ვნებები სასტიკი რამაა. ურალის მთები! სიმაღლის კილომეტრები! მადლი მზეა. მზე ამოდის, მაგრამ მთების ჩრდილი საშუალებას არ აძლევს მთლიანად გაათბოს გონიერი ქმნილება – ადამიანი. როგორც კი ერთი სხივი მოხვდება, ის მაშინვე სიხარულით ენთება, მაგრამ დანარჩენი ნაწილი ვნებების ჩრდილქვეშაა. როცა მადლი მცირდება, მაშინვე შეუძლიათ მოქმედება ეშმაკებსაც. ისინი ხშირად წინ აღუდგებიან მადლს, ისე როგორც ღრუბლები ფარავენ მზის სინათლეს, რადგანაც ვნებათა ჩრდილი წარმოშობს ბურუსს, რომელიც ახშობს სინათლის პატარა სხივს. ეს ბურუსი სასოწარკვეთილების გულისსიტყვებია, რომელთა შესახებაც მწერ: სიმხდალე, შიში, ურცხვობა, გმობა და მათი მსგავსნი, რომელთაგან ჭკნება და შემართებას კარგავს სული.
ყოველი გულისსიტყვა, რომელსაც სასოწარკვეთილება და დიდი სევდა მოაქვს, ეშმაკისგანაა. ეს ვნებათა ბურუსია, რომელიც აუცილებელია დაუყოვნებლივ მოიშორო ღმერთზე სასოებით. მცირე ნაღველი, სიხარულსა და ცრემლთან შეზავებული და ლმობიერებით სულში, ღმრთის მადლისგანაა. როგორც უნდა ვცდებოდეთ აღსასრულამდე, მას ყველაფერში სინანულისკენ მივყავართ.
შეცდომა განაგდებს ღმრთისადმი კადნიერებას, მაგრამ სინანული მაშინვე უკან უხმობს მას. მადლი არ იძლევა სასოწარკვეთილების საშუალებას, არამედ განუწყვეტლივ სინანულისკენ მოუწოდებს დაცემულს. ეშმაკის სიტყვები კი მაშინვე იმედს უკარგავენ მას, ღუპავს, როგორც ნაზ, ახალგამოღებულ ფოთლებს მათზე დაცემული სეტყვა.
წიგნიდან: ”მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა”
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