პორფირი კავსოკალიველი 1

ქრისტე – ჩვენი ერთადერთი იმედი და საზრუნავი! – წმინდა პორფირი კავსოკალიველი

2013 წლის 27 ნოემბერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ არქიმანდრიტ პორფირის წმინდანად შერაცხვის გადაწყვეტილება მიიღო და მისი ხსენების დღედ 2 დეკემბერი დაწესდა. მეოცე საუკუნის ეს დიდი ისიქასტი მამა გამორჩეულია თავისი ცოცხალი და პრაქტიკული სწავლებებით, რომლებიც ქრისტეს ძიების საქმეში გვეხმარება.

***

ცხოვრებაში მხოლოდ ერთადერთი რამ უნდა ვეძებოთ – სიყვარული, ქრისტეს მსახურება და მოყვასის სიყვარული. გავერთიანდეთ ყველა ერთად სიყვარულში და ქრისტე იყოს ჩვენი თავი. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენ მადლის მოპოვებას, ცათა სასუფევლში შეღწევას და ცხონებას. მოძმისადმი სიყვარულით იზრდება ღვთისადმი სიყვარული. ჩვენ ბედნიერები ვხდებით როცა იდუმალი გზებით ყველა ადამიანს შევიყვარებთ. მაშინ ვიგრძნობთ, რომ ჩვენ ყველას ვუყვარვართ. არავის ძალუძს ღვთის შეცნობა, თუ არ გაივლის ადამიანთა გულებში. “ვინაიდან თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს?” (1იოან. 4,20).

განა მე შემიძლია ვიყო გულგრილი ასეთი ადამიანისადმი, განა შემიძლია ვაწყენინო და მძულდეს? ეს ჩვენი ეკლესიის უდიადესი საიდუმლოა. მოდით გავხდეთ ყველანი ერთიანნი ღმერთში. თუ ჩვენ ასე მოვიქცევით, მაშინ ღვთის ახლობლები გავხდებით. ამ ერთიანობაზე უკეთესი არაფერია სამყაროში. აი, რა არის ეკლესია. აი, რა არის მართლმადიდებლობა. აი, რა არის სამოთხე. მოდით წავიკითხოთ იოანე მახარებლის სახარებაში დაწერილი უფლის ლოცვა. დააკვირდით შემდეგ სტროფებს: „ რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე – შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. მე მათში, ხოლო შენ – ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე. (იოან. 17, 11, 21-24).

ქრისტე – ჩვენი ერთადერთი იმედი და საზრუნავი! გვიყვარდეს და გვსურდეს არა საკუთარი თავი, არამედ მხოლოდ ის. დე, მან დაგვაყენოს იქ, სადაც თვითონ სურს! ის მოგვცეს, რისი მოცემაც თვითონ უნდა! გვიყვარდეს ქრისტე არა მარტო მისმიერი წყალობისა და საჩუქრებისთვის! თუ იგი იმიტომ გვიყვარს, რომ საუკეთესო ბინას შეგვპირდა ცათა სასუფეველში, ეს არ იქნება ქრისტესმიერი სიყვარულის გამოვლინება. უფლის მოძღვრების აღსასრულებლად მუდამ ასეთი აზრით ვიცხოვროთ: „ღმერთო ჩემო, დე იყოს ისე, როგორც შენ ისურვებ, ოღონდ შენს სიყვარულში ვიცხოვრო!”

მე მხოლოდ ერთი მსურს და ერთს ვესწრაფვი: შენთან ყოფნა მინდა!

რა უნდა გითხრათ მე ცოდვილმა, ძალიან უმწეო ვარ! ვერ მოვიპოვე ქრისტეს დიადი სიყვარული, ვერ მივიღე საკმარისი გამოცდილება, რომ ჩემი სული მისი მონატრებით დატანჯულიყო. ვგრძნობ, რომ ძალიან შორს ვარ ამისგან. ვგრძნობ, ვერ მივაღწიე, რასაც ვესწრაფვოდი, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ ვვარდები. მთლიანად ვენდობი უფლის სიყვარულს და გამუდმებით ვეუბნები ქრისტე-ღმერთს: „ვიცი, რომ უღირსი ვარ, ამიტომ გამაგზავნე იქ, სადაც ისურვებს შენი სიყვარული. ეს უნდა ჩემს სულს. მთელი ცხოვრება შენ გემსახურებოდი. როცა ავადმყოფი სიკვდილის პირას ვიყავი, არ მინდოდა ცოდვების გახსენება, მხოლოდ შენზე ვფიქრობდი, ჩემს ქრისტეს ველოლიავებოდი, არ მქონდა არავითარი შიში, მხოლოდ შენთან შეხვედრა, შენი მადლისა და სიყვარულის აღქმა მინდოდა. და აი, ახლაც, როცა ჩემი სიცოცხლის დასასრული მოახლოვდა, არც ახლა მაქვს შიში და დარდი, მხოლოდ ერთზე ვფიქრობ: როცა წარვსდგები შენ წინაშე და მეტყვი: „მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ საქორწილო ტანისამოსის გარეშე?„ თავს დაგიხრი და გეტყვი: „რაც შენ გსურს, აღსრულდეს, უფალო ჩემო, რაც შენს სიყვარულს სურს, დე ის მოხდეს! მე ჯოჯოხეთის ღირსი ვარ და თუ მართლა ჯოჯოხეთში გამგზავნი, იყოს ნება შენი! მე მხოლოდ ერთი მსურს და ერთს ვესწრაფვი: შენთან ყოფნა მინდა!”

