სადაც ღვთის სიყვარული გულს შეხებია, იქ მრისხანე სიტყვებიც ვერ აშინებთ; სადაც გეენიის შიშმა დაიმკვირდა, იქ ყოველგვარ შრომასაც ადვილად თავს იდებენ; ხოლო სადაც სასუფევლის იმედი კიაფობს, იქ ყოველივე მიწიერს შეურაცხყოფენ.
კარგმა მხედართმთავარმა თითოეული ხელქვეითის შესაძლებლობა და ახოვნება უნდა იცოდეს. იქნებ, მათ შორის ვინმე წინამბრძოლია ან მარტომბრძოლი, ვისთვისაც დაყუდებით ჯდომაა მართებული.
მენავეთა დაუხმარებლად მესაჭე ნავს სამშვიდობოს ვერ გაიყვანს. ვერც მკურნალი განკურნავს სნეულს, თუ ეს უკანასკნელი წყლულს არ უჩვენებს და მის განკურნებას არ სთხოვს.
ვისაც მკურნალის შერცხვენია, წყლული დაჩირქებია, და ბევრი მომკვდარა კიდეც.
ჭეშმარიტი მოძღვრობა მოყვასისთვის სულის დადებაა.
ხშირად მოძღვრის გონებითი ცოდვა უფრო მკაცრად განიკითხება, ვიდრე მოწაფის მიერ საქმით აღსრულებული; რადგან მეომრის ცოდვა უფრო მსუბუქია, ვიდრე მხედართმთავრის ბოროტგანზრახვა.
შენს მოწაფეებს ასწავლე: არ გაიხსენონ, თუ როგორ ჩაიდინეს ხორციელი ცოდვები, მაგრამ დღე და ღამე გაიხსენონ, თუ როგორ მოიმოქმედეს დანარჩენი ცოდვები.
საკუთარი მაგალითით ასწავლე, რომ უმანკონი იყვნენ ერთმანეთის მიმართ, ხოლო ეშმაკთა მიმართ – ბრძენნი და წინდახედულნი.
არც სამწყსოში დამეგობრებულნი დაგრჩეს ყურადღების მიღმა: მგელი მზაკვრულად ცდილობს, ზარმაცების შემწეობით გულმოდგინეებიც დააუძლუროს.
როგორც მამების მიერ არის დაწერილი, უძლურებმა მწვალებლებთან ერთად არ ჭამონ; ხოლო ძლიერები, თუ უფლის სადიდებლად მათთან წასვლა და ჭამა სურთ, დაე, წავიდნენ.
ნუ იმიზეზებ უცოდინრობას, რადგან „რომელმან არა იცის და ქმნეს რაჲმე ღირსი ტანჯვისაჲ, იგუემოს“ (ლუკა 12; 48), ვინაიდან არ ისწავლა.
წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