18538

წმინდა იოანე სინელი – ადამიანს ვერაფერი არგებს ისე, როგორც თავმდაბლობა

საყვარლებო! თუ ზეციური სიკეთისკენ გვექნება სწრაფვა, ზეციურ დიდებას ვიგემებთ. ვინც ამ დიდების გემოს იხილავს, ის ყოველგვარ ამქვეყნიურ დიდებას უგულებელყოფს. გამიკვირდებოდა, თუ ვინმე, ვისაც მისი გემო არ უხილავს, ამაოსა და წარმავალს უარყოფდა.
ხშირად შევუპყრივართ პატივმოყვარეობას, მაგრამ შემდგომ მოვქცეულვართ და უფრო ძლიერ თავად ის შეგვიპყრია. მინახავს მავანნი, სულიერი მოღვაწეობა პატივმოყვარეობით რომ დაუწყიათ. ვისი დასაწყისიც უვარგისი ყოფილა, მისი დასასრული კეთილი და საქებარი აღმოჩენილა, როცა გონება პატივმოყვარეობისგან თავმდაბლობისკენ მიუქცევია.
ვინც ბუნებრივი საქმეებით ამაყობს, მაგალითად, განათლებით, ხელმარჯვეობით, კარგი კითხვით, ღრმა აზროვნებით, კარგი ხმით, ლამაზი სახით, ტანადობით თუ მსგავსი რამეებით, ასეთი ვერასდროს ეზიარება ზებუნებრივ სიკეთეს, რადგან ვინც მცირეში ურწმუნოა, ის დიდშიც ურწმუნოებასა და სიამაყეს გამოიჩენს.
ვნებების დასათრგუნად, სასწაულთმოქმედებისა და წინასწარმეტყველების მადლის მოსაპოვებლად მრავალს შეუმუსრავს და დაუძაბუნებია საკუთარი ხორცი, მაგრამ თავმდაბლობა ვერ შეუძენია. და ვერ მიმხვდარან საწყლები, რომ შრომა კი არა, თავმდაბლობაა ყოველივე ზემოთქმულის დედა.
ვინც შრომის სანაცვლოდ ღვთისგან ნიჭს ითხოვს, მას უვარგისი და სუსტი საძირკველი ჩაუყრია; ხოლო ვისაც ჭირისა და შრომის ღირსად მიაჩია თავი, ის მოულოდნელად, უეცრად მიიღებს დიდ სიმდიდრეს.

ადამიანს ვერაფერი არგებს ისე, როგორც თავმდაბლობა, კეთილი ზნე, ტკბილი და მშვიდი სიტყვა. ასეთი ადამიანი სხვებისთვისაც მაგალითია, რომ არ იამაყონ. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო სასარგებლო?!

თავის მოყვარეებს ღმერთი პატივმოყვარეობისგან ხშირად იცავს მათზე მოწეული ყვედრებისა და დამცირების გზით.
სიამაყის განდევნის დასაწყისი არის ბაგეთა დაცვა, დამცირებისა და ყვედრების სიყვარული; შუა გზა – ყოველივე საქმის მოკვეთა, რასაც პატივმოყვარეობა მოაქვს; ხოლო დასასრული (თუ ამ უფსკრულს საერთოდ აქვს დასასრული!) არის ის, როცა ადამიანი ყოველნაირად ეძიებს გინებას, ყვედრებასა და შეურაცხყოფას.
საყვარელო, არ დაფარო შენი აუგი საქმეები, რომელთა ჩვენებით თითქოს შეიძლება ვინმე დაბრკოლდეს!

წრფელი ადამიანები ამ გესლით დიდად არ იწამლებიან, რადგან სიამაყე სიწრფელის განმდევნელია და ზაკვითა და ცბიერებით ცხოვრებაა.
არსებობს მატლი, რომელსაც, როცა გაიზრდება, ფრთები ესხმება და მაღლა მიფრინავს. ასევე, როცა პატივმოყვარეობა გაიზრდება, შობს ამპარტავნებას – ყოველგვარი ბოროტების დასაბამსა და მოქმედს.
ვინც ამ სენით არ არის დაავადებული, ის ძალიან ახლოსაა ცხონებასთან; ხოლო ვინც მის მიერაა შეპყრობილი, ის შორს აღმოჩნდება წმიდანთა დიდებისგან.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