წმინდა პაისისთვის და წმინდა ეგნატესთვის, წმინდა წერილი და წმინდა მამათა ნაშრომები იმ ამოუწურავ წყაროს წარმოადგენდნენ, რომლებიც მათ სულს კვებავდა. წმინდა მამებს მტკიცედ სწამდათ, რომ ადამიანს ჭეშმარიტება მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიეწოდება და სწორედ ამის შესახებ აღმსარებლობდნენ წმინდა პაისი და წმინდა ეგნატე.
წმინდა ეგნატეს ცხოვრება და ნაშრომები მოწმობენ იმაზე, რომ ის სიღრმისეულად იცნობდა ღირსი პაისის თარგმანებსა და წერილებს. მას ახალგაზრდობიდანვე ჰქონდა მამა პაისის მოწაფეებთან ურთიერთობა, მის ნაშრომებს ძალიან აფასებდა, ხშირად ახსენებდა და ციტირებდა მათ.
წმინდა მამათა ნაშრომების მრავალწლიანი შესწავლით განბრძნობილი ღირსი პაისი სულიწმიდის მადლის ჭურჭელი გახლდათ, ფლობდა დიდ სულიერ გამოცდილებას და წმინდა მამათა სულით იყო მთლიანად განმსჭვალული. სწორედ ამიტომ იყო მისი თარგმანები სულიწმიდით ცხებული.
მოდით წმინდა პაისისა და წმინდა ეგნატეს ცხოვრებიდან რამდენიმე მსგავსი მახასიათებლები აღვნიშნოთ.
1. ორივე მოღვაწე ადრეული ახალგაზრდობიდანვე მონაზვნობისკენ ისწრაფოდნენ. წმინდა პაისი ამბობდა, რომ პატარაობიდანვე მისმა სულმა ქრისტესკენ სწრაფვა დაიწყო და აღარ აკმაყოფილებდა არაფერი ამქვეყნიური და წარმავალი. როდესაც კიევის სასულიერი აკადამიაში სწავლობდა, პეტრე ველიჩკოვსკიმ(წმინდა პაისის საერო სახელი) აკადემიის პრეფექტს პირდაპირ უთხრა, რომ სასწავლებელში ნაკლები ყურადღება ეთმობოდა წმინდა მამათა შესწავლას და რომ წარმართული ფილოსოფიის შესწავლას მეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა. პეტრემ მალევე დატოვა აკადემია და მონასტრების მოსალოცად გაემართა. დიმიტრი ბრიანჩანინოვმა კი 15 წლის ასაკში გამოთქვა მონაზვნობის სურვილი.
2. სასულიერო სასწავლებელი არც ერთ მათგანს არ დაუმთავრებია. ისინი სულიერ ცხოვრებაში ახალგაზრდობიდანვე გამოცდილ სულიერ მოძღვრებთან ურთიერთობითა და წმინდა მამათა ნაშრომებით განისწავლებოდნენ.
3. ორივეს სურდა დაყურებული ცხოვრება, გამოცდილი მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ.
4. ღმრთის ნებით, ისინი ახალგაზრდობიდანვე ბევრს მოგზაურობდნენ და მონასტრებს სტუმრობდნენ.
5. მათი ცხოვრების კიდევ ერთი საერთო მახასიათებელი სულიერი მოძღვრის წარუმატებელი ძიებებია. ისეთი მოძღვრისა, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის ასკეტური სწავლების ცოცხალი მაგალითი იქნებოდა.
წმინდა პაისისა და წმინდა ეგნატეს სწავლებები
სწავლება ადამიანის ცხოვრების საზრისისა და მისი მიღწევის გზების შესახებ
წმინდა პაისისა და წმინდა ეგნატეს წერილებში მუდამ იკვეთება აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანის ცხოვრების საზრისი – ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობის აღდგენასა და მარადიული სიცოცხლისთვის მომზადებაში მდგომარეობს. ეს კი ქრისტეს მცნებების ზედმიწევნითი აღსრულებითა და მართლმადიდებელი ეკლესიის ცოცხალი წევრობით მიიღწევა. ამ ორი წმინდა მამის ნაშრომების მთავარი არსი, სულიწმიდის მოხვეჭის, სინანულისა და ქრისტესთან ურთიერთობის აღდგენის საშუალებებისა და გზების წარმოჩენაა.
