Иллюстрация без названия 1

ღამის ლოცვა და ბრძოლა ძილთან – არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი

ჩვენი კელიები ერთმანეთისგან შორს იყო და ვერც ვერავინ დაგიკაკუნებდა და გაგაღვიძებდა ლოცვისთვის. განა გვჭირდებოდა კი ვინმეს გაღვიძება? რა გვაიძულებდა, რომ კაუჩუკის ბურთივით წამოვმხტარიყავით ღამე? – შინაგანი მოშურნეობა, სულიერი წყურვილი და მოვალეობის შეგრძნება! რა მიზნით მოვედი აქ? რახან ჩვენმა მოძღვარმა ასეთი ტიპიკონი დააწესა და ასე გვასწავლა, თავის დროზე უნდა გაგვეღვიძა და მისი სიტყვა აღგვესრულებინა. ასეც ხდებოდა და ამიტომაც, დამხმარეც არ გვჭირდებოდა.  

მე რაც შემეხება, ყველაზე სუსტი, ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე უნიჭო ვიყავი ყველაფერში. ავადმყოფობის გამო მკერდში საშინელი ტკივილები მაწუხებდა. როგორც კი თვალს გავახელდი და წამოდგომას დავაპირებდი, იმ წამსვე ისეთი ტკივილი დამივლიდა ხოლმე ფილტვებში, რომ წარმოდგენაც არ მქონდა, ეს რა იყო. თუმცა, მამა იოსების სიტყვისადმი დამოკიდებულება არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ საწოლში თუნდაც ერთი წუთით მეტი გავჩერებულიყავი. არ მახსოვს გადამეწყვიტა, სულ ცოტაც დავიძინებ-მეთქი. ასეთი რაღაც წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის. რატომ? ცოცხლად გვწამდა, რომ მამა იოსებისადმი მორჩილება უნდა გამოგვევლინა. ის სულ გვეუბნებოდა: ,,ახალგაზრდობაში თუ არ იშრომებთ, როცა თქვენი მოძღვარი ჯერ კიდევ ცოცხალია, აბა მაშინ როდისღა? როცა დაბერდებით? როდესაც თქვენში ვნებები საბოლოოდ ფესვს გაიდგამენ? როდესაც მე ცოცხალი აღარ ვიქნები? სწორედ ეხლაა ღვაწლის დრო! თუნდაც ყველა ვნება აღდგეს თქვენს წინააღმდეგ, ეს ბრძოლა გამოცდილებას შეგრძენთ, შეგაცნობინებთ მადლის მოქმედებას და დემონების მზაკვრობასაც. ზარმაცობის დრო არაა! მრავალთვალა ქერუბიმებს უნდა დაემსგავსოთ, რათა ყურადღებით იფხიზლოთ და ეშმაკის ხაფანგები დაინახოთ, რადგანაც ის ხშირად ანგელოზის სახით მოდის, შეიძლება ღმრთისმეტყველებასაც გასწავლიდეთ, მაგრამ მისი მიზანია, რომ სადმე გადაგჩეხოთ და დაგღუპოთ’’.

* * *

ყოველ ღამე იესუს ლოცვისთვის ვიღვიძებდით და ღამისთევას აღვასრულებდით. ეს იყო ჩვენი დღის განრიგი. საათობით გრძელდებოდა ხოლმე ჩვენი ლოცვა. ზოგი დაბალ სკამზე იჯდა, ზოგი იდგა და ასე ჩავისუნთქავდით და ამოვისუნთქავდით ქრისტეს სახელს. იესუს ლოცვით ვსუნთქავდით! მთელი ჩვენი ძალებით ვშრომობდით და ვიბრძოდით. მამა იოსები ჩვენგან მოითხოდა, რომ სისხლამდე გვებრძოლა არაწმინდა გულისსიტყვებისა და ძილის წინააღმდეგ. თავად მამა იოსები ყოველ ღამე, თავის კელიაში, სრულ სიბნელეში იჯდა ხოლმე თავის განუყრელ თანამგზავრთან – მოუკლებელ გონიერ ლოცვასთან ერთად.

რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველაფერს სიმამაცითა და სიბრძნით ხვდებოდა. ჩვენც, მისი მორჩილები, ღამე ლოცვასა და სიწმინდეში ფრიადოსნები უნდა ვყოფილიყავით! ჩვენი ცხოვრების პირობების სირთულის მიუხედავად, არასდროს გვაძლევდა იმის უფლებას, რომ ჩვენი პირადი ღამისთევები გამოგვეტოვებინა. ზაფხულობით ყველაფერი გავარვარებული იყო სიცხისგან და ძალიან გვიჭირდა ჩაძინება. ჩვენც მუდამ დაღლილები და გაოფლილები ვიყავით, მაგრამ მამა იოსები გვეუბნებოდა: ,,ღამე მაინც წამოდგებით. ღამისთევა მაინც გექნებათ. დაღლილები ხართ, თუ გეძინებათ, ყველა თქვენ თქვენს პოსტზე უნდა იდგეთ!’’ ხშირად დაღლილობისგან მკვდრებივით ვიყავით და არც გამოგვდიოდა დაძინება, მაგრამ მზე ჩავიდოდა თუ არა, ყოველგვარი ზედმეტი საუბრის გარეშე ფეხზე ვიყავით. შემდეგ მთელი ღამე – სასტიკი ომი ძილთან. ეს ბრძოლა ჩვენი ხშირი სტუმარი იყო.

ძილი სასტიკად გვებრძოდა. კელიაში ნესტის გამო, თავიდან ძალიან მიჭირდა. თუმცა ღმრთის მადლით, მამაცურად ვიბრძოდით. ყველანაირად ვცდილობდით, რომ არ ჩაგვძინებოდა და გონიერი ლოცვისგან სარგებელი მიგვეღო.

* * *

მთელი დღის განმავლობაში შრომის შემდეგ, რამდენიმე საათი უნდა დაგვეძინა, თუმცა ღამე როცა ვდგებოდი, მაინც დაღლილი ვიყავი. სანამ სიცხეში ჩამეძინებოდა, უკვე ბევრი დრო გადიოდა. მუდამ საათისკენ მქონდა ყურადღება, რომ დროულად გამეღვიძა და მამა იოსებისთვის ყავა მომედუღებინა. მეც ვდგებოდი ხოლმე და მასთან მივდიოდი. თუმცა იმდენად მეძინებიდა და ისე მებრძოდა ძილი, რომ როცა ვიღვიძებდი, რამდენიმე წუთი ვერ ვფხიზლდებოდი და იდიოტივით ვიჯექი. კითხვები მიჩნდებოდა: ,,რომელი საათია? რას ვაკეთებ? სად ვარ?’’, თვალები მეხუჭებოდა, მაგრამ შევუძახებდი საკუთარ თავს: ,,აბა, ადექი! რას დამჯდარხარ?’’ აი ასეთი დაღლილი და გამოშტერებული ვიყავი ხოლმე გაღვიძებისას.

მამა იოსებს ვკითხე:

– მამაო, რა ვუყო ამას?

– უკან არ დაიხიო. ეზოში, ჰაერზე გამოდი. ძალიანაც რომ გეძინებოდეს, ისე, რომ ვერც აცნობიერებდე ირგვლივ რა ხდება და სად ხარ, როცა ლოცვისთვის დგები, არ დაიძინო. ებრძოლე ძილს და ქრისტე შენს შრომას აკურთხებს. არ გეგონოს, რომ საკუთარი ძალებით რამეს შეძლებ.

იესუს ლოცვისას დაბალ სკამზე ვჯდებოდი. გარკვეული დროის შემდეგ ძილი მერეოდა და მეყვინთებოდა. მეც ვდგებოდი და სკვნილთან ერთად ეზოში გავდიოდი. კელიაში რომ დავრჩენილიყავი ყველაფერი დამთავრდებოდა და აუცილებლად დამამარცხებდა ძილი. გარეთ სიცივე, წვიმა ან ყინვა რომ იყოს? მაინც ეზოში ბრაუნინგით! ასე უწოდებდა ხოლმე მამა იოსები სამას მარცვლიან სკვნილს

ზამთრის ღამეებში, ზოგჯერ ისე ყინავდა, რომ ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი. რადგანაც ძილთან ბრძოლა შეიძლება ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელებულიყო, სხეულის ყველა ნაწილი მეყინებოდა. დედაჩემის მოცემული ერთი პლედი მქონდა. ავიღე, გავჭერი ორ ნაწილად და დანით ნახვრეტები გავუკეთე, თოკი გავუყარე და ვიკრავდი ხოლმე. პლედის ერთი ნახევარი ჩემთვის დავიტოვე, მეორე მამა იოსებს მივეცი. ერთი თეთრი პლედისგან კაპიშონებიც გავაკეთე. აი ასე, ნამდვილ ესკიმოსებს ვგავდით!

