მღვდლობა საიდუმლოებაა, მოციქულობაა, ზებუნებრივი მსახურებაა, გამოცხადებითი ზეშთაგონების მქონე ის „ზეციური ბეგარაა“, დაცემულ და წარმავალ მიწიერ ყოფას ღვთაებრივთან რომ აკავშირებს. მართალია, ადამიანებს ემსახურება და მათგან თანამსახურებასაც საჭიროებს, მაგრამ ბუნებით ის მაინც ზეციური წარმოშობისაა. მღვდელმასახურება დედამიწაზე აღესრულება და მღვდლის იერსახეც მიწიერი, მდაბალი და თვინიერია, მისი შრომის ნაყოფი კი ზეცამდე აღწევს. თავისი დონის მიხედვით, მღვდლობა ანგელოზებრივი საქმიანობაა, ანგელოზებს უფრო შეეფერებოდათ. რომ არა მიუწვდომელი საღმრთო განგებულება, ეს ზებუნებრივი სამსახური ადამიანის ხვედრი ვერ გახდებოდა. მღვდლობა მადლის მსახურებაა, რომლის მეშვეობით შემოქმედი ხელთუქმნელ ენერგიებს უზიარებს საკუთარ ქმნილებებს და ამგვარად მათ თავისი ცხოვრების თანამონაწილეებად აქცევს. აქედან გამომდინარე, მღვდლობა ადამიანთა მიერ გამოგონილ პროფესიებს არ ეკუთვნის. უფალმა ისე განაწესა, რომ მღვდელმსახურების საშუალებით აღსრულდეს და დაგვირგვინდეს მისი მხსნელი საღმრთო განგებულება: „განგებულად აღვსებისა მის ჟამთაჲსა, თავ-ყოფად ყოველივე ქრისტეს მიმართ, რაჲ-იგი არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა“(ეფეს. 1,10).
1. მღვდელმსახურების პირველი გამოცხადება
ღვთისმსახურება ადამიანის შექმნისთანავე წარმოიშვა, რასაც ადასტურებს აღმოჩენილი უძველესი სარიტუალო საშუალებები. ღმერთის არსებობის თანდაყოლილ რწმენას თან ახლდა ამ რწმენისა და თაყვანისცემის გამომხატველი წმინდა საღვთისმსახურო მოქმედებათა გარდაუვალობის განცდა. სატანა სწორედ ამ ფაქტორის გამოყენებას შეეცადა და ადამიანის თანდაყოლილი რელიგიური გრძნობები არა ჭეშმარიტი ღმერთის, არამედ თავის სამსახურში ჩააყენა. იგი მრავალგვარი სახით, წარმოსახვით ინიღბებოდა და ამ გზით მიიტაცებდა მხსნელი უფლის მიმართ გამოხატულ თაყვანისცემას.
რჯულის პერიოდამდე, „აღთქმის პერიოდში“, ამ წმინდა მსახურებას ღვთისმოსავი ადამიანები ან ოჯახისა თუ გვარის მამამთავრები ასრულებდნენ. ადამის ვაჟები, კაენი და აბელი, იყვნენ საღმრთო მსხვერპლის პირველი შემწირველნი. საყოველთაოდ ცნობილი ძმათამკვლელი პირველი შეტაკებაც ღვთისმსახურებას უკავშირდება, როდესაც ღმერთმა არ მიიღო უფროსი ძმის უღირსი მსხვერპლი და ამხილა იგი: „თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე“ (დაბადება 4, 7). მღვდელმსახურების იმავე ფორმას, ანუ მსხვერპლშეწირვას, როგორც ღვთისმსახურებას, ვხვდებით შეთის შთამომავლებში, განსაკუთრებით – ენოშის, კაინანის, მალაჰელის და იარედის ცხოვრებაში. ენოქმა კი ისე მოიგო უფლის გული, რომ „…აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა“ (დაბ.5, 24). ენოქის წინასწარმეტყველური მსახურება ძალიან ჰგავდა მღვდელმოქმედებას. ამას თავის წერილში იუდა მოციქულიც შეგვახსენებს (იუდა 1:14-15).
მღვდელმსახურების მომდევნო წინასახეა ნოე. თავის წინამორბედებთან შედარებით, ადამიანური ბუნების ღვთისადმი ეს თანდაყოლილი სწრაფვა მასში უფრო მძაფრად გამოვლინდა: „აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე. იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო“ (და. 8, 20-21). წინასწარმეტყველება და მღვდელმსახურება, როგორც ადამიანური თვისებები, შეიმჩნევა მართალ და უმწიკვლო იობშიც. მაგალითად, ღმერთი მიუთითებს იობზე, როგორც შუამავალზე ღმერთსა და ელიფაზ თემანელს შორის: „აინთო ჩემი რისხვა შენ მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ… ახლა წაიყვანეთ შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი და მიდით ჩემს მორჩილ იობთან, აღავლინეთ აღსავლენი თქვენს საოხად და ჩემი მორჩილი იობი ილოცებს თქვენთვის“(იობი, 42, 7-8)!
