ქრისტეს სახელის ყურადღებით მოხმობა და ყოველდღიური მცდელობა ქრისტეს ერთგულებისა მისი მცნებების დაცვის საშუალებით, ნაყოფად მოგცემს გონებისა და გულის გაერთიანებას. არასდროს არ უნდა ვიჩქაროთ, არ დავისახოთ მიზნად, რომ მინიმალურ დროში მაქსიმალურს მივაღწიოთ. როდესაც უფალი ნახავს, რომ ჩვენ მზად ვართ ამ მადლის მისაღებად არ დააყოვნებს და ჩვენი მდაბალი მოხმობის პასუხად ჩვენს გულში შემოვა. მისი მოსვლა ზოგჯერ იმდენად ყოვლისმომცველია, რომ გონება და გული მთლიანად მისითაა დაკავებული, თითქოს ქრება მთელი ხილული სამყარო. გონებაში წყდება აზრების ქაოტური მოძრაობა და მთლიან ყურადღებად იქცევა. ამ დროს გულში ხედავ ღმერთს, რომელიც ყოველივეს აღავსებს.
ქრისტიანისთვის ქრისტეს სახელი ციხესიმაგრის მაღალი კედლის მსგავსია. მტრისთვის რთულია ციხესიმაგრეში შეღწევა, თუკი ჩვენი ყურადღება გარეგნულ საგნებზე, მოვლენებზე არ განიფანტება. იესუს ლოცვა აძლევს სულს არამხოლოდ წინააღმდეგობის ძალას, არამედ მეტიც: მისი მეშვეობით გავლენას ვახდენთ გარესამყაროზე და ვცვლით მას. ჩვენში გამრავლებული სიმშვიდე და სიყვარული მთელი სამყაროსთვის ლოცვას შობს. ქრისტეს სულს სიყვარულის სფეროში შევყავართ, რომელიც გულში იკრავს მთელს ქმნილ სამყაროს. ამ მდგომარეობაში სული დიდი გრძნობით ლოცულობს: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”.
(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)