პაისი ათონელი scaled

წმინდა პაისი ათონელის შესახებ – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

წმ. პაისი ჩვენი ეკლესიის უდიდესი წმინდანია. ის იყო ნამდვილი მეომარი, მოღვაწე, მლოცველი და ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულის მქონე ადამიანი.

გავკადნიერდები და ვისაუბრებ იმ მცირედის შესახებ, რაც მისგან გვსმენია და გვინახავს. პირველ რიგში იმიტომ, რომ პასუხისმგებელნი ვართ დავამოწმოთ მის შესახებ, ისევე, როგორც მოციქულები ქრისტეზე ამოწმებდნენ. გვიყვებოდნენ მის ცხოვრებასა და სასწაულებზე, რათა მათი დახმარებით ჩვენს გულებში ცოცხალი რწმენა გაღვივებულიყო და შეგვეცნო, რომ ის არის ჭეშმარიტად ქრისტე, სამყაროს მხსნელი და ამ რწმენის მიერ მარადიული სიცოცხლე მოგვეპოვებინა.

მრავალი ადამიანი იცნობდა მას და თითოეული მათგანი ბევრ რამეს მოგვიყვებოდა მის შესახებ, რადგან ყველას თავისი საზომით შეეხო მისი კურთხევა. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა ისეთივე ამოუწურავია, როგორც საღმრთო მადლის ის ოკეანე, რომელიც მამა პაისის გულში იყო.

მამა პაისი მაშინ გავიცანი, როდესაც 18 წლის ვიყავი. სკოლის დამთავრებისთანავე, 1976 წელს, თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. ჩემი თანაკურსელებისგან ათონის წმინდა მთის შესახებ გავიგე და ძალიან მომინდა, რომ ერთხელ მაინც მომენახულებინა ეს წმინდა და მისტიკური ადგილი. აი 1976 წლის სექტემბერში პირველად დავაბიჯე ფეხი ამ კურთხეულ მიწაზე.

ათანასე
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჩემი პირველი ვიზიტი ტრაგიკული აღმოჩნდა, რადგან იქაურობა საერთოდ არ მომეწონა და მეორე დღესვე უკან გამოვბრუნდი. ჩემს თავს ვუთხარი: ‘’გამორიცხულია, რომ აქ კიდევ დავბრუნდე – მეთქი’’ იმდენად უსიამოვნო, ბნელი და დამთრგუნველი მომეჩვენა ეს ადგილი. რა თქმა უნდა, ეს საცდური იყო. გთხოვთ, არ იფიქროთ რომ ათონი მართლაც ასეთია! პრობლემა ჩემში იყო, რომ ჩემს წარმოსახვაში ამ ადგილის ასეთი ხატება გაჩნდა. არ დაგავიწყდეთ, რომ ისეთი წრიდან წამოვედი, სადაც ათონზე და ზოგადად მონაზვნობაზე განსაკუთრებული წარმოდგენა არ აქვთ.

მეორე დღესვე წამოვედი და შემდეგ, როდესაც ათონის შესახებ კურსელების გასაოცარი შთაბეჭდილებები მოვისმინე, არ დაგიმალავთ, რომ შემრცხვა იმის აღიარება, რომ იქაურობა საერთოდაც არ მომეწონა. 10-15 დღის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ათონზე კიდევ ერთხელ ჩავსულიყავი. თუ სწორად მახსოვს, ოქტომბრის დასაწყისი იქნებოდა. ჩემი კურსელებისგან მსმენოდა მამა პაისის,  მამა ეფრემ კატუნაკელისა კიდევ სხვა წმინდა მამების შესახებ, რომლებიც მთაწმინდის ცის კამარაზე უბწყინვალესი ვარკვლავებივით ანათებდნენ.

მამა პაისისთან აწ უკვე გარდაცვლილ ბერდიაკონთან ერთად გავემგზავრე. იმ დროს ის კაფსალაში, პატიოსანი ჯვრის სახელობის კელიაში ცხოვრობდა.

დიდი მღელვარებით ველოდი მომავალ შეხვედრას, რადგან ეს დიაკონი მთელი გზა მისი სასწაულებისა და წინასწარმეტყველებების შესახებ მიყვებოდა. მეც მეშინოდა, რომ მამა პაისი ჩემი გულის დაფარულ ცოდვებს გაამჟღავნებდა და თავისი კელიიდან ჯოხით გამაგდებდა.

