DSCF5457

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეექვსე: ათონზე დაბრუნება

ჯვარცმისა და აღდგომის განცდა

მოძღვარმა კარგად იცოდა, რა სირთულეებთან და განსაცდელებთან არის დაკავშირებული ადამიანის ვნებებისგან განწმენდა. ეს ღვაწლი დიდ შრომას და ბევრ დროს მოითხოვს და მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ბერი ამბობდა: „შეხედეთ, როგორ განაგებს ღმერთი ყველაფერს. მაგალითად აბრაამის ცხოვრება ავიღოთ. ჯერ ეუბნება, გამოდი შენი სამშობლოდან და იქ წადი, სადაც გიჩვენებო; სამოცი წლიდან მოყოლებული, ჰპირდებოდა, მემკვიდრეს მოგცემ და შენს შთამომავლებს ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით გავამრავლებო, მაგრამ ორმოცი წელი ითმინა და შვილი ასი წლის ასაკში შეეძინა. ხოლო როდესაც ჰკითხა, როდის აღსრულდება აღთქმაო, პასუხად მიიღო – ოთხასი წლის შემდეგო, ე.ი. ეგვიპტის მონობის შემდეგ თვითონაც რამდენი რამ გადახდა?! დევნეს, ცოლი ჰარემში ორჯერ ჩაუკეტეს და სხვა მრავალი“.

ბერი იოსები საღმრთო საიდუმლოებების დაუშრეტელი წყარო გახლდათ. ამიტომაც ერთ-ერთმა უცხოელმა მაღალჩინოსამა სტუმარმა ასეთი რამ თქვა: “უკანასკნელ წლებში ვატოპედში ჩემი ვიზიტები ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. დიდად გამამხნევა ბერ იოსებისა და სხვა მამების სიბრძნემ. მე მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი. ბევრი კითხვა მქონდა ადამიანის რაობასა და ღმერთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ. ვის აღარ ვკითხე, თითქმის ყველა მონაზონსა და რელიგიის წარმომადგენელს, მაგრამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ აქ მივიღე – ბერ იოსებთან საუბრებში“.

მოძღვარი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ „ქრისტიანის ცხოვრება მოწამეობაა, რადგან ყოველთვის უმიზეზოდ – იჩაგრება და იდევნება. ამასთანავე, უნდა სწამდეს, რომ ყველაფერი სამართლიანად მოსდის. არ უნდა იფიქროს, რომ სხვებს უთმენს ან იჩაგრება. უნდა სურდეს, რომ თვითონ მოკვდეს, რათა სხვები ცხონდნენ. შენ იმუშაო, სხვებ მადაისვენონ; შენ იტანჯო, სხვები კი განიკურნონ. ესაა სიმდაბლეცა და მცნებების სავსებაც, ანუ სიყვარული“[1].

ჩვენ მოწმენი ვიყავით იმისა, რომ ბერი ყოველდღიურად ცხოვრობდა სიმდაბლისა და სიყვარულის მოწამეობით. ცდილობდა, ყველაფერში უფლის ვნებების მიმბაძველი და მისი სიყვარულის მაძიებელი ყოფილიყო. ეს განსაკუთრებით საკუთარი ნების მოკვეთაში მჟღავნდებოდა. ბერისთვის მთავარი იყო ღმერთის ნების აღსრულება; მას არ აღელვებდა მოსალოდნელი საფრთხე, სირთულე ან ნებისმიერი შედეგი. ზოგჯერ, ადამიანური თვალ საზრისით, წარუმატებლობა შეემთხვეოდა ხოლმე, მაგრამ ბერს ეს არ აინტერესებდა. მოვლენებს ყოველთვის სულიერად უყურებდა და მუდამ მზად იყო ეტვირთა უფლისგან მოცემული ჯვარი, რაც მას აღდგომის სიხარულს ანიჭებდა. ასეთი სიხარულის საოცარი მაგალითი იყო მისი ღიმილი სიკვდილის შემდეგ.

