იერეთეოს ვლახოვი

მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი – ათონელი მეუდაბნოე იესუს ლოცვის შესახებ

რამდენიმე საათი იესუს ლოცვას, ქრისტეს სახელის მოხმობას მიუძღვენით. მცირედან დაიწყეთ და იმ წყურვილისა და მადლის შესაბამისად იარეთ წინ, რასაც იგრძნობთ. შეგიძლიათ დაიწყოთ 30 წუთიდან მზის ამოსვლამდე და 30 წუთი საღამოს, მწუხრის შემდეგ, ძილის წინ. აუცილებელია, რომ მუდმივი საათები გვქონდეს, რომელსაც არაფრით, კეთილი საქმეებითაც კი არ დავარღვევთ.

აუცილებელია აგრეთვე წყნარი და განმარტოებული ოთახი, სადაც ხმაური არ აღწევს და სადაც დაიწყება იესუს ლოცვა, ჩვენს მიერ მოხსენიებული მეთოდით. ესე იგი, თავიდან გულის გათბობით და წმიდა მამათა რომელიმე წიგნის კითხვა, რასაც გულის ლმობიერებამდე მივყავართ და შემდეგ იესუს ლოცვის გამეორება ბაგეებით, ან გონებით ან გულით (ჩვენს მიერ განვლილი განვითარების შესაბამისად). დროთა განმავლობაში ლოცვისთვის გამოყოფილი საათები გაიზრდება და გულს გაახარებს და მათ ჩვენ სულიერი წყურვილის მოკვლის სურვილით დაველოდებით. მაგრამ, ვიმეორებ, თავიდან საკუთარი თავის თუნდაც მცირე დროისთვის იძულება იქნება საჭირო და ეს დიდ სიკეთეს მოგვიტანს.

– საკმარისია თუ არა მცირე დრო?

– არ არის საკმარისი, თუმცა თუ განწყობა და სიმდაბლეა, ღმერთი ლოცვის არყოფნას აანაზღაურებს. რამეთუ იგი, ჩვენი დაცემებისადმი ასეთი კაცთმოყვარე, ჩვენი ფერისცვალების მცდელობისადმი განსაკუთრებით მოწყალე არ იქნება? უფალი ავსებს უკმარისობას. ყურად იღებს თითოეული ჩვენგანის პირობებს და შესაძლოა, თქვენს მიერ ლოცვისათვის დახარჯული ერთი საათი უფრო აკურთხოს ვიდრე მონაზონის მიერ ლოცვაში გატარებული მრავალი საათი, რამეთუ თქვენ სხვა საქმითაც ხართ დაკავებული.

თუმცა იცოდეთ. – განაგრძობდა ის, – რომ ლოცვის საათებში, როგორც ადრე ვამბობდი, ეშმაკი მრავალ განსაცდელს გაგიმზადებთ რათა შეაჩეროს ლოცვა. გამოჩნდება უამრავი საქმე, რომელიც უნდა გავაკეთოთ. მაგრამ, ამასთან ერთად, უნდა იცოდეთ, რომ უფალი ამით გცდით, ჭეშმარიტად გაქვთ ლოცვის განწყობა თუ არა. ასე რომ, თუკი თქვენ ეცდებით, იგი შესაწევნელად მოვა და ყველა სიძნელეს გაანადგურებს.

ჩვენი კეთილი აზრებიც კი ლოცვის საათში (ხაზს ვუსვამ, ლოცვის გარკვეულ საათში), ბოროტისაგან მოდის და მის მიერ გამოიყენება, იმისათვის, რომ ჩვენ ლოცვასთან არ მიგვიშვას. თუკი ეშმაკი დარწმუნდება, რომ საქმეთა გამო ჩვენ მზად ვართ ლოცვა მივატოვოთ, იგი მრავალ ასეთს გამოგვიგზავნის იმ საათშიც, რომელზეც ჩვენ ლოცვას გადავიტანთ. მაგრამ, მაშინ ჩვენ ვერც ვილოცებთ, ვერც განვიწმინდებით, არც საძმოსათვის ნამდვილად სასარგებლონი ვიქნებით. მაგალითად, ქადაგება, რომლის მომზადებისთვის ლოცვა მიიტოვება, ნაყოფს არ მოიტანს, იგი ძმათათვის სასარგებლო არ იქნება.

გამოკრებილია მიტროპოლიტ იეროთე ოსვლახოსის წიგნიდან ”ერთი ღამე მთაწმინდის უდაბნოში”


მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის პორტრეტი