შენ, შვილო, ქრისტეს ეძებ, ზეციურ ქალაქში შესვლას ცდილობ. ამისთვის ლოცულობს შენი მოძღვარი, ლოცულობენ მამები, ვლოცულობ მეც, გლახაკი, აქ, კლდეებს შორის. ასე, რომ თითოეულ ჩვენგანს უსმენს უფალი და რომ შეიმუსროს შენი ამაყი სული, დამდაბლდე და მრისხანება, სიშმაგე, გაღიზიანება, ეგოიზმი დამარცხდეს, გიგზავნის ერთ რწყილს – პატარა განსაცდელს, რომ გკბენდეს და შენ მოითმინო, თავი მოგაბეზროს, შენ კი სულგრძელობა გამოიჩინო და რომ ნელ-ნელა დაიოკო მრისხანება, სიცოფე და შფოთი იმით, რომ შენში ჩაიხშო ის და მრისხანე სიტყვას არ მისცე გარეთ გამოსვლის უფლება. და მაშინ ეშმაკის ის ძალა, რომელსაც ერთხელ, ორჯერ და მრავალჯერ შიგნით ჩაიხშობ, გარბის და ტოვებს ადამიანს, როგორც უწყინარ და მშვიდ კრავს.
და როცა ისევ ცდები და ეცემი – ისევ შეინანე და ნუ მიეცემი სასოწარკვეთას, მოიძიე შენში ვაჟკაცობა და სასოება და თქვი: ”შემინდე, ღმერთო ჩემო, ისევ ვნანობ!” ნუ იტყვი: ”უფლის მრისხანება დამატყდა თავს!” ცოდვა არ არის ეს? ადამიანები ვართ.
ნუ ბრაზობ შენს ძმებზე იტვირთე მათი შეცდომები, რომ მათაც იტვირთონ შენი, გიყვარდეს, რომ შენც უყვარდე და მოითმინე, რომ შენც მოგითმინონ. გახდი კეთილი და ყველა კეთილი გახდება შენს მიმართ. რადგან გოლგოთაზე ადიხარ, და ცემაც მოგიწევს, მძიმეა ჯვარი. ბევრჯერ დაეცემი მუხლებზე, მაგრამ მაცდურს რატომ უსმენ? ბოლოს ის დამარცხდება.
გამოკრებილია წიგნიდან ”მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა”
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