UTA 9549

ბოროტებასთან ბრძოლის ორი უმთავრესი იარაღი – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

,,ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა’’(მკ.9:29).

აი, ახალი დანიშნულება მარხვისა! ჩვენს მარხვას მხოლოდ მაშინ აკურთხებს ქრისტე, როცა მას მოწყალების სათნოება ახლავს თან; ამ ღვაწლის წილ ზეციურ საზღაურს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ ის დაცლილი იქნება ყოველგვარი ფარისევლობისა და ამპარტავნებისგან; მარხვა მხოლოდ მაშინ მოქმედებს ჩვენთვის სასარგებლოდ, როცა მას მეორე დიდებული სათნოება – გონებისმიერი ლოცვა ჰყავს თანამგზავრად. როგორ მოქმედებს? ის არამხოლოდ ხორციელ ვნებებს აკვდინებს, არამედ დაცემულ სულებთან ბრძოლაში შედის და იმარჯვებს კიდეც. როგორ თანაშეეწევა სულიერ ბრძოლაში მარხვა(რომელიც თავის მხრივ, ხორციელი ღვაწლია) ლოცვას? მარხვა ჩვენს სულზე კეთილად მოქმედებს და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ის დაცემულ სულთა წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება. მარხვით მოთოკილი ხორცი ადამიანის სულს თავისუფლებას, ძალას, სიფხიზლეს და სიწმინდეს ანიჭებს. მხოლოდ ამ მდგომარეობაში მყოფ სულს შეუძლია უხილავ მტერთან შერკინება. ,,ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძა და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვა ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს’’(ფს.34:13). მარხვა გონებას სიფხიზლეს ანიჭებს. იესუს ლოცვა კი მისი(გონების) იარაღია, რომლითაც ის უხილავ მტერს უკუაგდებს. მარხვა ამდაბლებს ადამიანის გულს და გაქვავებისა და გადამეტებული სიმაძღრისგან მომდინარე უგრძნობელობისგან ათავისუფლებს მას. ამ დროს, ამგვარად მმარხველის ლოცვა განსაკუთრებით ძლიერი ხდება და ის ზედაპირულად კი არ წარმოითქმება, არამედ გულის სიღრმიდან პირდაპირ ქრისტესკენ აღიწევა.

ბოროტების ბნელმა სულებმა ორი უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს. პირველი გახდა მიზეზი, მათი ანგელოზთა დასიდან მოკვეთისა; ხოლო მეორე კი – მათი განდევნილობის შეუქცევადობისა. სიამაყით დაბნელებულმა ბოროტების მთავარმა ღმერთის თანასწორობა მოინდომა. ამ მიზეზით შემოქმედს განუდგა და ზეციდან განდევნილი, ცისვქეშეთში აღმოჩნა, სადაც ახალშექმნილი ადამიანის ნეტარების შემყურე შურით აღივსო და ღმრთის ხატად შექმნილი ადამი სიცრუის მიერ შემოქმედს განაშორა. ამ უკანასკნელმა ბოროტმოქმედებამ საბოლოოდ გადაწყვიტა დაცემულ სულთა მარადიული ხვედრი. ამ ქმედებით დაბეჭდეს თავიანთი ბოროტება და შედეგად, მათ სრულიად განშორდა საღმრთო მადლი; ისინი საკუთარი თავის, ბოროტებისა და მათ მიერვე დათესილი და შობილი ცოდვის ერთგულნი არიან. ამ მდგომარეობით განმსჭვალეს მთელი თავიანთი არსება. მას შემდეგ, დაცემული ანგელოზისთვის სრულიად უცხოა ყოველგვარი კეთილი აზრი და შეგრძნება. ის მთელი არსებით ჩაძირულია ბოროტებაში,  სწურია ის და შესაბამისად, იგია სათავე ყოველგვარი უკეთურებისა. დაუოკებელი წყურვილით აღძრული, ყველა საშუალებით ცდილობს ბოროტებით გაძღომას, მაგრამ არ გამოსდის. რაც არ უნდა დიდი ბოროტება ჩაიდინოს, ამ თავის მოუთმენელ წყურვილთან შედარებით, ის მაინც არაფრად მიაჩნია და კიდევ მეტი უკეთურების ჩადენისკენ ისწრაფვის. უბწყინვალეს, ნათელმოსილ ანგელოზად შექმნილი, დედამიწის ყველა პირუტყვზე უქვემოეს აღმოჩნდა. ადამის ცდუნების შემდეგ, ღმერთმა უთხრა: ,,რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე’’(დაბ.3:14). დაცემული, უხორცო სული მხოლოდ და მხოლოდ ვნებისმიერი სურვილებით აღიძვრება და მათში ჰპოვებს თავის საუნჯესა და ცხოვრების საზრისს. ამ მდგომარეობაში მყოფი, სრულიად უცხოვდება ყოველგვარი სულიერი საქმიანობისადმი; ცოდვისმიერი მიდრეკილებები სრულიად მოიცავენ მას და უწინ ანგელოზი, უკვე ყველა პირუტყვზე უარესი ხდება. ცხოველები თავიანთი ბუნების კანონებს ემორჩილებიან, დაცემული სული კი თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ეს არის ყოვლად უპატიო და დამამცირებელი მდგომარეობა. მას არც სურს და არც შეუძლია ბუნებისეულად მოქმედება, პირიქით, ის მოუკლებლად ბოროტებისთვის იყენებს მას. მარხვის მიერ ჩვენი სული ხორცის ბატონობისგან თავისუფლდება და შესაბამისად, დაცემული ანგელოზიც ძალას ჰკარგავს ჩვენზე. მიეახლება რა მმარხველ ადამიანს, მასში ვეღარ ხედავს უწინდელ საყრდენს, რომელიც მას ასე ძალიან სჭირდება და სწყურია. მას უკვე აღარც ჩვენი სისხლის ადუღება შეუძლია და აღარც მარხვით მოთოკილი სხეულის აღძვრა ძალუძს. ბოროტს აღარ ემორჩილება ჩვენი გონება და გული, რომლებმაც მარხვის მიერ განსაკუთრებული სულიერი სიფხიზლე შეიძინეს. ხედავს რა წინააღმდეგობას, ამაყი დაცემული სული უკან იხევს, რადგან ვერ იტანს, როცა მას მამაცურად ებრძვიან. მას მყისიერი თანხმობა და მორჩილება უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ მიწიერით იკვებება, ღმერთის თანასწორობის სურვილი მაინც არ დაუკარგავს და ამიტომაც მუდამ თაყვანისმცემლებს ეძებს.