წმინდა პაისის მთელი ცხოვრება წმინდა მამათა პრაქტიკული სწავლების გაცოცხლებას ეძღვნებოდა. ის ამბობს, რომ სულის გადარჩენის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობებია: სიმდაბლე, ქრისტეს მცნებების თავგანწირული ერთგულება, საკუთარი ნების უარყოფა და მწუხარებათა დათმენა.
როდესაც ეკითხებოდნენ, თუ როგორ ცხონდებიან ერში მცხოვრები ქრისტიანები, ის პასუხობდა: ,,ქრისტეს ყველას გადარჩენა სურს და ამიტომაც, მისი მცნებები უკლებლივ ყველა ქრისტიანს მიემართება’’.
წმინდა ეგნატე სრულიად იზიარებდა წმინდა პაისის სწავლებას და ამბობდა: ,,უსმინე შენთან მოსაუბრე სახარებასა და წმინდა მამებს, რომლებიც მას განმარტავენ; ყურადღებით უსმინე მათ და შენში თანდათანობით დამკვიდრდება ცოცხალი რწმენა, რომელიც თავისთავად მოგთხოვს ქრისტეს მცნებების აღსრულებას, რაც სულის ცხონების უეჭველ იმედს მოგცემს…ქრისტეს მცნებების აღსრულების მცდელობა ქრისტესთან შეერთებით გვირგვინდება’’. წმინდანი გვაფრთხილდებდა: ,,ის, ვინც წმინდა წერილის ზედაპირული შესწავლით კმაყოფილდება, სიამაყესა და ხიბლში ვარდება ისევე, როგორც ეს მწიგნობრებსა და ფარისევლებს დაემართათ…ქრისტეს თითოეული მცნება წმინდა საიდუმლოებაა, რომელიც მხოლოდ მისი აღსრულების ხარისხის მიხედვით განგვიცხადდება’’.
ამიტომაც, თუკი საღმრთისმეტყველო მეცნიერებათა შესწავლას არ ახლავს სწორი სულიერი ცხოვრება, ანუ ქრისტეს მცნებების აღსრულებისთვის საკუთარი თავის იძულება, შედეგად თანამედროვე მწიგნობრებსა და ფარისევლებს მივიღებთ.
თანამედროვე სამყაროში სულიერი ცხოვრების შესახებ წმინდანი წერდა: ,,ჩვენს დროში ძალიან მომრავლდა საცდურები და ამიტომაც საკუთარი თავისადმი განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. არ მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორ ცხოვრობს და რას აკეთებს მოყვასი და არ განვიკითხოთ შეცდომილნი, რადგანაც ცოდვის განმხრწნელი მოქმედება შეცდომილიდან განმკითხველზე მარტივად გადადის’’.
რწმენით, იმედითა და შთაგონებით აღძრული წმინდა ეგნატე მოგვიწოდებს: ,,შევებრძოლოთ საკუთარ დაცემულ ბუნებას, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ აღიძვრება და სახარებისადმი მორჩილებას არ ავლენს…ამ ბრძოლას აუცილებლად მოჰყვება გამარჯვება, რადგანაც ბრძოლა მცნებაა, ხოლო გამარჯვება კი ქრისტეს მიერ გვაქვს აღთქმული. მანვე გვითხრა, ცათა სასუფეველი იიძულებისო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მიიტაცებს სასუფეველს, ვინც საკუთარ დაცემულ ბუნებას აიძულებს’’.
სინანული – ადამიანის გადარჩენის აუცილებელი წინაპირობა
წმინდა პაისი გვირჩევს: ,,საკუთარი სულის უძლურებაზე ზომაზე მეტად ნუ წუხხარ და ნუ ვარდები სასოწარკვეთულებაში. არამედ ქრისტეს გულმოწყალებაზე მინდობილმა დაიწყე ჭეშმარიტი სინანული. ქრისტეს წინაშე მთელი გულით და სულით შეინანე. ის ხომ კეთილი და კაცთმოყვარე ღმერთია და ხარობს შენი სინანულით. მან ყველა მონანულს აპატია და შენც აუცილებლად გაპატიებს ყველაფერს’’. სინანულის შესახებ წმინდა პაისის სწავლება სრულ თანხვედრაშია წმინდა ისააკ ასურის, იოანე სინელის, ეფრემ ასურის, იოანე კასიანესა და სხვა წმინდა მამათა სწავლებებთან.
