რაზეა დამოკიდებული განწმენდა – იმაზე, რომ სხეული გვაქვს, ჩვენი ფეხით მივდივართ ტრაპეზთან, წმიდა ძღვენს ხელით ვიღებთ, ბაგით ვიხმევთ, ვჭამთ და ვსვამთ? არა, ვინაიდან, მრავალმა, ვისაც ყოველივე ეს ჰქონდა და ვინც ამგვარად მიეახლებოდა საიდუმლოებებს, ამით ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო და განშორდა ისე, რომ უდიდესი ბოროტება მოეწია.
მაშ, რა ითვლება განწმენდილთათვის განწმენდის მიზეზად? და რას ითხოვს ჩვენგან ქრისტე? ეს არის – სულის სიწმინდე, ღვთის სიყვარული, რწმენა, საიდუმლოთა სურვილი, ზიარების წადილი, მხურვალე გულმოდგინება და ის, რომ წყურვილით მივეახლოთ. აი, რით მოიპოვება განწმენდა და რა არის აუცილებელი მათთვის, ვინც ქრისტესთან ზიარებისთვის მიდის და რის გარეშეც შეუძლებელია განწმენდა.
მაგრამ ყოველივე ეს სხეულს არ ეხება და მხოლოდ სულზეა დამოკიდებული. შესაბამისად, წინ ვერაფერი აღუდგება მიცვალებულთა სულებსაც, ცოცხალთა მსგავსად, ჰქონდეთ იგი.
ამიტომაც, თუკი სულებს საიდუმლოთათვის მზაობა და განწყობა აქვთ, ხოლო უფალი, რომელმაც განწმინდა და აღასრულა ის, ყოველთვის მსურველია განწმენდისა და ყოველ ჟამს საკუთარი თავის შეთავაზება სურს, მაშ, რას შეუძლია გადაეღობოს ზიარებას? ცხადია, არაფერს.
ასეთ შემთხვევაში, ვინმე იტყვის, რომ თუ ცოცხალთაგან ვინმეს სულში ის კეთილი მონაცემები ექნება, რომელთა შესახებაც ვთქვით, თუნდაც არ მიეახლონ საიდუმლოს, მაინც მიიღებენ განწმენდას?
არა ყოველი, არამედ მხოლოდ ის, ვინც, მიცვალებულთა სულების მსგავსად, მას სხეულებრივად ვერ მიეახლება, უდაბნოში, მთებში, ქვაბულებსა და მიწის მღვიმეებში გასულების მსგავსად (ებრ. 11:38), რომელთათვისაც სამსხვერპლოსა და მღვდლის ნახვა შეუძლებელი იყო. ამ ხალხს, ცხადია, თავად ქრისტე სხვა განწმენდით განასპეტაკებდა. ეს საიდან ჩანს? იქიდან, რომ მათ ცხოვრება შიგნით ჰქონდათ, ხოლო თუკი ამ საიდუმლოს არ ეზიარებოდნენ, არ ექნებოდათ, რადგან თავად ქრისტემ თქვა: “უკუეთუ არ სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა” (იოან. 6:53). ამის აღსანიშნავად მრავალს ამ წმიდათაგან ძღვნიან ანგელოზებს უგზავნიდა.
მაგრამ თუკი ვინმეს შეუძლია და ტრაპეზს არ მიეახლება, მისთვის განწმენდის მიღება სრულიად შეუძლებელია და არა იმიტომ, რომ ის უბრალოდ არ მიეახლება ტრაპეზს, არამედ – რადგან შეუძლია, მაგრამ არ მიეახლება, საიდანაც ჩანს, რომ მის სულში არ არის ის კეთილი თვისებები, რომლებიც საიდუმლოთათვის არის საჭირო.
წიგნიდან “ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება”
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