პაისი ათონელი scaled

წმინდა პაისი ათონელი – თავის ბრალობის შესახებ

ის, ვინც სწორ სულიერ სამუშაოს ასრულებს საკუთარ თავთან მიმართებაში, დანაშაულის შემამსუბუქებელ მდგომარეობას ყველასთვის პოულობს, ყველას ამართლებს, მაშინ როდესაც საკუთარ თავს მაშინაც კი ვერ ამართლებს, როდესაც მართალია. ის ყოველთვის საკუთარ თავს უწოდებს დამნაშავეს, რამდენადაც თვლის, რომ ვერ იყენებს იმ ხელსაყრელ შემთხვევებს, რომელიც მას ეძლევა. მაგალითად, როდესაც ასეთი ადამიანი ხედავს, რომ ვიღაც ქურდობს, იგი ფიქრობს, რომ თუკი თავად ასცდებოდა გზას, უარესად იქურდებდა: “ღმერთი დამეხმარა, მე კი მისი საჩუქარი საკუთარ თავს მივაწერე, ეს ქურდობა იმაზე უარესია, რომელიც ჩემმა მოყვასმა ჩაიდინა, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მისი ქურდობა შესამჩნევია, ჩემი კი – დაფარული”. ამგვარად, ადამიანი მკაცრად განსჯის საკუთარ თავს, სხვათა მიმართ კი შემწყნარებელია. ანდა, როდესაც მოყვასში რაიმე დიდ ან მცირე ნკლს შეამჩნევს, ასეთი ადამიანი კეთილ ზრახვებს აამუშავებს და ამართლებს მას. ფიქრობს, რომ თავადაც ბევრი ნაკლი აქვს, რომელსაც სხვები ამჩნევენ. თუ შევეცდებით, საკუთარ თავში უამრავ ასეთ ნაკლს ვიპოვით და მაშინ მოყვასის გამართლება ძალიან ადვილი საქმე იქნება. “ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ”, უფალო.

ჩვენი ეპოქის უსაშინლესი ავადმყოფობა ერის ადამიანების ქაოსური ზრახვებია. მათთან, რასაც მოინდომებ, ყველაფერს იპოვი, გარდა – კეთილი ზრახვებისა. სწორედ იმიტომ იტანჯებიან, რომ მოვლენებთან სულიერი მიდგომა არ შეუძლიათ. მაგალითად, ადამიანი სადღაც მიდის მანქანით: გზაში ძრავა ახმაურდება და იგი დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას მცირე დაყოვნებს. კეთილი ზრახვა რომ ქონდეს, დაგვიანებული იტყოდა: “ჩანს სახიერმა ღმერთმა შემთხვევით არ დამაყოვნა. ვინ იცის: იქნებ ეს დაყოვნება რომ არა, ავარია შემემთხვეოდა. ღმერთო მადლობა როგორ გადაგიხადო იმისათვის, რომ მიხსენი?!” და ეს ადამიანი ღმერთს ადიდებს. ხოლო იგი, ვისაც კეთილი ზრახვები არ აქვს, მომხდარს სულიერად ვერ მიუდგება და ღმერთის დადანაშაულებასა და გმობას დაიწყებს: “ეს რა უიღბლობაა, ადრე მისვლის მაგიერ დავაგვიანე! ყველაფერი უკუღმაა! აბა, ღმერთს სამართალი აქვს?!”

მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა პაისი ათონელის პორტრეტი