628 preobrazhenie gospodne 1 1

ღმრთის სასუფეველი და უქმნელი ნათელი – მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი

წმ. გრიგოლ პალამა და ფერისცვალების გამოცდილების მიღების გზები

ბევრი თქმულა და დაწერილა იმის შესახებ, თუ რა არის სასუფეველი. გხვდება საკმაოდ უცნაური განმარტებებიც. ზოგი ამბობს, რომ სასუფეველი რაღაც ქმნილი რეალობაა. წმ. გრიგოლ პალამა კი ეკლესიის სწავლებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ სწორედ უქმნელი საღმრთო ნათლის ჭვრეტაა სასუფეველი.

უფალი მოწაფეებს ეუბნება: ,, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა’’(მარკ.9:1). მას შემდეგ, რაც ქრისტემ ეს უთხრა, სამი მოწაფე თაბორის მთაზე აიყვანა, სადაც მათ წინაშე ფერი იცვალა. აქედან გამომდინარე, უქმნელი ნათლის ხილვა – სასუფეველია.

ამ აზრს წმ. გრიგოლი ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით გამოთქვამს. ის წერს: ,,ქრისტემ თავისი ფერისცვალების ნათელს ზეციური მამის დიდება და საკუთარი სამეფო უწოდა’’. სხვა ადგილას ის წერს: ,, ქრისტეს ფერისცვალების ნათლის ჭვრეტა მერვე დღის საიდუმლოებაა’’. ამრიგად, ღმრთის სასუფეველი მერვე დღის საიდუმლოებაა. შესაქმის ექვსი დღე ამ ქმნილ სამყაროს განასახიარებს. ამ სამყაროს გადალახვა, მასზე ამაღლება, ხუთი შეგრძნების მოქმედების შეწყვეტა – ეს საღმრთო შაბათობა, იგივე ისიქიაა, რომელიც მერვე დღის საიდუმლოებასთან მიგვაახლებს. მას შემდეგ, რაც ადამიანი შინაგანად გაარღვევს ამ სამყაროს ჩაკეტილობას, საკუთარ თავში დაამარცხებს ამასოფლის სულს და შედეგად ხუთი გრძნობის ცოდვისმიერი მოქმედება შეწყდება, მთავრდება მეშვიდე დღე და იწყება მერვე – ქრისტეს სასუფეველთან ზიარება.

აქედან გამომდინარე, სასუფეველი – უქმნელი ნათელია, რომელიც ანგელოზთა საკვებია, მომავალ სიკეთეთა არსი და ჭეშმარიტი სამეფოა. ამ ნათელთან ზიარება – ქრისტეს სასუფეველთან ზიარებას ნიშნავს.

რას ნიშნავს სიტყვები : ,, არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა’’? ეს იმას ნიშნავს, რომ მეფე ყველგანმყოფია და ყველგან მისი სამეფოა და რომ ამ სამეფოს მოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ის რაღაც სხვა ადგილიდან უნდა მოვიდეს, არამედ სულიწმიდის მადლით უნდა განცხადდეს. სწორედ ამიტომ ამბობს სიტყვებს ,,მომავალი ძალითა’’. მხოლოდ ღმრთის მადლი გვაძლევს მისი, როგორც ნათლის ხილვის საშუალებას. ხომ ვკითხულობთ ლოცვაში: ,,და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი’’. ეს ეკლესიის წმინდა მამათა ძირეული სწავლებაა. ეს ძალა არ ეძლევა ნებისმიერ ადამიანს, არამედ მხოლოდ მას, ვისაც ქრისტესთან მყოფობას ცდილობს, მისი ცოცხალი რწმენა აქვს და მის სამ მოწაფესთან ერთად ბუნების დაცემულობისგან ამაღლდა. ადამიანი, რომელიც საკუთარი დაცემული მდგომარეობიდან აღდგა, განიწმინდა და ღმრთის მადლით განათლდა, ქრისტეს სასუფევლის ზიარების ღირსი ხდება. უფალი თავად გარდამოდის თავისი სიმაღლიდან, მაგრამ ჩვენც უნდა ვეცადოთ და ვიშრომოთ, რომ ჩვენი დაცემული მდგომაროებიდან აღვდგეთ ,,რათა ჩვენი დაცემული ბუნებისთვის ის უფრო ადვილად მისაწვდომი გახდეს და რამდენადაც შესაძლებელია ჩვენთვის შესაცნობი იყოს’’.