წინასწამეტყველისა და მღვდელმსახურის სრულყოფილი სახეა აბრაამის თანამედროვე მელქისედეკი. მოციქული პავლე მას მიიჩნევს დიადი მღვდელმთავრის, ქრისტეს, პირველსახედ და წინაუწყებად. უნდა გავიხსენოთ აბრაამიც, რომელმაც რწმენითა და ღვთისმოსაობით ღვთის წყალობა და კურთხევა დაიმსახურა და რომელსაც უფალმა აღუთქვა: „იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა“ (დაბად. 22,18). აბრაამისა და მისი შთამომავლების, ისააკისა და იაკობის, მღვდელმოქმედებამ და წინასწარმეტყველურმა მსახურებამ უფრო კონკრეტული ფორმები მიიღო. მათ მიემადლათ უფლისმიერი აშკარა ზეშთაგონება, ფარული წინასწარმეტყველება ღვთის სიტყვის ხორცშესხმისა და დიდი სჯულის სამომავლო გამოცხადების შესახებ. ქანაანელთა მიწებზე თავგადასავლებით აღსავსე ხეტიალის დროს აბრაამიც და მისი შთამომავლებიც აგებდნენ სამსხვერპლოებს და უფალს სწირავდნენ მსხვერპლს, – სამადლობელს ღვთის გამოცხადების ან მისგან მიღებული შეწევნის გამო და სავედრებელს – გაჭირვებისა და დიდი განსაცდელების შემთხვევაში.
ამრიგად, მღვდელმასახურება მუდამ რჩებოდა ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის ერთადერთ ფორმად. სწორედ ამ გზით იღებდნენ რჩევებსა და გადაწყვეტილებებს. დაბადების წიგნიდან მაგალითად დავიმოწმებ შემთხვევას, რომელიც ნამდვილად იმსახურებს გახსენებას. უფლის მიერ ნაბრძანები მორიგი მსხვერპლშეწირვის შემდეგ „მზის ჩასვლის ძილქუში დაეცა აბრაამს და, აჰა, დიდმა შიშმა და წყვდიადმა მოიცვა იგი. უთხრა უფალმა აბრაამს: იცოდე, მდგმურად იქნება შენი შთამომავლობა სხვის ქვეყანაში. დამორჩილებული და დაჩაგრული ეყოლებათ ოთხას წელს… შემდგომ ამისა დიდძალი ქონებით გამოვლენ უკან“(დაბად.15,12-14). – ეს გამოცხადება იყო შედეგი აბრაამის რწმენისა და ნდობისა უფლის მიმართ. როდესაც მისგან აღთქმული მიწის შესახებ მოისმინა, ჰკითხა: „უფალო ღმერთო, როგორ მივხვდე, რომ დავიმკვიდრებ“ (დაბად.15,-8)? სწორედ მას შემდეგ უბრძანა, მოემზადებინა სამსხვერპლო, აღევლინა საღმრთო წესები, რასაც მოჰყვა კიდეც დაპირება აღთქმული მიწის შესახებ.
ისეთი ღრმადმორწმუნე და ღვთისმოსავი იყო აბრაამი, რომ მისი რწმენის სიმტკიცე უფლის მიერ ერთადერთი ვაჟის მსხვერპლად შეწირვის მოთხოვნამაც ვერ შეარყია და გამოცდა ღირსეულად გაიარა. ამიტომაც დაჯილდოვდა უფლის აღთქმითა და ფიცით, რომ მისი თესლიდან იშვებოდა სიტყვა ღვთისა. მაშ ასე, ის, რომ მღვდლობა უძველესი დროიდანვეა დადგენილი, მტკიცდება წმინდა წერილის იმ ადგილებიდან, რომლებშიც აღწერილია უფლისა და ადამიანის ურთიერთობის მაგალითები. ეს ურთიერთობა მსხვერპლშეწირვისა და წმინდა წეს-ჩვეულებების აღსრულებითაა გამოხატული.
