iJQJ2RYEX

წმინდა სილუან ათონელი – ვინც ღმერთს მიენდო მან სული იცხოვნა

დიდი სიკეთეა ღვთის ნებას მინდობა. მაშინ სულში მხოლოდ უფალია და სხვა აზრი არ ჭაჭანებს, კაცი წმინდა გონებით ლოცულობს ღვთის წინაშე და გრძნობს მის სიყვარულს, თუმცა კი ხორცით იტანჯება.

როცა სული მთლიანად ღვთის ნებას მიენდობა, თვითონ უფალი იწყებს მის ხელმძღვანელობას და უშუალოდ ღმერთი განსწავლის, მანამდე კი მასწავლებლებისგან და წმინდა წერილიდან სწავლობდა. მაგრამ იშვიათად ხდება, რომ სული წმიდის მადლით სულს მასწავლებლად თვით უფალი ჰყავდეს, და ცოტამ თუ იცის ეს – იცის მხოლოდ მან, ვინც ღვთის ნების თანახმად ცხოვრობს.

ამპარტავანს არ სურს ღვთის ნების თანახმად ცხოვრება: მას თვითონ უყვარს საკუთარი თავის მართვა, ის კი არ ესმის, რომ კაცს არ ჰყოფნის იმის ჭკუა, ღმერთის გარეშე თვითონ მართოს თავი. როცა სოფელში ვცხოვრობდი და არ ვიცოდი არც უფალი, არც სული წმიდა მისი, არც ის ვიცოდი, თუ როგორ ვუყვარვართ უფალს, მეც საკუთარ გონებას ვიყავი მინდობილი; მაგრამ როცა სული წმიდის მიერ შევიცანი უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, ჩემი სული ღმერთს მიენდო. ახლა უკვე ყველაფერს, რაც ცუდი შემემთხვევა, ვღებულობ და ვამბობ: „უფალი მხედავს, რისი უნდა მეშინოდეს?” უწინ კი არ შემეძლო ასე ცხოვრება.

ვინც ღმერთს მიენდო, მისთვის გაცილებით იოლია ცხოვრება, რადგან ავადმყოფობაშიც, სიღარიბეშიც, დევნულებაშიც ამას ფიქრობს: „ღმერთს ასე ნებავს, მე კი მოთმინება მმართებს ჩემი ცოდვებისათვის“.

აი მაგალითად, მე მრავალი წელია თავი მტკივა და მიჭირს მოთმენა, მაგრამ ეს ჩემთვის სასარგებლოა, რადგან ავადმყოფობა სულის დამდაბლებას შეეწევა. ჩემს სულს მხურვალედ სურს ლოცვა და მღვიძარება, მაგრამ სნეულება მიშლის ხელს, იმიტომ რომ ავადმყოფ სხეულს სიმშვიდე და მოსვენება სჭირდება. ბევრჯერ ვთხოვე უფალს განკურნება, მაგრამ მან არ შეისმინა ჩემი თხოვნა – მაშასადამე, ეს ჩემთვის სასარგებლოა.

სხვა შემთხვევაც მქონდა მაშინ უფალმა მსწრაფლ შეისმინა ჩემი და მიხსნა განსაცდელისგან. ერთხელ სადღესასწაულო ტრაპეზზე თევზი გამოიტანეს, ჭამისას ძვალი გადამცდა ღრმად, ძალიან ღრმად. წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონს შევევედრე შველას, რადგან ექიმი ძვალს ვერ ამომიღებდა. „მიშველე-მეთქი“, როცა ვთქვი, პასუხად მესმა: „გადი გარეთ, ამოისუნთქე და ძვალი სისხლთან ერთად ამოვარდება“. ასეც მოვიქეცი: გარეთ გავედი, ამოვისუნთქე და სისხლთან ერთად დიდი ძვალი ამომვარდა. მაშინ მივხვდი, რომ რაკიღა უფალი თავის ტკივილს არ მირჩენს, ესე იგი, ჩემი სულისთვის ასეა უმჯობესი.

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)