უქმნელ ნათელთან ზიარება – ყოვლადწმიდა სამების უქმნელ ნათელთან ზიარებას ნიშნავს. თაბორის მთაზე ყოვლადწმიდა სამების პირები ნათლის სახით განცხადდნენ.  ამიტომაც, ღმრთის სასუფეველი ყოვლადწმიდა სამება ღმერთთან ზიარებაა.

ფერისცვალებისას ქრისტეში ღმერთი განცხადდა და მან თავისი ღმრთების სხივები სახილველი გახადა. ზეციური მამის ხმა ამოწმებდა: ,, ესე არს ძე ჩემი საყვარელი, მაგისი ისმინეთ’’. იქ სულიწმიდაც მკვიდრობს ნათლის ღრუბლის სახით.

ეკლესიის მთელი სწავლება ამოწმებს იმას, რომ მამა – ნათელია, ძე – ნათელია და სულიწმიდა – ნათელია. ამიტომაც, ის ადამიანები, რომლებიც ცოცხალი ღმერთის ხილვის ღირსნი გახდნენ, მას, როგორც ნათელს ისე ჭვრეტენ.

ამიტომაც, ქრისტეს ნათელი – მისი ღმრთეების ნათელია. ეს არ არის რაღაც ქმნილი ენერგია, არამედ უქმნელი ნათელი, რომელსაც მოუკლებლად ასხივებს ქრისტეს ადამიანური ბუნება და რომელიც მოწაფეებმა თაბორის მთაზე იხილეს. ქრისტეს ნათელი არ ჩნდება და არ ქრება, როგორც ამას ვარლაამი ამტკიცებდა, ეს ნათელი არ იყო რაღაც ქმნილი ენერგია, რომელიც ქრისტემ მიიღო და არც მისი მესამე დაფარული ბუნება და არც ილუზია, არამედ ქრისტეს საღმრთო ბუნება.

ეს ნათელი ბრწყინავს, რადგან ის ღმრთეების ნათელია. როდესაც მოსე სინას მთაზე ავიდა და მისმა სხეულმა ფერი იცვალა, ეს ფერისცვალება საღმრთო ძალის მოქმედების შედეგი იყო და არა მოსეს ბუნებითი ძალა. ის იმდენად გარდაიქმნა, რამდენადაც მას ცოცხალი ღმერთის ნათლის დამტევნელობა ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მოსეს სხეული არ იყო უქმნელი მადლის წყარო, როგორც ეს ქრისტეს შემთხვევაშია. წმ. გრიგოლი ამბობს: ,,ჩვენი უფალი იესუ ქრისტე საკუთარ თავში ატარებს ამ ბრწყინვალებას და ის არის წყარო ამ ნათლისა’’. ამრიგად, უფალი ფერისცვალებას კი არ ,,დაექვემდებარა’’ არამედ  ,,აღასრულა’’ ის. მოსე და ყველა ადამიანი, ვინც ღმერთს ხედავს, ისინი ,,ექვემდებარებიან’’ ფერისცვალებასა და განღმრთობას. სწორედ ეს არის განსხვავება ქრისტეს ფერისცვალებასა და წმინდანების ფერისცვალებას შორის. როგორც მამები ამბობენ, ქრისტე ბუნებით ღმერთია, ხოლო წმინდა ადამიანი მადლით ღმერთი.

ვარლაამი და მისი მომხრეები ამბობდნენ, რომ იმ მომენტში ქრისტემ მიიღო ის, რასაც იქამდე არ ფლობდა. წმ. გრიგოლმა ეს სწავლება მრავალი საღმრთისმეტყველო არგუმენტით განაქარვა და მას მკრეხელობა უწოდა, რადგან ამ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ქრისტეში სამი ბუნებაა: საღმრთო, ადამიანური და ამ ქმნილი ნათლის ბუნება. მაგრამ მასში ორი ბუნებაა და მისი ღმრთეების ნათელი დაფარულია სრული ადამიანური ბუნებით. თაბორის მთაზე ქრისტემ თავისი საღმრთო ბუნების ნათელი უბრალოდ სახილველი გახადა, ის დაფარულად მუდამ მასთან იყო. ,,ქრისტეს არ მიუღია ის, რაც არ ჰქონდა და არ გამხდარა ისეთი, როგორიც იქამდე არ იყო, არამედ საკუთარ მოსაფეებს უჩვენა როგორიც მუდამ იყო’’.