ზარზე დავრეკეთ და დავიცადეთ. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მამა პაისის მიერ გამოკრულმა წარწერამ: ‘’გთხოვთ, ამაო საუბრებით ნუ მომაცდენთ, ლოცვით უფრო მეტად დაგეხმარებით’’.

ცოტა ხანში რაღაც ხმა მოგვესმა და მოშორებით მწვანე პლედმოხვეული მოხუცი გამოჩნდა. ნელნელა, ბორძიკით მოდიოდა, რომ ჩვენთვის ჭიშკარი გაეხსნა. დიაკონი მეუბნება: ‘’ეს არის მამა პაისი!’’ – ‘’ეს არის მამა პაისიო?’’ უეცრად ხასიათი სრულიად გამიფუჭდა. არ ვიცი, რას ველოდი, არც აქვს ამას მნიშვნელობა და ჩემს წინაშე კი ერთი ჩია მოხუცი იდგა. მოხუცს რომ ვამბობ, ის მაშინ იმდენი წლის იყო, რამდენისაც ახლა მე ვარ. მაგრამ მაშინ ისე მომეჩვენა, რომ მოხუცი იყო.  საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა.

ჭიშკარი გაგვიხსნა, ჩვენც შევედით და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უღარიბეს არქონდარიკში მოვეწყვეთ. ეს ალბათ უფრო ერთი პატარა ოთახი იყო, სადაც ორი საწოლი იდგა. გაურკვევლობითა და მოუთმენლობით აღსავსეს, მაინტერესებდა თუ როგორი ადამიანი იყო ის.

მამა პაისიმ რაღაც ისტორიების მოყოლა დაიწყო, რომლებიც ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებდა. უეცრად მან ფეხსაცმელი აიღო,  საწოლზე დადგა, რომ თავისი ისტორია  უფრო კარგად გამოეხატა. სრულიად იმედგაცრუებულმა ვიფიქრე ეს ადამიანი ჭკუიდან გადაცდენილიათქო და გადავწყვიტე სერიოზული თემა ჩამომეგდო, რომ მენახა ამ შემთხვევაში როგორ მოიქცეოდა. წარმოგიდგენიათ სადამდე დავედი?! – ‘’მამაო, თესალონიკში ძალიან ცნობილი ხართ’’.- ვუთხარი მე. ‘’შვილიკო, აი მანდ, ზემოთ, რომ გამოიარე ნაგავი დაინახე?’’ –‘’ დიახ’’- ვუპასუხე. ‘’გაიხედე იქ’’, მეც გავიხედე: ერთი ძველი საკონსერვო ქილა ეგდო, რომელსაც მზე ეცემოდა და ანათებდა. მამა პაისიმ თქვა: ‘’ხედავ როგორ ანათებს ეს საკონსერვო ქილა?’’ –  დიახ-მეთქი ვუპასუხე. ‘’ ასეთი ვარ მეც. ცარიელი, გამოუსადეგარი, დაკარგული საკონსერვო ქილა. ხალხი შორიდან უყურებს და რახან ანათებს ფიქრობენ, უი ეს რა ყოფილაო!’’ კიდევ რაღაცის კითხვა რომ დავაპირე ლუკუმი გამომიწოდა. აი ასე,  სანამ წასვლის დრო არ მოვიდა 15 ცალი ლუკუმი შევჭამე.

მამა პაისის მეტი არაფერი უთქვამს. იმედგაცრუებული ვიყავი და მეტი აღარაფერი მიკითხავს. რაღაც თემებზე ესაუბრა დიაკონს და წასასვლელად მოვემზადეთ. ბოლოს ვუთხარი: ‘’მამაო, ჩვენ გვითხრეს, რომ აქ გველები არიან. მართალია? ‘’ – ‘’ჰო, გინდა ნახო?’’ მეც რა უნდა მეთქვა, არ მინდათქო?! ‘’ დიახ, კარგი იქნებოდა მათი ნახვა!’’ – ვუთხარი მეც. – ‘’აი ხვალ რომ მოძღვარი გახდები, მოდი ჩემთან და გაჩვენებ, რომ მართლა აქ არიან’’ –  უცნაურად მიპასუხა მან. მოგვიანებით მივხვდი, რომ ის თავისი გულის ჩვენებას გულისხმობდა.

