IMG 0033 1

მამა სოფრონ ესექსელი (სახაროვი) – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

რაოდენ ხშირად მიწევდა ესექსის მონასტრის ეზოში გასეირნება და ყოველ ჯერზე მამა სოფრონი გულთბილად მხვდებოდა და ძმურად მიკრავდა გულში.
მგრძნობიარე ადამიანი, ნამდვილი წმიდანი, რომელიც თავის მამობრივ გულს მონასტერში ყველა მომსვლელს უხსნიდა. ნეტარი ბერი ხშირად იმეორებდა სახარების სიტყვებს: “იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა” (მათ. 5:48) და იგი თავად ცხოვრობდა ასეთ სრულყოფილებასა და ღრმა ლოცვაში.

მიღმიერ სამყაროში გადავიდა გამოცდილი ბერი, ათონელი ასკეტი, მოძღვარი, მარადმწვანე ტოტი, რომელიც წმიდა მამამ, სილუან ათონელმა დარგო. საოცარი სულიერი ინტუიციით აღწერა მამა სოფრონმა თავისი მასწავლებლის ბიოგრაფია, რომელმაც მოუწოდა მას სიტყვებით: “ამყოფე შენი გონება ჯოჯოხეთში და იმედი არ დაკარგო”. ახლა, “წმინდა სილუანის ცხოვრება” რომელიც ბერმა დაწერა, ჩვენი ეკლესიის საგანძურში ინახება.

ჩვენს დროში, რომელიც ასკეტიზმსა და მამათა მისტიკურ გამოცდილებას საჭიროებს, მამა სოფრონისა და წმინდა სილუანის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს.
დიახ, მამა სილუანმა მშვენივრად უწყოდა, რომ უვნებობა სულიერი ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია და იგი საღვთისმეტყველო დოგმატების შეცნობითა და მოუკლებელი ლოცვით მოიპოვება. მისი მოწაფე, მამა სოფრონი, რომელიც ახლა უკვე ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად ხელთუქმნელ ნათელში მკვიდრობს, წმინდა მამათა მსგავსად, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ინახავდა ამ გამოცდილებას საკუთარ გულში.

კურთხეულნი არიან ისინი, ვისაც წმიდა სილუან ათონელის პატიოსანი სახელი ეწოდა და ისინიც, ვინც ამ სახელს მიიღებენ, რადგან მისი მადლი და წმინდანთა ლოცვა ავსებენ ჩვენს სამყაროს. მიძინებულნი აჰყავს ისინი სიკვდილზე გამარჯვებული ქრისტეს მსგავსად, რომელიც მასთან მოსულებს მკვდრეთით აღადგენს.
ნუთუ არ გვინახავს სულიწმიდამ რამდენი ხილული სასწაული მოახდინა წმიდა სილუანის ცხოვრებაში! ის მოღვაწეობდა ძველ წმინდანთა მსგავსად, იყო შრომისმოყვარე, უბრალო და, ამავდროულად, მეომრის სულით.

შეხედეთ მამა სოფრონს! ჩვენ მთელი გულით შევიყვარეთ იგი მისი სიტყვებისა და საქმეების გამო.

სხვადასხვა სირთულეებმა და უმთავრესად წმიდა სილუანის ცხოვრებასთან შეხებამ მამა სოფრონს უჩვენა, თუ როგორ შემოდის ღმერთი ადამიანის ცხოვრებაში. იგი ტიროდა, წუხდა და მისი გული საიდუმლო ტანჯვით ძალაგამოცლილი იყო. ცხოვრობდა და თან მწუხარებითა და მოთმინებით მიჰყვებოდა ტანჯვით აღსავსე ბილიკებს. როგორ? წმინდა სილუანის ძალა და ღვთის მადლი შეეწია მას. ამ ყოველივეს წყალობით, მან საღმრთო მადლი განიცადა და სიყვარულით გადმოგვცა საკუთარ გულში ქრისტესთან შეხვედრის აღუწერელი გამოცდილება. “განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგრე” (ფსალ. 80:11). მოძღვარი ხშირად იმეორებდა ფსალმუნის ამ სიტყვებს. ამგვარადაც მოხდა – იგი “წმიდა სილუანის ბაგეები” გახდა.

