sofian begiu 1 e1600953638840

გონება, გული, ლოცვა და მარხვა – არქიმანდრიტი სოფიანე (ბოგიუ)

მამაო, რა განსხვავებაა გონებასა და გულს შორის?

– ეს განსხვავება მარტივი დასადგენია იქედან გამომდინარე, რომ ადამიანის ბუნებაში არსებობს ორი ადგილი, სადაც სულის ეს ორი ცენტრია კონცენტრირებული. ტვინში განთავსებულია გონება, რომელიც ინტელექტსა და მეხსიერებას მოიცავს. ხოლო მეორე ცენტრი კი – გულია, რომელიც გრძნობასა და ნებას მოიცავს. თუმცა, სხვაა სულიერი გული და სხვაა ხორციელი გული.  სულიერი გული ქრისტეს სამკვიდრებელია. ცენტრია, სადაც ან ქრისტე მკვიდრობს, ან ვნებების მეშვეობით ჩვენი მტერი – ეშმაკია გაბატონებული. როდესაც ჩვენი გულის წმიდათა წმიდაში ბოროტი მკვიდრდება, ჩვენი ცხოვრება ცარიელი, წყვდიადით მოცული და ცოდვისმიერი ხდება. ხოლო როდესაც სულიწმიდა მეფობს ჩვენში, ჩვენი ცხოვრება ნათლით, სიყვარულით, სიმდაბლითა და სიხარულით სავსეა. ასე რომ, გული ჩვენი არსების სულიერი ცენტრია.

მამაო, რა ვქნათ როდესაც ჩემი მოძღვარი თვლის, რომ გულისმიერი ლოცვა არ არის ჩვენი, ახალგაზრდების საქმე და მისტიკურის ნაცვლად, სოციალურ ქრისტიანობაზე აკეთებს აქცენტს?

– ვფიქრობ, რომ არ არსებობს ქრისტიანული ცხოვრება მისტიკურობის გარეშე. რაც, თავის მხრივ, ღმერთთან კავშირს ნიშნავს. არ ვიცნობ ისეთ ქრისტიანებს, რომლებიც ამავდროულად შორს არიან მისტიკისგან. იგულისხმება ის ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც აღსარებას ამბობენ, ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარებიან და შინაგანი ცხოვრებით ცხოვრობენ. ეს მდგომარეობა სწორედაც რომ მისტიკური, საიდუმლოებრივი და დაფარულია. როგორც სახარებაში ვკითხულობთ: ” შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად”(მათ.6:6). შეუძლებელია ილოცო თუკი არ გწამს, რომ შენს გულში მკვიდრობს ზეციური მამა და ხედავს შენს შინაგან სულიერ მდგომარეობას. როგორ იქნები ქრისტიანი ამ სულის მდუღარებისა და ენერგიის გარეშე?

ასე რომ, ყველა ადამიანშია საიდუმლოებრივი, მისტიკური ცენტრი. სწორედ ამ ცენტრისკენ მიემართება ნებისმიერი ჩვენი ურთიერთობა, სიყვარული, სიკეთე, მოწყალება, სიმდაბლე, ლმობიერება, ღვთისმოსაობა. ყველაფერი ამ მისტიკურ ცენტრთანაა დაკავშირებული. იქ, სადაც ღმერთი მკვიდრობს, ანუ სადაც მისი სამეფოა. ასე რომ, არ ვიცი რა არის ჩვენი ცხოვრება ლოცვის გარეშე?

წარმართები ცხოვრობდნენ მხოლოდ საზოგადოებრივ-სოციალური ცხოვრებით, მხოლოდ ამ ჰორიზონტალურ სიბრტყეზე,  ჩვენ კი უფალი იესუ ქრისტე მთაზე ქადაგებისას გვამცნებს: ”პირველად ეძიებდით სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესსა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“ ამიტომაც, ვფიქრობ რომ არაა არანაირი დამაბრკოლებელი იმისა, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებასთან ერთად გვქონდეს მისტიკური, შინაგანი ცხოვრება, ანუ ჩვენს გულში უწყვეტი წყლის წყარო ჩქეფდეს, რაც ღმერთის ჩვენში მკვიდრობას ნიშნავს.


– შეისმენს თუ არა ღმერთი მათ ლოცვას, ვისაც წლებია აღსარება არ უთქვამს, ან მათ ლოცვას ვინც მძიმე ცოდვებში არიან?

თუკი ადამიანი მეზვერის მდგომარეობაში, თავის დამდაბლებით, გულის ტკივილით ლოცულობს, არ განიკითხავს სხვას და მხოლოდ თავის ცოდვაზე ფიქრობს, მაშინ, რა თქმა უნდა, უფალი მათაც უსმენს. რადგან სწორედ ცოდვილთა გამოსახსნელად განკაცდა ღმერთი. ჯვარცმულმა ავაზაკმაც მხოლოდ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა და გადარჩა.  ნეტარი ავგუსტინე ჯვარცმულ ავაზაკზე ამბობს: ”რა ბედნიერია ავაზაკი! მთელი თავისი ცხოვრება იპარავდა და ბოლოს სამოთხეც მოიპარა!” ასე რომ ღმერთი სინანულით, დამდაბლებული გულით აღვლენილ ლოცვას ისმენს.

120278348 4452907138083933 3204410644663815122 n

*****
უზომო მარხვა შესაძლოა ხელისშემშლელი გახდეს სულიერ ცხოვრებაში. წმინდა მამათა სწავლებით, მარხვის მიზანი სულიერი და ხორციელი სიწმინდის მიღწევაა და აქედან გამომდინარე, მარხვა არამხოლოდ გარეგანი, ხორციელი, არამედ სულიერიც უნდა იყო. რაც იმას გულისხმობს, რომ მარხვას აუცილებლად თან უნდა ახლდეს განსჯა(საკუთარი ძალების გათვალისწინება), გულის სიკეთე, ენის მოთოკვა, განკითხვისგან თავშეკავება.  ღვთის წინაშე განკითხვა უდიდესი ცოდვაა. შეიძლება მარხვაში შიმშილობდე და წყურვილისგან გამოშრე, მაგრამ თუკი მოყვასის მიმართ ბოროტება გაქვს გულში და ზურგს უკან მასზე ცუდად საუბრობ, მაშინ შენს მარხვას არანაირი ფასი არ აქვს.

დაე, ჩვენი მარხვა კეთილგონივრული იყოს. ნამდვილი თავშეკავებით, გრძნობების გულწრფელი დაცვით. დაე, ჩვენი სინანული არ იყოს ყალბი.  ვილოცოთ ყურადღებით, ლმობიერებითა და სიმდაბლით და ყველაფერი დალაგდება. თუკი მხოლოდ ბაგეებით ვილოცებთ, რაც არ უნდა ხანგრძილივი იყოს ჩვენი ლოცვა ნაყოფს ვერ გამოვიღებთ. არსებობენ ისეთი ქრისტიანებიც, რომლებიც უამრავ ფსალმუნსა და დაუჯდომელს კითხულობენ და მოგვიანებით კი აცნობიერებენ, რომ ამ ყველაფერში გული და გონება საერთოდ არ მონაწილეობდა.

წყარო: https://pravoslavie.ru/

ილუსტრაციის ავტორი: მარიამ ნინაშვილი

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.