ლოცვა სკვნილი

ღირსი იოსებ ისიქასტი – გონება სულის მნეა

შინაგანი ლოცვით ქმედება ესაა აიძულო თავი განუწყვეტლივ წარმთქვა ლოცვა ბაგეებით, შეუსვენებლად. თავიდან სწრაფად, ისე, რომ გონებამ გაფანტვა ვერ მოასწროს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური: “უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე”. როცა ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, გონება ეჩვევა მას და უკვე სწრაფად წარმოთქვამს. და ისე ტკბები, თითქოს ბაგეზე თაფლი გეცხოს. და სულ ამის წარმოთქმა გსურს, და თუ შეწყვეტ, გული გწყდება.

როცა გონება ამას მიეჩვევა და გაძღება, კარგად ისწავლის, მაშინ აგზავნის მას გულში. რადგანაც გონება სულის მკვებავია და თუ რაიმე კარგს ან ცუდს შეიტყობს ან მოისმენს, მისი საქმეა ამისი გულში ჩაშვება, რომელიც ადამიანის სულიერი და ხორციელი ცხოვრების ცენტრია და გონების ტახტი. მაშ ასე, როცა მლოცველი გონებას არ აძლევს იმის ნებას, რომ რაიმე წარმოიდგინოს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური, მაშინ ის მსუბუქად სუნთქავს და გარკვეული ძალისხმევითა და საკუთარი სურვილით ჩაუშვებს მას (გონებას) გულში და აკავებს შიგნით, ერთგვარ სივიწროვეში და თანაბარზომიერად წარმოთქვამს ლოცვას: “უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”.

თავიდან ის რამდენჯერმე ამბობს ლოცვას და აკეთებს ერთ ჩასუნთქვას. შემდეგ, როცა გონება გულში დგომას მიეჩვევა, ყოველი ჩასუნთქვისას წარმოითქმის ერთი ლოცვა: “უფალო იესუ ქრისტე” – ჩასუნთქვა, “შემიწყალე მე” – ამოსუნთქვა. ასე გრძელდება მანამ, სანამ მადლი არ მოგეფინება და არ დაიწყებს მოქმედებას სულში; ამის შემდეგ კი უკვე იწყება ჭვრეტა.

ქრისტე სულიწმინდის საშუალებით გვშუამდგომლობს ჩვენ. ამიტომ მისი მოსვლით რიტორები ვხდებით, მებადურები მოძღვრავენ, მრუშები უბიწოებას იცავენ, ქურდები აღარ იპარავენ. ყველა ინანიებს და ვინ არის ყოველივე ამის შემოქმედი? ერთი ყოვლისმცოდნე , სახიერი განმგებელი, ტკბილი იესუ, ერთადერთი სიყვარული.

გონება სულის მნეა, რომელსაც შენ მიერ მიცემული საზრდო მიაქვს მისთვის. როცა გონება მშვიდადაა და მას კარგსა და მისთვის სასურველს აძლევ, ის მას გულში ჩაუშვებს. თავდაპირველად გონება იწმინდება და განუწყვეტელ ლოცვაში მყოფი, სრულებით აღარ იფანტება. მაშინ ხვდები, რომ ის განიწმინდა, რადგან ამიერიდან აღარ მიიდრიკება იმ ბოროტისა და არაწმინდისაკენ, რასაც ადრე ხედავდა და ისმენდა.

შემდეგ გონება ლოცვით გამოდევნის გულიდან ყოველგვარ სიბილწეს და არაწმიდებას, ბრძოლას უცხადებს ვნებებსა და მათ აღმძვრელ ეშმაკებს, რომლებიც ამდენი წელი გულში ბუდობდნენ, მათ შესახებ კი არავინ იცოდა და ვერც ვინმე ხედავდა მათ. ახლა კი, როცა გონებამ სიწმინდე – თავდაპირველი სამოსელი შეიმოსა, ხედავს მათ და ძაღლივით უყეფს, უღრენს და ებრძვის, როგორც სულის შემეცნებითი ნაწილის პატრონი და მცველი. ქრისტეს სახელით,(უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე) როგორც საბრძოლო იარაღით შოლტავს მოწინააღმდეგეს, სანამ გულის გარეთ არ გამოდევნის მათ.

გონება იწყებს იმ ჭუჭყისა და ბიწის წმენდას, რითაც გაგვსვარეს ეშმაკებმა ჩვენივე თანხმობით ყოველგვარ ბოროტებასა და ცოდვაზე. როცა ეშმაკები საბოლოოდ განიდევნებიან, გული განიწმინდება. გონება, როგორც მეფე, გულში აღსაყდრდება და გაიხარებს, როგორც სიძე ხარობს საპატარძლოს გამო. მოვა ნათელი, მშვიდი, შეურყვნელი ქრისტესმიერი სიხარული.