IMG 0047
არქიმანდრიტი ემილიანე და მამა სოფრონი მონასტრის საძმოსთან ერთად

მამა სოფრონი არ ზრუნავდა თავის სუსტ ჯანმრთელობაზე და მუდამ ბოლომდე იხარჯებოდა, ანთხევდა “სისხლს” სულიწმიდის მოსახვეჭად. ამ საშუალებით მას იმედი ჰქონდა, რომ საღმრთო ნათლის ნაპერწკალს გადასცემდა მორწმუნეებს, რომლებიც სრული ნდობით მოდიოდნენ მასთან.

მამა სოფრონი ცოცხალი ღმერთის შემეცნებით, რომელიც მისივე სიტყვებით – “შეუდარებელი საჩუქარია”, ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების ნიმუშს განასახიერებდა. შეეძლო ღვთის სიყვარული გაეღვივებინა ასობით ან თუნდაც ათასობით ადამიანში. ისინი იცნობდნენ ბერს და მის მიერ იყვნენ “გაცოცხლებულნი”, რომლებიც “სულიწმიდით სავსე კაცს” (საქმეები 6:5) უწოდებდნენ და მიაჩნდათ ჭეშმარიტ მტკიცებულებად იმ ნაყოფისა, რომელიც ქრისტეში ცხოვრებას მოაქვს.

* * *
აი, ამგვარი ცხოვრება გადმოიტანა ნეტარმა მამამ ათონის მთიდან მის მიერ დაარსებულ მონასტერში. მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ამ მონასტერში მისულიყო და უდიდესი სიხარული და წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის, პაისი ველიჩკოვსკის, სერაფიმე საროველის, სილუან ათონელის და წმიდა და მშვიდი მამა სოფრონის ლოცვა არ განეცადა, რომელიც ესექსის მონასტრის სული იყო. იქ მცხოვრები ბერების ყოვედლღიური ცხოვრება მართლმადიდებლობის ნათელ სხივებშია ჩაფლული.

ესექსში ცხოვრება დაუსრულებელი სიხარული, ზეცის მოქალაქეობა, ღმერთთან და ანგელოზებთან თანამყოფობაა. ბუნებრივია, არსებობს სირთულეები, მაგრამ ეს საძმო მამა სოფრონისგან მომდინარე ძალისა და კურთხევის წყალობით ცხოვრობს და სულიერად იზრდება. მრავალეროვან მამათა საძმოში თქვენ პირველსაუკუნის მოციქულთა ეპოქის დროინდელი ეკლესიის ერთიანობის სულს იგრძნობთ. აქ არ არსებობს ანგარება და ამ სამყაროსადმი ინტერესები, ერთადერთი ამოცანა მდგომარეობს შემდეგში – შეეწიონ სულებს, რომლებიც ამ პატარა სამოთხეში მოდიან და ხელი შეუწყონ მათ მარადისობასთან თანაზიარებაში.

ცნობილია, რომ ერის ადამიანებს სამონასტრო ღვთისმსახურება და ბერებთან ურთიერთობა უყვართ. ეს მათ სულიერ აღორძინებაში ეხმარება. ესექსის მონასტერში ყოველ კვირასა და დღესასწაულებზე, შუადღის შემდეგ სტუმართმოყვარეობით ღებულობენ უამრავ მორწმუნეს. მათ არ ხვდებიან როგორც ტურისტებს, არამედ როგორც მომლოცველებს. იღებენ მუდამ გულთბილად, უბრალოდ და კეთილად. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის, ვინც ლოცვისა და მდუმარებისკენ მიისწრაფვის, ეს საქმე საკმაოდ დამღლელია, ისინი გულისამაჩუყებელი სიყვარულით ეხებიან თითოეულის გულს. საკუთარ თავს სწირავენ მათი გულისთვის, ვინც მონასტერში მოდის. ბერების ნათელი და სპეტაკი გულები მომლოცველებს სულიერ სითბოს გადასცემენ.