გარეთ გამოვედით. იმედგაცრუებული ვფიქრობდი: არაფერსაც არ წარმოადგენს ეს ადამიანი და ნეტავ საერთოდ რატომ მოვედით აქ!  ჭიშკართან მისულემა, უკვე უიმედოდ ვკითხე: ‘’მამაო, რამე სულის სასარგებლო გვითხარით!’’. – ‘’შვილებო, ახალგაზრდები ხართ და ბევრი მუხლდრეკა აკეთეთ’’. ‘’რამდენი?’’- ‘’ბევრი, ბევრი’’. გვითხრა ეს და ორივეს ზურგში მეგობრულად გვითავაზა. აი ამ მომენტში, გამოგიტყდებით, რომ დიადი მოვლენა მოხდა: იქაურობა გამოუთქმელი კეთილსურნელებით აღივსო. ხეები, ჩიტები, ჰაერი, მიწა, -ყველაფერი, საერთოდ ყველაფერი! ცოტა შემეშინდა, ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

ყველაფერი საოცარი კეთილსურნელებას აფრქვევდა და თითქოს რაღაც ენითაღუწერელმა, უხილავმა ძალამ მოგვიცვა. სანამ ასე გაოგნებულები ვიდექით, მამა პაისიმ გვითხრა: ‘’მიდით, ბავშვებო, წადით ახლა, წადით’’. სწრაფად გამოგვყარა, ჭიშკარი დაკეტა და თავისი პატარა ქოხისკენ გაემართა. მე და ეს დიაკონი საოცარ მდგომარეობაში ვიყავით. ვეუბნები: ‘’კეთილსურნელებას აფრქვევს ყველაფერი!’’, მანაც გაოგნებულმა თქვა: ‘’სიტყვა ვერ გამოთქვამს! რა ხდება?!’’.  იქაურობა სირბილით დავტოვეთ და ძალიან მალევე ბურაზერს მივაღწიეთ. იქამდე ყველაფერი კეთილსურნელებდა! ამის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ადამიანი საკუთარ თავში უდიადეს, დაფარულ საგანძურს ფლობდა.

დაახლოებით 10 დღეში კიდევ მივედი მასთან. ის უკვე სრულიად სხვანაირი იყო. იქედან მოყოლებული, 1976 წლის ოქტომბრიდან,  ჩემი სული მას მიეწება ფსალმუნის სიტყვების თანახმად: ‘’ მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა’’(ფს. 62:9). ვგრძნობდი, რომ მასში ღმერთი იყო!

მასთან ურთიერთობისას საბოლოოდ, ცოცხლად და ხელშესახებად დავრწმუნდი, იმ ყველაფრის ჭეშმარიტებაში, რასაც ჩვენი უფალი იესუ ქრისტე სახარებაში გვასწავლიდა და რასაც წმინდა მამები ამბობდნენ.  ვიგრძენი, რომ ეს ყველაფერი სრული რეალობაა!  18 წლის ასაკში ხომ ადამიანის სულისთვის ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია, მაგრამ ჩემს სულში ეჭვის ნასახიც კი არ იყო სახარებისა და ღვთის სიტყვის მიმართ.

წლის განმავლობაში ბევრჯერ ვსტუმრობდი. უკვე სწავლის შეწყვეტაზე და ათონზე დარჩენაზეც ვფიქრობდი. მამა პაისი ჩემს ამ გადაწყვეტილებას იმის გამო არ იწონებდა, რომ კვიპროსის ეკლესიისგან სტიპენდია მქონდა დანიშნული. ბოლოს მითხრა: ‘’კარგი, დარჩი ათონზე, მაგრამ სემინარები და გამოცდები აუცილებლად ჩააბარე, რახან ეკლესიამ სტიპენდია დაგინიშნა, არ იქნება სწორი, რომ სწავლა შეწყვიტო! ‘’ ყველაფერი ასეც მოხდა.

მინდა, რომ თქვენი ყურადღება არა მის სასწაულებზე გავამახვილო, არამედ იმაზე, თუ რით გამოირჩეოდა ის სხვებისგან და როგორ გახდა ის ასეთი დიდი წმინდანი. მთელი არსებით მწამს, რომ საუბარია მართლმადიდებელი ეკლესიის ჩვენი დროის ერთერთ უდიდეს წმინდანზე.

ხედავდა, თუ როგორი სუსტი და საცოდავი ვიყავი, კურთხევას მაძლევდა, რომ მასთან დავრჩენილიყავი. ხანდახან ორი კვირაც კი გავჩერებულვარ მასთან.

ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი და ყველაფერი დეტალურად აღმებეჭდა. მთელი მისი ცხოვრების წესი მაინტერესებდა. სულ მქონდა ის შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი თავისი ლოცვით მთელ სამყაროს ეხმარებოდა.

მახსოვს, როდესაც მასთან პირველად დავრჩი, შემომთავაზა წამოდი, ვჭამოთო. მაგრამ რა უნდა გეჭამა? ვერ აგიღწერთ, თუ როგორ სიგლახაკეში ცხოვრობდა! მან მიწაზე გადასაფარებელი დააფარა, მაგიდის ფუნქციას მარმარილოს კვადრატული ნაჭერი ასრულებდა. მასზე ერთი-ორი ცალი ხახვი, რამდენიმე ცალი ორცხობილა და კონსერვის ქილები დააწყო. ‘’აი ეხლა ამას გაგიხსნი, სპეციალურად შენთვის ვინახავდი’’.   მამა პაისი ადგა, ხელები აღაპყრო და დაიწყო: ‘’მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა…’’ გამოგიტყდებით, რომ ამდენი წლის განმავლობაში, ასეთი ძალის მქონე საუფლო ლოცვა ჯერ კიდევ არსად მომისმენია! ვიგრძენი, რომ ღმერთმა ნამდვილად აკურთხა ჩვენი მწირი ტრაპეზი. გასაოცარი რამ იყო!

მთელი მისი სიცოცხლე ამ ძალით იყო განმსჭვალული. 1992 წლამდე მასთან ძალიან ხშირად მივდიოდი და ვრჩებოდი, მის მომცრო ტაძარში მრავალჯერ მიმსახურია, მაგრამ ამ ადამიანს ვერასდროს ვეჩვეოდი. ყოველი შეხვედრის წინ ისეთივე მღელვარება მქონდა, როგორც პირველი შეხვედრისას. ეს გაურკვევლობა წმინდა სოფრონ ესექსელმა გამიქარვა. როდესაც მასთან ჩემს მოძღვართან ერთად(ბერი იოსებ ვატოპედელი) ჩავედით, საუბარში ახსენა: ‘’სულიერ ადამიანთან შეხვედრა ყოველწამიერი წინასწარმტეყველური მოვლენაა. ღვთის კაცს ვერასდროს მიეჩვევი. მასთან ურთიერთობა ყოველთვის უნიკალური და განუმეორებელია’’. სწორედ ასე იყო მამა პაისის შემთხვევაშიც.

ეს ადამიანი ბუნების კანონებზე მაღლა იდგა და მისი ცხოვრება მადლის ჭეშმარიტი გამოვლინება გახლდათ. მას ქრისტესადმი უსაზღვრო სიყვარული გამოარჩევდა, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ საკუთარი თავისადმი სიყვარული ნულის დონემდე დადიოდა. იქ, სადაც მამა პაისი ცხოვრობდა, არანაირი ადამიანური ნუგეში არ იყო, სრულიად არანაირი, სწორედ ამიტომ იყო ღვთისადმი მისი სიყვარული ასეთი შესამჩნევი. ღმერთიც მუდამ მასში იყო.

1982 წელს, შობის ღამისთევის მსახურების შემდეგ, ცოტა დავისვენე და მამა პაისისთან წავედი. მაშინ პანაგუდას კელიაში კვლავ მარტო ცხოვრობდა. ძალიან კარგ სულიერ განწყობაზე დამხვდა. იქაურობა სრულ სიჩუმეში ჩაძირულიყო, ირგვლივ არავის ჭაჭანება არ იყო. მოვიდა და მითხრა: ‘’აი, რას გეტყვი დიაკონო(მაშინ დიაკონი ვიყავი). ერთხელ ისე მძლავრად ვიგრძენი ქრისტეს სიყვარული, რომ მეგონა ჩემი ძვლები სანთელივით დადნებოდა. ერთხელ კიდევ შემეთხვა მსგავსი რამ –  ქრისტესადმი ისეთი სიყვარული ვიგრძენი, რომ ვერც ვინძრეოდი. ახლოს მდგარ ხეს მივეყრდენი და ვთქვი: ‘’ნეტავ ეხლა ვერავინ დამინახოს, თორემ არასწორად გაიგებენ! ოღონდ არავის გაეგო, რას ვგრძნობდი. რომ იცოდე როგორ ძლიერ აღენთო ჩემს გულში ღვთის სიყვარული! აი უკვე 7-8 წელი გავიდა და ეს სიყვარულის ცეცხლი არათუ არ შემცირებულა, არამედ მთელი სამყაროს სიყვარულში გადაიზარდა. ყოველდღიურად ვდნები და ვტირი ტანჯული ადამიანების გამო და ვერ ვწვდები, თუ როგორ გახდა ჩვენთვის ღმერთი ადამიანი. ზოგჯერ ვფიქრობ ქრისტეზე, თუ სად და როგორ დაიბადა და ტირილისგან ვდნები’’.  მისი თვალები ცრემლებით ივსებოდა. სხვების წინაშე ის არასდროს იხსნებოდა. ეს მამაცი მეომარი, თავისი შინაგანი გამოცდილების გამჟღავნებას გაურბოდა. პანაგუდაში მისი ცხოვრების ყოველი დღე კაციობრიობისთვის მიძღვნილი მსხვერპლი და სრულყოფილი სიყვარულის ნიმუში გახლდათ.

