მამა ეფრემი scaled

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – თუ ადამიანის გული განიწმინდება, ის ღმერთს იხილავს

უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე.
ადამიანის გული ზებუნებრივ, ბუნებრივ და ბუნების საწინააღმდეგო მოძრაობათა ცენტრია. ყველაფერი გულიდან იღებს სათავეს და თუ ადამიანის გული განიწმინდება, ის ღმერთს იხილავს. მაგრამ როგორ ვიხილავთ ღმერთს? განა ღმერთი ანთროპომორფულია? ადამიანის სახე აქვს? არა! ღმერთი უხილავია, ის სულია, მაგრამ შეუძლია გამეფდეს ადამიანის გულში, როცა ის გახდება ჭურჭელი, რომელიც მის დატევნას შეძლებს.

იმისათვის, რომ ღმერთი დაიტიოს ადამიანის გულმა, ის უწმინდური გულისსიტყვებისგან უნდა განიწმინდოს. გული რომ განიწმინდოს, მასში წამალმა უნდა შეაღწიოს. ეს წამალი კი ლოცვაა. მეფე სადაც მიდის, იქიდან მისი მტრები იდევნებიან. როცა ქრისტე, მისი წმინდა სახელი გულში შედის, იქიდან ეშმაკთა რაზმებს გამოაძევებს.

როცა ქრისტე ნამდვილად დამკვიდრდება გულში, ყველაფერი მას დაემორჩილება, როგორც მეფეს, რომელიც სახელმწიფოს დაიპყრობს და დედაქალაქში აღსაყდრდება. მაშინ ის თავისი ჯარით ყველა მეამბოხეს დაიმორჩილებს, ესე იგი, განდევნის მტრებს, შინაგანი მღელვარებისგან დააწყნარებს სახელმწიფოს და მშვიდობა დამყარდება. მეფე საყდარზეა დაბრძანებული და ხედავს, რომ ყველა მისი ქვეშევრდომია და ყველა მას ემორჩილება. მას უხარია და მხიარულობს, რადგან ხედავს, რომ ბრძოლა და შრომა დამთავრდა, რამაც ყველა მას დაუმორჩილა და მშვიდობა და წარმატება მოუტანა.

იგივე ხდება ჩვენი გულის სახელმწიფოშიც, სადაც მრავალი მტერია, ამბოხებები, გულისსიტყვები, ვნებები, უძლურებები ქარიშხალები და შფოთია. ეს ყველაფერი ადამიანის გულშია. გულის სახელმწიფოს დასაწყნარებლად და დასამორჩილებლად ქრისტეს – მეფის და მისი ჯარის მოსვლაა საჭირო. რომ დაიპყროს ის, განდევნოს მტერი – ეშმაკი, ჩააცხროს ვნებებისა და უძლურების ყოველგვარი შფოთი და გამეფდეს, როგორც ყოვლისმპყრობელი იმპერატორი. ამ მდგომარეობას წმინდა მამების თანახმად გულის დაყუდება ეწოდება. ამ დროს გულში განუწყვეტელი ლოცვა მეფობს, რაც მის სიწმინდესა და სიმშვიდეს წარმოშობს.

წიგნიდან ”მამობრივი დარიგებანი”

მთავარი ფოტო: მამა ეფრემ არიზონელის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)