შესაბამისად, ეს იყო განცხადება და არა აღქმა და გარდაქმნა. ამრიგად, ქრისტეს ნათელი უქმნელია. წმინდა მამათა სწავლების თანახმად, თუკი არსი ქმნილია, მისი ენერგიაც ქმნილია, თუკი არსი უქმნელია, ესე იგი, მისი ენერგიაც უქმნელია.

ანგელოზები და წმინდანები ამ ნათლის თანაზიარნი არიან. უქმნელი ნათლის ხილვა ეს არის მარადიული სიცოცხლის წინაგემოსხილვა. ამ პროცესის მრავალი საფეხური არსებობს. ჩვენში საღმრთო მადლი სხვადასხვანაირად მოქმედებს. ზოგჯერ მას ვგრძნობთ როგორც ცეცხლს, რომელიც ჩვენში არსებულ ვნებებსა და ცოდვებს წვავს და გულს განწმენდს. ზოგჯერ ის ჩვენს გონებას ნათელს ანიჭებს და სხვათათივის დაფარულ საღმრთო საიდუმლოებებს უცხადებს. ზოგჯერ საღმრთო მადლს ვგრძნობთ როგორც სიხარულსა და ნუგეშს, მარადიული სიცოცხლის ჩქეფვას ჩვენში; როგორც მთელი სამყაროს სიყვარულსა და ქრისტეს მოუკლებელ ხსოვნას.

სამი მოწაფე

ქრისტემ სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე გამოარჩია, რათა თავისი ღმერთეების ნათელი ეჩვენებინა. რატომ ისინი? იმიტომ, რომ ისინი შინაგანად მეტად მომზადებულნი იყვნენ ამისთვის. ამ სამი მოწაფის გამორჩევა არ შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც სუბიექტური ადამიანური არჩევანი. ეს მოწმობს იმაზე, რომ ეს სამი ამგვარი გამოცდილების მისაღებად მზად იყვნენ. წმ. გრიგოლი ამბობს, რომ უქმნელი ნათლის ხილვის გამოცდილება შემთხვევით არავის ეძლევა. მას მხოლოდ ის იღებს, ვინც ორ ძირითად თვისებას ატარებს. პირველ რიგში, მათ ვისაც ქრისტეს ცოცხალი რწმენა აქვთ და მეორე, მათ, ვინც პეტრეს, იაკობის და იოანეს სულისანი არიან. ,,ვინც ქრისტემ მაღალ მთაზე აიყვანა, ანუ ისინი, ვინც დაცემულ ბუნებაზე ამაღლდა’’.

ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ქრისტეს ცოცხალი რწმენა, რომ ის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია, მასთან ურთიერთობის, მისი ერთგულების, მისი მოწაფეობის სურვილი. ასევე, მოციქულებთან ერთობა, ანუ ეკლესიის ცოცხალი წევრობა და რა თქმა უნდა, ვნებებისგან განწმენდილი გული. იმისათვის, რომ ადამიანი ,,მაღალ მთაზე’’ ავიდეს, ის საკუთარი გულის განწმენდისა გზაზე, ანუ მართლმადიდებლური ისიქაზმის გზაზე უნდა იდგეს.

აღსანიშნავია, რომ უფალმა ლოცვისას იცვალა ფერი: ,, და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე’’(ლკ.9:29). რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ქრისტეს ლოცვა არ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ფერი ეცვალა, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ის ,,აღასრულებს’’ ფერისცვალებას და არ ,,ექვემდებარება’’ მას.  წმ. გრიგოლ პალამა ამბობს: ,,უფალმა ამით გვაჩვენა ის, თუ როგორ და რა გზით იხილავს ადამიანი ამ ნათელს’’. ქრისტეს იმის ჩვენება უნდოდა მოწაფეებისთვის, რომ სწორედ ლოცვის წყალობიით მიიღებდნენ ასეთ საღმრთო გამოცდილებებს.