1975 წელს, ერთ-ერთი წერილში ახსენებს იმ დროებით წარუმატებლობებს, რომლებიც ზოგჯერ სულიერ ადამიანებს თითქოსდა, შეემთხვევათ ხოლმე: „ადამიანი სიმდაბლით უნდა ეძებდეს ღმერთის ნებას, საკუთარი ნება კი გვერდზე გადადოს და არ შეეშინდეს იმისა, რომ ღმერთის ნების აღსრულებას რაიმე საფრთხე შეიძლება მოჰყვეს… პირველ რიგში, ღმერთის სასუფეველი ეძებეთო, ბრძანებს უფალი, ანუ საღმრთო მადლი, ღმერთის ნება. თვითონაც, როდესაც საფრთხეში აღმოჩნდა, სამჯერ სთხოვა მამას, აერიდებინა „სასუმელი“, მაგრამ სამივეჯერ მამის საღმრთო ნება არჩია და ერთი შეხედვით ადამიანური წარუმატებლობის შემდეგ, სიხარულით განაცხადა, რომ მას ცათა შინა და ქვეყანასა ზედა ყოველი ხელმწიფება მიეცა“[2].

ბერმა, თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობით და ღვთის მადლით, ვნებები სრულიად მოაკვდინა და ისეთ საზომს მიაღწია, რომ ვნებები ღმერთის შეურაცხყოფად მიაჩნდა. როდესაც აცნობიერებდა, თუ რა სავალალო მდგომარეობაში იმყოფება ვნებიანი ადამიანი და რამდენად სულგრძელია ღმერთი, მისი სული მუდმივი სინანულის, სულიერი გლოვისა და შემუსვრილების მდგომარეობაში იყო. ამის გამო ძალიან ხშირად ტიროდა, სახეზე კი სულიერი ნუგეშის ნათელი ეფინებოდა, თანახმად უფლის სიტყვისა: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულიქმნნენ”. ამიტომ არასოდეს გვინახავს, რომ ბერი ზიარების საიდუმლოს ღრმა სინანულის, საღმრთო სიყვარულისა და ცრემლთა მდინარის გარეშე მიახლებოდა.

 ბერი ხშირად გვეუბნებოდა, რომ ქრისტეს ხასიათის მთაავარი ნიშანი იყო სიმდაბლე. როდესაც მოციქულები იმის შესახებ მსჯელობდნენ, თუ ვინ იყო მათი მასწავლებელი, თავად ქრისტემ მათ ასე მიუგო: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“. სიყვარულის მთავარი თვისება არის სიმდაბლე. სიმდაბლეს ადამიანი საკუთარი ნების ღმერთის ნებისადმი დამორჩილებით იძენს. მონასტერში ღმერთის „საკანონმდებლო ორგანოს“ წინამძღვარი ან სულიერი მოძღვარი წარმოადგენს. მათდამი მორჩილება მონაზონს ღმერთისადმი მორჩილებად შეერაცხება. სულიერი ადამიანი საკუთარ ნებას ძმებსაც უქვემდებარებს, უფლის სიტყვების თანახმად: „ძე კაცისა: არა მოვიდა, რაითამცა იმ სახურა (მას ემსახურონ), არამედ მსახურებად“ და „მე ვარ შორის თქუენსა ვითარცა მსახური“. ბერი ამბობდა: „თავმდაბალი კაცის პირველი აზრი არის ის, რომ იგი არსებობს არა საკუთარი თავისთვის, არამედ ღმერთისა და მოყვასისთვის, ხოლო საკუთარ თავს ანგარიშს საერთოდ არ უწევს“[3].