ქრისტემ პეტრეს უთხრა: ‘’ შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი’’(ლკ. 22:32). ზუსტად ასე იყო მამა პაისის შემთხვევაშიც. მან ღვთის ჭვრეტის სიმაღლეებსა და განღმრთობას მიაღწია და ღვთისგან დავალება მიიღო, რომ საკუთარ ძმები განემტკიცებინა. მის კალივაში მრავალი ადამიანი იკრიბებოდა. განსაკუთრებით ის ახალგაზრდები უყვარდა, რომლებიც ცხოვრების საზრისს ეძებდნენ. ის უსმენდა, კურნავდა, ურჩევდა და ანუგეშებდა მათ.

მისი სიტყვა ყოველთვის გასაოცარი და ძალმოსილი იყო და მეც მალევე დავრწმუნდი კიდევ ერთხელ ამაში. გარკვეული დრო ჩემს მოძღვართან ერთად კუტლუმუშში გავატარე და მეკარისა და სტუმრების მიღების მორჩილება მქონდა. ყოველთვის ბევრი ლაპარაკით გამოვირჩეოდი, მომწონდა მასწავლებლის ამპლუაში ყოფნდა და ვინც კი ჩამივლიდა ყველას ჩემი ‘’ქადაგებებით’’ ვაწამებდი. როდესაც ხალხი მამა პაისის ხვდებოდა მისი ერთი სიტყვაც ან მისი მხოლოდ ნახვაც  კი საკმარისი იყო,  რომ მათი ცხოვრება შეცვლილიყო. როგორც სახარებაში ვკითხულობთ: ‘’ ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყჳსა ამის დამტკიცებითა მის მიერ…’’(მკ.16:20) ქრისტე მამა პაისის სიტყვებს მისი მადლის ნიშნებითვე ამტკიცებდა. მას იმდენი მადლისმიერი ნიჭი ჰქონდა, რომ მასზე უკვე ძალიან ბევრი წიგნი დაიწერა! კიდევ რამდენ სასწაულს ინახავენ ადამიანები, როგორც მასთან შეხვედრის პირად გამოცდილებას. ეს ყველაფერი მის დიდ სიწმინდესა და კადნიერებაზე მიუთითებს.

ერთ საღამოს, როდესაც მამა პაისისთან დავრჩი, ცუდ ხასიათზე ვიყავი. ჩემი მოძღვარი მამა იოსები კვიპროსზე ერთ მონასტერში იმყოფებოდა და მისგან არაფერი ისმოდა, წერილს აგვიანებდა. მამა პაისიმ მკითხა: ‘’რა გჭირს? რაზე ჩაფიქრებულხარ?’’,  მეც ვუთხარი: ‘’უკვე მრავალი დღეა, რაც მამა იოსებისგან წერილი არ მიმიღია და ცოტათი ვღელავ. არ ვიცი როგორაა, რა ხდება’’. მან ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად მითხრა:’’ ეჰ, მაშინ წავიდეთ და მოვინახულოთ მამა იოსები’’. ვკითხე როგორ მოვინახულოთ-მეთქი. ‘’ბილეთები ვიყიდოთ. რომელი ავიაკომპანია გირჩევნია ‘’ოლიმპიური’’ თუ ‘’კვიპროსული’’? – თითქოს მეხუმრებოდა და შემდეგ განაგრძო: ‘’წავიდეთ. ბილეთები ვიყიდოთ და წავიდეთ’’. მეც ავყევი, ვიყიდოთ და წავიდეთ-მეთქი. მეკითხება: ‘’ფული გაქვს?’’. მეც გავიკვირვე : ‘’ რა ფულია საჭირო?’’ მომიგო, ერთი ხმელი პურიო და დაამატა: ‘’წმინდა მაქსიმე კავსოკალიველის ბილეთით გავფრინდებით. ის მხოლოდ ხმელ პურს ჭამდა და სადაც უნდოდა, იქ მიდიოდა’’.