აქედან გამომდინარე, იკვეთება ლოცვის მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი მოუკლებელი გონიერი ლოცვისა. მის მიერ ადამიანი მარადიულ სიცოცხლეს ეზიარება. როდესაც ადამიანი სათნოებებისა(სიმდაბლე, მორჩილება), და ლოცვაში ვარჯიშის წყალობით მოუკლებელი ლოცვის ჩვევას შეიძენს, მაშინ ის ქრისტეს ხილვისა და მისი გამოუთქმელი საიდუმლოებების შეცნობის ღირსი ხდება.

წმინდა გრიგოლ პალამა აღნიშნავს, რომ უფალმა თავისი დიდება ლოცვისას იმისთვის განაცხადა, რათა დაემოწმებინა, რომ ლოცვაა მშობელი და წყარო ამ ნეტარი ჭვრეტისა და რათა შევიცნოთ, რომ ლოცვისა და სათნოებათა მიერ ქრისტესთან მიახლებისა და მასთან ერთობის წყალობით ჩვენ ამ ნათლის ბრწყინვალებას ვიხილავთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება სათნოებათა მოხვეჭა, რაც ქრისტეს მსგავსებისაკენ სწრაფვას ნიშნავს, რაც თავის მხრივ, მოუკლებელი გონიერი ლოცვის მიერ გულის განწმენდის შედეგად მიიღწევა. ამრიგად, სწორედ გონიერი ლოცვით მიიღწევა ქრისტესთან ერთობა.

მოუკლებელი იესუს ლოცვაა საჭირო იმისათვის, რათა მივაღწიოთ გულის სიწმინდეს, ვნებიან გულისსიტყვათაგან გულის გათავისუფლებასა და გონების განათლებას. ამის ნაყოფი კი უქმნელი ნათლის ჭვრეტაა.

ქრისტეს მშვენიერების ხილვა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც საკუთარი გონება და გული ვნებებისაგან და გულისსიტყვებისაგან განიწმინდა და ვინც, ყოველგვარი მონობისაგან გათავისუფლდა. წმინდა მამები ამბობენ, რომ როდესაც ადამიანი გონების განათლებასა და მოუკლებელ ლოცვას მოიხვეჭს, მაშინ მისი ლოცვა შეიძლება მოულოდნელად უქმნელი ნათლის ხილვად გადაიქცეს.

ქრისტეს ფერისცვალების სახარებისეულ ტექსტში განღმრთობისაკენ მიმავალ გზაცაა აღწერილი. ჩვენ ვეცდებით, რომ წმ. სოფრონ ესექსელის გამოუქვეყნებელ ქადაგებაზე დაყრდნობით ამ გზის გარკვეულ ეტაპებს ჩავუღრმავდეთ.

ქრისტეს ფერისცვალებას პეტრე მოციქულის აღმსარებლობა უძღოდა წინ. როდესაც უფალმა მოწაფეებს ჰკითხა, თუ ვინ ჰგონიათ ის ხალხს, მათ უპასუხეს, რომ ზოგს ის ელია ჰგონია, ზოგს იერემია, ზოგს იოანე ნათლისმცემელი და ზოგსაც ერთი ვინმე წინასწარმეტყველთაგანი. შემდეგ ის უშუალოდ მათ ეკითხება იგივეს, თუ ისინი რას ფიქრობენ მასზე. რაზეც პეტრე პასუხობს: ,,შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა’’. ქრისტემ ეს აღმსარებლობა თავისი ფერისცვალებით დაადასტურა. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ქრისტეს ფერისცვალებას წინ აღმსარებლობა უძღოდა.

ამ აღმსარებლობას მოჰყვა მდუმარება. როგორც კი ამბობს სიტყვებს: ,, არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა’’, მყისვე აგრძელებს შემდეგი უწყებით: ,, და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი’’. ქრისტეს ამ სიტყვებსა და მის ფერისცვალებას შორის მდუმარების ერთი კვირა გავიდა, რომელიც არანაირი მოვლენით არ დარღვეულა. ამრიგად, უფალი მოწაფეებს მდუმარებით ამზადებდა.

