ბზობა

ქრისტეს შესვლა იერუსალიმში – სიმდაბლის დიდებულება – წმინდა ლუკა ყირიმელი

ჩვენ დღეს ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს, მიწიერ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ მოვლენას – იერუსალიმში მის დიდებით შესვლას აღვნიშნავთ.

მნიშვნელოვანია გავიგოთ ამ დღესასწაულის სიღრმისეული არსი, რათა ამ მოვლენას უფრო კარგად ჩავწვდეთ. სახარებას ვინც პირველად ეცნობა, შეიძლება გაუკვირდეს და ისიც იფიქროს, რომ მრავალ ადგილას ვხედავთ, თუ როგორ გაურბის ქრისტე ყოველგვარ პატივსა და დიდებას, რადგან ის მშვიდი და გულით მდაბალია.

წმინდა ლუკა ყირიმელი 2
წმინდა ლუკა ყირიმელი

მისივე ხელით განკურნებულებს ის მუდამ აფრთხილებდა, რომ ამ სასწაულის შესახებ არავისთვის ეთქვათ. როდესაც პეტრე მას ძე ღმრთისად და ქრისტედ აღიარებდა, ქრისტემ უთხრა: ‘’ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიხცადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან’’. მოციქულებსაც კი ამცნო, რომ არავისთვის ეთქვათ და არ გაეცხადებინათ, რომ ისაა, ვისაც ელოდნენ, რომ ისაა მესია.

ასე რომ, თითქოს ეს მოვლენები წინააღმდეგობაში მოდიან იერუსალიმში ქრისტეს დიდებით შესვლასთან. იქამდე ქრისტე მხოლოდ ფეხით გადაადგილდებოდა; ამ დღეს კი ის პირველად იხილეს ვირზე მჯდომარე… არასდროს არავის უნახავს, რომ მას რაიმე პატივი შეეწყნარებინოს.

რას ნიშნავდა ეს? ახლა რატომ შეიცვალა თითქოს ქრისტეს ქმედება? მთელი სამწელიწად ნახევრის განმავლობაში რატომ არავის აძლევდა იმის უფლებას, რომ საყოველთაოდ გაეცხადებინათ მისი ვინაობა, რომ ისაა სამყაროს მხსნელი? თვითონაც რატომ არ საუბრობდა ამაზე?

რატომ? იმიტომ, რომ ამის დრო ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი. რა მოხდებოდა, რომ ნაჩქარევად განეცხადებინა თავისი მესიანური ღირსება? ხომ იცით, ისედაც როგორ მტრობდნენ მღვდელმთავრები, მწიგნობრები და ფარისევლები და წარმოგიდგენიათ როგორ მიიღებდნენ ისინი, ქრისტეს რომ თავისი მისიონერული ღვაწლის დასაწყისშივე ეთქვა, რომ ისაა ძე ღმერთი და აღთქმული მესია?

არა, არავითარ შემთხვევაში! ამ ყველაფრის თავიდანვე გაცხადება მხოლოდ უფრო მეტად გააღვივებდა ქრისტესადმი მათ სიძულვილს. მაშინ, მისი იერუსალიმში შესვლამდე, ჯერ კიდევ არ იყო ამ ყველაფრის გაცხადების დრო.

აი, ახლა კი ეს დროც დამდგარიყო. უფალმა თავად იცოდა, თუ როდის გაეცხადებინა საკუთარი თავი, როგორც მხსნელი და სწორედ ეს იყო იერუსალიმში მისი შესვლის მიზანი: იმის გაცხადება, რომ ქრისტეა სამყაროს მხსნელი, ძე ღმერთი და მესია.

როგორ აღასრულა ჩვენმა უფალმა, იესუ ქრისტემ ეს დიდებული საქმე? არა ისეთი დიდებით, როგორიც მეფეს და მესიას ეკუთვნოდა…

როდესაც პილატემ ჰკითხა მეფე ხარ თუ არაო, ქრისტე უპასუხა: ’’მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს’’. (ინ.18:36).

მას რომ ამქვეყნიური მეფობა ნდომოდა, როგორიც ეს ებრაელებს წარმოედგინათ, რა თქმა უნდა, იერუსალიმში ასეთი სიმდაბლითა და უბრალოებით არ შევიდოდა.

განა არ იყვნენ მის მორწმუნეთა შორის ისეთი გავლენიანი და მდიდარი ადამიანები, რომლებიც საკუთარი გავლენებით ყველა ღონეს იხმარდნენ და იერუსალიმში უდიდებულეს მეფესავით მიღებას უზრუნველყოფდნენ? მიართმევდნენ დიდებულ ცხენებს, ეტლებს, რომლებსაც ათასობით ადამიანი გაჰყვებოდა, როგორც რომში შედიან ხოლმე მტერზე გამარჯვებული დიდებული მხედართმთავრები? მათ უდიდესი ტრიუმფით ხვდებოდნენ. ისინი მდიდრულ, ოთხ უმშვენიერეს ცხენზე შებმულ და გამშვენებულ ეტლზე იდგნენ. სიამაყისაგან ზეაწეულ თავს დაფნის გვირგვინი ამშვენებდა და ყველა მხრიდან ოვაციებსა და შეძახილებს იღებდნენ. ამ პროცესიას კი წინ მხედრობა მიუძღოდა ბარაბნებითა და საყვირებით.