მან გაბედა, ძე ღმერთი მაღალ მთაზე აიყვანა და ,,უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი გამოხატვითა ჟამთაჲთა’’, მთელ მსოფლიოზე ხელმწიფების ძალაუფლება აღუთქვა და სანაცვლოდ თაყვანისცემა მოსთხოვა(ლკ.4:5-8); ის დღემდე აგრძელებს ქრისტეს მიმდევართა ცდუნებას. მათ ოცნებებში ამქვეყნიურ სიკეთეებს ყველაზე მომხიბვლელი ფორმებითა და ფერებით ხატავს, რათა როგორმე მოტყუებით თავისკენ მიიდრიკოს და თავის თაყვანისმცემლად აქციოს.

,,დაემორჩილენით ღმერთსა და წინა-აღუდეგით ეშმაკსა, და ივლტოდის თქუენგან’’(იაკ.4:7) – ამბობს წმინდა მოციქული იაკობი. ხოლო პავლემ თქვა: ,,ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად’’(ეფ.6:16). ამიტომაც, რწმენის ძალით, ჩვენი გონების თვალი მარადისობისა და გამოუთქმელი ნეტარების წყაროსკენ – ქრისტესკენ მივმართოთ. ამგვარ ჭვრეტას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა ჩვენი სხეული მარხვის მიერ იქნება მოწესრიგებული. ამ მდგომარეობაში შობილი წმინდა ლოცვით კი ქრისტეს შევუერთდებით და ჩვენზე აღსრულდება პავლე მოციქულის სიტყვები: ,,რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს’’(1.კორ.6:17). წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: ,,ზეციური განაჩენის შესაბამისად, დასაბამიერი გველი მუდამ მიწაზე ხოხავს. თუ მისი შხამიანი გესლისგან განრიდება გსურს, მაშინ გონებით და გულით მოუკლებლად ამაღლდი მიწიდან’’. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ მასთან შებრძოლებას და ისიც, სიამაყის გამო ვერ იტანს რა წინააღმდეგობას, აუცილებლად განგეშორება.

