წმინდა იუსტინე პოპოვიჩი თავის წიგნში ,,ადამიანი და ღმერთკაცი’’, ამბობს: ,,მართლმადიდებლობის ხასიათი ასკეტურია. მისი ამგვარი ხასიათი, ვლინდება და ყალიბდება, როგორც ცხოვრების წესი, რომელიც დანერგილია მონასტრებსა და სკიტებში და ასევე, ძალიან ბუნებრივად გადადის კურთხეულ სამრევლოებსა და ოჯახებშიც, რომლებიც შეძლებისდაგვარად ასკეტურად უნდა ცხოვრობდნენ’’.
ასე, ამგვარად ეკლესიის ცხოვრებას ორი საზვარი აქვს: მონაზვნური ცხოვრება და ოჯახური ცხოვრება. ორივე მიმდინარეობს გარკვეულ ერთობაში. შენი საბოლოო მიზნისკენ გაურვეულ ადამიანთან ერთად(ან ადამიანებთან) მიისწრაფვი და საერთო ცხოვრებით ცხოვრობთ. ორივე ერთობა და გზა სრულიქმნება ქრისტეს მისტიკურ სხეულთან არსობრივ და სრულ ლიტურგიკულ ერთობაში.
მართლმადიდებლური სულიერების ფუნდამენტალური განზომილება ყოველთვის ასკეზა იყო. საკუთარი თავისა და ღმრთის ნების შეცნობის და განმანათლებელ მადლთან ზიარების უმთავრესი წინაპირობა საკუთარი გულის ვნებებისგან განწმენდა, ხოლო გონების მზაკვარ გულისსიტყვათაგან განწმენდა და მისი გულში დაბრუნებაა. ყოველდღიური პირადი კანონისა და საერთო ლოცვის წყალობით, მონაზვნები მოუკლებელი მარხვის, მღვიძარებისა და ლოცვის მდგომარეობაში იმყოფებიან. ამიტომაც ეწოდება მონაზვნობას ანგელოზებრივი ცხოვრების წესი. ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვები ქრისტიანული ოჯახებისთვის ერთგვარი მიწვევაა იმგვარი სიცოცხლის გამოცდილებაზე, რომელიც მთლიანად ქრისტესა და მოყვასისკენაა მიმართული.
ათონური ცხოვრების წესის ბრწყინვალე წარმომადგენელი და დამცველი, წმინდა გრიგოლ პალამა ხაზგასმით ამბობდა, რომ როგორც სწორი რწმენა, ისე ცდომილება, გავლენას ახდენს სულიერი ცხოვრების გზებსა და საშუალებებზე. მოღვაწეობის არასწორ გზას, ადამიანი დოგმატურ გადახრებამდე მიჰყყავს, ხოლო თავის მხრივ, საღმრთისმეტყველო ცდომილებებიც ვლინდება ცხოვრების წესში. ამიტომაც, ყველა დროის ათონელი მამები, განსაკუთრებით წმინდა გრიგოლ პალამა, წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი და წმინდა პაისი ველიჩკოვსკი გვასწავლიან, რომ ქრისტეს ეკლესიასთან ცოცხალი კავშირის, ასკეზის, მღვიძარებისა და მოუკლებელი ლოცვის მეშვეობით ადამიანი იმ ჭრილობებისგან იკურნება, რომელიც ადამის დაცემულობისაგან მემკვიდრობით ერგო, კვლავ იხვეჭს სამოთხისეულ მდგომარეობას და თავის შემოქმედთან საიდუმლოებრივ, შინაგან ურთიერთობას ამყარებს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ასკეზა ყველა ადამიანისთვის აუცილებელია. ვინც ფიქრობს, რომ სულიერი და ხორციელი ღვაწლის გარეშე ღმერთთან ჭეშმარიტ ურთიერთობის გამოცდილებას მიიღებს, საკუთარ თავს ატყუებს. სამწუხაროდ, დღეს ვატყობთ, რომ თანამედროვე მართლმადიდებელ ოჯახებში ასკეზის როლის შემცირების ტენდენცია შეინიშნება. ისინი ცდილობენ, რომ გარკვეულ ხრიკებს მიმართონ, როგორც საღმრთისმეტყველოს, ისე გასტრონომიულსაც, რომ როგორმე ,,გათავისუფლდნენ’’ ასკეზის აუცილებლობისგან.
სულიერი ცხოვრების ის მეორე ასპექტი, რომელიც ჩვენს ყურადღებას იქცევს არის ის, რომ დღეს მართლმადიდებლები იქცნენ ერთგვარ ,,კვირა დღის ქრისტიანებად’’: ქრისტიანის ლიტურგიკული ცხოვრება მხოლოდ კვირა დღეს საღმრთო ლიტურგიაზე დასწრებით შემოიფარგლა. ეს პრაქტიკა ძალიან გავრცელებული გახდა და შეიძლება ადამიანურადაც გავამართლოთ, მაგრამ თუ ყურადღებით ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ეს პროტესტანტული აზროვნების წესისთვისაა უფრო დამახასიათებელი. პირველი ქრისტიანების ევქარისტიული ცხოვრება გაცილებით ინტენსიური იყო.
დასკვნის სახით, ვფიქრობ, რომ უბრალოებას უნდა დავუბრუნდეთ. ეს ეხება მარხვასაც და იმასაც, თუ როგორ გადავლახოთ თავდაპირველი სირთულეები, რომლებიც დაცემული ბუნების წინააღმდეგობით გვხვდება. ამ ყველაფრისთვის ჩვენ საკმარის პრაქტიკულ რჩევებს ვნახავთ თანამედროვე დიდ წმინდა მამებთან. დასასრულისთვის ორ მათგანს ვახსენებ. მამა ანთიმოზ ათონელი ამბობდა, რომ მარხვისა და თავშეკავებისაგან მომდინარე დანაკლისი საკუთარ გულში მოუკლებელი იესუს ლოცვის: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’ მოხმობით აღივსება. ხოლო ცნობილი ბერი მამა ეფრემ კატუნაკელი, როდესაც მარხვასა და იესუს ლოცვაზე საუბრობდა, მუდამ შემდეგს ურჩევდა თავის მოწაფეებს: ,,ყურადღება მიაქციეთ რაოდენობასაც და ხარისხსაც!’’
წყარო: http://azbyka.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©