იოსებ ვატოპედელი

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეექვსე: ათონზე დაბრუნება

ბერის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ნეა სკიტში ბერს გულის პრობლემები ჰქონდა. ზოგჯერ გონებას კარგავდა. გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებდა, მაგრამ თვითონ არანაირი შიში არ ჰქონდა: არც თავისი ასკეტური მოღვაწეობა შეუწყვეტია და არც ძმებთან ერთად გარე სამუშაოებზე სიარულს დაჰკლებია. როდესაც სნეულებებმა თავი იჩინა, ღმერთს სთხოვა, იქამდე გაეგრძელებინა მისი ცხოვრება, სანამ ახალგაზრდა მონაზვნები სულიერად მომწიფდებოდნენ. პირველი გულის შეტევის შემდეგ ოცდარვა წელი იცხოვრა.

თავის სულიერ შვილებს, რომლებსაც ეშინოდათ მოძღვარი არ დაეკარგათ, სწერდა: „რაც შეეხება იმას, რაზეც წუხხართ, არ მგონია, რომ ამჟამად რამე საფრთხე არსებობდეს. არ ვართ, ჩემო შვილო, ღირსები იმ წყალობისა, რომ „მცირე ხნის მანძილზე მრავალი ჟამი აღვასრულოთ და ბოროტების შუაგულიდან გაგვიყვანოს ღმერთმა პირიქით, მე არარაობა იმას ველი, რომ განსაცდელები შემემთხვეს, სულიერი მწუხარება და ხორციელი ტკივილი, რომლებიც იმ უარყოფასა და ღალატს შეეფერება, რაც ჩვენი ცხოვრების მიზნის მიმართ გამოვიჩინე“[1].

იმავე ღრმა სიმდაბლით წერდა შემდეგ სიტყვებს: „მივიღე თქვენი, სიყვარულით სავსე წერილი და გული მაქვს შეძრული. მე უღირსი და არარაობა, არასდროს ველოდი რაიმე პატივსა და დაფასებას, ყოველ შემთხვევაში, ამ ქვეყანაზე და მინდოდა, ყველასთვის უცნობი და უჩინარი ვყოფილიყავი. ასეთიც ვარ სინამდვილეში. მაგრამ ახლა რა შეემთხვა ჩემს უბადრუკებას, რომ ამდენი ხალხი ავაწრიალე, განსაკუთრებით კი ღმერთის მეგობრები, და რატომღაც არსებად ჩამთვალეს? მაშინებს ეს ამბავი და მაძრწუნებს, არ გეგონოთ, მოჩვენებითი სიმდაბლით ვამბობდე ამას.

ვცდილობ იმით ვინუგეშო თავი, რომ ამდენ მზრუნველობას ჩემი ძმების გამო იჩენთ, მაგრამ ასეთი არგუმენტები არ ჭრის. ამიტომაც ვეკითხები ჩემს თავს: კარგი ვქენი, რომ ძმობა შემოვიკრიბე? ღმერთის კეთილი ნებაა თუ დაშვება? რას ისწავლიან ჩემგან? რა მივცე, როცა თავად არაფერი მაქვს და არაფერი მინახავს? ღმერთო, ამის გამოც შემიბრალე! ვის შეუძლია ღირსეულად გააკეთოს ყველაფერი ისე, რომ ამ კეთილშობილ სულებს, რომლებსაც ქრისტემ თავისი შემეცნების კეთილსურნელებისკენ მოუწოდა, არაფერი დააკლდეთ?! ხოლო როდესაც მესმის, რომ ჩემი ღმრთისმოშიში ასული ღელავს, რომ არ დამკარგოს, ვძრწი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: როგორ მოვახერხე მე უბადრუკმა, რომ ჩემს არარაობას საკუთარ საქმეებზე უფრო დიდი სახელი მოვუხვეჭე და ამგვარად ნამდვილად უფლის „ვაი“ დავიმსახურე! არ გეგონოს, რომ მდაბალსიტყვაობით თავის გამოჩენა მსურს. დამიჯერე, ჩემო ძვირფასო სულო, რომ მართლა მეშინია და უძლურების გამო ღმრთისმოშიში ადამიანების ლოცვებს მოვუხმობ.

ავადმყოფობის გამო თესალონიკში ვიყავი, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მოწაფეების დაჟინებული თხოვნით, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერი გვიპოვეს, რაც ჩვენი სავალალო ცხოვრების შემოკლებაზე იმეტყველებდა. მაშასადამე, ჯერ კიდევ აქ უნდა ვიყოთ! მითხრეს, უკეთ ხარო. იქნებ ჩემმა თავისმოყვარებამ შეუშალა ხელი ავადმყოფობის განვითარებას“[2].

