გონიერი ლოცვის წყურვილი და ვედრება ღმრთისმშობლისადმი
ფრანცისკე (წმ. იოსებ ისიქასტის საერო სახელი) მკაცრად მოღვაწეობდა: მარხულობდა, ღამეებს ლოცვაში ატარებდა. ღამღამობით ან ფეხზე იდგა, ან დადიოდა, რამდენადაც შესაძლებელი იყო, აიძულებდა საკუთარ თავს, რომ ძილს შეწინააღმდეგებოდა. ყოველდღე მიდიოდა წმინდა ათანასეს გამოქვაბულში და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისადმი მისი სიყვარულის გამო ის ცდილობდა, რომ მისი ხატის წინ კანდელი ყოველთვის ანთებული ყოფილიყო.
ის ცდილობდა გაეგო თუ რა არის გონიერი ლოცვა, კითხულობდა წმინდა მამათა ნაშრომებს და მათი დარიგებებით სარგებლობდა. მას იმდენად წყუროდა გაეგო გონიერი ლოცვის გემო, რომ ყოველთვის ევედრებოდა უფალს ამისთვის. მას ჩვევად ჰქონდა, ყოველ საღამოს ორი-სამი საათი უდაბნოში იესუს ლოცვისთვის განმარტოება. ამ დროს ის ცრემლებისგან მიწას ასველებდა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ როგორ წარმოეთქვა ლოცვა გონებით(როგორც ეს ”სათნოებათმოყვარეობაში” ჰქონდა წაკითხული) და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ევედრებოდა, რათა მისთვის ლოცვის მადლი მიენიჭებინა.
ფრანცისკოს მეომრული სული და ნუგეში ღმრთისმშობლისგან
მთელი რვა წლის განმავლობაში, ყოველ ღამე მოწამეობა! ყოველ ღამე დემონური ხროვა ესხმოდა თავს და სხვადასხვა საზარელი საშუალებებით აწამებდნენ მას. ერთი წვერზე ებღაუჭებოდა, მეორე თმაზე, ზოგიც ფეხებზე, ხელებზე, აწამებდნენ, ახრჩობდნენ და ყვიროდნენ: ,,დაახვრჩვეთ! მოკალით!’’ ფრანცისკე აღმოთქვამდა ხოლმე: ,,დედაო ღმრთისა, დამეხმარე!’’ ის გაშმაგებული ებრძოდა მათ, უკან არ იხევდა და ბოლოს მიხვდა, რომ მხოლოდ ქრისტეს და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელით ქრებოდნენ და ძალას კარგავდბენ. შემზარავი ყვირილით გარბოდნენ: ,,დაგვწვა! დაგვწვა!’’.
ეშმაკებთან ბრძოლა მაინც გრძელდებოდა. მამა იოსები გვიყვებოდა: ,, ერთხელ, სასოწარკვეთილების ზღვარზე ვიყავი და ავტირდი: ,, რა არის ეს, უფალო? თითქმის არ ვჭამ, ამდენს ვიღწვი, ვიბრძვი, ვშრომობ, მაგრამ მაინც ვმარცხდები. მტერი გამანადგურებს!’’. ამ ბრძოლაში ფრანცისკეს არაერთხელ მიუღია დახმარება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისგან და მიხვდა, რომ მას ძალიან უყვარს სიწმინდე. სწორედ ამიტომ, ის ყველაზე მეტად ხორციელ ვნებებს ებრძოდა. ის ამბობდა: ,,ვერ აგიღწერთ, როგორ უყვარს ღმრთისმშობელს უბიწოება და სიწმინდე!’’.
ის ტიროდა, მოთქვამდა, ევედრებოდა ღმრთისმშობელს, რომელიც ხშირად ანუგეშებდა, მაგრამ ამ ომს დასასრული არ უჩანდა. ხანდახან ბრძოლა თითქოს წყდებოდა, მაგრამ სულის მოთქმასაც ვერ ასწრებდა, რომ კიდევ უფრო ახალი ძალით გრძელდებოდა. მისი სხეული ნებდებოდა, სიმამაცეც ირყეოდა და ძალას კარგავდა.
