როგორც სახარებაშია ნათქვამი, უფლის ამაღლების შემდეგ მოციქულები დიდი სიხარულით აღვსებულნი დაბრუნდნენ (ლკ.24:52). უფალმა იცის, როგორი სიხარული მიანიჭა მათ და როგორ უხაროდა მათ სულებს.
პირველი სიხარული ის იყო, რომ მათ ჭეშმარიტი უფალი იესუ ქრისტე შეიცნეს.
მეორე სიხარული – რომ მათ უფალი შეიყვარეს.
მესამე – რომ მათ მარადიული ზეციური ცხოვრება შეიცნეს.
მეოთხე – რომ მათ ისევე სურდათ ქვეყნიერების გადარჩენა, როგორც საკუთარი თავების. მოციქულებს იმის გამოც უხაროდათ, რომ სულიწმიდა შეიცნეს და გაიგეს, როგორ მოქმედებდა იგი მათში.
მოციქულები დედამიწაზე დადიოდნენ და ხალხს უფლის და ცათა სასუფევლის შესახებ უქადაგებდნენ, მაგრამ მათ სულებს საყვარელი უფლის ხილვა ენატრებოდა და სურდა და ამიტომ სიკვდილს უშიშრად და სიხარულით ეგებებოდნენ, ხოლო დედამიწაზე დარჩენა კი მხოლოდ იმ ადამიანების გამო სურდათ, რომლებიც შეიყვარეს.
მოციქულებს უყვარდათ უფალი და ამიტომ არავითარი ტანჯვის არ ეშინოდათ. მათ უყვარდათ უფალიც, უყვარდათ ხალხიც და ეს სიყვარული ყოველგვარ შიშს ამარცხებდა. მათ არც ტანჯვის ეშინოდათ და არც სიკვდილის და ამიტომ გაგზავნა ისინი უფალმა დედამიწაზე ადამიანთა განსანათლებლად. ახლაც არიან ისეთი ბერები, რომლებსაც ღმრთის სიყვარული აქვთ და დღე და ღამე მისკენ ისწრაფიან. ისინი ქვეყნიერებას თავიანთი ლოცვით და ნაწერებით შეეწევიან, მაგრამ ეს საზრუნავი უფრო მეტად ეკლესიის მწყემსებს აკისრიათ, რომლებიც იმდენად დიდ მადლს ატარებენ, რომ ალბათ მათი დიდების ხილვისაგან მთელი ქვეყნიერება განცვიფრდებოდა, მაგრამ უფალმა დაიფარა და იმის გამო, რომ მისი მსახურები არ გაამაყდნენ და თავიანთი სიმდაბლით ცხოვნდნენ.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