წმინდა ეგნატე წერდა: ,,მთელი კაცობრიობისადმი განკაცებული ღმერთის პირველი მცნება – სინანულია. წმინდა მამები ხაზგასმით ამბობენ, რომ სწორედ სინანული უნდა იყოს სულიერი ცხოვრების დასაწყისი და მისი სული. სინანული საკუთარი დაცემულობის შეცნობაში მდგომარეობს. დაცემის შედეგად ადამიანის ბუნება დაზიანდა და სწორედ ამიტომ, მას მხსნელი სჭირდება. ,,სინანული ახალაღთქმისეული, საწყისი მცნებაა, რომელიც ყველა სხვა სათნოებასთან მიგვაახლებს’’.
წმინდა ეგნატე ამბობდა: ,,რამდენადაც ცოდვები ადამიანის სიამაყეს ეფუძნება, ვინც მათ აღიარებს, ის აუცილებლად თავისუფლდება მათგან, რადგან სიამაყე ვერ იტანს მხილებასა და სირცხვილს’’. ჭეშმარიტი სინანულის მთავარი ნიშანი ,,ცოდვის სიძულვილია’’.
ის გვირჩევდა: ,,გულწრფელი და ხშირი აღსარება გვეხმარება იმაში, რომ გავთავისუფლდეთ ცოდვისმიერი ჩვევებისგან და ჭეშმარიტად და მტკიცედ გარდავიქმნათ’’, რადგანაც ,,ვერც ერთი ღვაწლი ვერ აკვდინებს ვნებებს ისეთი ძალით, როგორც გულწრფელი აღსარება’’.
სულიერ ცხოვრებაში წმინდა მამათა გარდამოცემით ხელმძღვანელობის აუცილებლობის შესახებ
წმინდა პაისი მიიჩნევდა, რომ სულიერი ცხოვრების შესახებ წმინდა მამათა ნაშრომები არის ყოვლად უტყუარი და მაცხოვნებელი. წმინდა მამებმა წინასწარ იცოდნენ, რომ გამოცდილი სულიერი მოძღვრის მოძიება თანდათან გართულდებოდა და ამიტომაც შეადგინეს ნაშრომები, რომლებშიც ზედმიწევნითაა გადმოცემული ყველაფერი, რაც ქრისტესკენ მიმავალი გზისთვისა აუცილებელი. სწორედ ამ ნაშრომებს უნდა ჩავუღრმავდეთ და განვისწავლოთ მათში. წმინდა პაისი ასწავლიდა: ,,ყველა წმინდა მამა სულიწმიდის შთაგონებითა და წმინდა წერილის მიხედვით ასწავლიდა და სწორედ ამიტომაც იყვნენ ისინი წმინდანები. ჩვენ უნდა გვწამდეს მათი სიტყვების და ისეთივე კრძალვით განვეწყოთ მათ მიმართ, როგორც თავად სულიწმიდის სიტყვების მიმართ განვეწყობოდით’’.
წმინდა ეგნატე წერდა: ,,წმინდა მამათა ნაწერების მიმართ ნდობითა და კრძალვით განიმსჭვალეთ. მათშიც ზუსტად ის სული მოქმედებდა, რომელიც წინასწარმეტყველებსა და მოციქულებში’’. ასევე გვამცნებს: ,,მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამათა სწავლება ჭეშმარიტია და სულიწმიდისგანაა. გევედრებით, მტკიცედ გეპყრათ ეს სწავლება! ის წაგიძღებათ ნეტარი მარადისობისკენ’’.
წმინდა მამათა პრაქტიკული ნაშრომების კითხვის აუცილებლობის შესახებ
წმინდა პაისის მთელი ცხოვრების მთავარი საქმე, წმინდა მამათა ნაშრომების რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიტანა(არამხოლოდ მონაზვნებთან, არამედ ერის ადამიანებთან) და ამ სულიერი საგანძურის სწორი აღქმის სწავლება გახლდათ. როდესაც ჰკითხეს, თუ როგორ ეცხოვრათ სულიერად მათ, ვინც ერში ცხოვრობენ და მეუღლე და შვილები ჰყავთ, მან უპასუხა: ,,ჩემი რჩევა იქნება, რომ გულმოდგინედ ჩაუღრმავდეთ წმინდა წერილსა და წმინდა მამათა სწავლებას. ღმრთის მადლით, სწორედ მათგან მიიღებთ გულისხმისყოფას. თუკი ამ წმინდა სწავლებას რწმენით, სიყვარულით, კრძალვითა და ყურადღებით ჩაუღრმავდებით, ყველაფერზე პასუხი გაგეცემათ, რაც სულიერი ცხოვრებისთვისაა საჭირო’’.