იმ დროს, უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით ანუგეშა, რასაც შემდგომში ასე აღწერდა: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით და არ ვტყუი, ერთი ძმა, ერთ მთვარიან ღამეს, უდაბნოს მყუდროებაში, სრულ სიჩუმეში იჯდა და განკვირვებაში მოვიდა. ირგვლივ სრული სიჩუმე დამდგარიყო და არც ერთი ცოცხალი არსების ჭაჭანება არ იყო. ის იჯდა, მღვიძარებდა და იესუს ლოცვაში ჩაძირულიყო, როდესაც ფრინველის უტკბესი ხმა მოესმა, რომელმაც მისი გონება აღიტაცა . ეს ძმაც ადგა, რათა ენახა, თუ საიდან მოდიოდა ასეთი ტკბილი ხმა. სულით სხეულს გარეთ მყოფი, განკვირვებით აქეთ-იქით იყურებოდა. წინ მიდიოდა და უეცრად, მან დაინახე ყველაზე დიდებული, მიუწვდომელი, არამიწიერი, კეთილსურნელებითა და მადლით აღსავსე ნათელი. ამ დამაბრმავებელმა ნათელმა თითქოს დაატყვევა და ჭვრეტად აღიტაცა. ის თოვლივით თეთრ გზაზე მოხვდა.
ირგვლივ ყველაფერი არამიწიერი სილამაზის იყო და სიტყვები ვერ გამოთქვამდა იქაურ მშვენიერებას. ეს იყო უტკბესი, უმშვენიერესი სამოთხე, რომელიც კეთილსურნელოვანი, ოქროსფოთლებიანი ყვავილებით დაფარულიყო. ადამიანის ენას არ ძალუძს ამის გამოთქმა. შეშლილივით უყურებდა ამ გამაოგნებელ სანახაობას და განცვიფრება მოიცავდა. წინ წავიდა და ხედავს უდიდეს, ბრწყინვალე სასახლეს, რომლის კარებთანაც ყოვლადწმიდა ქალწული, ანგელოზთა დედოფალი, ყოველი ქრისტიანის სულის ნუგეში, გამოუთქმელი კეთილსურნელებით აღსავსე იდგა და თავის უხრწნელ ხელებში ეპყრა უბრწყინვალესი ყრმა, რომელიც ათას მზეზე მეტად ანათებდა. როდესაც მიუახლოვდა, საღმრთო სიყვარულით აალებული ღმრთისმშობელს ჩაეხუტა, როგორც შვილი დედას. მანაც ისე ჩაიკრა გულში, როგორც ნამდვილი შვილი.
ჰოი, ღმრთის სიყვარულის სიღრმე! ჰოი დედის სიყვარული თავისი შვილის მიმართ! ისე ჩაიკრა გულში, როგორც საკუთარი შვილი და გამოუთქმელი კეთილსურნელებით აღავსო! ამ მართალმა ადამიანმა მითხრა, რომ როდესაც ამ ჭვრეტას იხსენებს, საკუთარ სულში უდიდეს სიტკბოებას შეიგრძნობს და წლების განმავლობაში არ ავიწყდება ის დიდებული კეთილსურნელება. გამოუთქმელმა და უტკბესმა ყრმამ თავისი ხელი სახეზე მოუსვა და უთქმელი სიყვარულით ფაქიზად მოეფერა. ყოვლადწმიდა დედამ მას ის საიდუმლოება აუწყა, რის გაცხადებასაც მრავალი დღის განმავლობაში მხურვალედ ევედრეობდა. ყრმა ქრისტემ კი უთხრა, რომ იმისათვის, რომ ასეთი სამოთხისეული სიტკბოება კიდევ იგემოს, მან მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა იღვაწოს და ტკივილები დაითმინოს.
მას ამ ადგილის დატოვება მოუწია, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდა და ისევ იმ იქ აღმოჩნდა, სადაც ეს ჭვრეტა დაიწყო’’.
სულიერ ცხოვრებაში წარმატების მთავარი წინაპირობა
მამა იოსებს ვკითხეთ:
– მამაო, როგორ მიაღწიე იმ სიმაღლეს, რომ ღმრთისმშობელმა გულში ჩაგიკრა?