მონასტერში მოსული ხალხი, თავის მხრივ, აფასებენ ამას და ხვდებიან, თუ რამხელა მსხვერპლს იღებენ მათთვის და ისინიც, თავიანთი ძალისამებრ, ეხმარებიან მათ. სინამდვილეში, განსაცვიფრებელია მამებისა და ერისკაცთა ურთიერთდახმარება, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალფეროვნება და ერთიანობა. ერთი აღსარებას იღებს, მეორე ქადაგებს, მესამე უფროსებს ასწავლის, ზოგი ბავშვებთან ურთიერთობს, ზოგიც წამოჭრილ კითხვებს განიხილავს და პასუხობს მათ. უკლებლივ ყველა, სიტყვით თუ საქმით, იმ სულიერი გამოცდილების საფუძველზე მოღვაწეობს, რომელიც მათ ნეტარმა მამამ დაუტოვა.

ძმათა სიყვარულის გამო მათ პერგამოსის მიტროპოლიტი იოანე მრავალჯერ ეწვია, რომელიც მათ თავის საღვთისმეტყველო ცოდნის სიმდიდრეს უხვად უზიარებდა. მისი ვიზიტები ყოველთვის სადღესასწაულო იყო.

* * *
რა შეგვიძლია ვთქვათ მამა სოფრონის ღვაწლზე, რომელიც ხილულ საზღვრებს მიღმა ასხივებს? ისინი ისე იქნება შესწავლილი, როგორც სულის სიღრმეში დამალული, შენახული განძი. მგონია, რომ მამა სოფრონის ნაშრომები ახალ “სათნოებათმოყვარეობას” შეადგენენ. დიახ, მისი აზრები ზუსტად არის გადმოცემული. იგი ჰგავს ერთგულ კომპასს, სახელმძღვანელოს, რომელიც ქრისტეს შეგვახვედრებს. ეს არის ცოდნის მიღების წყარო, რომლებიც გვჩუქნიან მადლის და იმედის სიტკბოს, რომელსაც პირდაპირ აჰყავს ჩვენი გულები მარადისობაში.

მისი დაწერილი წმიდა წიგნებისთვის, რომელთა წყალობითაც შეგვიძლია მივეახლოთ ღმერთს, ჩვენ დიდ პატივს მივაგებთ მამა სოფორნს, როგორც წმიდანს, ანგელოზს, რომელიც ახლა უკვე ღვთის საყდრის წინაშე იმყოფება.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეკლესიამ აღგვიზარდოს ერთზე მეტი “ღვთის ასეთი ცოცხალი გამოვლინება”, ვისი წყალობის გამოც, ჩვენ მადლიერებით ვხარობთ უფალში. „რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი“ (გამოცხ.1:8) მისი წმინდანებით განდიდებული.

მართლმადიდებლობა ყოველთვის იმარჯვებდა შინაგანი ცხოვრების წყალობით და თავის თავზე სულიწმიდის ძალით მოწმობდა, ამით კი სახარებისეულ სიტყვებს ადასტურებს: “ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების” (2კორ. 12:9). ამის დასტურია ესექსის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ყოველდღიური ცხოვრება. ეს არის ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრების გამოცდილება, რომელიც განუწყვეტლად აცოცხლებს ღვთისგან ბოძებულ მამობრივ გამოცდილებას და თანაც არა იორდანიის უდაბნოში, არამედ ევროპული სამყაროს ცენტრში. დიახ, ეს გამოცდილება დაუვიწყარია. დაე, ჩვენს საყრდენად იქცეს ნეტარ ათონელ მამათა ჩვენში ჩადებული საფუძვლები, რომლებიც დასავლეთში მართლმადიდებლობას უფრო ძვირფასს ხდიან. ეს არის მთელი სამყაროს საგანძური.

მხოლოდ და მხოლოდ ბერის შესახებ თქმულს მოაქვს ჩვენთვის სიცოცხლე. ის არ მომკვდარა, არამედ მკვდრეთით აღდგა და მკვიდრობს ცოცხალი სულით და ეს ჩვენ ზუსტად ვიცით. რადგან ვიხილეთ და ამისთვის ვაკურთხეთ ღმერთი მამის ნების მაცოცხლებელ სულში, წმიდა მოწამეებთან ერთად, რომლებიც წარსდგნენ დიდებაში.

ჩვენ ზუსტად ვუწყით, რომ ჩვენი წმინდანი – ანგელოზი, “ტკბილი ვარსკვლავი”, უფლის ნათელში ჭვრეტს ჩვენი ზეციური მამის სახეს, სადაც დაუსრულებელი დიდება და ნეტარებაა.

წყარო: https://azbyka.ru/

სტატიაში გამოყენებული მთავარი ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©