2. მოსეს სჯულისდების პერიოდი
ყველას მოგვეხსენება, მომდევნო პერიოდში (მოსეს რჯულს ვგულისხმობ) რა ფორმები და მნიშვნელობა შეიძინა ღვთისმსახურებამ. მღვდელმსახურები და წინასწარმეტყველები მუდამ დაკავშირებულნი იყვნენ ერთმანეთთან. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი უფრო ადრე წარმოიშვა. ისინი მუდამ თანაარსებობდნენ. ხშირად დამდგარა წინასწარმეტყველების დაკნინების პერიოდი. ეს მაშინ ხდებოდა, როცა ისრაელიანები ღმერთს ღალატობდნენ და რჯულის კანონებს არ ასრულებდნენ. მღვდელმსახურება კი არასდროს შეწყვეტილა. მეტიც, ებრაელი ხალხისთვის მას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა: ეროვნული უბედურების დროს აგებდნენ სამსხვერპლოებს და ღმერთს ამგვარად ემსახურებოდნენ. მაგალითად, ბაბილონის ტყვეობაში მცხოვრებ „სამთა ყრმათა ლოცვა“ სავსეა განგაშით: „აღარ გვყავს ამჟამად აღარც მთავარი, აღარც წინასწარმეტყველი, აღარც საკმეველი და აღარც ადგილი, რომ მსხვერპლი შემოგწიროთ და შენი წყალობა მოვიპოვოთ“ (დანიელი 3, 38-39).
ისრაელში მღვდელმსახურება მხოლოდ წეს-ჩვეულებების აღსრულებით კი არ შემოიფარგლებოდა, არამედ სახელმწიფოს მართვისა და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცების ფუნქციაც ჰქონდა. გავიხსენოთ მოსე. ის არ ყოფილა მხოლოდ შუამავალი ღმერთსა და ებრაელებს შორის, არამედ გამოირჩეოდა წინამძღვრის, მხედართმთავრის, კანონმდებლის თვისებებით. მისმა ნათესავებმა, რომელნიც ლევიანთა შტოს ეკუთვნოდნენ და მღვდლობა ჩვეულებრივი საქმე ეგონათ, პირი შეკრეს აბირამთან, დათანთან, კორახთან და იმავე ძალაუფლების მითვისება განიზრახეს. ისინი ღმერთმა ამხილა და დასაჯა. იგივე დაემართა ისრაელის მეფეს იოსიას. კანონიერად დადგენილი მღვდლის ნაცვლად მან თავად შესწირა მსხვერპლი და მყისიერად კეთრით დაავადდა. უფალი გულმოდგინედ იცავს მღვდლობას და მღვდელმსახურებს, რასაც თავადვე ამტკიცებს წმინდა წერილის სიტყვებით: „არ შეეხოთ ცხებულსა ჩემსა და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ“ (1 ნეშტთა, 16.22)!
მღვდელმსახურების მეშვეობით აღესრულება ყველა გამოცხადება და ღვთისა და კაცის ურთიერთობა
მოსე შეუწველ მაყვალთან უფლის გამოცხადების შემდეგ გახდა წინამძღოლი და წინასწარმეტყველი. ეს ადასტურებს საღმრთო განგებულებას და უფლის ნებას, რომ სწორედ მღვდელმსახურების მეშვეობით აღესრულება ყველა გამოცხადება და ღვთისა და კაცის ურთიერთობა. მოსეს საქმის გამგრძელებელნი, ჯერ ისუ ნავესი, შემდეგ მსაჯულნი, ასევე უზენაესის ნებას აღასრულებდნენ. ისრაელის, როგორც რჩეული ერის, მმართველი მღვდელმსახურებისა და წინასწარმეტყველების მეშვეობით მხოლოდ უფალი უნდა ყოფილიყო. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ღმერთმა არ მოიწონა ისრაელის მსაჯულის ნაცვლად მეფის არჩევის სურვილი. ეს მის განზრახვას ეწინააღმდეგებოდა: „უთხრა უფალმა სამუელს…რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ“ (1 მეფ. 8,7).
რჯულის პერიოდიდან ღვთის მიერ დაკანონებული მღვდელმსახურების ბოლო მაგალითს მოვიყვან. ეს არის მოსეს ანდერძი ისრაელის წინაშე, რომელშიც სთხოვს, რომ ერი ელოდოს და მიიღოს მომავალი მესია, მხსნელი. მამამთავარი მას წინასწარმეტყველსაც უწოდებს: „წინასწარმეტყველს, როგორიც მე ვარ, შენი წიაღიდან დაგიდგენს უფალი, შენი ღმერთი, მას უსმინე“ (მეორე რჯული, 18.15)! ამრიგად, მივუახლოვდით ახალ ხანას, მადლის პერიოდს, როდესაც მესიის სახით ვხვდებით მირონცხებულ მღვდელმსახურსა და წინასწარმეტყველს თავისი უმაღლესი გამოვლინებით.
3. მადლის პერიოდი
მოსეს რჯულში მღვდლობის ინსტიტუტი სერიოზულად განვითარდა და დიდ სიმაღლესაც მიაღწია, მაგრამ ქრისტიანობამდე ის ჭეშმარიტი მღვდლობის მხოლოდ ჩრდილი და პირველსახე იყო. ამაში გვარწმუნებს მადლის, ანუ ქრისტიანული ეპოქის შესწავლა. ეს ორნი ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც სინამდვილე – თავისი სიმბოლური წარმოსახვისაგან. ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, როგორც მწყემსისა და მღვდელმთავრის მიერ ამ ახალ პერიოდში მონიჭებული მადლით გამოვლინდა მღვდელმსახურების ჭეშმარიტი მნიშვნელობა, კათოლიკე (საყოველთაო) მსახურება და მოციქულობა. ქრისტემ თავისი მღვდელმთავრობა საუკუნეებზე განავრცო, მორწმუნეებს გადასცა თავის სასუფეველში მარადიულად მყოფობის მადლი და კურთხევა.