ზოგჯერ დემონური შემოტევა იმდენად ძლიერი იყო და ისე მებრძოდა ძილი, რომ უფსკრულის პირას, სავსე წყლით სავსე ორი სათლით მივდიოდი, თუ ძილი წამიღებდა, ისინი კლდეს ეჯახებოდნენ, წყლის შხეფები მესხმებოდა და მაღვიძებდა. თანაც, მეშინოდა არ გადავჩეხილიყავი. ხშირად ამის მიუხედავაც ფეხზე მდგარს მეძინა და სიარულისას სიზმრებსაც კი ვნახულობდი.

არ ვნებდებოდით დაძინებისა და ღამისთევის ჩაგდების საცდურს, გვერჩივნა ნამდვილ ომში ჩავბმულიყავით და სირთულეებს პირისპირ შევხვედროდით. მიუხედავად იმისა, რომ ძილის მოძალებისგან იესუს ლოცვას ზოგჯერ მექანიკურად წარმოვთქვამდით, ისიც საკმარისი იყო, რომ არ ვნებდებოდით და ვიბრძოდით. შრომისა და წვალების 5 საათი! იესუს ლოცვით ეზოში სიარული წინ და უკან, წინ უკან. ძილიც მარტივად არ იხევდა უკან და მასთან ბრძოლა ნამდვილი მოწამეობა იყო.

* * *
ისეც ხდებოდა, რომ ძილთან ოთხ-ხუთ საათიანი ბრძოლის შემდეგ, როდესაც ასე წინ და უკან დავდიოდი და არ ვნებდებოდი, ძილი სასწაულებრივად ქრებოდა. წესით მთელი ღამე ბრძოლაში რომ გავატარე, გონება დაბნელებული უნდა მქონოდა. მაგრამ ბრძოლის შემდეგ, ჩემს გონებას ისეთი სიმსუბუქე და ისეთი სიმშვიდე მოიცავდა, რომ თითქოს მრავალსაათიანი იესუს ლოცვის შემდეგ დიდი სულიერი გამოცდილება მიმეღოს. გონება იმდენად იწმინდებოდა, რომ იესუს ლოცვა ღმრთის მადლით საოცრად ნაყოფიერი ხდებოდა.

საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ,,ეს როგორ მოხდა? 5 საათი ძილს ვებრძოდი, გონება დაბნელებული მქონდა და იესუს ლოცვას მექანიკურად წარმოვთქვამდი…’’ მაგრამ მაინც, ბრძოლის შემდეგ – სულის განწმენდის შეგრძნება მომიცავდა. ამ მდგომარეობაში მყოფი იესუს ლოცვით დავჯდებოდი ხოლმე და დავიწყებდი: ჩასუნთქვა, ამისუნთქვა. ორი, სამი, ოთხი საათი – იესუს სახელის ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა! როცა ასე, ღმრთის მადლით ქრისტეს სახელით ვსუნთქავდი, ვგრძნობდი, რომ იესუს ლოცვით ამოსუნთქვა კეთილსურნელებად იქცეოდა და ირგვლივ ყველაფერს აღავსებდა.

უფალს თითქოს სურდა, რომ ამდენი შრომის შემდეგ დამესვენა და მითხრა: ,,ასეთი წვალების შემდეგ, ნახე, როგორი ნაყოფი მიიღე. ყურადღებით იყავი, ხვალაც არ დაიხიო უკან’’. ასე ვაგროვებდი გამოცდილებას…

* * *

ღამე… ირვგლივ კაცი-შვილის ჭაჭანება არ არის. უდაბნო…
მხოლოდ მელიები და ტურები… ირგვლივ მიუვალი ბილიკები და უფსკრული გვერტყა. თუმცა, მაშინ ჩვენს საუკეთესო წლებში ვიყავით და ეს ყველაფერი ჩვენში მოშურნეობას აძლიერებდა: ირგვლივ ბუნება, ჩვენი ტიპიკონი, მამა არსენისა და განსაკუთრებით ჩვენი მამა იოსების პირადი მაგალითი, რომელიც მიუხედავად ამდენი ავადმყოფობისა, ღვაწლში მაინც არ იხევდა უკან.