ერთ-ერთ წერილში ბერმა ასეთი სიტყვები დაწერა: „ჩემო ალეკო, ჩემო ალეკო, ჩემო საყვარელო შვილო, ვინ შემაძლებინებს, რომ მე მოვკვდე და შენ გაცოცხლდე?! ჩემო შვილო, რატომ არ გინდა წამოდგე, რატომ დაკარგე შემართება? არაფერი არ მომხდარა. რაც შეგემთხვა, წინსვლისა და აღმასვლის დასაწყისია. პირადი გამოცდილებისა და ცოდნის შეძენა საღმრთო მადლის ტოლფასია, და იმავდროულად, წყაროც. როდესაც დიდი ხანი მშვიდობა სუფევს, ან ჩვენ თვითონ ვართ უმოქმედოდ, სულიერი ქარიშხალი ამოვარდება, ისევე, როგორც ტაიფუნის წინ მშვიდდება ხოლმე ზღვა. მხოლოდ ასე შევიმეცნებთ ადამიანური ბუნების სისუსტესა და არარაობას. როდესაც ყველაფერი კარგადაა, სიმდაბლეზე მხოლოდ თეორიულად ვმსჯელობთ და გვგონია, რომ ჩვენც თავმდაბლები ვართ.

ეს სათნოება კი ძალიან ძვირი ღირს და მხოლოდ შემაძრწუნებელი განსაცდელებითა და მძიმე ჯვრის ტვირთვის შედეგად მიეცემა მსურველებს. ფრთხილად იყავი, მხნეობა არ დაკარგო, არ გეგონოს, რომ შენ ხარ დამნაშავე. არა, ჩემო საყვარელო შვილო, არა და არა. ასეთია ცხოვრება. მადლი აუცილებლად, თანაც მალე გამოეხმაურება ჩვენს თხოვნას და ღმერთი დროულად მოგვივლენს წყალობას. დაივიწყე რაც მოხდა. მხოლოდ ის გაკვეთილი ისწავლე, რომ ყველა სიკეთე დიდი შრომით მოიპოვება. გულისსიტყვებს ნუ შეიწყნარებ, უფრო სწორედ კი, ნუ დაუშვებ, რომ ლოცვის დროს გონების თვალი დაგიბინდონ და წინსვლაში დაგაბრკოლონ. არ წაგიკითხავს ბაბუას „საყვირის“ განმარტებაში რას ვწერ მადლის განშორების შესახებ?[4]

ზოგჯერ თავად საღმრთო მადლი აფერხებს ხოლმე მოღვაწეს, რათა ბრძოლისთვის წააქეზოს და ეს მცდელობა წინსვლის მიზეზად ექცეს; სულ წინსვლას არ ვითხოვთ ღმერთისგან? განძლიერდი, საყვარელო შვილო, განმტკიცდი და მტერს ზურგს ნუ შეაქცევ. ძლიერია უფალი და დაგეხმარება, რომ მადიამი ერთი კაცივით შემუსრო”[5].

ნეა სკიტში ტრაპეზზე ყოველთვის უხვი სულიერი საზრდო გვქონდა. 1984 წლის 18 ნოემბერს/1 დეკემბერს ბერმა შემდეგი რამ გვითხრა: „ხვალ ერთი „მცირე“ წინასწარმეტყველის, ამოსის ხსენება აღინიშნება. ამბობენ, რომ ის ერთ-ერთი იმ ორმოცდაათისთავთაგანი იყო, რომლებიც მეფე აქაბმა წინასწარმეტყველ ილიასთან გაგზავნა. ამოსი ღმრთისმოშიში კაცი იყო და სთხოვა ილიას, ისევე არ  მოეკლა, როგორც მანამდე ორი ორმოცდაათისთავი მოკლა. ერთი სიტყვით, როდესაც მას ჰკითხეს, წინასწარმეტყველი იყო თუ არა, უპასუხა: „მწყემსი ვარ და ლეღვის ხეს ვბერტყავდი, რათა [ჩემი] ცხვრებისთვის მეჭმია“ მართლაც საკვირველია ღმერთის მონების თავმდაბლობა: იმ დროს, როცა ღმერთის სული მათ მიერ ბრძანებდა, ამასა და ამას ამბობს უფალიო, ამოსი თავის პირველ პროფესიას არ ივიწყებდა და ამბობდა, მწყემსი ვარო.