მან გვიპასუხა, რომ მთელი სისოცხლის განმავლობაში ის ყველაზე მეტად ცდილობდა, რომ საკუთარი თავი შეეცნო. ვინ არის ადამიანი? არავინ – მიწა და მტვერი. როდესაც ადამიანის გულში ღმრთის მადლი შედის, ის მადლით ღმერთად იქცევა. ხოლო როდესაც მადლი ტოვებს, მაშინ ის მზადაა მიიღოს ნებისმიერი ერესი, ჩაიდინოს ნებისმიერი დანაშაული და ჯოჯოხეთი ისადგურებს მის გულში. ყველაფერი ღმრთის მადლზეა დამოკიდებული, მაგრამ იმისათვის, რომ ის მოვიდეს და ჩვენში დამკვიდრდეს, გარკვეული წინაპირობები მოგვეთხოვება. ფრანცისკე საკუთარი თავის შეცნობით იყო დაკავებული. ადამიანი თვითმოძრავი არ არის, თუკი მას მადლი ამოძრავებს, ის ანგელოზი გახდება, ხოლო თუ დაეცა და მადლი განშორდა, ის ეშმაკს ემსგავსება. მამა იოსები გვეუბნებოდა: ,, თუ მადლი დამტოვებს, მაშინ შეიძლება ყველაზე საშინელი დანაშულიც კი ჩავიდინო, რადგან ჩვენში როგორც ყველანაირი სიკეთის მარცვალია, ასე ბოროტებისაც. ადამიანი რომელ მარცვალსაც გაამრავლებს და ააღორძინებს საკუთარ თავში, საბოლოოდ ის მოიცავს მას. რამდენი განდევნიდა ეშმაკებს, მაგრამ მწარედ დაეცნენ!’’
მრისხანების წინააღმდეგ მებრძოლი ფრანცისკე და ლოცვა ღმრთისმშობლისადმი
ერთხელაც, ერთმა მონაზონმა, რომელიც კატუნაკების მეზობლად ცხოვრობდა, მიწის ნაკვეთების საზღვრის გამო, მამა ეფრემს( მამა იოსების აღმკვეცი მონაზონი) სრულიად უსამართლო ლანძღვა დაუწყო. არ ჩერდებოდა იმდენს უყვიროდა: ,,შე ნაძირალავ! შე ასეთო, შე ისეთო..’’ ასე ყვიროდა და ყვიროდა. საბრალო მოხუცი ძალიან უბრალო და მშვიდი იყო, პასუხი არც გაუცია და მხოლოდ ამ სიტყვებს აღმოთქვამდა: ,,ოხ, რისი მოთმენა მიწევს ამ კაცისგან! რისი მოთმენა!’’.
ახალგაზრდა ფრანცისკეში ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ვნებები და ისიც მრისხანებით აინთო. მთელი გულით უნდოდა, რომ გავარდნილიყო და თავისი ადგილი მიეჩინა ამ მონაზვნისთვის, რომელიც სულ ტყუილად ლანძღავდა მამა ეფრემს. ფიქრობდა ,,ეხლა თუ გავედი, მიიღებს ჩემგან!’’. მრისხანება დუღდა მასში, რადგან ის ბუნებით ძალიან მრისხანე იყო. ვნება ეუბნებოდა: ,,გადი და მოსცხე ერთი!’’, მაგრამ როგორც კი გააცნობიერა, რომ გასვლის შემთხვევაში წარმოდგენაც კი არ უნდოდა, რა შეიძლება მომხდარიყო, თავი შეიკავა და მყისვე ხარების ტაძარში გაიქცა, მიწაზე დაემხო და საშველად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს მოუხმო: ,,შემეწიე, დამეხმარე ღმრთისმშობელი! არ მომცე საშუალება რომ გავვარდე! შემეწიე, ჩემო ქრისტე, მიხსენი! ეხლა თუ გავვარდი, არ ვიცი რა მოხდება. დამეხმარე, მიხსენი და დააცხრე ჩემში ეს ვნება!’’
როდესაც იმდენად ტიროდა, რომ ცრემლებით მიწას ასველებდა, იგრძნო, რომ ვნება უკან იხევდა, დამშვიდდა და საღ გონებაზე მოვიდა. მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა და ეს საქმე დიდი სიყვარულითა და სიფაქიზით მოაგვარა: ,, კარგით, საკმარისია, საკმარისია! ჩვენ აქ ხომ იმისთვის არ მოვედით, რომ კალივებს, ზეთისხილის ხეებს და კლდეებს ვფლობდეთ. ჩვენ აქ საკუთარი სულითვის და სიყვარულისთვის მოვედით. თუ სიყვარულს დავკარგავთ, ქრისტესაც დავკარგავთ. ჯობია არაფერი გვქონდეს, მაგრამ სიყვარული იყოს ჩვენში. გულში თუ სიძულვილი გვექნა, რა გამოვა, მამაო? ყველაფერი მივატოვეთ, რაც გაგვაჩნდა და ახლა მიწიერის გამო უნდა ვიკამათოთ და ყველას დასაცინი გავხდეთ?’’ ამ სიტყვების შემდეგ ის განრისხებული მონაზონიც დაცხრა.