ძილი გვებრძოდა და ოთხ საათზე მეტი ვერ ვჩერდებოდით გონიერი ლოცვის მდგომარეობაში. მამა იოსებს ასეთი ბრძოლები უკვე აღარ ჰქონდა. ახალგაზრდობაში გაუგონარი ბრძოლა ჰქონდა ძილთან, მაგრამ როცა მასთან მივედი, ის უკვე კარგა ხნის დასრულებული იყო. რვასაათიანი გონიერი იესუს ლოცვის შემდეგ, თავისი კელიიდან მადლით აღსავსე გამოდიოდა და ანათებდა.

მეკითხებოდა:

– აბა, როგორაა საქმე? კარგად გიჭირავს ფრონტის ხაზი?

– ხან ასე, ხან ისე, მამაო.

– მტკიცედ გეჭიროს ბრაუნინგი! იარაღი კარგად დაიჭირე და ნუ გეშინია!

ერთად ვლოცულობდით სკვნილზე და მეც ჩემს გულისსიტყვებს ვუმხელდი. ზაფხულობით მეთევზეები მოდიოდნენ და ღამ-ღამობით ლამპის შუქზე თევზაობდნენ.

– ნახე, შვილო, მეთევზე მთელი ღამის განმავლობაში შრომობს, რომ თევზი დაიჭიროს და სახლში ლუკმა შეიტანოს. მას მიწიერის მიღება უნდა, ამის გამო არ იძინებს და მუდამ ფხიზლობს. გესმის, დროის გასაყვანად როგორ მღერის ხოლმე? ჩვენ ხომ აქ საღმრთო მადლის ,,დასაჭერად’’ მოვედით და განა ამისთვის არ ღირს, რომ ღამე წამოვდგეთ და გარკვეული დრო მაინც ვიფხიზლოთ? ჩვენც უნდა ვიგალობოთ, ანუ განვადიდოთ ღმერთი, გულისსიტყვებისადმი ყურადღებით ვიყოთ და არ დავიძინოთ. ეს მეთევზე რამდენიმე თევზის გამო შრომობს, ჩვენ კიდე – სულიერი თევზაობისთვის, ცათა სასუფევლის ,,დაჭერის’’ და ქრისტესთან მარადიული მყოფობის გამო! ეს დიდი საქმეა!

– მართალია, მამაო.

აი, ასე განგვამტკიცებდა…

* * *

უნდა გენახათ რა დღეში ვიყავით როცა ცხელოდა! ზაფხულში შუა დღეს კლდეები საშინლად ცხელდებოდა და ღამეც გამოსცემდა მხურვალებას. პატარა ტაძარი გამოქვაბულში გვქონდა და ზაფხულობით შიგნით ვიხარშებოდით ხოლმე. ისეთი პატარა იყო და ისე ცხელოდა, რომ სული გვეხუთებოდა. ღამით მრავალსაათიანი იესუს ლოცვის შემდეგ ლიტურგია იწყებოდა.

სანამ ლიტურგიაზე ტაძარში შევიდოდი, რამდენადაც შემეძლო მოთმინებას ვიკრებდი, რომ როგორმე გამეძლო. გვეყვინთებოდა და როცა თვლემას დავიწყებდით, ხანდახან მამა იოსები ერთი ჭიქა წყლით გვაფხიზლებდა.

– ძილისგუდებო!

– შემინდეთ!

უჰ, რა საშიში იყო ხოლმე ამ ჭიქით! ტანსაცმელი გვისველდებოდა და გარეთ რომ გამოვდიოდით, სველ ქათმებს ვგავდით.

ზოგჯერ, წირვის დროს მამა არსენი შენიშვნებს გვაძლევდა:

– კანდელიდან ზეთი დაგექცა!

მამა იოსებიც არ დააყოვნებდა და მამა არსენის ეტყოდა:

– ნუ ლაპარაკობ ტაძარში!


ორივე ნამდვილად საოცარი ადამიანები იყვნენ!


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share