თუ სული მთლიანად გაერთიანდება ქრისტეში, ქრისტესმიერი სიყვარულით კმაყოფილებას მხოლოდ მაშინ მიაღწევს. მანამდე კი განუწყვეტლივ ისწრაფვის, ერთადერთი სურვილი და სიხარული ამოძრავებს, უყვარს, უყვარს, და რაც უფრო უყვარს, მით უფრო გრძნობს, რომ მეტად უნდა უყვარდეს. განიცდის, რომ ჯერჯერობით ვერ აღვსებულა, ჯერაც ვერ მიუღწევია უდიადეს მიზნამდე – ქრისტემდე. მუდამ მარხვაშია, განუწყვეტლივ ლოცულობს, მეტანიებს აკეთებს, მაგრამ მაინც ვერ კმაყოფილდება. ამით ცოცხლობს და ვერ ხვდება, რომ ის უკვე ამ სიყვარულშია. სწორედ ეს ლტოლვა და სიყვარული სწყურია ყველა მოსაგრეს. ისინი ამ ღვთიური ბადაგით არიან მთვრალი. ამ სიმთვრალეში, მართალია, სხეული ცვდება და კვდება, მაგრამ სული იფურჩქნება და განახლდება. სული ღვთიურ სიყვარულში ისე აღმოჩნდება, ვერც იგრძნობს, რომ უკვე შეივსო იმით, რასაც ასე ესწრაფვოდა.

როცა ქრისტეში მთელი გულით ხარ გაერთიანებული, მაშინ ყოველგვარი უმწეობის მიუხედავად, მაინც გაქვს რეალური შეგრძნება, რომ სიკვდილი გადალახე. ამიტომ უნდა ვიგრძნოთ, რომ ქრისტე ჩვენი ერთადერთი უღალატო მეგობარია. ის ამას თავად გვეუბნება: “თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ” (იოან. 15,14), მაშ მოდით, შევხედოთ მას, როგორც მეგობარს და ასე მივუახლოვდეთ. დავეცით? შევცოდეთ? მივმართოთ მას სიყვარულითა და ნდობით, არა მონურად, დასჯის შიშით, არამედ კეთილგონივრული კადნიერებით, როგორც მეგობარს ვუთხრათ: “უფალო, შევცდი, დავეცი, მომიტევე!” ამასთან შევიგრძნოთ, რომ მას ვუყვარვართ, დიდი სინაზით გვეფერება და გვპატიობს ცოდვებს.

ნუ დაგვაშორებს ქრისტესგან ცოდვა. თუ ჩვენ გვწამს, რომ მას ვუყვარვართ და ჩვენც გვიყვარს, არ ვიგრძნობთ თავს მისგან დაშორებულად მაშინაც კი, როცა ვცოდავთ. თუ დარწმუნებულნი ვართ მის სიყვარულში, რამდენჯერაც არ უნდა დავეცეთ, გვწამს, რომ მისი სიყვარული ისევ წამოგვაყენებს, მაშინ არც იმის შიში გვაქვს, რომ ოდესმე მისი სიყვარულის ღირსი აღარ ვიქნებით. როგორც მოციქული პავლე ამბობს: „რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: იწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? (რომ. 8, 35; 38-39). ეს სულის უზენაესი და ერთადერთ კავშირია ღმერთთან, რომლის დარღვევა არაფერს ძალუძს, რომელსაც არაფერი არ აშინებს, არაფერი არყევს.