ხვალ მოწამე ვარლაამის ხსენებაცაა. ის ერთი უბრალო, რომ იტყვიან, უბირი მოხუცი იყო, რომელიც ნორმალურად ორ სიტყვასაც ვერ აბამდა ერთმანეთს. სწორედ მას მიუძღვნა ბასილი დიდმა ერთი საოცარი საქებარი სიტყვა. როდესაც იგი შეიპყრეს, უთხრეს კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მან კი უარი თქვა. ერთადერთი, რისი თქმაც იცოდა, იყო: „მრწამს ქრისტესი“. მაშინ უთხრეს: „ხელში გავარვარებულ ნაკვერჩხალს ჩაგიდებთ, ხელს კი კერპების წინ გაშლი. თუ ხელს გადმოაბრუნებ, ნაკვერჩხალი და საკმეველი კერპების წინ დაეცემა და ჩაითვლება, რომ მათ მსხვერპლი შესწირე“. ბაბუამაც დაუჯერა და ხელი გაშალა. არ უარვყოფო – თქვა და არჩია ხელი დასწვოდა. მართლაც, ნაკვერჩხალმა ისე დასწვა, რომ ხელისგული გაუხვრიტა და ძირს დაცვივდა, მან კი ხელი არ გადმოაბრუნა.

რას გვასწავლის ეს ამბავი? მიღებული გადაწყვეტილე ბის ერთგულებასა და ხასიათის სიმტკიცეს, რადგან ამათ გარეშე წინსვლა არ არსებობს. ეს განსაკუთრებით მონა ზონს ეხება. მონასტერში ყველაფერი განსაზღვრულია და ყველაფერი ზედმიწევნითი სიზუსტით უნდა შესრულდეს. თუ ასე არ მოვიქცევით, ადგილიდან ვერ დავიძვრებით. აი, ეს არის ქრისტიანი: გმირობა, მტკიცე გადაწყვეტილება, გარეგნულ განსაცდელებში ვაჟკაცური გამძლეობა. ამავე დროს, ძალიან თავმდაბლურად უნდა ვფიქრობდეთ, ისე, რომ ყველა ადამიანზე უკანასკნელად მიგვაჩნდეს თავი.

მათი შემხედვარე, ვინ გაიბერება ამპარტავნებით და ვინ ასწევს ცხვირს? ვინ დარჩება დაუმდაბლებელი იმის გამო, რომ ორი წიგნით მეტი წაუკითხავს ან იმით, რომ მის მშობლებს სხვებზე ორიოდე პურის ნატეხით მეტი აქვთ? „ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ“. ასეთი ხასიათის სიმტკიცე უფლის ძალით ყველა ჩვენგანს შეუძლია შეიძინოს, რადგან „უფროს არს, რომელი ჩუენ შორის არს, ვიდრე-ღა რომელი-იგი სოფლისაგან“. ამის გარდა უფალმა თვითონ გვითხრა: „აჰა მიგცემ თქუენ ხელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიანკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა”. ღმერთი ამ ძალას ყველა მთხოვნელს აძლევს იმისთვის, რომ ჩვენმა კეთილმა ნებამ ხორცი შეისხას და გოლგოთაზე უფლის სისხლიან ნაკვალევს ავყვეთ – გოლგოთის გარეშე კი აღდგომა არ არსებობს. „უკუეთუ მის თანა მოვსწყდეთ, მის თანაცა ვცხონდეთ“. ამგვარად, ასეთი შემართებით გავაგრძელოთ, ასეთი მაგალითების მიბაძვით. ამინ”.


[1] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 1988 წლის 8/21 ნოემბერი.

[2] წერილი ანდრეას (ამჟამად ლიმასოლელ მიტროპოლიტს), ათონი, 1975 წლის ყველიერის კვირა.

[3] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1984 წელი.

[4] „ბაბუას“ წმინდა იოსებ ისიქასტს უწოდებს, ხოლო „საყვირში“ ამ უკანასკნელის წიგნს „ათხმოვანი საყვირი“ გულისხმობს, რომლის გან მარტებაც დიდი ბერის ბიოგრაფიას დაურთო.

[5] წერილი ალეკო ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1987 წლის 22 იანვარი/4 თებერვალი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com

Share