მამა იოსები გვეუბნებოდა: ,, იმ დღეს მრისხანებისთვის რომ დამეთმო, შეიძლება მომეკლა ის მონაზონი. ისეთი ძალა და სიმამაცე მქონდა, რომ ათ კაცსაც კი გავუმკლავდებოდი. ეს იყო ვნების წინააღმდეგ პირველი გამარჯვება. მას შემდეგ ვგრძნობდი, რომ მრისხანება ნელნელა მცირდებოდა ჩემში და უწინდელი ძალა აღარ ჰქონდა. ქრისტესმიერმა სიმშვიდემ დაიწყო ჩემი გულის გათბობა’’.
დამწყებმა ფრანცისკემ საკუთარ თავში მოახრჩო მრისხანება. ხოლო იმ მონაზონმა ეს არ გააკეთა და ამ ვნებასთან ერთად გაატარა მთელი ცხოვრება. მამები ამბობენ: ვნებები ადამიანთან ერთად ბერდენიან. ასე იყო იმ მოხუცის შემთხვევაშიც, რომელსაც ღრმა მოხუცებულობამდე თან ახლდა ეს ვნება. ვერ აგიღწერთ, თუ რისი გადატანა უწევდა ფრანცისკეს ამ უხეში მეზობლისგან. ის წყევლიდა მას და მოსვენებას არ აძლევდა, მაგრამ ფრანცისკე მთელი ძალებით ცდილობდა, რომ მოთმინება გამოევლინა. ერთ-ერთ წერილში ის წერს: ,,რომ მოგიყვეთ, თუ რისი გადატანა მიწევდა ყოველდღიურად მრისხანების ვნებისგან, წიგნის დაწერა მომიწევს. ქრისტეს ჩემი გათავისუფლება უნდოდა და ამიტომ მივლენდა ამ განსაცდელებს: უსამართლოდ მლანძღავდნენ, შეურაცხმყოფდნენ და მწყევლიდნენ. მე კი ვითმენდი და უკიდურესი მოთმინებით ამ ეშმაკს საკუთარ თავში ვგუდავდი. ასე გავთავისუფლდი ამ ბოროტებისგან’’.
ამის შემდეგ, ფრანცისკემ საკუთარ თავს უთხრა: ,, ამიერიდან ჩემი სიმამაცე ეშმაკებთან და ვნებებთან ბრძლაში უნდა გამოვავლინო. თუ ასე არ მოვიქეცი, მორჩა, დავიღუპები!’’. ასე საუბრობდა ვნებების შესახებ: ,, ან მე, ან ისინი, ან გავიმარჯვებ, ან დავიღუპები!’’. საბოლოოდ, ამ ბრძოლიდან ის გამარჯვებული გამოვიდა.
მამა იოსების გაუსაძლისი განსაცდელები და ღმრთისმშობლის გამოცხადება
მიუხედავად მამა იოსების სიმდაბლისა და მდუმარებისა, განსაცდელები უფრო და უფრო რთულდებოდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ წმ. ანას სკიტის ზოგიერთმა მამამ მისი დასჯა გადაწყვიტეს, ვითომ იმის გამო, რომ დაემდაბლებინათ და ხიბლისგან გაეთავისუფლებინათ. მას სხვადასხვა სახის საქმეებს ავალებდნენ. კერძოდ კი სკიტის ტაძრის კედლების გათეთრებას. მამა იოსები ამ ყველაფერს სრული მორჩილებით და უდრტვინველად აკეთებდა.
ეშმაკი აგრძელებდა მამა იოსების წინააღმდეგ მისივე მეზობლების აჯაყებას, რომლებმაც იმ კალივის კოდექსში, სადაც მამა იოსები დასახლებულიყო, ცვლილება შეიტანეს, რომ არავისთვის არ დაეთმოთ ის. შედეგად, მამა იოსებს წმინდა ანას მცირე სკიტის მეზობლებთან კონფლიქტი მოუვიდა და მალევე იმ ლავრამ, რომელსაც ეს სკიტი ეკუთვნოდა, მამა იოსების გაგდება გადაწყვიტა.