გიყვარდეთ ყველა, უთანაგრძნეთ ყოველს. “ასე რომ, თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს. ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი – მისი ასონი” (1კორ. 12, 26-27).და ეს არის ქრისტეს ეკლესია: მე, შენ, ის – სხვა ადამიანი. ვიგრძნოთ ყველამ, რომ ჩვენ ქრისტეს ნაწილები ვართ, რომ ერთიანნი ვართ. თავმოყვარეობა და ეგოიზმია. არ ვითხოვოთ: „მე ვცხონდები, მე სამოთხეში მოვხვდები“, არამედ იგივე ვინატროთ ყველასათვის, არ გვინდა მოსაგრეობა მხოლოდ საკუთარი სულის საცხონებლად, არამედ სიყვარულით დავეხმაროთ ერთმანეთს ცხონების საქმეში. გესმით? სწორედ ეს არის მორჩილება.

ჩვენი გული წმიდა უნდა იყოს, თავისუფალი ყოველგვარი დაბრკოლების, სიძულვილის, ეგოიზმისა და ბოროტებისგან

ქრისტე თავად მოვა და ჩასახლდება ჩვენს სულში, თუკი იქ იპოვის მისთვის სასურველსა და სასიამოვნო კეთილ ნებას, თვინიერებასა და სიყვარულს. ამის გარეშე შეუძლებელია ვთქვათ: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. სიყვარული და თვინიერება სულს მთლიანად მიმართავს უფლისკენ, სულს ესმის მისი ხმა, ღებულობს მისგან ძალასა და მადლს, განიცდის ფერიცვალებას, გრძნობს გულის აჩუყებას. მისი ღმერთთან ურთიერთობა ადვილი და ძალდაუტანებელია, მაგრამ თუ თვინიერება და სიყვარული ნაკლებია, ან საერთოდ არ არის, მაშინ ღმერთთან ურთიერთობა თითქმის შეუძლებელია, რამეთუ თუკი სული აღსავსეა ვნებით, სიძულვილით, მტრობით, მას ამაღლება არ შეუძლია. ლოცვის დროს, როცა ვუხმობთ: უფალო იესო ქრისტე, ის რომ სულში გამოგვეცხადოს, ჩვენი გული წმიდა უნდა იყოს, თავისუფალი ყოველგვარი დაბრკოლების, სიძულვილის, ეგოიზმისა და ბოროტებისგან. აუცილებელია, ჩვენ ის გვიყვარდეს და მას კი – ჩვენ.

მაგრამ თუ ჩვენში თუნდაც მცირეოდენი სიავეა, უნდა მივმართოთ საიდუმლოებას. საიდუმლოება კი იმაში მდგომარეობს, რომ მთელი გულშემუსვრილობით მოვინანიოთ ცოდვა და სულიერ მოძღვარს ჩავაბაროთ აღსარება. ამისთვის კი, როგორც ვთქვით, საჭიროა თვინიერება. თუ ღვთის მცნებებს ვასრულებთ და სინდისის ქენჯნა არ გვაწუხებს, თუ სულში სიმშვიდეა და კეთილ საქმეებს ვაკეთებთ, მაშინ ადვილად შევდივართ ლოცვით მდგომარეობაში და მშვიდად ველოდებით მადლის მოქმედების დაწყებას.

ქრისტე არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი ძმა. ქრისტე ყველაფერია.

რაც არ უნდა შეგვემთხვეს, ყოველთვის საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ, მორჩილად ვილოცოთ და არ ვიმართლოთ თავი. თუ მოწინააღმდეგე მხარე მაინც გვექიშპება და გვმტრობს, ვილოცოთ მისთვის სიყვარულით, მის სიძულვილს სიყვარულით ვუპასუხოთ. თუ ჩვენზე ლანძღვა და ცრუ ბრალდება გვესმის, ისევ ვილოცოთ. იცოდეთ, “ გუგუნი დრტვინვისა არ დაიფარება.” (სიბრძნ. 1, 10). მოყვასზე მცირეოდენი დრტვინვაც კი მოქმედებს სულის მდგომარეობაზე და სულს უკვე აღარ შეუძლია ლოცვა. როცა სულიწმიდა ხედავს აღშფოთებულ სულს, ვერ ეკარება მას.