ჩვენმა მხსნელმა იესო ქრისტემ, როგორც მღვდელმა „მელქისედეკის წასით“ (ებრ. 5, 10), „მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის“ (ებრ.10,12); ის მარად „ერთია, ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი“ (1ტიმ. 2,5), „კეთილი მომავლის მღვდელმთავარი“ (ებრ. 9,11), „მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა“ (ებრ.8,2).
დააფუძნა რა თავისი ეკლესია, უფალმა მოციქულთა დახმარებით, პირველ რიგში, მღვდელმსახურთა ინსტიტუტის, როგორც ეკლესიის მთავარი საყრდენის შექმნაზე იზრუნა. ეს უკანასკნელი, როგორც მოციქულთა საქმის გამგრძელებელი, იმ დროიდან დღემდე განაგრძობს არსებობას და ასე იქნება სამყაროს აღსასრულამდე. როცა უფალი საზოგადოებრივ ღვაწლს შეუდგა, როგორც მახარებელი ბრძანებს, მან „თორმეტი ამოარჩია, რომ მასთან ერთად ყოფილიყვნენ, რათა გაეგზავნა საქადაგებლად და რათა ჰქონოდათ მათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ხელმწიფება“ (მარკ.3,14-15). ვინაიდან ისინი წარმოადგენდნენ მღვდელმსახურებისა და სამოციქულო ძალაუფლების განუყოფელ ნაწილს, კურნებისა და სასწაულთმოქმედების გარდა, მათ მოძღვრისთვის საჭირო ძალა და თვისებებიც მიანიჭა. „ამის შემდეგ ამოარჩია უფალმა სხვა სამოცდაათი“ (ლუკა.10,1). როცა მათაც მისცა თავისი ძალა, ასე მიმართა: „ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს; თქვენი უარმყოფელი მეც უარმყოფს“(ლიკა.10,16). უფალი თავის მოწაფეებს და მოციქულებს საგანგებოდ ასწავლიდა: განუმარტავდა საღმრთო განგებულების იდუმალებას, მამობრივი მოწყალების სიღრმეებს, ღვთაებრივ ლმობიერებას: ამგვარად ზრდიდა და მათში ჩანერგა მღვდელმოქმედების, როგორც ღვთაებრივი გამოცხადების უპირატესი მსახურება, რომელიც აუცილებელია ხალხის განათლებისათვის. მოგვიანებით, აღდგომის შემდეგ, მიჰმადლა სულიწმინდა, „შეკვრისა და გახსნის ძალა“ და გაგზავნა იმ საქმის შესასრულებლად, რომლისთვისაც შეარჩია: „ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ“ (იოანე.20,21). – ასე გადასცა მათ თავისი ძალაუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სამყაროში გრძელდება მისი საღმრთო სუფევა და თანამყოფობა.
მღვდელმსახურება, როგორც საიდუმლო, მადლის პერიოდში იოანე ნათლისმცემელს უკავშირდება. იგი იყო წინამორბედი, „ყველა წინასწარმეტყველზე აღმატებული“. ამ უდიდესმა წინასწარმეტყველმა და „მოციქულმა“ დაასრულა სიმბოლოთა და აჩრდილთა ეპოქა – ძველი რჯული; იქადაგა მომავალი მესია, განაცხადა დაარსება ეკლესიისა, როგორც ურღვევი და მარადიული საღმრთო მეუფების ადგილისა; უჩვენა ღვთისკენ მიმავალი გზა, რომელიც სინანულზე გადის. პირველმა დააწესა და აღასრულა ერთ-ერთი ქრისტიანული საიდუმლო -ნათლისღება. იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტეს ნათლობით დაასრულა თავისი მისია. უფალს მისგან ნათელღება არ სჭირდებოდა. წინამორბედმა ეს ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოს გაცხადებისათვის გააკეთა; ეს არის ჭეშმარიტი რწმენის დაფუძნების საიდუმლო. მონათვლას წინ უწსრებს აღსარება, სინანული. ამით წინამორბედმა მიგვითითა ის დოგმატური ადგილი და როლი, რომელიც მღვდელმსახურს ევალება ღვთის ნების გამოცხადებისა და სამყაროს მხსნელი საღმრთო განგებულების შესრულებისათვის. წმინდა იოანე ნათლისმცემლის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა თავის მოციქულებს ოფიციალურად მიაკუთვნა მღვდელმსახურება, ხოლო შემდეგ მათ ეს უფლება გადასცეს თავიანთ მემკვიდრეებს -ეპისკოპოსებს და პრესვიტერებს, რომლებიც სამყაროს აღსრულებამდე იქნებიან მოციქულთა საქმის შემსრულებლები.