საღამოს ვივახშმეთ. უფრო სწორად, მე ცოტა ორცხობილა ვჭამე, ის კი, უბრალოდ მიყურებდა. შემდეგ რაღაც სულიერი საქმეები აღვასრულეთ. ჩემს თავს ვგულისხმობ, თორემ მამა პაისი ყოველ ღამე, მზის ჩასვლიდან გარიჟრაჟამდე ლოცულობდა. მზე რომ ამოვიდოდა, ერთ-ორ საათს წაიძინებდა. წირვა მზის ამოსვლამდე ჰქონდა ხოლმე, დაახლოებით ღამის 3 საათზე. ასეთი ჩვეულება ჰქონდა ხოლმე მას: მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე ლოცულობდა. საოცრად აიძულებდა საკუთარ თავს. მთელი დღე ხალხი ჰყავდა, ხოლო მთელი ღამე ლოცულობდა. თან მშიერი იყო და ავადმყოფიც. მხოლოდ ნახევარ ფილტვი ჰქონდა! საკუთარ ბუნების გამოუთქმელი იძულება იცოდა! საკუთარ თავთან არანაირ კომპრომისზე არ მიდიოდა. უკან არასდროს იხევდა და ამიტომ გახდა ის, ვინც გახდა.
ერთი სიტყვით, დილით გავიღიძე. მამა პაისი შემოვიდა და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა: ‘’აბა, როგორ ხარ დიაკონო?’’ და დააყოლა: ‘’მამა იოსებისგან მოკითხვა’’, ‘’კი მაგრამ, მამა იოსები სად ნახეთ?’’ – გაკვირვებული შევეკითხე. ‘’როგორ თუ სად? თვითმფრინავზე დავჯექი და წავედი. შენ არ იკადრე წამოსვლა. ბილეთი არ იყიდე, არ გინდოდა წამოსვლა. მე შემოგთავაზე, წამოდი-მეთქი და შენ უარი თქვი’’. მომიგო მან და ამის შემდეგ, დეტალურად აღმიწერა მამა იოსების სენაკი: სად იდგა საწოლი, როგორი იყო, როგორი წესრიგი სუფევდა ყველგან და ა.შ

‘’მონასტერიც ძალიან ლამაზია, დიაკონო’’ – დაამატა, – მშვენიერი, მყუდრო. რაღაცას აშენებს. რას აშენებს?’’ მაშინ მამა იოსები პურის საცხობს აშენებდა. შობის შემდეგ კვიპროსზე ჩავედი და მამა იოსებს ყველაფერი მოვუყევი. როდესაც თარიღი ვუთხარი, მითხრა, რას მეუბნებიო? იმ დღეებში ამ ადამიანის ლოცვას განსაკუთრებით ვგრძნობდიო!.

ერთ შემთხვევასაც გავიხსენებ, რომელიც 1977 წელს პატიოსანი ჯვრის კელიაში მოხდა. დილით მივედი მამა პაისისთან. როგორც კი დამინახა, მისთვის ჩვეული ხუმრობით მითხრა: ‘’ოჰ, დიაკონო, კეთილი იყოს შენი მობრძანება! ტაძრის დღესასწაულისთვის ზუსტად დიაკონი მჭირდებოდა!’’ მეც ვუთხარი: ‘’ხოდა, მეც მოვედი’’. ‘’ 100 კილოგრამი თევზი შევუკვეთე, დანიელ წინასწარმეტყველის და თომა მოციქულის სკიტებიდან მოვლენ სტუმრები და მეუფეც იქნებაო – განაგრძო მამა პაისიმ.  იმ მომენტში მართლა დავუჯერე.