ქრისტეს ფერისცვალება როგორც ვთქვით, ლოცვისას მოხდა. სახარებისეულ ტექსტში ჩაღრმავების წყალობით შეიძლება ითქვას, რომ თაბორზე ქრისტეს ლოცვა გეთსიმანიის ლოცვის მსგავსია. ლუკა მახარებელი ამბობს: ,, და აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია. რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს’’. ის რომ ისინი, უფლის სიკვდილსა და მის ვნებებზე საუბროდნენ იმაზე მოწმობს, რომ თაბორზე ქრისტეს ლოცვა გეთსიმანიის ვედრების მსგავსი იყო და ბუნებრივია, რომ ეს იყო ლოცვა მთელი სამყაროსთვის. იმ მომენტში ქრისტე მთელ სამყაროს სიყვარულით გულში იკრავდა, მოწაფეებისთვის რწმენისა და ერთმანეთთან ერთობის განმტკიცებას გამოითხოვდა.

ეს სიუჟეტი განღრმთობის გზას გვიჩვენებს. აუცილებელია ქრისტეს აღმსარებლობა, რომ ის ერთადერთი მხსნელია. სწორედ ასეთი შეურყეველი რწმენა ბადებს ქრისტეს ხილვის წინაპირობებს. შემდეგ ამას მოჰყვება მდუმარება, ღმრთის ნების აღსრულებისაკენ სწრაფვა და ასკეტური ცხოვრება, რომლის წყალობითაც ადამიანის გული ვნებებისა და ბოროტი ზრახვებისაგან იკურნება. არსობრივად, სიწმინდისათვის ამ ბრძოლას თან უნდა ახლდეს მოთმინება, სიმტკიცე და ცოცხალი რწმენა. რეალურად ეს მდუმარება მართლმადიდებლური ისიქიაა ამ სიტყვის სრული მნშვნელობით, ანუ იგივე ხორციელი და გონიერი მყუდროება. უეჭველია, რომ სწორედ ლოცვისას იღებს ადამიანი ქრისტეს ხილვის გამოცდილებას. განსაკუთრებით კი მთელი სამყაროსთვის ყოვლისმომცველ გეთსიმანიისეულ ლოცვაში, რომელიც ადამიანის გონებას ღმრთის ხილვის მდგომარეობამდე აღამაღლებს.

ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ უქმნელი ნათელი მომავალი ცხოვრების საიდუმლოებაა. იმისათვის, რომ ადამიანი ამ ნათლის თანახიარი გახდეს, აუცილებელია ქრისტეს აღმსარებლობა, როგორც ჭეშმარიტი ღმერთისა, მტკიცე რწმენა, ეკლესიის ცოცხალი წევრობა და წმინდა მამათა მემკვიდრეობის მორჩილება. ასევე აუცილებელია ,,შინაგანი შაბათობის’’ მდგომარეობა, ანუ მეშვიდე დღეში მყოფობა, რაც გულისსიტყვათა და ზრახვათა შეწყვეტას, იგივე შინაგან მდგუმარებას გულისხმობს. ამის შემდეგ, როცა უფალი ინებებს, ადამიანი მერვე დღის გამოცდილებას იძენს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის უქმნელი ნათლის ხილვის, ანუ თავად სასუფევლის ღირსი ხდება.

ასკეტური გზა

წმ. გრიგოლ პალამა და სხვა წმ. მამები მხოლოდ სულიერი ცხოვრების მიზანზე კი არ საუბრობენ, არამედ მისი მიღწევის გზებსაც გვასწავლიან.