ეკლესიის თავი და დამაარსებელი იესო ქრისტეა
ჩვენ ვცდილობთ, განვმარტოთ, თუ რა არის მღვდელმსახურება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ეკლესიის არსის შემადგენელი ერთ-ერთი ელემენტია. ის თავის კანონიერ (ხელდასხმულ) მსახურებს საღმრთო საიდუმლოებათა აღსრულებისათვის განსაკუთრებულ ძალას და უფლებას ანიჭებს, განმარტავს ღვთის ნებას და ადამიანთა სულების გადარჩენისათვის იესო ქრისტეს საღმრთო განგებულების შესრულებას ემსახურება.
ტაძარი დედამიწაზე ქრისტეს განსახიერებაა და მისივე საქმის გაგრძელებას ემსახურება. ეკლესიის თავი და დამაარსებელი იესო ქრისტეა. იგი მარად თანამყოფობს, სულიწმინდის უწყვეტი თანამოქმედებით მართავს მას და მიუძღვის საბოლოო მიზნისკენ. ეკლესია მორწმუნეებს ამ შრომის შედეგების მიღებაში ეხმარება და, თუ ადამიანი თავს ისევ უცხოდ და ხიზნად იგრძნობს, მხარში უდგას და აღთქმული ნეტარების რწმენას განუმტკიცებს. თუ მოციქულს დავიმოწმებთ, თქვენ უკვე „აღარა ხართ უცხოები და ხიზნები, არამედ, წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი“ (ეფეს.2,19).
მორწმუნეს საშუალება ეძლევა, „მიისაკუთროს“ უფლის ძღვენი მღვდელმსახურის მრავალმხრივი მოღვაწეობის დახმარებით, რომელიც გულისხმობს ქრისტეს, როგორც წინასწარმეტყველისა და მღვდელმთავრის, მესიანური სამსახურის გაგრძელებას. მაცხოვარმა ეს უფლება თავის დროზე მოციქულებს დაუტოვა, მათ კი მემკვიდრეებს გადასცეს. აი, რომელია ეს მსახურებანი, ანუ მღვდლის ფუნქციები: ღვთის სიტყვის ქადაგება, რომელიც უნდა ეხებოდეს უფლის ჭეშმარიტი ნების ახსნას, ღვთაებრივ საიდუმლოებებს და ყოვლადბრძენი უფლის საღმრთო განგებულებას. ამის გარდა, უნდა ახსნას ის განსაკუთრებულად მადლმოსილი და წმინდა საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც შეიწირება კაცობრიობის გამოხსნის მიზნით ქრისტეს ჯვარზე გაკვრით მოცემული გადამრჩენელი ძღვენი. მღვდელმსახურმა უნდა უწინამძღვროს და იმგვარად მართოს მორწმუნეთა სულები, რომ მათ ღირსეულად ატარონ სულიწმინდის მადლი, რომ განწმენდილებმა, განათლებულებმა ჯეროვნად მიაგონ სიყვარული უფალს და ადამიანებს. მხოლოდ მღვდელმსახურის საშუალებით არის შესაძლებელი, აღსრულდეს ყოველივე ზემოთ თქმული და კიდევ ბევრი სხვაც, რათა მორწმუნეებმა გააცნობიერონ და აითვისონ კაცობრიობის გამოხსნისათვის ქრისტეს მიერ გაწეული ღვაწლი.
„მღვდელმსახურება მიწაზე აღესრულება, თუმცა თავისი ხარისხით ზეცის კუთვნილებაა“
შეგახსენებთ ქრისტიანული ეკლესიის დიდი იერარქის, იოანე ოქროპირის, სიტყვას მღვდელმსახურის ღირსებისა და მაღალი მოწოდების შესახებ: „მღვდელმსახურება მიწაზე აღესრულება, თუმცა თავისი ხარისხით ზეცის კუთვნილებაა“ (239). „მიწაზე მობინადრე ადამიანებს ნება ეძლევათ, განკარგონ ზეციური საქმეები და ისეთი ძალა აქვთ, როგორიც ღმერთს ანგელოზებისა და მთავარანგელოზებისთვისაც არ მიუცია“ (240). „ამას რომელი ძალაუფლება შეედრება? რადგან მამა არავის სჯის, არამედ მთელი სამსჯავრო ძეს გადასცა“ (ინ.5,22), მე კი ვხედავ, რომ ძემ ეს სამსჯავრო მღვდელმსახურებს გადააბარა“ (241). სხვაგან ოქროპირი ამბობს: მღვდელმსახური ძოწეულით მოსილზე უფრო აღმატებული და უფლებამოსილი მეთვალყურეა იმ მოვლენებისა, დედამიწაზე რომ ხდება“ (242), ანუ მეფეს აღემატება.
