ლოცვის საფეხურებზე თანდათანობით უნდა ავიდეთ. მას, ვინც ლოცვის მოსაპოვებლად იბრძვის, მამები ურჩევენ, რომ ბაგისმიერი ლოცვით დაიწყონ და იშრომონ, სანამ ენა, გული და გონება არ გაითავისებს სიტყვებს. ამ პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სინანულის სიღრმეზე.
გონიერი ლოცვის პრაქტიკა დასაწყისში შეიძლება იყოს დაკავშირებული ფსიქოსომატურ ტექნიკასთან, რაც ლოცვის სიტყვების გონებით, რითმულ წარმოთქმას გულისხმობს, როდესაც ვიტყვით: ”უფალო იესუ ქრისტე” ჩავისუნთავთ, ხოლო ”შემიწყალე მე” ამოვისუნთქავთ. ეს მეთოდი სარგებელს მოგვიტანს იმ შემთხვევაში, თუკი გავაცნობიერებთ, რომ ქრისტეს სახელის თითოეული მოხმობა კონკრეტულად, პიროვნულად უნდა მიემართებოდეს ძე ღმერთს, არ უნდა იყოს მხოლოდ მექანიკური წარმოთქმა, არამედ მიმართვა კონკრეტულად იესუ ქრისტესადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში დავარღვევთ მცნებას: ”არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა” [გამ. 20:7].
ქრისტიანისთვის ქრისტეს სახელი ციხესიმაგრის მაღალი კედლის მსგავსია. მტრისთვის რთულია ციხესიმაგრეში შეღწევა, თუკი ჩვენი ყურადღება გარეგნულ საგნებზე, მოვლენებზე არ განიფანტება. იესუს ლოცვა აძლევს სულს არა მხოლოდ წინააღმდეგობის ძალას, არამედ მეტიც: მისი მეშვეობით გავლენას ვახდენთ გარესამყაროზე და ვცვლით მას. ჩვენში გამრავლებული სიმშვიდე და სიყვარული მთელი სამყაროსთვის ლოცვას შობს. ქრისტეს სულს სიყვარულის სფეროში შევყავართ, რომელიც გულში იკრავს მთელს ქმნილ სამყაროს. ამ მდგომარეობაში სული დიდი გრძნობით ლოცულობს: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