განა ჩვენი უფალი, იესუ ქრისტე, ასე შევიდოდა იერუსალიმში? ო, არა, არა!

ზეციურთან შედარებით, ყოველგვარი მიწიერი დიდება არარაობა და წარმავალია. ის დიდებული მხედართმთავრები კი, რომლებიც მაშინ რომში დიდი ტრიუმფით შევიდნენ, უკვე დიდი ხანია, რაც დავიწყებას მიეცნენ. არსებობს სხვა დიდებაც, უსაზღვროდ და უზომოდ აღმატებული! ეს არის სიმდაბლისა და სიმშვიდის დიდებულება! ეს სულიერი ღირსებები, რომლებიც ქრისტეს თვისებებია, უზომოდ აღემატებიან ნებისმიერ ადამიანურ დიდებას, სამხედრო თუ სამოქალაქო დამსახურებებს. მათი პატივი არაფერია იმ ადამიანთა დიდებულებასთან შედარებით, რომლებიც სიმშვიდით, სიმდაბლითა და სიყვარულით არიან აღსავსენი, ანუ ჩვენს უფალს, იესუ ქრისტეს ჰგვანან.

ქრისტეს სამეფო ზეციურია და არა მიწიერი. სწორედ ამ სიმდაბლის დიდებულება იყო მისი სვლა. ვირზე მდაბლად მჯდარს, თავი ამაყად კი არ აუწევია, არამედ თავდახრილს თვალთაგან ცრემლი სდიოდა…

მოვიდა დრო, რომ მთელი ერისთვის გაეცხადებინა საკუთარი თავი, როგორც მდაბალი, თითქოსდა დაუცველი, ტანჯული მესია, როგორც ზეციური მამის მონა, რომელიც მშვიდი და გულით მდაბალია. რომელიც ზეციურ მამას თავისი ხელით დაჰყავს და რომელიც: ‘’ გადატეხილ ლერწამს არ დაულეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩაუქრობს’’.(ეს.42:3)

ასეთი იყო ქრისტეს შესვლა იერუსალიმში. აბა დავფიქრდეთ, განა არ გამოიყენებდა ხალხის ამ აღტაცებას და განდიდებას ის, ვისი სურვილიც მხოლოდ მიწიერი მეფობა და დიდება იქნებოდა? განა არ ეცდებოდა, რომ ნამდვილად გამეფებულიყო?!

ო, რა ადვილად შეეძლო ქრისტეს ამის გაკეთება! ო, როგორი შიშითა და შეძრწუნებით უყურებდნენ მტრები ამ მოვლენას. ისინი კანკალებდნენ და ფიქრობდნენ: ნუთუ მართლა მეფე გახდება და ჩვენი მბრძანებელი იქნებაო?

ქრისტეს ეს ყველაფერი არ სჭირდებოდა, რადგან მისი სამეფო ამქვეყნიური არ არის.

ის ვირზე იჯდა მდაბლად და ტიროდა… რატომ ტიროდა?!

ამაზე პასუხს მისივე სიტყვები გაგვცემენ, რომლითაც ყველას გასაგონად იერუსალიმს მიმართა: ‘’უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშჳდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა’’(ლკ.19:42).

ო, ნეტავ გცოდნოდა იერუსალემ, რომ ესაა შენი გადამწყვეტი დღე. ნეტავ გცოდნოდა, რომ მე ვარ ის მესია, რომელიც შენს გადასარჩენად მოვიდა, მე ვარ შენი მეფე, ოღონდ არა მიწიერი, არამედ ზეციური! ნეტავ გცოდნოდა! მაგრამ შენს თვალთაგან დაფარულია…

მან იცოდა, თუ რისი გადატანა მოუხდებოდა ამ ერს, რომელიც სულ რამდენიმე დღეში სასტიკად უარყოფდა და ჯვარს აცვამდა.

მან იცოდა, რომ მოვიდოდნენ ვესპასიანე და ტიტე და უსაშინლეს ალყას შემოარტყავდნენ იერუსალემს. ეს ყველაფერი ამ მოვლენების თანამედროვე ებრაელ ისტორიკოს იოსებ ფლავიუსთანაა აღწერილი.
ეს ალყა იმდენად საზარელი იყო, რომ სიტყვები ვერ აღწერს. ისე განადგურდა იერუსალიმი, რომ ქვა ქვაზე აღარ დარჩენილა და ტაძარიც ისე დაინგრა, რომ მას შემდეგ აღარ აღდგენილა.

