იოსებ ისიხასტი

წმინდა იოსებ ისიქასტი – აიძულე თავი და არ შეწყვიტო ლოცვა

დღეს, ჩემო დაო, ისე არ არის, როგორც ძველ დროში, რომელსაც შენ გონებით უბრუნდები. დღევანდელი მდგომარეობა მრავალთათვის გარკვეული გარეგნული მოწყობით შემოიფარგლა. ამის იქით არ არსებობს ზრუნვა და წუხილი სულის შინაგან მოწყობაზე, სადაც, რამდენადაც ამას ჩვენი მიწიერი ბუნება დაიტევს, თავმოყრილია ყველაფერი, სადაც ნივთიერი უნივთოს, ადამიანი ღმერთს უერთდება. ეს მშვენიერია და ძალიან კარგი, მაგრამ ყველანი გავურბივართ, ყველანი ზურგს ვაქცევთ, რადგან ღვაწლია საჭირო. ადამიანის გონებაც იზაფრება ამის გაგებისთანავე.

დღესაც, თუკი ვინმე მადლზე, შინაგანი ადამიანის განწმენდაზე წამოიწყებს საუბარს, მაცდურად მიიჩნევენ, მაშინვე გაიგონებ: ”ის ხიბლშია”. ადამიანის გონებიდან სრულიად გაქრა აზრი, მთელი მცდელობა ჭურჭლის შიგთავსისკენ უნდა იყოს მიმართული, როგორც უფალი გვასწავლის.

იმისთვის, რომ შინაგანი ადამიანი განვითარდეს, ვნებებისგან სიმშვიდე მოიპოვო და გაიფურჩქნოს შენი სათნო მუშაკობის ყვავილი, ყველაფერს, უწყვეტი, მუდმივი გონიერი ლოცვა უნდა ახლდეს თან. მუშაობის დროს განუწყვეტლივ უნდა ამბობდე იესუს ლოცვას ბაგით ან გონებით. მაშინ გონება ვერ ასწრებს გაბნეულობის გულისსიტყვების ჩამოყალიბებას. დროთა განმავლობაში ლოცვის მადლით იწმინდება, აღარ კმაყოფილდება მაცდური მოგონებებით და უქმად დარჩენაც არ უნდა. არამედ უფლის სახელის გახსენებით აღენთება სიყვარულით ქრისტეს მიმართ. ასე, რომ გულმოდგინედ ისწავლე, შვილო, ეს ღმრთაებრივი საიდუმლო საქმე და შენი სული სხეულის დატოვებამდე სამოთხედ იქცევა.

შენც ეცადე, განუწყვეტლივ ილოცო და ქრისტე – სიხარული, მშვიდობა, სიყვარული, სინათლე – შემოვა შენში. აიძულე თავი და არ შეწყვიტო ლოცვა. თავიდან ამას შრომა სჭირდება, მაგრამ წლები რომ გავა, ლოცვა თავისთავად აჟღერდება შენში. ის გამუდმებით განწმენდეს ადამიანს ყველა ვნებისაგან.

გამოკრებილია წმინდა ოსებ ისიქასტის წიგნიდან: ”მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა”

მთავარი ფოტო: წმინდა იოსებ ისიქასტის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)