პაისი ათონელი scaled

წმინდა პაისი ათონელი – მუდამ გქონდეს ბაგეებზე იესუს ტკბილი სახელი

– მამაო, როგორ წარმოვთქვათ იესუს ლოცვა?
– უმჯობესია სრულად: ”უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე”, იმიტომ, რომ ეს ლოცვა სარწმუნოების ყველა დოგმატს მოიცავს. თუ მისი სრულად წარმოთქმა გიჭირს, მაშინ შეგიძლია შეამოკლო: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”. მთავარია ლოცვას იმიტომ მივმართოთ, რომ ღმერთს შევუერთდეთ. მხოლოდ ამას აქვს ფასი. იმიტომ, რომ ადამიანი სულიწმინდით იშვება და ლოცვის საშუალებით სულით ღმერთს უერთდება. ქრისტეს უტკბეს სახელს მრავალჯერ იმიტომ კი არ ვიმეორებთ, რომ მას პირველ მოხმობაზე არ ესმის, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი გონება მას შეუერთდეს და იმიტომ, რომქრისტე ჩვენთვის ყველაფერია.

მუდამ გქონდეს ბაგეებზე იესუს ტკბილი სახელი, რათა სული დაიტკბო. დიდი საქმეა – მთელი დღე ლოცვაში გაატარო. დღეს ლოცვით იწყებ, შემდეგ შენს საქმეს აკეთებ და თან ლოცვას იმეორებ და ასე განიწმინდება საქმე, რომელსაც აკეთებ და ის ადამიანებიც, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობენ. მაგალითად, როდესაც ლოცვით ამზადებ ტრაპეზს, განიწმინდება საჭმელი, რომელსაც აკეთებ და ისინიც, ვინც მიირთმევენ.

– მამაო, მუდმივად განსაცდელები მაქვს…
– გამოიყენე განსაცდელები, რათა ყოველ ჯერზე ქრისტესთან მიირბინო, დახმარება თხოვო და სარგებელს აუცილებლად მიიღებ. მოუკლებელ ლოცვას შეიძენ.

გისურვებ, რომ შენი გონება გულში მოიკრიბოს. რას ვგულისხმობთ ”გულში”? გული – ეს ჭურჭელია, რომელშიც გონებას ვათავსებთ; გული – ისაა, რასაც ვგრძნობთ.
”შეიყარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა”. შეიყვარე ის მთელი არსებით. თუ გონება, რომელიც წარმოთქვამს ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” გულის სიყვარულითა და სიკეთით დატკბება, მთლიანად ლმობიერებასა და თრთოლვაში მოდის. ადამიანის სულიერი ცხოვრების მთავარი მიზანი გულის განწმენდაა, რათა ქრისტე მიიღოს, მოთოკოს გონება და გულში დაატკბოს. თუ გონება გულში დატკბება, მაშინ აღარ მოისურვებს იქედან წამოსვლას, როგორც ბავშვი, რომელსაც საკონდიტრო მაღაზიიდან გამოსვლა აღარ უნდა.

მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა პაისი ათონელის პორტრეტი