ბერი ღრმა მწუხარებაში ჩაიძირა. ტაძარში შევიდა და ცრემლმორეული ღმრთისმშობლის ხატის წინაშე დაემხო. ლოცვისას უეცრად ნუგეში შეიგრძნო და არამიწიერი ნათელი დაინახა. მისი გული ქრისტეს სიყვარულით აღივსო და მისი სული სხეულიდან გამოვიდა. ამ ხილვას ასე აღწერდა:
,, გასაოცარი ნათლით აღსავსე ადგილას მოვხვდი. ჩემს წინაშე, ზღვასავით დიდი, უსაზღვრო სიცრცე გადაშლილიყო, რომელიც ცას უერთდებოდა. მიწა კი თოვლივით თეთრი იყო. წინ მივდიოდი, მაგრამ მიწას არ ვეხებოდი და ვერც სიმძიმეს დ ვერც შემოსაზღვრულობას ვერ ვგრძნობდი. მხოლოდ იმას ვხედავდი, რომ ჩემი ღარიბული შესამოსელი მეცვა. დიდი სიჩქარით მივდიოდი და გაურკვევლობაში ვიყვავი, თუ როგორ ვმოძრაობდი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ან საერთოდაც სად მივდიოდი? ვფიქრობდი, როგორ დავბრუნებულიყავი, რადგან არ ვიცოდი, იქ როგორ მოხვდი, ან სად ვიყავი. შევჩერდი და განცვიფრებული აქეთ-იქით ვიყურებოდი. ვერანაირ შიშს ვერ ვგრძნობდი. ჩემს წინ, საკმაოდ შორს, თითქოს რაღაც საუბრის ხმა ისმოდა. მეც იქით წავედი და მინდოდა მენახა ვინ ლაპარაკობდა. იქნებ ვინმეს ეთქვა, სად ვიყავი. მივდიოდი და აღმოვჩნდი ერთ მინდორზე. გაოგნებული ვფიქრობდი, როგორ მოვხვდი ასეთ მშვენიერ ადგილას-მეთქი? გასასვლელს ვეძებდი, ვინმეს არ გაველანძღე ასე უნებართვოდ, რომ შევედი. გასასვლელის ძებნაში ყურადღებით მოვათვალიერე იქაურობა და მიწაში რაღაც ჩაღრმავება დავინახე, სადაც ჩასასვლელი მოჩანდა. დიდ ქალაქებში მიწისქვეშა გალერიებში რომ ჩასასვლელია, იმას მოგაგონებდათ. ერთ მიწისქვეშა კარში შევედი და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლს ტაძარში აღმოვჩნდი. იქ საოცარად შემოსილი ახალგაზრდები ისხდნენ, რომლებსაც მკერდსა და თავზე წითელი ჯვარი ჰქონდათ გამოსახული. ერთ-ერთი მათგანი გაცილებით უფრო ნათელ სამოსელს ატარებდა და მხედართმთავარი გეგონებოდათ. წამოდგა ტახტიდან და კარგი ნაცნობივით, მეგობრულად მითხრა:
– მოდი, გელოდებოდით.
და დაჯდომა შემომთავაზა.
– შემინდე, – ვუთხარი – აქ ჯდომის ღირსი არ ვარ, ჩემთვის აქ დგომაც საკმარისია.