დედამიწაზე მღვდელმსახურებას ვერაფერი შეედრება, რადგან ის თვით უფლისგან, ღმერთ-კაც იესო ქრისტესგან, წარმოიშვა. ეს თვისებები უფალმა მოწაფეებს გადასცა. ამით ისინი ღვთის სიწმინდის თანაზიარნი გახდნენ, რათა გაგრძელდეს მისი საქმეები. ამას ხომ თვითონაც ითხოვს მამა ღმერთის მიმართ ლოცვაში: „როგორც შენ მომავლინე წუთისოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი წუთისოფელში…და დიდება, რომელიც შენ მომეცი, მათ მივეცი“ (იოანე 17 ;18,22).
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოციქული პავლე წერს: „მან დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი – წინასწარმეტყველებად, ზოგნი – მახარებლად, ზოგნი – მწყემსებად და მოძღვრებად, რათა სრულ ეყონ წმინდანნი მსახურების საქმისთვის ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად“ (ეფეს.4, 11-12). ამგვარად, მღვდელმსახურება არის მოციქულობა და საღმრთო მსახურება, რომელშიც განხორციელებულია მხსნელი ღმერთ-კაცის, ქრისტეს, მადლი და ძალა, რათა მისი საქმეები ყველა დროში გადაეცეს ხალხს.
ჩვენ ვიცით, რომ უფალმა აღდგომის შემდეგ, ამაღლებამდე, სულიწმინდის მადლი „შთაბერა“ თავის მოწაფეებს და ამით, ასე ვთქვათ, „ხელი დაასხა“ მათ. მაცხოვარმა მოციქულებს თავის საქმეთა გასაგრძელებლად მღვდელმსახურების ძალა მისცა. თუმცა, ეს ნიჭი მოგვიანებით ამოქმედდა, როცა მთელ მსოფლიოში ქადაგების უფლება მიიღეს. მოციქულთა საქმეებში ნათქვამია: „უბრძანა: ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ დაელოდეთ მამის აღთქმას“ (საქმ.1,4). ამის შემდეგ ჩვენი მხსნელი გამოეცხადა მოწაფეებს და უთხრა: „მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწინდა თქვენზე“ (საქმ.1,8).
სულთმოფენობის დღეს მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლით იკურთხა მთელი ეკლესია, განსაკუთრებით კი – მისი პირველი მსახურები, წმიდა მოციქულები. მათზე ცეცხლის ენების სახით გადმოსული მადლი თავისი არსით ზუსტად იგივეა, დღეს ეპისკოპოსების ხელდასხმის დროს რომ გადმოდის. ხელდასხმისას მომხდარი ცვლილება და „მირონცხება“ ცხადად ჩანს მოციქულთა შემთხვევაში, რომლებიც აღივსნენ სულიწმინდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენაზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ“ (საქმ.2,4). იერუსალიმში თაყვანსაცემად შეკრებილი მრავალეროვანი ბრბოს წინაშე ეს ნიჭი პირველად გამოიყენეს და უფლის დიადი საქმეები ყველას თავისივე ენაზე აუწყეს (იხ. საქმ.2,7-11).
უფლის მიერ მოწაფეებისთვის ბოძებული მღვდელმსახურება საუკუნოდ უნდა გაგრძელდეს, რადგან, როგორც დავრწმუნდით, ეკლესიის მიერ ამ გზით გამოიხსნება კაცობრიობა. მოციქულებმა ამიტომაც დანიშნეს თავიანთი მემკვიდრეები. ქვეყანასა და ქალაქში მოხდა ეპისკოპოსებისა და მღვდელმსახურების ხელდასხმა (იხ. საქმ.14,23), თანახმად უფლის წმიდა ნებისა (იხ.ეფ. 4, 10-12: 1 კორ.12,28).
როგორც უკვე ვთქვით, უფალი იესო ქრისტე არის დიადი და მარადიული მღვდელი, ის ამას მთელი სისავსით ფლობს. ის ერთადერთი მღვდელია ამ სიტყვის სრული გაგებით. ადამიანთა რიგებიდან არჩეულ მღვდელმსახურს თავისთავად მღვდლობის ძალა არ გააჩნია, არამედ ქრისტეს მღვდელმთავრობის თანამონაწილეა.