‘’დარჩები დღეს?’’ – მკითხა. მაშინ პირველად დავრჩი მასთან და ბედნიერებისგან დავფრინავდი. საღამოს მეუბნება: ‘’დღეს ღამისთევა გვექნება’’. – და ამიხსნა როგორ უნდა ჩაგვეტარებინა. რა თქმა უნდა, ღამისთევაში სკვნილზე იესუს ლოცვას გულისხმობდა. დაახლოებით 17:00-ზე დავიწყეთ. ‘’ შუაღამისას დაგიძახებ და ზიარების წინა ლოცვები წავიკითხოთ, დილით სტავრონიკიტადან მღვდელი მოვა და წირავს’’. – ‘’ როგორც მაკურთხებთ, მამაო’’. ამიხსნა, როგორ მელოცა, თვითონ ერთ კელიაში განმარტოვდა, მე მეორეში. ყოველ საათნახევარში ერთხელ მიკაკუნებდა და მეკითხებოდა: ‘’აბა რას შვები, დიაკონო? კარგად ხარ?’’ – ‘’დიახ, მამაო’’. – ‘’ხომ არ გძინავს?’’ – ‘’არა, არ მძინავს’’. გამაფრთხილა:’’ თუ ხმაურს გაიგებ, იცოდე, რომ აქ ველური ტახები და ტურები არიან ხოლმე’’. მთელი ღამე მისი ნაბიჯების ხმა მესმოდა. მას მხოლოდ ნახევარ ფილტვი ჰქონდა და სუნთქვა უჭირდა. როცა ღრმად ჩაისუნთქბდა იტყდა: ‘’დიდება შენდა უფალო’’

ვგრძობდი, რომ მამა პაისი ჩემს გვედით იყო და როგორც შემეძლო თავის იძულებით ვლოცულობდი. დაახლოებით შუაღამისას დამიძახა და მის მომცრო ტაძარში შევედით, სადაც მხოლოდ ერთი სტასიდი და  ხუთი ხატი ეკიდა. მეუბნება: ‘’მოდი, ზიარების წინა ლოცვები დავიწყოთ’’. სტასიდში დამაყენა, ლოცვანი გადამიშალა, სანთელი ამინთო, ჩემს გვერდით დადგა და თვითინვე დაიწყო: ‘’დიდება შენდა ღმერთო, დიდება შენდა ღმერთო…’’ ყველა წარმოთქმაზე მეტანიას აკეთებდა. მეც გავაგრძელე კითხვა.

უდაბნოში ვართ, ირგვლივ წყვდიადია. როდესაც ღვთისმშობლის მუხლზე მივედი, თითქოს ნიავმა დაუბერაო და ვიფიქრე, ალბათ მამა პაისიმ ფანჯარა გამოაღო-მეთქი. მაგრამ ის ჩემს გვერდით იდგა. უეცრად მთელი სივრცე განათდა და ღვთისმშბოლის კანდელმა რწევა დაიწყო. ტაძარში 5 კანდელი იყო და მხოლოდ ეს ირწეოდა თავისით. ტაძარი განათდა, სანთელი აღარ მჭირდებოდა. მოვტრიალდი და მამა პაისის შევხედე, მანაც შემომხედა და მანიშნა, რომ გავჩუმებულიყავი. მეც შევწყვიტე კითხვა და ამ დროს მან მუხლი მოიდრიკა. მე ვიდექი ასე, ვიცდიდი, დაახლოებით ნახევარი საათი და მთელი ეს დრო კანდელი ირწეოდა, ტაძარში სინათლე იყო, მამა პაისი კვლავ მუხლებზე იდგა, მე კიდე სანთლით ხელში ვიდექი და არ ვიცოდი რა მექნა. გავიდა ნახევარი საათი და ვკითხე: ‘’მამაო, რა ვქნა, გავაგრძელო კითხვა?’’ მეც გავაგრძელე და არ გავჩერებულვარ.