ბერს არ სურდა, რომ მონაზვნები ერში გასულიყვნენ და ამიტომ, ასაკისა და ავადმყოფობის მიუხედავად, საჭირო ნივთებით მომარაგებაზე ზრუნვის მთელი სიმძიმე თვითონ იტვირთა. თესალონიკშიც და ნეა სკიტშიც ტვირთის გადაწყობა მარტოს უწევდა. ჩვენ კი, უმნიშვნელო პრობლემების გამოც გვინდოდა ექიმისთვის მიგვემართა, რომ სწრაფად გვეგრძნო შვება. როდესაც ხედავდა, რომ, ავად გავხდებოდით თუ არა, მაშინვე ექიმების ძებნას ვიწყებდით, გვეუბნებოდა: „მე ლამის სული ამომხდეს და არ მეშინია, არც ვღელავ, თქვენ კი ასე ადვილად ვარდებით პანიკაში?“

წმინდა იოსებ ისიქასტის საფლავი

დიდი ბერი იოსები ნეა სკიტის ხარების კალივაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც დღემდე იქაა. თავისი სულიერი მოძღვრისადმი უდიდესი მოწიწებისა და მადლიერების ნიშნად, მამა იოსებმა მის საფლავზე დააშენა ერთი პატარა ოთახი, 2 ზომით 2,5 × 1,5 მეტრზე. ამგვარად, ნებისმიერ მსურველს შეეძლო საფლავთან სალოცავად დაეჩოქა და იქვე მდებარე პატარა სკამზე ჩამომჯდარიყო. საფლავზე მუდმივად ენთო კანდელი, ხოლო კედლებზე ქრისტესა და ღმრთისმშობლის მიძინების ხატები ეკიდა, რადგან ბერი, როგორც ითქვა, მიძინებას გარდაიცვალა. ამ შენობაშივე ინახებოდა ის ხის ჯვარი, რომელიც თავდაპირველად მის საფლავზე აღმართეს.

ჩვენი საძმო იმ მიდამოებში ცხოვრობდა, სადაც ლოცვითა და ცრემლით მოღვაწეობდა და მადლი მოიხვეჭა ბოლო დროის ათონური მონაზვნობის უდიდესმა წარმომადგენელმა. მისი საფლავი ის სულიერი თავშესაფარია, საიდანაც აღმოეცენება მადლი, ნუგეში, ძალა და შეწევნა სულიერი ბრძოლისთვის. ერთხელ, როდესაც ჩვენი მოძღვარი ერში რაღაც საქმეებზე შეყოვნდა, შევნიშნეთ, რომ საფლავიდან ძლიერი კეთილსურნელება ამოდიოდა. მრავალი ჩვენგანი დატკბა ამ ზეციური მადლითა და კურთხევით. იმავე პერიოდში წმინდა იოსები ერთ-ერთ ჩვენს ძმას გამოეცხადა, ანუგეშა, ბერ იოსებზე მიუთითა და უთხრა: „ამას დაუჯერე“.

1984 წლის გაზაფხულზე ბერი წერდა: „ახლა კიდევ ერთი სახლი ავიღეთ სკიტის ტერიტორიაზე და მისი მოწესრიგებით ვართ დაკავებული. ასე რომ, ცოტა მეტი ადგილი გვექნება სტუმრების მისაღებად. სახლი ფორმალურად მ. ეფრემის სახელზე გავაფორმეთ და ამიტომ, კანონის თანახმად, შეგვეძლება ძმები იქაც გადავანაწილოთ, რადგან აქაური წესით, მონასტრების გარდა ერთ ადგილზე ბევრი მონაზვნის ცხოვრება არ შეიძლება. ამასთან ერთად, მშენებლობას თავი გვინდა ავარიდოთ, რადგან ამას იმდენი საზრუნავი ახლავს, რომ ჩვენთვის გაუსაძლისია“[3].  იმავე წლის აგვისტოში კი წერდა: „დაახლოებით ერთ თვეში მ. თეონას დიაკვნად დაასხამენ ხელს სკიტის კირიაკონში. იმ დროისთვის, წესით, მშენებლობას და სხვა დაუსრულებელ საქმეებსაც უნდა მოვრჩეთ. თუმცა უკვე მივეჩვიეთ, რომ მოთმინება უნდა ვიქონიოთ“[4].


[1] წერილი მარია ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1983 წლის 31 დეკემბერი/1984 წლის 13 იანვარი.

[2]  წერილი ალეკო ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1984 წლის 2/15 იანვარი.

[3] წერილი ალეკო და მარია ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1984 წლის 25 მარტი/7 აპრილი.

[4] წერილი ალეკო და მარია ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1984 წლის 18/31 აგვისტო.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share