მრცხვენოდა ასეთი ძველი, გაურეცხავი და დახეული შესამოსელი რომ მეცვა. მანაც გამიღიმა, ხელი მომკიდა და კიბით ქვემოთ დავეშვით, საიდანაც გალობის ხმა ამოდიოდა. მომეჩვენა, რომ ძალიან მალე ჩავედით და დავინახე საკმაოდ დიდი სივრცე, რომელიც ტაძარი უნდა ყოფილიყო. ირგვლივ სტასიდები იდგა და ერთი ასაკის და ერთნაირი სახის ნაკვთების მქონე ახალგაზრდები გალობდნენ. გაოგნებული ვუსმენდი ამ გალობის საოცარ მელოდიას. ჩემმა თანამგზავრმა იქ დამტოვა და აღმოსავლეთისკენ წავიდა. ამ ახალგაზრდებმა სტასიდზე დადგომა შემომთავაზეს და იმდენად მეგობრულად მომმართავდნენ, რომ განცდა მქონდა თითქოს დიდი ხანი მიცნობდნენ და ჩემი გულის მეგობრები იყვნენ. ტაძრის მთავარი ნაწილიდან სხვა გალობა ისმოდა, რომელიც ღმრთისმშობლისადმი იყო მიმართული. მინდოდა სადმე დავმჯდარიყავი და დავმტკბარიყავი ამ დიდებულებით. შემდეგ გაიღო კარი და ჩემი თანამგზავრი მხედართმთავარი გამოვიდა. სიხარულით დამიძახა და მითხრა:
– აქ შემოდი, მამა იოსებ.
გაოგნებისაგან გაშეშებული ვიყავი. მან ისევ ხელი მომკიდა და შესასვლელამდე მიმიყვანა. როდესაც ეს კარი გაიღო და ამ მხედართმთავარმა შიგნით შემიყვანა, ენით გამოუთქმელ და მიუწვდომელ დიდებულებაში აღმოვჩნდი, არ ვიცოდი ეს ტაძარი იყო, თუ თავად ზეცა – ქრისტეს საყდარი. ადგილზე გავიყინე. ყველა ჩემი შეგრძნება, მხედველობა და მთელი არსება ამ ნათლითა და დიდებულებით აღივსო. ეს იყო უქმნელი, ყველა ბრწყინვალებაზე უფრო ბრწყინვალე და ფაქიზი ნათელი.
ამ დიდებულებაში ჩემს წინ აღმართული გასაოცარი კანკელი დავინახე. სწორედ იქედან მოდიოდა მზის მსგავსად ამ დიდებულების სხივები. ორი დიდი ხატი გავარჩიე: მარჯვნივ, ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ხატი იყო, ხოლო მარცხნივ მისი ყოვლადწმიდა დედის, რომელიც საყდარზე იჯდა და მუხლებზე ჩვენი შემოქმედი, ყრმა ქრისტე ეჯდა. ამ ჭვრეტისგან სრულიად დატყვევებული ვიყავი. როდესაც კარგად დავაკვირდი, აღმოვაჩინე, რომ ეს ხატები ცოცხალს ჰყავდნენ. ყოვლადწმინდა ყრმა ისეთ ნათელს აფრქვევდა, რომ ყველა მგალობელი დადუმდა. ჩემმა თანამგზავრმა მანიშნა მივახლოებულიყავი და თაყვანი მეცა ღმრთისმშობლისთვის – ყველა ქრისტიანის ნუგეშისთვის. ვერც კი შევამჩნიე, როგორ მივუახლოვდი, მაოცებდა მისი დიდებულება! ჩემმა თანამგზავრმა ძალიან სუფთა ხმით, მეგობრულად, კადნიერად და ამავდროულად თხოვნით მიმართა ჩვენს დედოფალს. ეს ხმა დღემდე მახსოვს:
– ყოვლადწმიდა ქალწულო, ანგელოზთა დედოფალი, გამოუვლინე შენი მადლი შენს მონას, რომელიც ასე იტანჯება შენი სიყვარულისთვს, გარდამოუვლინე მადლი რომ არ დაითქას მწუხარებისგან.
რაღა ვთქვა, მე ყველაზე უღირსმა და არარაობამ? უეცრად ყოვლადწმიდა ქალწულის ხატიდან უსაზღვროდ დიდი ბრწყინვალება გამოვიდა და ცოცხლად წარსდგა ჩემს წინაშე. ის ძალიან მშვენიერი იყო. მას სამყაროს მხსნელი – ჩვენი უფალი იესუ ქრისტე ეპყრა ხელთ, რომელიც მზეზე უსასრულოდ მეტად ანათებდა. ასეთი მადლისა და დიდებულების განმცდელი მის ფერხთით დავემხე, ვერც კი ვბედავდი ზემოთ ახედვას და ცრემლით აღმოვთქვი:
– მაპატიე, დედა, რომ ჩემი უგუნურებით დაგამწუხრე! ჩემო დედოფალო, არ დამტოვო!