ამის გამო ტიროდა ქრისტე.

ამ დროს კი ხალხი პალმის რტოებით ხელში მხიარულად შესძახოდნდნ: ‘’კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა მაღალთა შინა!’’(მთ.21:9).

შინაგანად წყვდიადითა და სიბნელით მოცულმა, გაღიზიანებულმა ფარისევლებმა და მწიგნობრებმა ვეღარ დაიტიეს და ქრისტეს უთხრეს: ’’მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა!’’.

ქრისტემ უპასუხა:
‘’ჰე; არასადა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ?’’

‘’დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე’’.

რატომ უთხრა ასე? რადგან ასეთ დიდებულ მოვლენაზე დადუმება არ შეიძლებოდა!

ხალხი ზეიმობდა და მხიარულობდა, ხოლო მღვდელმთავრები და ფარისევლები სიძულვილისგან გამძვინვარებულიყვნენ. რატომ სძულდათ ქრისტე?

ისინი ქრისტეს მოსეს რჯულის დამრღვევად მიიჩნევდნენ და იმასაც კი აპროტესტებდნენ, რომ შაბათ დღეს სნეულს კურნავდა. როგორი დაზიანებულია ასეთი გული! იმის მაგივრად, რომ ასეთი სასწაულის მოქმედი ღმერთი განადიდონ, ისინი საშინელი ბოროტებით აღივსნენ. მათ არ ესმოდათ ის, რომ მისი სწავლება კი არ არღვევდა მოსეს რჯულს, არამედ კიდევ უფრო აღამაღლებდა. მათ არ ესმოდათ ძალიან ბევრი რამ, რასაც ქრისტე ამბობდა. მათ გულს ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს გამაოგნებელი და სასწაულებრივი აღდგომაც კი არ შეეხო. რატომ გაბოროტდნენ ისინი?

ამაზე ესაია წინასწარმეტყველი გვპასუხობს: ‘’განზრქნა გული ერისა ამის და ყურითა მათითა მძიმედ ისმინეს და თვალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე და იხილონ თვალითა, და ყურითა ისმინონ, და გულითა გულისხმა-ყონ, და მოვიქცე და განვკურნნე იგინი’’. (ეს.6:10).

მათი გული გაქვავდა, მათი სულიერი თვალი დაბრმავდა, დაიხუჭა და არ მოისურვეს უწმინდესი და უდიდებულესი ქრისტეს ხილვა.

როდესაც ქრისტეს სვლას შესცქეროდით, როგორ არ გაგახსენდათ ზაქარია წინასწარმეტყველის სიტყვები: ‘’იხარებდ ფრიად, ასულო სიონისაო, ქადაგებდ, ასული იერუსალჱმისაჲ. აჰა, მეუფე შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი, თავადი მშჳდი, და მჯდომარე კარაულსა ზედა, და კიცუსა ახალსა’’(ზაქ. 9:9).

როგორ ვერ გაიხსენეს ეს სიტყვები? როგორ არ შეძრა მათი გულები ამ სანახაობას საკუთარი თვალებით რომ უმზერდნენ? იმიტომ ვერ გაიხსენეს, რომ გაუქვავდათ გულები და დაუბრმავდათ თვალები. ამიტომაც ვერ დაინახეს ქრისტე გულით. მათზე აღსრულდა პავლე მოციქულის სიტყვები: ‘’შეძლებაჲ ჩუენი ღმრთისაგან არს, რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა, არა წიგნისა, არამედ სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს’’(2.კორ.3:5-6). ისინი მიჯაჭვულნი იყვნენ წიგნზე, მაგრამ არ იცნობდნენ წმინდა წერილის სულს. ჩვენ ყველანი ამ სულის მსახურნი ვართ და არა უბრალოდ წიგნის!

დაე ყველანი ქრისტეს სულის მსახურნი ვიყოთ! რომ არც ერთმა არ გავიგოთ ჩვენი მისამართით ნათქვამი სიტყვები: ‘’უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშჳდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა’’

თითოეული ჩვენგანის გულთან დგას ქრისტე, ჩუმად, ფაქიზად აკაკუნებს და იცდის, იქნებ გავუღოთ გულის კარები და შევუშვათ შიგნით. ვაი ჩვენ, თუ ვერ გავიგებთ ქრისტეს ამ ფაქიზ კაკუნს, რადგან იმ მომენტში შეიძლება სწორედ იმ სიტყვებით მოგვმართავს, რომლებმაც მის საღმრთო თვალთაგან ცრემლი ადინა: “უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშჳდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა’’
1951 წელი.

წყარო: http://hram-olgi.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©