მამა იოსებ ვატოპედელი 1 1

ბერი იოსებ ვატოპედელი – როდესაც ლოცვა თქვენ შიგნით შემოვა, ქრისტეც შემოვა

ნუ გაჩუმდებით, განუწყვეტლივ მოუხმეთ ქრისტეს. ნუ გავიწყდებათ. არ გითხარით, თქვენი ბაგეები ნუ დადუმდება-მეთქი? ხმაურშიც რომ მოხვდეთ, მხოლოდ სახელი მაინც წარმოთქვით: ,,უფალო იესო ქრისტე, უფალო იესო ქრისტე, უფალო იესო ქრისტე…’’ – ესეც საკმარისია. თვითონ იცის რა გვჭირდება, მაგრამ მას უნდა, რომ მოვუხმობდეთ. თქვენი პირი ნუ გაჩერდება. ამგვარად გაგიჯდებათ ლოცვა, ხოლო როდესაც ლოცვა თქვენ შიგნით შემოვა, ქრისტეც შემოვა.

ქრისტეს სახელი უბრალო სიტყვა არაა, ენერგიაა, ძალაა. როგორც ყოველთვის გეუბნებით, მონაზონი ისაა, ვინც გონებას იცავს. მაგრამ ის თავისით გონებას ვერ დაიმარხავს. რამეთუ უფალი გასაგებად გვეუბნება, ჩემ გარეშე ვერაფერს გახდებითო. მაშასადამე, ჩვენი საქმეა დავიწყოთ(და ასე ვუთხრათ: ) ,,ყოვლადსახიერო, თუ შენ გარეშე არაფერი შეგვიძლია, მოდი ჩვენთან. უფალო იესო ქრისტე…, უფალო იესო ქრისტე…, უფალო იესო ქრისტე…. ესაა ჩვენი ცხოვრება, ესაა ჩვენი პროფესია, ესაა ჩვენი გაკვეთილი, ესაა ჩვენი კვლევის ობიექტი. ამას უნდა მივაღწიოთ…

აი, ჩვენი მოძღვარი(წმ. იოსებ ისიქასტი), წმიდა კაცი იყო, განსაკუთრებით ამ საკითხში, და როგორც სულიწმიდამოსილი, პრაქტიკულ მხარეს გვასწავლიდა: კაცმა იესოს ლოცვა რომ არ იცის და პირველად იწყებს ამ საქმეს, თუ უკან არ დაიხევს და გულმოდგინედ გაირჯება, მაქსიმუმ სამ თვეში იესოს ლოცვა მასში შევაო. უფალი იესო ქრისტე, რომელსაც ბაგეებით მოუწოდებენ, გულში შედის. მაშინ კი, რომც არ გვინდოდეს, თვითონ მეტყველებს და მოქმედებს ჩვენში. გული თავისით მუშაობს. ხოლო იქ, სადაც ქრისტეა, ეშმაკი როგორ მიეახლება? ქრისტეს სახელი შემწველი ცეცხლია, არაა უბრალო სიტყვა.

არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის წიგნიდან: ,,ბერი იოსებ ვატოპედელი – ლოცვის მისტაგოგია’’

Share