სავანის მართვასთან და მთარგმნელობით საქმიანობასთან ერთად, წმინდა პაისი საძმოს კრებებს აწყობდა, სადაც წმინდა მამათა ნაშრომებს განუმარტავდა მათ. მისი ყოველი სიტყვა ერთი მიზნისკენ იყო მიმართული: ძმებში არსებული ვნებების დამარცხება და მთელი გულითა და გონებით ქრისტეს მცნებების აღსრულებისკენ წარმართვა. ამ ყველაფრის მთავარ საშუალებად წმინდა მამათა ნაშრომების კითხვა მიაჩნდა. თავის სულიერ შვილებს ამცნებდა: ,,ძმანო, თუკი წმინდა მამათა ნაშრომების კითხვას აიძულებთ საკუთარ თავს და მათი სწავლების მიხედვით მუდამ ეცდებით საკუთარი თავის გამოსწორებას, მაშინ ქრისტე შინაგან გულმხურვალებასა და მეტ მოშურნეობას მოგანიჭებთ…თუკი მამათა ნაშრომების კითხვას ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ, მაშინ დაკარგავთ ქრისტესმიერ სიმშვიდეს, მისი მცნებების აღსრულების გულმოდგინებას და შემოვა თქვენში შფოთი, გაღიზიანება, ყოყმანი, უიმედობა, დრტვინვა და განკითხვა. ამ ყველაფრის გამრავლებით კი განხმება სიყვარული…’’.
,,ბერ ათანასესადმი წერილებში’’ ღირსი პაისი მიუთითებდა, რომ ათანასეს შეცდომების მიზეზი ის არის, რომ ეს უკანასკნელი წმინდა მამათა ნაშრომებს ან საერთოდ არ კითხულობდა, ან ისე არა, როგორც საჭიროა. წმინდ პაისი ასწავლიდა: ,,წმინდა მამათა წიგნები უდიდესი კრძალვით უნდა ვიკითხოთ და გვწამდეს, რომ ეს სიტყვები სულიწმიდის მიერაა დაწერილი…ეცადე მთელი სულით დ გულით იკითხო…მათი ნაშრომები ქრისტესმიერი ცხოვრების ჭეშმარიტ გზაზე მიგვიძღვებიან’’. თავის წერილს ღირსი პაისი შემდეგი სიტყვებით ასრულებს: ,,მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და წმინდა მამათა მემკვიდრეობის გამო სიკვდილისთვისაც მზად ვარ’’.
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერდა: ,,ქრისტეს ეკლესიის ნამდვილი შვილი წმინდა ჭეშმარიტებითა და სიმშვიდითაა განმსჭვალული. ეს თვისებები კი ადამიანში წმინდა წერილისა და წმინდა მამათა ნაშრომების კითხვით აღიზრდება’’.
ნაშრომში ,,წმინდა მამათა ნაშრომების კითხვის შესახებ’’ წმინდანი წერდა: ,,წმინდანებთან საუბარი და მათთან ურთიერთობა სიწმინდესთან გვაზიარებს…ამიერიდან, შვილებო, ჩვენი ხანმოკლე მიწიერი ცხოვრების ჟამს, გავიცნოთ წმინდანები…წმინდა მამათა აზრები და სული გავითავისოთ მათი ნაწერების კითხვით, რადგან მათ მიაღწიეს უმთავრეს მიზანს: ქრისტესთან ერთობას. შედეგად, როგორც წმინდა მამათა თანამოაზრე და საერთო სულის მქონე, შენც მიაღწევ ამ მიზანს და გადარჩები’’. ის აგრძელებს: ,,წმინდა მამათა ნაშრომების კითხვა არის მშობელი და მეფე ყოველგვარი სათნოებისა. მათ მიერ ვსწავლობთ წმინდა წერილის შეცნობას, სწორ სარწმუნოებას და ქრისტეს მცნებების თანახმად ცხოვრებას…’’. გარდა ამისა, ,,წმინდა მამების კითხვა უნდა იყოს მუდმივი, ყურადღებიანი და ზედმიწევნითი’’. წმინდანი გვაფრთხილებს კიდეც: ,,კითხვასთან ერთად, საჭიროა შესაბამისი ცხოვრების წესი’’.
