახლახან დავინახე, თქვენს კელიასთან ერთი ძმა მოვიდა, შემოსვლა უნდოდა, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა, კარის სახელურს ემთხვია და წავიდა. როცა ეს დავინახე, ჩემი გული შეხტა და ვიგრძენი, რომ მას მართლა უყვარს მოძღვარი. ძალიან მომინდა თქვენთვის ამ სიხარულის გაზიარება და ამიტომაც გიკაკუნებდით ასე ჯიუტად’’.

მოდით, ყველანაირად ვეცადოთ, რომ ჩვენც ასე ,,შევიძინოთ’’ მოძღვარი, მასთან შინაგანი კავშირი გვქონდეს. რა საზომითაც ,,შევიძენთ’’ მას, იმ საზომით მოგვეცემა – ,,რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს’’(მთ.25:29). თუ ამქვეყნიურ ცხოვრებაში მოძღვართან სულიერი ერთობა გვექნება, მაშინ მომავალ ცხოვრებაშიც არ განვშორდებით მას.

ზოგიერთი თვლის,  – როცა მოძღვარი ახლოსაა, უნდა იღვაწოს და თუკი მას სადღაც წასვლა მოუწევს, შეუძლია მოდუნდეს. ასეთი დამოკიდებულების მიღმა ურწმუნოება და მზაკვრობა იმალება. მსგავსი ადამიანები ქრისტეს მყოფობას ვერ შეიგრძნობენ და დადგება დღე, როცა ღმერთს ეტყვიან: ,,არ მჭირდები’’! თუ ქრისტიანი არ გამოირჩევა თანმიმდევრულობით, მუდმივობით, თუ ქრისტე ავიწყდება და მისი ცხოვრების წესი იმაზეა დამოკიდებული, ხედავს თუ არა მოძღვარს, ის ზეციური მამის ნამდვილი შვილი ვერ გახდება.

ვისწაფოთ იმისკენ, რომ ზეციური მამის ჭეშმარიტი შვილნი გავხდეთ. სიმამაცით შევხვდეთ იმ წუთებს, როცა ქრისტეს ჩვენთან მყოფობას ვერ ვგრძნობთ, რადგან სწორედ ამ დროს ვლინდება ჩვენი რწმენა და ერთგულება. ასევე ვლინდება მოძღვრის შორს მყოფობისას ვართ თუ არა ჭეშმარიტი მორჩილნი. თუ რწმენა მტკიცე აღმოჩნდა, კიდევ უფრო მეტად გაცოცხლდება ის; თუ სუსტი აღმოჩნდა, ვთხოვოთ ღმერთს: ,,შემძინე ჩუენ სარწმუნებაჲ!’’. ქრისტე იმდენად ცეცხლოვან რწმენას მოგვმადლებს, რომ ჩვენს წინაშე სულიერი გამოცდილების თვალუწვდენელი უფსკრულები განცხადდება. სულიერი შობის ტკივილები ჩვენთვის განახლების, აღდგომისა და ქრისტეში სიცოცხლის დასაწყისი გახდება. ამინ!


წიგნიდან: Слово о трезвении, Архимандрит Эмилиан Вафидис. часть 1. 2020г.

მთავარი ფოტო: არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი. წყარო: www.orthodoxianewsagency.gr

Share