იხარეთ ყველაფრით, რაც თქვენს გარშემოა! გარემომცველი სამყაროს ყოველი დეტალი, სულიერიც და უსულოც: მცენარეები, ცხოველები, ფრინველები, მთები და ზღვები, დაისი და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა… ღმრთის სიყვარულის მცირე წვეთებია, რომლებიც გვმოძღვრავენ და დიად სიყვარულამდე – ქრისტემდე მიგვიძღვიან. ყვავილების სილამაზე და კეთილსურნელება როგორც ცოდვილებისთვის, ისე მართალთათვის, ერთნაირად იფრქვევა და ეს ბუნების ენითგამოთქმული დიადი სწავლებაა.
ქრისტიანს ფაქიზი სული უნდა ქონდეს, პოეტი უნდა იყოს. ქრისტეს არ სურს „უხეშ“ სულთა გვერდით ყოფნა. მხოლოდ ის სული შეიძლება იქცეს პოეტად, რომელიც სიყვარულს ისრუტავს, ეხუტება და ღრმად შეიგრძნობს მას.
მოიხელთეთ მშვენიერი წამები! ამ დროს სული კარგად განეწყობა ლოცვისთვის, სინატიფით, კეთილშობილებითა და პოეტურობით ავსებს მას. ადრე გაიღვიძეთ დილით, რომ ნახოთ, როგორ ამოდის წითელ პორფირში გამოწყობილი მზე ზღვიდან. როცა თქვენს სულს აღმაფრენა იპყრობს, ნუ გაჩერდებით, წადით უფრო შორს, უფრო ღრმად, ადიდეთ ეს სილამაზე, იხარეთ, იცხოვრეთ მხოლოდ მშვენიერებით. ყველაფერი წმიდაა და გვამდიდრებს: ზღვაც, ბანაობაც და საკვებიც და ყველაფერს უდიადესი სიყვარულისკენ – ქრისტესკენ მივყავართ. მიაქციეთ ყურადღება და შეიმეცნეთ ყველაფერი, რაც ადამიანმა შექმნა: დიდი და მცირე შენობები, სახლები, ქალაქები და სოფლები, ხალხი და მათი კულტურა. შეავსეთ თქვენი ცოდნა მათ შესახებ, ნუ დარჩებით გულგრილნი. ეს დაგეხმარებათ უკეთ შეიცნოთ ღმრთის არაჩვეულებრივი თვისებები. მისი ღრმად შეცნობა კი შეგვაყვარებს ყველაფერს ყველაფერში. ჩვენ ბევრი მიზეზი გვაქვს, რომ ვიყოთ უფლისადმი მადლიერნი. იცოცხლეთ ბუნების წიაღში მისი სილამაზით. ბუნება ეს საიდუმლო სახარებაა. ის ჩვენ გვაღვიძებს, მაგრამ მას არ ძალუძს ჩვენი სამოთხეში შეყვანა. რადგან თუ ადამიანში მადლი არ არის, მას ვერც ბუნება უშველის.
ვინც ღმრთის სულიწმიდას ატარებს, ყველაფერს გრძნობს, რასაც არ უნდა ჩაუაროს გვერდით, განსხვავებულად და სრულყოფილად ხედავს ფრინველებს, ქვებს, ხარობს პეპლებსა და ფუტკრებს შორის, გამძაფრებული ყნოსვა აქვს, გრძნობს ყველა არომატს, ყველაფერი ესმის… ყველა მისი გრძნობა ცოცხალი და ხალასია, ცოცხლობს ყველაფრით და ყველაფერში და უხარია მასთან ერთად არსებობა. მადლი მის ყურადღებას ხვეწავს. ეს სიცოცხლეა სულიწმიდაში.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