გულქვაობა გონების სიკვდილი და სულის მკვლელია.
გულქვაობა იშვება გამუდმებული სიზარმაცისგან, ხოლო სიზარმაცე – მოცალეობისა და მცონარების სიყვარულისგან.
უგრძნობელობა არის ჩვევადქცეული სიზარმაცე, გონების სიბრმავე, ბოროტ ჩვეულებათა მშობელი, გულმოდგინების საფრთხე, მოღვაწეობის მახე, ლმობიერების მტერი, სასოწარკვეთილების კარი, გულმავიწყობის დედა და ღვთის უშიშრობის შვილი, რომელიც შობის შემდგომ თავად ხდება დედა თავისი დედისა.
გულქვა და უგრძნობელი ადამიანი უგუნური ფილოსოფოსია; ის არის მასწავლებელი, თავისივე თავს რომ ისჯის და თავისივე საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს; ის ბრმა წინამძღვარია, თავად რომ ვერ ხედავს და სხვას ასწავლის ხედვას; წყლულის მკურნალობაზე მსჯელობს და თავად განუწყევტლივ თავს იწყლულებს; სნეულების განკურნებაზე ლაპარაკობს და მავნე საკვებს იღებს; ვნებებს შეაჩვენებს და მაშინვე ბოროტ საქმეს უბრუნდება, მრისხანებს და უბადრუკს თავისი სიტყვებისა არა რცხვენია; ბოროტებას რომ ჩადის, ხვდება, მაგრამ თავს მაინც არ ანებებს; ენით სიკეთის ქმნის პირობას დებს და საქმით ბოროტებას აკეთებს; სიკვდილზე ბრძნულად ლაპარაკობს და უკვდავივით იქცევა: სულის გაყრაზე ოხრავს და ისე თვლემს, თითქოს უკვდავი და წარუვალი იყოს; მარხვაზე მსჯელობს და ნაყროვანებისთვის იღვწის; სასჯელზე კითხულობს და ეღიმება; სიამაყეზე კითხულობს და კითხვისთანავე ამაყობს; მღვიძარებაზე ისმენს და თავად ძილს ეძლევა; ლოცვას აქებს და თავად ცეცხლივით გაურბის; მორჩილებას შენატრის და უპირველეს ყოვლისა თავად ურჩობს; ქონების სიძულვილს აქებს და ძონძისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და შფოთის ატეხისა არა რცხვენია.
როცა აღშფოთდება, მრისხანებს. შემდგომ, ამ მრისხანების გამო, ისევ მრისხანებს, მარცხზე მარცხს უმატებს და გონზე ვერ მოდის; როცა გაძღება, ნანობს, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ ისევ ჭამს; დუმილს შენატრის და მას უხვსიტყვაობით ადიდებს; სიმშვიდეს ასწავლის და სწავლების დროსვე ბრაზობს; როცა გამოფხიზლდება, ოხრავს, მაგრამ როგორც კი თავს დახრის, იმავე ვნებაში ვარდება; სიცილს აძაგებს და გლოვის შესახებ სიცილით ასწავლის; ხალხის წინაშე საკუთარ თავს სიამაყეში ამხელს და ამგვარი მხილებით ხალხის ქებას ყიდულობს; ადამიანებს სახეში ვნებით შესცქერის და სიწმინდეს ასწავლის; დაყუდებულებს აქებს, თავად კი ერში დაეხეტება და არ რცხვენია; მოწყალე ადამიანებს ადიდებს და გლახაკებს აყვედრის; ყოველთვის საკუთარ თავს ამხელს და გონს მოსვლა არა სწადია.
კლდის მსგავსი და რკინაზე მაგარი ამ ვნების მზაკვრობანი, წყლულებანი და საქმენი ჩემი შეძლებისდაგვარად წარმოვაჩინე, მასზე ბევრის თქმა არ შემიძლია. ხოლო ვისაც უფლის შეწევნით ამ წყლულის წამლობა ძალუძს, დაე, ნუ დაიზარებს და უწამლოს. მე კი, რამდენადაც მის მიერ ძლიერ ვარ შეპყრობილი, საკუთარი უძლურების აღიარებისა არა მრცხვენია. ვერც ჩემით შევძლებდი მისი ხრიკებისა დ მზაკვრობის ამოცნობას, თავად რომ არ ეღიარებინა. როდესაც უფლის შიშითა და განუწყვეტელი ლოცვით ვტანჯე, მაშინ თქვა ამ მოძალადემ და ბოროტმოქმედმა: „ჩემი მეგობრები მკვდრის დანახვაზე იცინიან, ლოცვის ჟამს გული ქვასავით აქვთ და დაბნელებულნი არიან. წმიდა საკურთხევლის წინ უგულისხმოდ დგანან; წმიდა საიდუმლოს უბრალო პურივით ჭამენ. მე ლმობიერებისა და ყოველივე იმ სიკეთის მტერი ვარ, ახოვანებითა და გულმოდგინებით რომ იშვება. მათი მოკვლა მამაჩემისგან ვისწავლე. მე სიცილის დედა ვარ, მე ვარ ძილის მშობელი და სიმაძღრის მეგობარი. მე თვალთმაქცობის მოყვარული ვარ. როდესაც მსაყვედურობენ და შემაგონებენ, არას ვდარდობ“. უბადრუკმა ეს რომ მოვისმინე, ამ შეშლილის სიტყვებმა გამაკვირვა და დედამისის სახელი ვკითხე. მან მითხრა: “მე მხოლოდ ერთი რამ კი არ მშობს, არამედ მრავალნაირია და განუწყვეტელი ჩემი შობა. ძალას სიმაძღრე მმატებს, დროთა ხანგრძლივობა მზრდის, ბოროტი ჩვეულება განმამტკიცებს და ვისაც იგი აქვს, ჩემგან ვერ გათავისუფლდება. მარადის იღვაწე მღვიძარებით და საუკუნო სასჯელზე იფიქრე. იქნებ, მცირეოდენი შვება იგრძნო და მიხვდე, თუ რა არის შენში ჩემი მშობელი დედა, რადგან ყველაში ერთი და იმავე დედისგან არ ვიშვები.
ხშირად ილოცე საფლავებთან და მიცვალებულთა სახება წარუშლელად აღიბეჭდე გულში. თუ ყოველივე ამას მარხვის კალმით არ დაწერ შენში, უკუნითი უკუნისამდე ვერ დამამარცხებ“.
წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