შემდეგ მესმა მისი უნეტარესი, თაფლზე უფრო ტკბილი და ყოველგვარ ნუგეშზე უფრო მანუგეშებელი ხმა:
– რატომ ხარ სასოწარკვეთილი? ჩემზე დაამყარე შენი სასოება.
შემდეგ ჩემს თანამგზავრს უთხრა:
– დააბრუნე თავის ადგილას, დაე იღვაწოს.
შემდეგ ვიგრძენი, თუ როგორ შემეხნენ მხარზე და უეცრად კვლავ ჩემს ტაძარში აღმოვჩნდი. იქ, სადაც ლოცვა დავიწყე. გონს მოვეგე, ცრემლებით სულ დავსველებულიყავი და დიდი სიხარულისგან ავტირდი.
მას შემდეგ, ღმრთისმშობლისადმი იმდენად დიდ სიყვარულსა და კრძალვას განვიცდი, რომ მისი სახელის ხსენებაც კი სულიერი სიხარულით აღმავსებს. მისი სიტყვები: ,,ჩემზე დაამყარე შენი სასოება’’ , მას შემდეგ ჩემი მუდმივი ნუგეშის წყარო გახდა.
ამის შემდეგ, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა ლავრის მამებს გონება გაუნათა, რათა მამა იოსების საძმო არ გაეგდოთ. წმინდა ანას სკიტმა კი იქ დასახლების ნებართვა მისცა მათ.
* * *
დევნა შეწყდა, მაგრამ მწუხარებები ერთი მეორეს მიყოლებით მოდიოდა. ერთხელაც, მამა იოსები ტაძარში შევიდა და კანკელის ღმრთისმშობლის ხატს კოცნიდა და ცრემლებით ევედრებოდა მას. რაღაც მომენტში დაღლილობა იგრძნო და სტასიდში დაჯდა. რული მოერია და ძილსა და ცხადს შორის, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მყოფობა იგრძნო. უეცრად, კანკელის ხატი ნათლით აღივსო და მის წინაშე ცოცხალი ღმრთისმშობელი წარსდგა. მის მკლავებში მჯდარი ყრმა ქრისტე მზესავით ანათებდა. ყოვლადწმიდა დედა მამა იოსებს ეამბორა და გამოუთქმელი სიხარულითა და კეთილსურნელებით აღავსო. შემდეგ უთხრა:
– ხომ გითხარი ჩემზე დაამყარე-მეთქი შენი სასოება? რატომ ხარ სასოწარკვეთილი?
შემდეგ მის მკლავებში მჯდარი უტკბესი ყრმა ქრისტე გაუწოდა, ხელში რომ აეყვანა, მაგრამ გაოგნებული მამა იოსები გაშეშდა. თავად ეს ზეციური ყრმა მიუახლოვდა მას და სახეზე ფაქიზად მოეფერა, მამა იოსები კი მის საოცარ, პატარა ხელს ემთხვია და იმდენად დიდი სიყვარულითა და ნათლით აღივსო, რომ ფეხზე დგომა აღარ შეეძლო და მის წინაშე დაემხო. ყოვლადწმიდა დედა კვლავ თავის ხატში შევიდა და მას თავისი საღმრთო ნუგეში და გამოუთქმელი კეთილსურნელება დაუტოვა. როდესაც გონს მოეგო, მამა იოსები იმ ადგილს ემთხვია, სადაც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი იდგა. ამ ადგილმა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა კეთილსურნელება.
ის ამბობდა, რომ ასეთი ხილვისას არავინ ფიქრობს, რომ ეს სიზმარია, არამედ ეს აღიქმება, როგორც რაღაც სხვა, იქამდე უცნობი, ზეციური სიცოცხლის შეგრძნება. იმასაც ამატებდა, რომ როგორც არ უნდა სცადო განცდილის აღწერა, ვერასდროს შეძლებ ამის ზუსტ გადმოცემას.
უფალი ასე ანუგეშებდა ხოლმე მას. იმ დროს, მას ყველამ ზურგი აქცია. არავინ ჰყავდა, ვისაც უფრო მეტი გამოცდილება ექნებოდა და ვინც რჩევას მისცემდა. როდესაც გონიერი ლოცვისას თავის გამოცდილებას ვინმეს გაუზიარებდა, თვლიდნენ, რომ ის ხიბლში იმყოფებოდა და ეუბნებოდნენ: შვილო, ეს საშიშია და გირჩევ თავი დაანებოო. მაგრამ მამა იოსები უკან არ იხევდა. თავად უფალი შთააგონებდა, რომ უწინდელი ღვაწლი გაეგრძელებინა. თავისი ჩვეული სიმამაცით იტყოდა ხოლმე: ,,აბა როგორ? ჩვენ ხომ იმ უფალმა მოგვიწოდა, ვინც ძველ მამებს ესოდენ დიდი მადლი მისცა? ჩვენც რატომ არ ვეცადოთ, რომ იგივე მადლი მოვიხვეჭოთ?’’.
