000 8349

წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე. სიმდაბლის შესახებ – წმინდა სერაფიმე სობოლიოვი

ყოველ ჯერზე, როდესაც ქრისტეს ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას აღნიშნავს, ლიტურგიის სახარებისეული საკითხავი მუდამ ნეტარებების შესახებაა. ამ მცნებათა სათავეში რატომ აყენებს ქრისტე სულის სიგლახაკეს ანუ სიმდაბლეს? აი, სწორედ ამაზე მინდა დღეს თქვენი ყურადღების გამახვილება, ქრისტესმიერ საყვარელო დანო და ძმანო.

ამ კითხვაზე პასუხი წმინდა ნიკოლიზის ტროპარშივეა მოცემული: ,,ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე’’. ეს სიტყვები ცხადჰყოფს იმას, რომ საკუთარ თავში სულიწმიდის ყოველგვარი სიმდიდრის მოხვეჭა და სულიერ ცხოვრებაში სრულყოფა მხოლოდ სიმდაბლითაა შესაძლებელი. სიმდაბლეა ჩვენი ხსნის საძირკველი! აქედან გამომდინარე გასაგებია, თუ რატომ დაუდო უფალმა ნეტარებების მცნებებს საფუძვლად სიმდაბლის სათნოება.

სიმდაბლის გარეშე შეუძლებელია მგლოვარების მოხვეჭა. ამაყი როგორ იგლოვებს საკუთარ დაცემულობას, როდესაც საკუთარ თავში ცოდვას ვერ ხედავს, მუდამ თავს იმართლებს და ყველაფერში სხვებს ადანაშაულებს? სიმდაბლის გარეშე ვერც მშვიდი იქნები, რადგანაც ამაყი არავის არაფერს პატიობს. სიმდაბლის გარეშე ვერც ქრისტესმიერი სიმართლე მოგშივდება და მოგწყურდება, რადგან ამაყს ერთადერთი ის სურს, რომ მხოლოდ მისი შეხედულებები ჩათვალონ სიმართლედ. სიმდაბლის გარეშე ვერ იქნები მოწყალე, რადგან ყველა ამაყი გულსასტიკია. სიმდაბლის გარეშე ვერ გექნება წმინდა გული, რადგან სიამაყე ყოველგვარი უწმინდურობისა და მანკიერების წყაროა. სიმდაბლის გარეშე ვერ იქნები მშვიდობისმყოფელი, რადგან სიამაყე მშვიდობას კი არ უწყობს ხელს, არამედ პირიქით, თავად არის ადამიანთა შორის ბოროტების, მტრობისა და შფოთის საწყისი. სიმდაბლის გარეშე ვერც ქრისტესთვის დევნილი იქნები და მით უმეტეს, ვერც განდევნას, ცილისწამებას და ტკივილს დაითმენ ქრისტესთვის, რადგან ამაყს კი შეუძლია სიკვდილამდეც კი მოითმინოს ყოველგვარი უბედურება, მაგრამ ამას ქრისტესთვის კი არ გააკეთებს, არამედ რათა საკუთარი შინაგანი სიამაყე კვებოს.

ასე რომ, სიმდაბლის გარეშე ჭეშმარიტი ქრისტიანული სიკეთის ქმნაც არ შეგვიძლია, რადგან ის სწორედ ამ სათნოებაზეა დამყარებული, მისი თანხლებით აღესრულება და სწორედ მისითაა გამორჩეული. მთაზე ქადაგებისას უფალმა სიმდაბლის სიდიადე არამხოლოდ იმით წარმოაჩინა, რომ ნეტარებებს საფუძვლად დაუდო ის, არამედ იმითაც რომ ყოველგვარი მოწყალების, ლოცვისა და მარხვის ფარულად აღსრულების მცნება მოგვცა ისე, რომ მარცხენა ხელმა არ იცოდეს, რას აკეთებს მარჯვენა(მათ.6:3). აი, ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები სწორედ ამიტომ ცდილობდნენ, რომ თავიანთი საქმეები სხვათაგან დაეფარათ. ერთხელ, წმინდა პიმენ დიდს ჰკითხეს, რომელია ყველაზე დიდი სათნოებაო. მან კი უპასუხა: ,,ის, რომელიც დაფარულად აღესრულება’’.

საყვარელნო, ვიხსენებთ რა ქრისტეს სწავლებას სულიერ ცხოვრებაში სიმდაბლის აუცილებლობის შესახებ და ვიცით რა, რომ წმინდანთა ცხოვრება სიმდაბლით გამოირჩეოდა და მისით იყო მთლიანად განმსჭვალული, ჩვენც ვიშრომოთ, რათა სიმდაბლე მოვიხვეჭოთ, რადგან მის გარეშე ვერასდროს შევიძენთ ქრისტეს.

რა თქმა უნდა, სიმდაბლის მოხვეჭა ნებისმიერ ღვაწლზე რთულია. საკუთარი გამოცდილებითაც ვიცით, შვილებო, რომ ხშირად ქრისტეც კი ვერ გვაიძულებს ხოლმე, რომ დავმდაბლდეთ, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში განსაცდელებსა და მწუხარებებს უშვებს. თუმცა, სიმდაბლის გარეშე ვერ ვცხონდებით. ამიტომაც, მოდით ვეცადოთ, რომ როგორმე მოვიხვეჭოთ თავდაპირბელად თუნდაც მის ყველაზე საწყის და მარტივ ფორმებში, ანუ გავაცნობიეროთ ქრისტეს წინაშე საკუთარი ცოდვილობა და დაცემულობა. თუკი სიმდაბლის ამ საწყის მდომარეობას მოვიპოვებთ, მაშინ მის უფრო აღმატებულ სახეს მივეახლებით, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარ თავს ყველაზე უარესად ვთვლიდეთ. ამგვარი სიმდაბლე დიდად ფასობს ქრისტეს წინაშე. ამიტომაც თქვა უფალმა: ,,ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს’’(ლკ.18:14).

სიმდაბლის მხოლოდ ამ საფეხურის მიღწევის შემდეგ შეგვიძლია მისი უმაღლესი და უსრულყოფილესი სახის მოხვეჭა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს ყოველგვარ სათნოებასა და კეთილ საქმეს საკუთარ ძალებს კი არ ვაწერდეთ, არამედ ქრისტეს და დავით მეფსალმუნესთან ერთად მთელი გულით ვამბობდეთ: ,,ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ’’(ფს.113:9). მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ქრისტეს მცნებების სრულყოფილად აღსრულებას და მის დამსგავსებას. მუდამ გვახოვდეს პავლე მოციქულის სიტყვები: ,,ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ’’(ფლპ.4:13).

ამიტომაც, ვევედროთ უფალს, რათა დღეს ხსენებული წმინდა ნიკოლოზის ლოცვით, შეგვეწიოს ამ მთავარი და დიდებული სათნოების მოპოვებაში. როდესაც ჩვენში სიმდაბლე დამკვიდრდება, მხოლოდ მაშინ გავიგებთ საკუთარი გამოცდილებით იმას, თუ რატომ დააყენა უფალმა სულის სიგლახაკის მცნება პირველ ადგილზე. მხოლოდ ამის შემდეგ გავხდებით ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები, მისი მსგავსნი და მისი სათნოებების მატარებელნი. ჩვენს ცხოვრებაში კი აღსრულდება ქრისტეს სიტყვები: ,,ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა’’(მთ.5:16).


წყარო: http://Pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share