მღვდელმსახურება, როგორც საიდუმლო, ერთია, მაგრამ, შესრულებული ფუნქციების თვალსაზრისით, სამ საფეხურს განასხვავებენ: დიაკონი, მღვდელი ანუ ხუცესი და ეპისკოპოსი. ეს უკანასკნელი არის უმაღლესი წოდება. ის მღვდელმთავარ იესო ქრისტეს და მისი მოციქულების სახეა და დედამიწაზე მღვდელმსახურების სრულ ძალას ფლობს. მღვდელმთავრის მადლით არის მოსილი დანარჩენი ორი საფეხურიც: მღვდელი და დიაკონი. ეპისკოპოსს უფლება აქვს, შეითავსოს მოძღვრისა და მასწავლებლის მოვალეობები. თავის მხრივ, მღვდლები აღასრულებენ ხარისხით მინიჭებულ ყველა საიდუმლოს და მსახურებას, გარდა ხელდასხმის, ტაძრისა და მირონის კურთხევისა (რომლის გამოყენებაც არ ეკრძალებათ), ხოლო აღსარების მიღების ნებართვას ეპისკოპოსი აძლევს.
რაც შეეხება დიაკონს, ცნობილია, რომ თვით მოციქულებმაც შვიდ დიაკონს დაასხეს ხელი, განსაზღვრეს მათი ვალდებულებები (იხ. საქმ.6, 1-6). დასწყისში მათ ეკისრებოდათ მხოლოდ სატრაპეზოში სამსახური, საკვების განაწილება და დახმარების გაწევა. მოგვიანებით ისინი უკვე მონაწილეობენ „პურის განტეხვასა“ და სხვა სასულიერო ხასიათის საქმეებში: მაგ. სტეფანემ ღვთის სიტყვა იქადაგა, რის გამოც წამებით მოკლეს. ფილიპეც ქადაგებდა, მონათლა საჭურისი – ეთიოპიის დედოფლის, კანდაკის, დიდებული. პავლე მოციქულის წერილებიდანაც ჩანს, რომ დიაკვნები საკუთარის გარდა, სხვა მოვალეობებსაც ითავსებდნენ. მოციქულთა უშუალო მემკვიდრე, წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი, მიუთითებს, რომ დიაკონთა მოვალეობაში შედიოდა (დღესაც იგივე ვალდებულებები აქვთ) საღვთო საიდუმლოებებში მღვდლებისა და ეპისკოპოსების დახმარება.
საეკლესიო საიდუმლოებათა ტრადიციით, მღვდლობის სამ საფეხურს შორის განსხვავებას წმ. სვიმონ თესალონიკელი ასე განმარტავს: ღვთის სახეს წარმოადგენს ეპისკოპოსი, რომლის შეცვლაც აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია მღვდელს. ერთიც და მეორეც საიდუმლო მსხვერპლშეწირვას აღასრულებს. ეპისკოპოსი განასახიერებს ზეციურ მამას: „ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან მოდის, მამისაგან ნათლისა“ (იაკ.1,17), ამიტომაც ის ნათლის წყაროა. მღვდელმსახურიც უმაღლეს წოდებას ეკუთვნის და არის მეორე ნათელი – საეკლესიო საიდუმლობათა აღმასრულებელი და მიმცემი. მას მოიხსენიებს სრულმყოფელ სინათლედ. მესამე წოდება – დიაკონი – ანგელოზებრივი მსახურების სახეა. ხსნის მემკვიდრეებს მისი საშუალებით ეძლევათ შემდეგი სამსახური: მომზადება, მომსახურება, მოწოდება.
მღვდელმსახურების ამ სამ საფეხურთაგან თითოეულს, თავის მხრივ, საკუთარი წოდება და თანამდებობა აქვს, რომლებიც არა დოგმატურ დადგენილებებს, არამედ ეკლესიის მართვის სფეროს ეხება და, რა თქმა უნდა, არ ცვლის ცალკეული წოდების მთავარ არსს. მაგალითად, დიაკვნის თანამდებობას ეკუთვნის არქიდიაკვნის, მეორე და მესამე დიაკვნის ხარისხი. სამღვდელო წოდებაში მოიაზრებიან: პროტოპრესვიტერი, მთავარი ეკონომი, სინკელი, პროტოსინკელი, არქიმანდრიტი და ა.შ. ეპისკოპოსის წოდებას მიეკუთვნებიან: დამხმარე ეპისკოპოსი, რომელიც ეპარქიის სხვა ეპისკოპოსს ემორჩილება; მიტროპოლიტი, – იგი დამოუკიდებლად უძღვება ეპარქიას და სხვა ეპისკოპოსებს არ ემორჩილება; არქიეპისკოპოსი და პატრიარქი. ეს უკანასკნელი მართავს თავის საპატრიარქო იურისდიქციის სფეროში შემავალ დამოუკიდებელ „ავტოკეფალურ“ ეკლესიას. მართვის საკითხში იგი დამოუკიდებელია და ყველა მიტროპოლიტი და ეპისკოპოსი ემორჩილება.
