კანკელის ღმრთისმშობელი

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – წმინდა იოსებ ისიქასტის სიყვარული ღმრთისმშობლის მიმართ

შეუძლებელია აღწერო ბერი იოსების სიყვარული ღმრთისმშობლის მიმართ. ჯერაც არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც მსგავსად ჰყვარებოდა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი, როგორც ბერ იოსებს. მას თვალებიდან ცრემლი სდიოდა, როგორც კი მის სახელს ახსენებდა, ან მის ხატს დაინახავდა, ან გაიგებდა, თუ როგორ უგალობს ვინმე ღმრთისმშობელს. ერთხელაც, მთელი ღამე გაათენა და ამიხსნა კიდეც ამის მიზეზი: ”ვერ დავიძინე, მხოლოდ იმის გამო, რომ დედა ღმრთისა გამახსენდა”. ასე უყვარდა მას ის.

ამ სიყვარულს მის წერილებშიც ვხედავთ: ”არ შემიძლია მხოლოდ ერთხელ ვემთხვიო ღმრთისმშობლის ხატს და განვეშორო. როგორც კი ვუახლოვდები, როგორც მაგნიტი ისე მიზიდავს, სურვილი მაქვს საათობით განუწყვეტლივ ვემთხვეოდე. რაღაც ცოცხალი სუნთქვა აღავსებს ჩემს სულს, ვივსები მადლით და არ მაძლევს საშუალებას განვეშორო მას. ასეთ მადლს აძლევს ჩვენი დედა ღმრთისმშობელი მათ, ვინც წმინდად ცხოვრობს. მრავალმა წმინდანმა უძღვნა საქებარი სიტყვები ჩვენს ღმრთიმშობელს, ხოლო მე უღმერთო კი ასე მოვუხმობ მას ყოველ წამს: ”დედაო ჩემო! ჩემო ტკბილო დედილო!” ვერ მოვძებნე ამაზე მეტად მშვენიერი და ტკბილი სახელი.

როგორც კი მას მოვუხმობთ, ის მეყსეულად დასახმარებლად მოიჩქარის. ვერც კი ასწრებ, თქმას: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შემეწიე მე!”- რომ, როგორც ელვა, ისე ანათებს გონებას და გულს საღმრთო ნათლით აღავსებს. გონებას ლოცვისკენ მიდრეკს, ხოლო გულს – სიყვარულისკენ. ხშირად მთელი ღამეც კი გადის ქვითინსა და მისი და მის მიერ შობილის, იესუ ქრისტეს ტკბილხმოვან დიდებისმეტყველებაში”.

მან უკვე დიდი ხნის წინ თხოვა მას, რომ წაიყვანოს. ხანდახან ის ღმრთისმშობლის ხატს ჩაიხუტებდა და ცრემლებით ეუბნებოდა: ”როდისმ ოხვალ? როდის მიიღებ ჩემს სულს?” ამიტომაც ჩვენმა კეთილმა ღმერთმა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა ბერი იოსები დიდი პატივის ღირსი გახადეს: მისი მიძინების დღეს, მიიძინა ბერმა იოსებმაც, რითაც ნათლად აჩვენა, თუ როგორ აღუსრულა ყოვლადწმიდა დედამ მასთან შეხვედრის გულისწადილი.

წიგნიდან: ”ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან”


ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©