რაღაც მომეტში, მეშვიდე გალობას რომ ვკითხულობდით, ტაძარი ისევ წყვდიადში ჩაიძირა, კანდელიც გაჩერდა. წავედით და მცირედით წავიხემსეთ. მამა პაისი გასაოცარ სულიერ განწყობაზე იყო და ვკითხე: ‘’მამაო, რა მოხდა ტაძარში?’’, ‘’რას გულისხმობ?’’, ‘’კანდელი, დაინახეთ?’’ – ‘’ აა, კანდელი დავინახე, შენ კიდევ რა დაინახე?’’ ვუთხარი, სხვა არაფერი დამინახავს, მხოლოდ ტაძარი განათდა და კანდელი ირწეოდა-მეთქი. ‘’მეტი ვერაფერი შეამჩნიე?’’ –‘’არა, მეტი არაფერი მინახავს, კიდევ რა მოხდა?’’ – ‘’არაფერი, არაფერი შვილო’’. არ  მოვეშვი: ‘’მამაო, როგორ თუ არაფერი? მაშინ ყოველდღიურად რატომ არ ხდება ასეთები? და ყველა რატომ ვერ ხედავს?’’ – ‘’მართლა არაფერი მომხდარა, შვილო, მაგრამ არ წაგიკითხავს, რომ ღვთისმშობელი ყოველ საღამოს მთელ ათონს ჩამოუვლის ხოლმე და აკვირდება მონაზვნებს?’’. ზუსტად რამდენიმე დღით ადრე მქონდა ამის შესახებ წაკითხული. ‘’ხოდა აქაც შემოგვიარა, დაგვხედა და ნახა, რომ ორი გიჟი ლოცვებს კითხულობს და ლამპადა დაარწია რომ მოგვსალმებოდა’’.

ეს ერთერთი ყველაზე გამაოგნებელი მოვლენა გახლდათ, რაც მამა პაისისთან ურთიერთობისას შევსწრებივარ.  დაახლოებით დილის 6 საათამდე, წირვის დაწყებამდე ვისხედით და მამა პაისი თავისი სულიერი ცხოვრების შესახებ მიყვებოდა.

ეპისკოპოსობა აზრადაც არასდროს მომსვლია. წმინდა მოციქულ ანდრიას ხსენების დღეს, დაახლოებით 1989-90 წელს, წირვის შემდეგ, მამა პაისის სანახავად წავედი. ცუდი ამინდი იყო,  წვიმასთან შერეული თოვლი მოდიოდა და ვუთხარი: ‘’მამაო, წავალ ახლა, უნდა ვიჩქარო, ქოლგაც არ მაქვს და სულ გავილუმპები-მეთქი’’. მანაც მიპასუხა: ‘’არ იდარდო, ეხლავე კარგ ტომარას მოგცემ’’ რა ტომარა უნდა მომცეს-მეთქი ვიფიქრე. ვხედავ, რომ აიღო ნაგვის ტომარა, არ ვიცი სად მიაგნო, შუაში ნახვრეტი გაუკეთა და ასევე ორივე მხარეს ხელების გასაყოფი. მეუბნება: ‘’მოდი აქ შუაში დადექი, უნდა შეგმოსო’’. ‘’მამაო, იყოს ჩემით ჩავიცმევ’’, – ‘’არა, მე უნდა შეგმოსო და გიგალობო’’. ‘’მამაო, მეხუმრები?’’ – ვეკითხები, მან კი სერიოზულად მომიგო: ‘’ ზოგჯერ ხუმრობაც რეალობად იქცევა ხოლმე’’. აი ასე აიღო ნაგვის ტომარა და ჩამაცვა, რითაც ეპისკოპოსობა მიწინასწარმეტყველა.

მამა პაისის დიდი პატრიოტი იყო და ძალიან უყვარდა საბერძნეთი. ძალიან არ უყვარდა, როდესაც მას რაღაც სიტყვებს მიაწერდნენ ხოლმე. ზოგჯერ მის სახელს იყენებდნენ ხოლმე და ამბობდნენ: ‘’მამა პაისიმ თქვა, მოიმარაგეთ პროდუქტები, გათხარეთ სანგრები, ზაფხულში ომი იქნებაო’’. ამის გაგონებაზე ხალხი აწყდებოდა მაღაზიებს. ასეთ რაღაცეებზე არასდროს საუბრობდა, ყოველ შემთხვევაში, მე არასდროს მსმენია. ის ამბობდა: ‘’ რთული დრო მოდის, სრულ საომარ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ და სინანულით ვიცხოვროთო’’. ამას ამბობდა, ომზეც უთქვამს, მაგრამ არასდროს ზუსტ თარიღებს არ ასახელებდა. ძალიან ამწუხრებდა, როდესაც მის სახელს ასე იყენებნენ ხოლმე.

წყარო: https://azbyka.ru

მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა პაისი ათონელის პორტრეტი

Share