მოციქულები მოღვაწეობის ხანაშივე ეპისკოპოსები იყვნენ, ამიტომ ბოლომდე გარკვეული არ იყო განსხვავება მღვდელსა და ეპისკოპოსს შორისს. როცა ისინი სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობას შეუდგნენ, დაიპყრეს ეკლესიები, ხელი დაასხეს მღვდლებს, რომლებსაც ხშირად ეპისკოპოსებად მოიხსენიებდნენ. სინამდვილეში კი ეპისკოპოსისა და ეკლესიაზე მზრუნველის ტვირთს მოციქულები ითავსებდნენ. ეკლესიათა რაოდენობა იზრდებოდა და მათი მართვა ძნელდებოდა, ამიტომ მოიძიეს შესაფერისი უნარის მქონე ხალხი და ეს მოციქულებრივი საქმე მათ დაავალეს. მათვე გადასცეს მღვდელმთავრობის მადლი, დანიშნეს მემკვიდრეებად და აიყვანეს ეპისკოპოსის ხარისხში. მათგან პირველნი იყვნენ ტიმოთე (ეფესოში) და ტიტე (კრეტაზე).
წმინდა პავლეს წერილებიდან ირკვევა, რომ ზოგი მათგანი მოციქულის წოდებით იგზავნებოდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა თავად მისი დასწრება შეუძლებელი იყო. მაგალითად, ასეთები იყვნენ ტიმოთე, ეპაფროდიატე, არქიპოსი და სხვანი (იხ.ფილ.2, 19-30; კოლ.4,17). მათ პირველებმა მიიღეს ეპისკოპოსის ნიშნები, ღირსებები და მღვდლებისგან მათი განსხვავება თვალსაჩინო გახდა. ტიმოთესა და ტიტეს შემთხვევათა მსგავსად, აქაც მათ მიერ გაგზავნილ ეპისკოპოსთა წოდება მუდმივი და განსაკუთრებულია. მოციქულთა მიერ დანიშნულ ადამიანთა მუდმივმოქმედ ეპისკოპოსად მსახურება უფრო ადრე იერუსალიმის ეკლესიაშიც აღესრულებოდა, სადაც, სარწმუნო წყაროების მიხედვით, უფლის ხორციელი ძმა იაკობი პირველ ეპისკოპოსად დაინიშნა.
მღვდელმსახურების სამ საფეხურს შორის განსხვავება, გარდა წმიდა წერილისა, საეკლესიო გადმოცემითაც მტკიცდება და „მოციქული მამების“, ეგნატე ღმერთშემოსილისა და პოლიკარპე სმირნელის, მიერაც. მოგვიანებით ყველაფერი, რაც მღვდელმსახურებას უკავშირდებოდა, განიხილა და დაამტკიცა მსოფლიო საეკლესიო კრებებმა. მათ დაწვრილებით განმარტეს მღვდელმსახურების სტრუქტურა, რასაც დღემდე მკაცრად და კეთილსინდისირად იცავენ. ეს უზრუნველყოფს საეკლესიო საქმეთა კანონიკურ აღსრულებას. ძველ ეკლესიაში განმარტებები ხშირად ბუნდოვანი იყო, მაგალითად, მღვდელი ეპისკოპოსად იწოდებოდა, ხოლო მოციქულებს დროდადრო „თანამღვდლად“, ანუ „თანახუცად“ მოიხსენიებდნენ (1. პეტ. 5, 1) ან – დიაკვნებად, ანუ თანამსახურებად (1კორ.3,5; 2 კორ.,3:6, 6:4). საბოლოოდ ეკლესიამ ყველაფერი განსაზღრა და დაწვრილებით განმარტა. წმიდა წერილი, განსაკუთრებით კი პავლე მოციქული, ხშირად გვესაუბრება მღვდელმსახურების სიდიადეზე, ღვთისმსახურთა აუცილებელ თვისებებსა და მათ მიერ შესრულებულ ვალდებულებებზე. ამ საკითხზე ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად საკმარისია, შევისწავლოთ წმიდა პავლეს პირველი და მეორე ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ, ეპისტოლე ტიტეს მიმართ, იაკობ მოციქულის ეპისტოლე და „მოციქულთა საქმეები“.
მღვდელმსახურების ღვთაებრივ საიდუმლოს ვერავითარი სხვა წოდება და მისია ვერ ჩაანაცვლებს. ეს ის საიდუმლოა, რომელსაც ზეცა დედამიწაზე ჩამოჰყავს, ხოლო მიწა, ანუ ქრისტეს მიერ შექმნილი ადამის ღმერთკაცობრივი ბუნება, ზეცაზე მაღლა აჰყავს. მღვდელმსახურება ის ღვაწლია, თავისი არსით ქრისტეს მთელ მადლსა და ძალას რომ განასახიერებს და მეორედ მოსვლამდე მის საქმეს განაგრძობს.
წყარო: https://azbyka.ru/
სტატიაში გამოყენებული ილუსტრაციები შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©