ისინი, ვინც ყველაფერს ზედაპირულად უყურებენ და მთელ თავიანთ მიწიერ ცხოვრებას მსხვერპლად ცოდვისმიერ სიტკბოებებს სწირავენ, ალბათ იკითხავენ: სად არიან უწმინდური სულით შეპყრობილნი? სად არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ სახარებისეული ჭაბუკის მსგავსად დემონისგან იტანჯებიან? ჰგონიათ, რომ ასეთნი ან არ არსებობენ, ანდაც ძალიან ცოტანი არიან. წმინდა მამები სხვაგვარად გვასწავლიან. საკუთარი ნებით დემონის ზეგავლენას დამორჩილებული და ჭეშმარიტების ნაცვლად, მომაკვდინებელი სიცრუის მიმღებელი სულიც ისევე იტანჯება, როგორც სახარების თანახმად, ამ ჭაბუკის სხეული იტანჯებოდა. ამ მომაკვდინებელ სიცრუეს ეშმაკი მოუკლებლად გვაწვეთებს, რათა დაგვღუპოს და თითქოსდა ჭეშმარიტებას ამოფარებული, კიდევ უფრო დიდ და საშინელ ბოროტებას გვიმზადებს. წმინდა მოციქული პეტრე გვაფრთხილებს: ,,განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა’’(1.პეტ.5:8-9). რა საშუალებებით მოქმედებს ჩვენზე დაცემული ანგელოზი? პირველ რიგში, ცოდვისმიერი ოცნებებითა და გულისსიტყვებით. ეშმაკი გაურბის მათ, ვინც მასთან ბრძოლას გაბედავს, ხოლო ვისაც გამოცდილებით ჯერ არ შეუცვნია მისი მოქმედების სივერაგე, არამედ იწყნარებს და ესაუბრება კიდეც მისგან მომდინარე გულისსიტყვებს, მათ აწამებს, არყევს და ღუპავს. რადგანაც ის მიწაზე მუცლით ხოხავს და არანაირი სულიერი ზრახვა არ გააჩნია, წარმოსახვაში ფერწერულად გვიხატავს ამ წარმავალი სამყაროს მშვენიერებებს, სიტკბოებებსა და სიკეთეებს, მათ მიერ ჩვენს სულთან დიალოგში შედის და აუხდენელი ოცნებების განხორციელებისკენ გვიბიძგებს. გვთავაზობს მიწიერ დიდებას, სიმდიდრეს, სიმაძღრეს და ხორციელი უწმინდურობებით დატკბობას, რომლის მშობელიც თავადაა. წმინდა ბასილი დიდის თანახმად, რადგანაც იგი უხორცო სულია, ის ჩვენი სხეულის მიერ შეიგრძნობს ამ ცოდვისმიერ ტკბობას. ის ამ ყველაფერს ოცნებებში გვთავაზობს და ამავდროულად, მათი აღსრულების უკანონო გზებისკენ მიგვითითებს. ჩვენში ნერგავს მწუხარებას, მოწყენილობასა და სასოწარკვეთილებას; მოკლედ რომ ვთქვათ, ის დაუძინებლად ზრუნავს ჩვენი დაღუპვისთვის და აშკარა, ანდაც სიკეთით შეფუთული ცოდვით ცდილობს ჩვენს ცდუნებას. წმინდა იოანე ღმრთისმეტყველი ამბობს: ,,ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელსა და ესე არს ძლევაჲ, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოებაჲ ჩუენი’’(1.ინ.5:4). ცოცხალი რწმენა ამასოფლის სულსა და დაცემულ ანგელოზებზე გამარჯვების იარაღია. ის, ვინც რწმენის თვალით უმზერს ქრისტეს და მარადიულ სიცოცხლეს, განა ამ სამყაროს წარმავალი და ხანმოკლე სიკეთეების მიმართ გულგრილი არ გახდება? იესუ ქრისტეს ჭეშმარიტ მოწაფეთაგან, რომელი მოისურვებს მისი ყოვლადწმიდა მცნებების გათელვას და ცოდვისმიერ სიტკბოებებში დანთქმას, რაც გემოსხილვამდე მიმზიდველი ჩანს, ხოლო შემდეგ კი მწარე და მომაკვდინებელი აღმოჩნდება ხოლმე? ქრისტეს მოწაფის წინააღმდეგ, განა რა ძალა ექნება ამ სამყაროს სიტკბოებათა და სიკეთეთა გამოსახულებას? ან თუნდაც რა ძალა ექნებათ ამქვეყნიურ უბედურებებს, როდესაც ადამიანის გულში მარადიული სიცოცხლე მკვიდრობს, რომლის წინაშეც ყოველგვარი მიწიერი მშვენიერება არარაობად წარმოჩინდება? წმინდა იოანე ღმრთისმეტყველი ქრისტეს ჭეშმარიტ შვილებს ამ სიტყვებით ესალმება: ,,მივსწერ თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ გიძლევიეს ბოროტისადა’’(1.ინ.2:13). ჭაბუკებს აქ საღმრთო მადლით განახლებულ ქრისტიანებს უწოდებს. როდესაც ქრისტეს მსახური ბოროტ სულებთან მუდმივ და მამაცურ ბრძოლას აწარმოებს, მის გულში საღმრთო მადლი შედის და გამარჯვებას ანიჭებს. მაშინ ,,განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი’’(ფს.102:5). შემოქმედის მიერ, სწორედ ასეთი უბერებელი სიჭაბუკით იყო შემკული ადამიანი, რომელმაც ეს მდგომარეობა, საკუთარი ნებით, უკურნებელ სიბერეზე გაცვალა.