ქრისტე არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი ძმა. ქრისტე ყველაფერია. ის გვიხმობს: ”თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, არ გესმით? ჩვენი ძმები ვართ. მე არ გემუქრებით, მიყვარხართ!.” როდესაც ქრისტესთან ხარ, არ გაქვს სევდა, ტკივილი, არც მრავალი ამაო ფიქრი გტანჯავს. ქრისტე ახალი სიცოცხლეა! ის ადამიანს მხიარულს ხდის, ბედნიერებისგან აღაფრთოვანებს, აჩვენებს ყველას და ყველაფერს, ადამიანს ყველას თანაგრძნობის უნარს აძლევს, უჩენს სურვილს რომ ყველა ქრისტესთან იყოს. როდესაც ქრისტიანი გაიცნობს ქრისტეს, როდესაც ქრისტე მის სულში დამკვიდრდება და განიცდის მის მყოფობას, მას უნდა, რომ იყვიროს და ყველას უთხრას, მას უნდა ყველას ქრისტეზე ელაპარაკოს, თუ როგორია იგი. გიყვარდეთ ქრისტე და მის სიყვარულზე წინ არაფერი დააყენოთ, ქრისტე ყველაფერია, ის სიცოცხლის წყაროა, უმაღლესი მოთხოვნილებაა. ყველაფერი ლამაზი და მშვენიერი ქრისტეშია. ქრისტესგან შორს სევდა, მწუხარება, ნერვული დაძაბულობა, ცხოვრებისაგან მიღებული ტკივილებისაგან წნეხია. სიცოცხლე ქრისტეს გარეშე არ არის სიცოცხლე! ასეა!

ყველა ზეიმისა და სიხარულის ცენტრი – ეს ქრისტეს პიროვნებაა, რომელიც არ შეგვიძლია მთელი სიღრმით გავისიგრძეგანოთ, რამეთუ ღმერთი უსასრულობაა, ამიტომ ეს საიდუმლოებაა, მდუმარებაა. ღმერთი ძალიან დაფარულია, მაგრამ ის ყველგანაა. ჩვენ ვცოცხლობთ უფლით, ვსუნთქავთ მისით, მაგრამ მისი სიდიადისა და განგებულების სრულიად წარმოდგენა არ შეგვიძლია. ის ხშირად შეფარულად ავლენს თავის განგებულებას, მაგრამ როგორც კი წმიდა თვინიერებას მოვიპოვებთ, მაშინვე გვეხსნება სულიერი მხედველობა, ვიწყებთ უფალში სიცოცხლეს და რეალურად შევიგრძნობთ მის საიდუმლოებებს. მაშინ ვიწყებთ მის სიყვარულს. და ეს სწორედ ის არის, რასაც ის ეძებს ჩვენში. მთავარი მისი მისწრაფება – ეს ჩვენი ბედნიერებაა, როგორც ამბობს თავად: “გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და მთავარი მცნება.” (მთ. 22, 37-38).

ასეთი სიყვარული აქვთ წმიდანებს. ისინი ეღირსნენ უაღრესად სასურველს. სასურველიდან უზენაესისკენ, უკიდურესი სურვილისკენ ამაღლდნენ. უკიდურესი სურვილი – ღმერთია: მამა, ძე და სულიწმიდა. სამივე ერთიანი, ერთმანეთში და ეკლესიაში. ქრისტე, შენ ჩემი სიყვარული ხარ! მე არ ვფიქრობ სიკვდილზე. დე, იყოს ნება შენი! მე მსურს მხოლოდ შენზე ვიფიქრო. თქვენც გაშალეთ ხელები და ჩაეხუტეთ ქრისტეს. მაშინ ის თქვენში დაიწყებს ცხოვრებას და თქვენ იფიქრებთ, რომ ჯერ კიდევ არასაკმარისად გიყვართ და მეტად დაახლოების სურვილი გაგიჩნდებათ, მასში სრული გაერთიანების მისწრაფება შეგიპყრობთ. შეიძულეთ მიწიერი ვნებანი, ნუ თანამშრომლობთ სატანათან! მიმართეთ თქვენი გულები ქრისტესკენ. მაშინ ის მთელი ღვთიური სინაზით ჩაგეხუტებათ და თქვენ იგრძნობთ საოცარ სულიერ სიხარულს, რაც ნიშნავს – მოვიდა ღვთიური მადლი, უძლურთა და დავრდომილთა აღმადგინებელი.

გავუხსნათ გულის კარები ქრისტეს! ქრისტე ყველაფერია!

ქრისტე ჩვენი გულის კართან დგას და რეკს, ჩვენზეა დამოკიდებული მივიღებთ თუ არა მის წყალობას. მხოლოდ საღვთო მადლს შეუძლია ჩვენი შეცვლა. საკუთარი ძალებით არაფერი შეგვიძლია. ქრისტე ყველაფერს გვაძლევს. ჩვენი საკეთებელი ისაა, რომ ვეცადოთ როგორმე გავთავისუფლდეთ ეგოიზმისაგან და სიმდაბლე მოვიხვეჭოთ. ყველაფერი ნეგატიური ქრება თუკი საკუთარ თავს ქრისტეს მივუძღვნით.

ჩვენ უნდა აღვივსოთ სულიწმიდის მადლით. სწორედ ეს არის არსი სულიერი ცხოვრებისა, ეს არის ხელოვნებათა ხელოვნება. გავუხსნათ გულის კარები ქრისტეს! ქრისტე ყველაფერია!

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©