XN1J7495

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეექვსე: ათონზე დაბრუნება

ბერის საუბრები და სიტყვის ძალა

როდესაც ჩვენი მოძღვარი საძმოს საქმეებზე ერში გადიოდა, მისი სულიერი შვილები დაჟინებით სთხოვდნენ, ერთად შეკრებილ მორწმუნეებთან ესაუბრა. მისი სიტყვა იმდენად აღაფრთოვანებდა მათ სულებს, რომ სთხოვდნენ უფრო დიდ დარბაზში და მეტი მსმენელის წინაშე ესაუბრა, რათა სხვებისთვისაც მოეტანა სარგებელი. თანაც, სთხოვდნენ, რომ საგანგებოდ გასულიყო ათონიდან. ბერი ამაზე არ თანხმდებოდა: როცა სთხოვდნენ, ყოველთვის საუბრობდა, მაგრამ ყოველთვის უბრალოდ, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე.

როდესაც გარემოება მოითხოვდა, და ამასთანავე, გრძნობდა, რომ ეს ღმერთის ნება იყო, თავის ამ წესს მაშინვე თმობდა და ადამიანების სულიერი სარგებლისთვის ნებისმიერ ადგილას მიდიოდა. ასე გაემგზავრა, მაგალითად, ავსტრალიაში, იქაური ბერძნების მოწვევით. თან ერთი ძმა გაიყოლა, რომელიც იქ იყო დაბადებული და მისი ოჯახიც იქ ცხოვრობდა, მათ შორის, მღვდელი ძმა. ბერი ბევრგან მიიწვიეს სასაუბროდ, ტაძრებში, დარბაზებში და მორწმუნეთა სახლებში.

აშკარა იყო, რომ ღმერთი გონებას უნათლებდა და შესაბამის სიტყვასაც აძლევდა. ღმრთისმეტყველება ბერის განსაკუთრებული ნიჭი იყო. ზოგჯერ ძილშიც კი ეხსნებოდა გონება „გულისხმისყოფად წერილთა”. ერთხელ ტრაპეზის დროს ასეთი რამ გაგვანდო: „წმინდა მამები, განსაკუთრებით კი, სულიერი ცხოვრების პროფესორი – ისააკ ასური, გვასწავლიან, რომ, როდესაც დღის განმავლობაში ადამიანის გონება ფხიზლობს და კარგი აზრებითაა დაკავებული, მაშინ ღამე ამ კეთილ საქმეს წმინდა ანგელოზები განაგრძობენ, რათა ის შემდგომი მოღვაწეობისთვის გაამხნეონ.

დღეს მესიზმრა, რომ ხალხის წინაშე ვიდექი. ისინი რაღაცას მეკითხებოდნენ უფლის განკაცებისა და კაცთა ხსნის საიდუმლოს შესახებ; როგორ აიღო ღმერთმა თავის თავზე ადამიანთა მოდგმის ცოდვები. ლაპარაკი რომ დავიწყე, გონება გამეხსნა და ღრმად ჩავწვდი ამ საიდუმლოს არსს და ავტირდი; როგორ ეცვა ჯვარს თვით სიყვარული, ჩვენი იესო, და როგორ აიღო თავის თავზე კაცობრიობის ცოდვები?! შინაგანი სიხარულით სავსეს გამომეღვიძა და ეს გრძნობა ამ წუთამდე გამომყვა.

კიდევ ღმერთის სამართლის შესახებ მკითხეს. მე კი მივუგე, არ ვიცი-მეთქი და ყველა გაკვირვებული დარჩა. მე ავუხსენი, რომ საღმრთო სამართალს ჩემ მიმართ ჯერ არ უმოქმედია. ასე რომ იყოს, საერთოდ აღარ უნდა ვარსებობდე, რადგან ღმერთის ნება არასდროს დამიცვია, არც რამე გამიკეთებია მისთვის სასურველი. შესაბამისად, მუდმივად ღმერთის მოწყალების სფეროში ვცხოვრობ. ერთი სიტყვით, საღმრთო სამართალს ჩემ მიმართ არ უმოქმედია და ამიტომაც არ ვიცი რა არის“[1].