მოღვაწეობრივ მოშურნეობასთან ერთად, ის ღრმა სიმდაბლითა და მოთმინებით იყო აღჭურვილი. სწორედ ამიტომაც ეხმარებოდა მას ქრისტე, რადგან ნათქვამია: ,,ღმერთი ამპარტავათა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი’’.
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი წმიდა იოსებ ისიქასტის დამოკიდებულების შესახებ
შეუძლებელია აღწერო ბერი იოსების სიყვარული ღმრთისმშობლის მიმართ. ჯერაც არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც მსგავსად ჰყვარებოდა, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, როგორც ბერ იოსებს. მას თვალებიდან ცრემლი სდიოდა, როგორც კი მის სახელს ახსენებდა, ან მის ხატს დაინახავდა, ან გაიგებდა, თუ როგორ უგალობს ვინმე ღმრთისმშობელს. ერთხელაც, მთელი ღამე გაათენა და ამიხსნა კიდეც ამის მიზეზი: ”ვერ დავიძინე, მხოლოდ იმის გამო, რომ დედა ღმრთისა გამახსენდა”. ასე უყვარდა მას ის.
ამ სიყვარულს მის წერილებშიც ვხედავთ: ”არ შემიძლია მხოლოდ ერთხელ ვემთხვიო ღმრთისმშობლის ხატს და განვეშორო. როგორც კი ვუახლოვდები, როგორც მაგნიტი ისე მიზიდავს, სურვილი მაქვს საათობით განუწყვეტლივ ვემთხვეოდე. რაღაც ცოცხალი სუნთქვა აღავსებს ჩემს სულს, ვივსები მადლით და არ მაძლევს საშუალებას განვეშორო მას. ასეთ მადლს აძლევს ჩვენი დედა ღმრთისმშობელი მათ, ვინც წმინდად ცხოვრობს. მრავალმა წმინდანმა უძღვნა საქებარი სიტყვები ჩვენს ღმრთიმშობელს, ხოლო მე უღმერთო კი ასე მოვუხმობ მას ყოველწამს: ”დედაო ჩემო! ჩემო ტკბილო დედიკო!” ვერ მოვძებნე ამაზე მეტად მშვენიერი და ტკბილი სახელი.
როგორც კი მას მოვუხმობთ, ის მეყსეულად დასახმარებლად მოიჩქარის. ვერც კი ასწრებ, თქმას: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შემეწიე მე!”- რომ, როგორც ელვა, ისე ანათებს გონებას და გულს საღმრთო ნათლით აღავსებს. გონებას ლოცვისკენ მიდრეკს, ხოლო გულს – სიყვარულისკენ. ხშირად მთელი ღამეც კი გადის ქვითინსა და მისი და მის მიერ შობილის, იესუ ქრისტეს ტკბილხმოვან დიდებისმეტყველებაში”.
მან უკვე დიდი ხნის წინ თხოვა მას, რომ წაიყვანოს. ხანდახან ის ღმრთისმშობლის ხატს ჩაიხუტებდა და ცრემლებით ეუბნებოდა: ”როდის მოხვალ? როდის მიიღებ ჩემს სულს?” ამიტომაც ჩვენმა კეთილმა ღმერთმა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა ბერი იოსები დიდი პატივის ღირსი გახადეს: მისი მიძინების დღეს, მიიძინა ბერმა იოსებმაც, რითაც ნათლად აჩვენა, თუ როგორ აღუსრულა ყოვლადწმიდა დედამ მასთან შეხვედრის გულისწადილი.
გამოკრებილი და ნათარგმნია არქიმანდრიტ ეფრემ არიზონელის წიგნიდან: ”ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან”
მთავარი ფოტო: წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრის კანკელის ხატი (მის. საბურთალო, ფანასკერტელის ქ.14)
სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