Image 1 e1607106853277

ღმრთისმშობლის შობა – დასაწყისი ახალი კაცობრიობისა – არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

დღეს ჩვენი ეკლესია ზოგადსაკაცობრიო სიხარულს – ჩვენი დედის, ღმრთისმშობლის შობას ზეიმობს. ამ დღესასწაულის ერთ-ერთ უმშვენიერეს საგალობელში ის მოხსენიებულია, როგორც ,,ფესვი ახალი ქმნილებისა’’. მართლაც, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი ის ახალი ფესვია, რომელმაც ამ უნაყოფო სამყაროში და სულიერად მკვდარ გარემოში სიცოცხლის ყვავილი – თავად ქრისტე მაცხოვარი აღმოგვიცენა. ამ ახალი ფესვი გარეშე კაცობრიობა ვერ მიიღებდა ამ უტკბეს ნაყოფს – ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს. მისი შობა არის დასაწყისი ახალი კაციობრიობისა და ამიტომაც, ეს მოვლენა ზოგადსაკაცობრიო სიხარულია.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დიდი სიხარულის თანამოქმედნი ორი უბრალო და სულით მდაბალი ადამიანები იყვნენ: იოაკიმე და ანა. ისინი საკუთარ გულში დაფარულად ემსახურებოდნენ ღმერთს. მათ უნაყოფობის ტკივილი ღმრთისადმი მინდობისა და მოუკლებელი ლოცვის საფუძვლად აქციეს. მათი შინაგანი ღმრთისმსახურების, ღმრთისადმი მინდობის, საკუთარი ცხოვრების მისთვის შეწირვის, გულის სიწმინდის, უბრალოებისა და სიმდაბლის წყალობით უდიდესი სასწაული აღსრულდა: უნაყოფო მშობლების მიერ შეწყდა ზოგადსაკაცობრიო სულიერი უნაყოფობა! ადამიანური ბუნების უნაყოფობას ვერ დაუსვეს წერტილი ვერც ფილოსოფოსებმა, ვერც პოლიტიკოსებმა და ვერც სხვა რომელიმე ცნობილმა წინამძღოლმა. ეს უნაყოფობა ორმა უბრალო და სულით მდაბალმა ადამიანმა, იოაკიმემ და ანამ დაასრულეს.

უბრალოდ დაფიქრდით, მდაბალი და უბრალო ადამიანებისგან რამდენი დიადი რამ ხდება ხოლმე. ეს სოფელი მათ არ სცნობს, რადგან არც ამის საზომი გააჩნია და არც ამგვარი სულიერი საგნების განსჯის შესაბამისი საშუალებები. ჩვეულებრივ, მათ ან არანაირი წარმოდგენა არ აქვთ მათ შესახებ ან უბრალოდ იძულებენ მათ. როდესაც ადამიანები საკუთარ თავს ღმერთს უძღვნიან, როდესაც მათი სული განიწმინდება, როდესაც მოუკლებლად ლოცულობენ და ცოცხალი ღმერთისთვის ცხოვრობენ, მაშინ შემოქმედ ღმერთს ამ უბრალო და მდაბალი ადამიანებისგან მთელი სამყაროსთვის რაღაც დიდებულის აღორძინების საშუალება ეძლევა, როგორც ეს იოაკიმეს და ანას შემთხვევაში მოხდა. მათ ვერც კი წარმოედგინათ, თუ რა ნაყოფს გამოიღებდა მათი სიმდაბლე, წმინდა და პატიოსანი ქორწინება, მორჩილება, ცოცხალი რწმენა და სიყვარულის სიუხვით ღმრთისაკენ მოუკლებელი სწრაფვა. სწორედ ასეთი მდგომარეობიდან ქმნის ღმერთი დიდებულ საქმეებს მთელი სამყაროსთვის!

დღეს ჩვენ ვმადლობთ წმინდა იოაკიმეს და ანას, რადგან მათი უბრალო ქორწინება, რომელსაც თან ახლდა მოუკლებელი ლოცვა და გულის სიწმინდე, გახდა მიზეზი იმისა, რომ სამაყაროში ქალწულების უმშვენიერესი ყვავილი – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, ჩვენი მხსნელის დედა აღმოცენდა.

ჩვენც ვხდებით ამ უდიდესი სიხარულის თანამონაწილენი საიდუმლოებრივად, გულისმიერად, ლოცვითი მდგომარეობითა და ევქარისტიული მსახურებით. ვმადლობთ ჩვენს დედას, რომელმაც ყრმობიდანვე ღმერთს მიუძღვნა თავი. გააგრძელა რა თავისი ღმრთივსულიერი მშობლების სიწმინდე, თავადაც ქალწულების ნაყოფი და ჩვენი მაცხოვრის დედა გახდა.

მისი შობის დღეს, ვევედრებით მას, როგორც უნაყოფობისგან მთელი კაცობრიობის გამომყვანს, რათა შეგვეწიოს, რომ ჩვენც გადავლახოთ ჩვენი ცოდვისმიერი, შინაგანი უნაყოფობა. ჭეშმარიტად ბერწი იყო კაცობრიობა, რომელიც თავის ბუნებით შვილებს შობდა, მაგრამ ისეთი არავინ იყო, ვინც საკუთარ წიაღში ღმერთს დაიტევდა და შობდა მას. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამყაროს მრავალი ევლინებოდა, ის მაინც სულიერად უნაყოფო რჩებოდა. ჩვენმა ყოვლადწმიდა ქალწულმა კი დაასრულა კაცობრიობის სიბერწე და ძე ღმერთი შვა. დაე შეგვეწიოს ჩვენც, რომლებიც მისი და მისი ძის ნაკვალევს მივყვებით, რათა ჩვენი ცოდვისმიერი უნაყოფობა გადავლახოთ. ვევედროთ, რათა ჩვენი ეს უნაყოფო ნიადაგი სულიწმიდის მადლით გააკეთილშობილოს, წმინდა სათნოებების აღმოეცენების უნარი მიანიჭოს და ნაყოფიერი გახადოს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ადამიანური ბუნება იმ დანიშნულებას მიაღწევს, რისთვისაც ღმერთმა შექმნა. ღმერთს ადამიანი იმისთვის არ შეუქმნია, რომ ის მკვდარი და უნაყოფო ყოფილიყო, არამედ იმისთვის, რათა ის ცოცხალი, ნაყოფიერი და შემოქმედებითი ყოფილიყო, სიწმინდე მოეხვეჭა, საკუთარ გულში ქრისტე ეშვა და რათა ყველა ადამიანი ქრისტეშემოსილი ყოფილიყო, როგორც ჩვენი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, რომელიც დედამიწაზე პირველი ქრისტეშემოსილი ადამიანი გახდა.

მისი ლოცვითა და ჩვენი სულიერი ღვაწლით დაე ჩვენც მის ნაკვალევს გავყვეთ და გვქონდეს მტკიცე იმედი იმისა, რომ თუკი ასე ვიღვაწებთ, უნაყოფოდ არ დავრჩებით. ამინ.

წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაციები შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©