ერთადერთი გზა, რომელსაც განღმრთობამდე მივყავართ, ეს არის ქრისტეში მოღვაწეობის გზა. ის, ვინც ამ გზას უარყოფს, ვერასდროს მიაღწევს იმ მიზანს, რისთვისაც შეიქმნა. ჩვენი ეპოქის ყველაზე სამწუხარო და შეიძლება ითქვას, ტრაგიკული რეალობაა ის, რომ მრავალი საუბრობს განღმრთობისა და წმინდა მამების შესახებ, მაგრამ ამ მიზნის მიღწევის გზებსა და მეთოდებზე არაფერს ამბობენ. ეს ფუნდამენტალური შეცდომაა. როგორც ნებისმიერ მეცნიერებაში შეუძლებელია შედეგის მიღწევა, თუკი არ გვაქვს შესაბამისი მეთოდი, ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც. როდესაც ღმრთისმეტყველება არ მიუთითებს გზისა და მეთოდის შესახებ, რაც ასკეტურ-ისიქასტურ მეთოდს გულისხმობს, ის ვერასდროს მიიყვანს ადამიანს მის საბოლოო მიზნამდე. მეტსაც ვიტყვი – ასეთი ღმრთისმეტყველება საშიშია. ისიქასტური მეთოდი კი დღემდე შემონახულია ათონის წმინდა მთაზე. ჩვენ ძალიან მოკლედ განვიხილავთ ამ ასკეტურ-ისიქასტური მეთოდის რამდენიმე ასპექტს.

1. წმინდა მამები სულიერი სრულყოფილების სამ ეტაპზე საუბრობენ, ესენია: გულის განწმენდა, გონების განათლება და განღმრთობა. გულის განწმენდა ვნებების, ბოროტი გულისსიტყვებისა და ცოდვისმიერი სიამოვნებებისგან გათავისუფლებას გულისხმობს. გონების განათლება – მოუკლებელი გონიერი ლოცვის მდგომარეობაა, რომლის დახმარებითაც ადამიანი ამარცხებს დავიწყების ვნებას და მასში ქრისტეს მოუკლებელი ხსოვნა მკვიდრდება.

2. ცოდვით დაცემის შემდეგ, ადამიანის გონება ვნებებსა და ლოგიკურ განსჯას მიეწება და მათ დაემონა. საჭიროა მისი გულში დაბრუნება, რაც ისიქაზმის გზით, მოუკლებელ გონიერ-გულისმიერი ლოცვის პრაქტიკით მიიღწევა.

3. ადამიანი იწყებს გონიერი ისიქიით ცხოვრებას, ანუ მისი გული და გონება მუდამ ღმერთშია. გონება თავისუფალია გულისსიტყვათაგან და მოუკლებელი ლოცვითაა დაკავებული.

4. ადამიანმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა ოცნებებისა და ფანტაზიებისგან გათავისუფლდეს. ამასთან ერთად, ადამიანი წარმოსახვაზე უარს კი არ ამბობს, არამედ მას უმოქმედობაში ამყოფებს. მეოცნებეობა ის ზღუდეა, რომელიც ადამიანის გონებას ცოცხალი ღმერთის ხედვაში უშლის ხელს.

5. ძირითადი ბრძოლა გულისსიტყვების წინააღმდეგ მიმდინარეობს. არსებობს მარტივი და რთული გულისსიტყვები. მარტივი გულისსიტყვები არ არის ცოდვა, ხოლო რთული, როგორიცაა გულისსიტყვები ადამიანების, ან ვნებების მიმართ არის ცოდვისმიერი და ცოდვის საქმით აღსრულებამდე მივყავართ. ისინი ვითარდებიან, იზრდებიან და ვნებებად ყალიბდებიან. ვნება სულის არაბუნებრივი მოძრაობაა. ამიტომაც სიფხიზლე და გონიერი იესუს ლოცვა ადამიანს გულისსიტყვათა მძლავრებისა და მათი საშინელი შედეგებისგან ათავისუფლებს.

6. ვნებები განიკურნება სინანულით, სულიერი მოძღვრის წინაშე გულის გახსნითა და მისი მეთვალყურეობით წარმოებული შინაგანი ბრძოლით. შეუძლებელია სულიერი ცხოვრება მასწავლებლის გარეშე.

ჩვენ ვმადლობთ უფალს, ჩვენს წმინდა მამებსა და ჩვენი დროის ათონელ მამებს, რომლებიც ამ გზაზე დგანან და ყველა ქრისტიანისთვის დიდ ნუგეშს წარმოადგენენ. ვმადლობთ მათ განწმენდის, განათლებისა და განღმრთობის გზა ჩვენებისთვის. ამინ.


წყარო: https://azbyka.ru

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