წმინდა ეგნატე ამბობდა, რომ რადგანაც დღეს სულიერი კრიზისი შეინიშნება და მცირდება გამოცდილ სულიერ მოძღვართა რიცხვი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წმინდა მამათა ნაწერების შესწავლა: ,,მეტი დრო დაუთმეთ წმინდა მამების კითხვას; დაე მათ გიწინამძღვრონ, აღგიძრათ მოშურნეობა სათნოებების მოხვეჭისთვის და ქრისტეს გზაზე სვლა გასწავლონ’’. ვალაამის მონასტრის ბერებს მოუწოდებდა: ,,ძმებო! ქრისტეს მეომრებო! არ დაუშვათ, რომ თქვენს გულებში მოშურნეობის ცეცხლი ჩაქვრეს; განაახლეთ და კიდევ უფრო მეტად აღანთეთ ეს ცეცხლი წმინდა მამათა ნაშრომების კითხვით და მთელი გონებითა და გულით ჩაიძირეთ ამ წიგნებში’’.
სწავლება იესუს ლოცვისა და გონების დაცვის შესახებ
ღირსი პაისის ცხოვრების აღმწერი მოწმობდა: ,,მისი გონება მოუკლებელი სიყვარულით იყო დაკავშირებული ქრისტესთან და მის ამ შინაგან მდგომარეობას მისი ცრემლები ამოწმებდნენ’’. წმინდა ეგნატე წერდა, რომ ღირს პაისის გონიერი ლოცვის ნიჭი ჰქონდა: ,,მან ღმერთის განსაკუთრებული განგებულებით მოიხვეჭა გულისმიერი ლოცვა’’.
ღირსი პაისი ასწავლიდა, რომ ადამიანის ცხოვრების საზრისის რეალიზების ყველაზე ძლიერი საშუალება, გონიერი ლოცვის მიერ ქრისტესთან მოუკლებელი ურთიერთობის მცდელობა, მყუდროება და გონებისა და გულის დაცვაა. ,,ლოცვა ქრისტესთან მყოფობა და ერთობაა’’. ის იესუს ლოცვას პირველხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებდა და ასწავლიდა, რომ ეს ღვაწლი სიფხიზლითა და გონების მდუმარებით უნდა აღსრულდეს. ამ დროს, იესუს ლოცვის მიერ ყოველგვარი შემომავალი აზრი განიდევნება. ღირსმა პაისიმ ერთად შემოკრიბა იესუს ლოცვის შესახებ წმინდა მამათა სწავლებები და თემატურად დაალაგა: იესუს ლოცვის წარმოშობა, არსი, აუცილებელი წინაპირობები და რჩევები დამწყებთათვის. ერთ-ერთ ნაშრომში 35 წმინდა მამის სწავლება აქვს შემოკრებლი შინაგანი, საიდუმლოებრივი იესუს ლოცვის შესახებ.
იესუს ლოცვას უდიდესი სარგებელი მოაქვს, თუ ის წმიდა მამათა მცნებების მიხედვით და გამოცდილი მოძღვრის მეთვალურეობის ქვეშ აღესრულება.
გონიერი ლოცვის გამოცდილი მუშაკი და მასწავლებელი წმინდა ეგნატე წერდა: ,,წმინდა, დიდებული და მაცხოვნებელია გონიერი ლოცვის ღვაწლი. ის არის ღვაწლთა შორის ყველაზე მთავარი და პირველი. სხვა დანარჩენი კი მხოლოდ დამხმარეა ამ შინაგანი საქმიანობისა’’.
წმინდ ეგნატე ძალიან კარგად იცნობდა ღირსი პაისის სწავლებებს იესუს ლოცვის შესახებ. ,,ვისაც სურს, რომ შინაგანი ლოცვის საქმიანობა დაიწყოს, თავდაპირველად წმინდა სერაფიმე საროველისა და წმინდა პაისი ველიჩკოვსკის სწავლებებს უნდა გაეცნოს. არანაირ კითხვის ნიშანს არ ექვემდებარება მათი სიწმინდე და სწავლებათა ჭეშმარიტება’’. იესუს ლოცვის შესახებ ღირსი პაისი წერდა: ,,ეს საღმრთო ლოცვა ყველაზე ამაღლებული ღვაწლია. ის არის წყარო სათნოებათა და გულის სიღრმეში გონების უხილავი საქმიანობა…’’.