,,ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა. რამეთუ ყოველივე სოფელსა შინა ესე არს გულის თქუმაჲ ჴორცთაჲ და გულის თქუმაჲ თუალთაჲ და სილაღე ამის ცხორებისაჲ. და ესე არა არს მამისაგან, არამედ სოფლისაგანი არს. და სოფელი ესე წარჴდეს და გულის თქუმაჲ მისი, ხოლო რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, იგი ეგოს უკუნისამდე’’(1.ინ.2-15-17)

საყვარელო ძმებო! ჩვენ რატომ ვთქვათ უარი ამასოფლისა და მისი ბატონის ძლევაზე? ის ხომ ჩვენნაირი უძლურებებით აღსავსე და ჩვენნაირი ხორცის მქონე ადამიანებმა დაამარცხეს? ვინ იყვნენ ამასოფლის დამმარცხებელნი? არამხოლოდ სიმამაცით შემკული მამაკაცები, არამედ დასუსტებული მოხუცები, დედაკაცები და პატარა ბავშვებიც კი; მათ გაიმარჯვეს და ამით თავის გასამართლებელი აღარ დაგვიტოვეს. მათ წინაშეც იგივე საცდურებით აღსავსე სამყარო იდგა; მათ მოკვდინებსაც ცდილობდა მთელი ძალებით უხილავი გველი. თუმცა, მათი გული და გონება ზეცაში იმყოფებოდა! იცავდნენ რა მარხვით სხეულს, მათ შეამცირეს და შეაჩერეს ვნებისმიერი სიტკბოებებისკენ მიდრეკილება! მარხვის წყალობით, საკუთარ სულს მოუკლებელ სიფხიზლესა და მღვიძარებაში მყოფობის საშუალება მისცეს, რითიც ისინი ეშმაკის მრავალრიცხოვან ხაფანგებს ხედავდნენ! მარხვით ხორცი შეიმსუბუქეს და ამით მოუკლებელი ლოცვისა და ქრისტესთან ერთობის საშუალება შეიძინეს. ლოცვის მიერ მიღებული საღმრთო შეწევნით, მათში გაცოცხლდა რწმენა, რომლის მიერაც მთელ სამყაროზე და დემონურ სულებზე სრული გამარჯვება მოიპოვეს! წმინდა იოანე ღმრთისმეტყველი მიგვანიშნებს, რომ რწმენა ლოცვით მოიპოვება: ,,ისეთი კადნიერნი ვართ მის მიმართ, რომ, თუ ისე ვთხოვთ რამეს, როგორც მას ნებავს, კიდევაც გვისმენს. და რაკი ვიცით, რომ რაც უნდა ვთხოვოთ, შეისმენს ჩვენსას, ისიც ვიცით, რომ გვექნება ყველაფერი, რაც ვთხოვეთ’’(1.ინ. 5:14-15). პავლე მოციქულის თანახმად, ამგვარი რწმენის მქონე მართალნი, უხილავი ღმერთის მხილველნი ხდებიან(ებრ.11:27). ხოლო როცა ადამიანი ღმერთს ხედვავს, ბუნებრივია, რომ მისთვის მთელი სამყარო ფერმკრთალდება! ასეთი ადამიანისთვის ეს სამყარო არარსებულივითაა და სწორედ ამიტომ, სოფლისმპყრობელი ეშმაკი მასში დასაყრდენს ვეღარ პოულობს. სიფხიზლისკენ მოწოდების შემდეგ, პეტრე მოციქული გვასწავლის: ,,წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით’’(1.პეტ.5:9). როგორი რწმენაა ეს? ეს არის ცოცხალი, მტკიცე და მადლისმიერი რწმენა, რომელიც მხოლოდ იმ მოღვაწეში მკვიდრობს, რომელიც მიმტევებლობით, მოწყალებითა და სიმდაბლით განემზადა ბოროტ სულებთან მამაცური შერკინებისთვის და საბრძოლველად გამოსულმა, მარხვისა და ლოცვის იარაღი აისხა. ამინ.

წყარო: http://bible.optina.ru/

Share