1987 წლის ქრისტეშობა ახლოვდებოდა. ამ დროს ბერის გონება და გული სრულიად დატყვევებული იყო საღმრთო აზრებით. წმინდა სპირიდონის ხსენების დღეს გვითხრა: „ღმერთი-სიტყვის წარმოცალიერების საიდუმლო ადამიაანის გონებისთვის არა მარტო ამ ქვეყანაზეა მიუწვდომელი, არამედ – მომავალ ცხოვრებაშიც: როგორ გახდა ყოვლადწმინდა სამების ერთი პირი ადამიანი, როგორ შეიმოსა სრულყოფილი მორჩილის სახე… მამამ სათნო იჩინა, სიტყვამ ხორცი შეისხა, ხოლო სულიწმიდა ეკლესიის საქმეებს განაგებს – და ეს ყველაფერი – დაგლახაკებული ადამიანისთვის“[2].

როგორც ჩანს, ბერს მუდმივად ახსოვდა, რომ სულიწმიდა ასე უჩინრად და თავმდაბლურად ემსახურება ეკლესიას, და ამიტომ თვითონაც ასევე უჩინრად, სიმშვიდით, სიმდაბლით, სიყვარულითა და სხვა სახარებისეული სათნოებებით ემსახურებოდა საძმოს. მაგრამ ამას მხოლოდ გამოცდილი თვალი თუ შეამჩნევდა. ბერი სრულიად უანგაროდ, სიმდაბლით ცდილობდა ადამიანის სული მიეყვანა ქრისტესთან. ის თავის მოწაფეებში საღმრთო მოშურნეობას აღძრავდა, რათა ადამიანს თვითონ მიეტოვებინა თავისმოყვარება, ანგარება, „მე“, და რწმენითა და თავგანწირვით ღმერთის ნება განეხორციელებინა და საღმრთო მცნებები დაეცვა. ამგვარად შეძლებს ადამიანი, ღმერთის შვილების შეგრძნე ბა ჰქონდეს, სულიწმიდის მოქმედებას გაუგოს გემო. მაშინ ადამიანის სულს ღმერთისადმი სიყვარული მოიცავს, რომელსაც თან სდევს სიმდაბლისა და მადლიერების გრძნობა, რადგან „დაინთქა მოკუდავი იგი ცხორებისაგან“. ამ დიადი სულიერი საჩუქრისთვის ღმერთისადმი მადლიერება და დიდება ადამიანის მუდმივი საზრდელი ხდება, ხოლო საღმრთო სიყვარულის ცრემლები – მუდმივი თანამგზავრი.

ბერი აგრძელებს საუბარს: „თავისმოყვარება, ანგარება და მსგავსი ნებისმიერი სურვილი, თუნდაც პრაქტიკულ მხარეს ეხებოდეს, თუნდაც იდეოლოგიურს (ანუ ცოდნის სფეროს), ღმერთის მიმართ მკრეხელობაა. რატომ? რადგან ყველაფერს უფალი წარმართავს. ღმერთის სიტყვა ზრუნავს, ინახავს და აწესრიგებს ყველაფერს, ადამიანს კი ჰგონია, რომ რაღაცას წარმოადგენს და თავის „მეს“ წარმოაჩენს. მთავარია ადამიანმა ღმერთის ნება აღასრულოს. ვინც ჩასწვდა ამ აზრს, იგი მადლით უკვე ღმერთის შვილია“[3].

ღრმა სინანულის წყალობით, რომელსაც ბერი ყოველდღიურად განიცდიდა, შეიცნო, თუ როგორ უჩუმრად ემსა ხურება ყოვლისშემძლე სულიწმიდა საწყალობელ ადამიანს. თავისთვის არაფერს ითხოვს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ის სურს, რომ ადამიანს, რომელიც ვნებებისა და ცოდვების გამო ღმერთს განშორდა, სრულიად უსასყიდლოდ მიანიჭოს საღმრთო შვილობა. ამ საიდუმლოზე ფიქრი ბერს უფრო და უფრო მდაბალს და მადლიერს ხდიდა. ის ამბობდა: „ღმერთი მდაბლდება და გვემსახურება, ჩვენ კი რაღაცით ვამაყობთ!“


[1] სიტყვა სატრაპეზოში, ნეა სკიტი, 1984 წლის 19 ნოემბერი/2 დეკემბერი.

[2] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1987 წლის 12/25 დეკემბერი.

[3] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1987 წლის 12/25 დეკემბერი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com

Share