წმინდა ეგნატეს წერილების მიხედვით, ის თვლიდა, რომ რუსულ მონასტრებში არასაკმარისი ყურადღება ეთმობოდა გონიერ იესუს ლოცვას: ,,მონაზვნობის დაცემის ყველაზე დიდი ნიშანია გონიერი ლოცვის საყოველთაო უგულვებელყოფა’’.
ლოცვის შესახებ წმინდა მამათა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მითითება წმინდა ეგნატემ ასე ჩამოაყალიბა: ,,სინანულისა და გონიერი ლოცვის ღვაწლი ერთმანეთს უნდა შეერწყას და ერთ საქმიანობად იქცეს’’. ის წერდა: ,,საკუთარი ცოდვილობის, უძლურებისა და დაცემულობის შეცნობა აუცილებელი წინაპირობაა იმისა, რომ ქრისტემ ჩვენი ლოცვა შეიწყნაროს’’.
სწავლება სულიერი მოძღვრის აუცილებლობის შესახებ
ორივე ღირსი მამა თვლიდა, რომ ვერავინ ასწავლის სხვას იმას, რაც თავად არ მიუღწევია და შეუცვნია საკუთარი პირადი სულიერი გამოცდილებით. ამის მაგალითს თავად ქრისტეც გვაძლევს. მან თავდაპირველად მარხვით, მღვიძარებითა და ლოცვით დაამარცხა ეშმაკის საცდურები და მხოლოდ ამის შემდეგ ასწავლიდა სხვებსაც ამას. მოძღვარმა ჯერ თავად უნდა დაამარცხოს ვნებები სიმდაბლითა და გონიერი ლოცვით. ,,როგორ დააყენებს სხვას გზაზე, თუკი ის ჯერ თავად არ გაუვლია? ჯერ სისხლამდე წინ აღუდგეს მასში დაბუდებულ სულიერ და ხორციელ ვნებებს, ქრისტეს შეწევნით მრისხანება და გულისთქმა დაამარცხოს და საკუთარი სულის სიამაყე და უგუნურება სიმდაბლითა და გონიერი ლოცვით განკურნოს’’.ღირსი პაისი მონასტრის წინამძღვარს შეაგონებდა, რათა წმინდა წერილი და წმინდა მამათა ნაშრომები შეესწავლა. ,,წმინდა წერილისა და წმინდა მამათა სწავლების მიხედვით ხშირად უნდა განსწავლო საძმო და ღმრთის ნება განუცხადო’’. ,,ბერ ათანასესადმი წერილებში’’ მან წმინდა იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, ანასტასი სინელისა და სხვა მამების სიტყვები მოიყვანა იმის დასტურად, რომ აუცილებელია, სამწყსოს წმინდა მამათა სწავლებების თანახმად განსწავლა. ის წერდა: ,,თუ გინდა, რომ თავად გადარჩე და შენს მოწაფეებს ქრისტეს მცნებათა სამეუფეო გზა უჩვენო, მაშინ მთელი სულით მიეწებე წმინდა მამათა წიგნებს’’. როგორც უკვე ვახსენეთ, ღირსი პაისი მუდამ ესაუბრებდა ძმებს და წმინდა მამათა სწავლებებს განუმარტავდა.
ღირსი პაისი ამცნებდა: ,,მოძღვარს უნდა გააჩნდეს სულიერი განსჯის უნარი, წმინდა მამათა ნაშრომების ცოდნა, სიყვარულის ნიჭი, გულმოწყალება, სულგრძელება, მოთმინება, სიმდაბლე და მოუკლებელი ლოცვა. ერთ-ერთი დედათა მონასტრის იღუმენიას ურჩევდა: ,,გულის სიღრმეში საკუთარი თავი მტვრად, ფერფლად და ყველა ადამიანზე ცოდვილად შერაცხე. აიძულე საკუთარ თავს წმინდა მამათა მცნებების აღსრულებაში და შენს დებსაც ამით ცოცხალი მაგალითი მიეცი’’.
წმინდანი სამოძღვრო მსახურების დიდი პასუხისმგებლობის შესახებ წერდა: ,,მოძღვარს სჭირდება დიდი სულგრძელება, თავგანწირვა და საკუთარი ,,მეს’’ სრული დავიწყება’’.
წყარო: http://pravoslavie.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©