წმინდა ვერ იქნება ის, ვინც საკუთარი შინაგანი ადამიანი არ განწმინდა. განწმენდა კი არამხოლოდ ვნებათაგან თავშეკავებაა, არამედ გულიდან მათი სრული ამოძირკვაა. აი, რაში მდგომარეობს სრულყოფილი განწმენდა! ადამიანო! შენში მოუკლებლად გაჩენილ გულისსიტყვათა ბურუსს მიღმა, შედი ცოდვით დატყვევებულ საკუთარ სულში, მის ფსკერამდე ჩადი და გამოიკვლიე შენი ზრახვათა სიღრმე. მაშინ იხილავ გველს, რომელიც შენი სულის წიაღში ბუდობს და დაცოცავს. გული თვალუწვდენელი უფსკრულია. თუკი ამ გველს მოაკვდინებ, მაშინ დაიკვეხნე ქრისტეს წინაშე შენი სიწმინდით; თუ ეს ვერ მოახერხე, მაშინ თავი მაინც დაიმდაბლე, როგორც უძლურმა და ცოდვილმა და ქრისტეს შეჰღაღადე მოუკლებლად.
შენი გულის სიღრმეში ნამდვილი სიკვდილი ბუდობს. ადამიანი ჯერ კიდევ ხორცში მყოფიც რომ იყოს, ის შინაგანად ამ სიკვდილითაა მოკვდინებული. ასე რომ, ვინც საკუთარ გულში გადააბიჯა სიკვდილისაგან სიცოცხლეში, ის ჭეშმარიტად ცოცხალი იქნება მარადიულად და არასდროს მოკვდება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროით მისი ხორცი სულს განშორდება, თავის დროზე ის დიდებით აღდგება. აი სწორედ ამიტომ ვუწოდებთ წმინდანთა გარდაცვალებას ძილს.
ჩვენი მტერი ყოველგვარ ამქვეყნიურ სიცრუეს და ცრუ ბრწყინვალებას იყენებს და ყველაფერს აკეთებს, რათა როგორმე ჩვენი გონება ქრისტეს ხსოვნას განაშოროს და წარმავალი სიკეთეებისკენ მიმართოს. მზაკვარი დემონი ცდილობს, რომ გახრწნას და წაბილწოს ადამიანის ყველა კეთილი საქმე, გულში ჩაუნერგოს პატივმოყვარეობისა და თვითკმაყოფილების თესლი, რათა აღსრულებულ სიკეთეს ფასი დაუკარგოს.
რითი უნდა დავიწყოთ საკუთარი გულის სიღრმეში ჩასვლა? – მის შესასვლელ კარებთან დავდგეთ და უფლის მცნების თანახმად, ვაკაკუნოთ მარხვითა და მოუკლებელი იესუს ლოცვით: ,,ირეკდეთ და განგეღოთ თქვენ’’. თუკი ღმრთის სიტყვის მუდმივი შესწავლით, სიმდაბლითა და ქრისტეს მცნებებით დღე და ღამ დავიწყებთ საკუთარი გულის კარზე კაკუნს, მაშინ აუცილებლად მივაგნებთ იმას, რასაც ვეძებთ. ყველას, ვისაც სურს, რომ ამ წყვდიადს გაექცეს, სწორედ ამ შინაგან კარს მიღმა უნდა შეაფაროს თავი, რადგან ვინც ამ კარის ზღურბლს გადააბიჯებს საკუთარი სულის თავისუფლებას მოიხვეჭს და თავად ზეციურ მეუფეს – ქრისტეს შეიწყნარებს.
წმინდა მამათა სწავლების თანახმად, ლოცვა ქრისტეს მცნებების შვილი და ამავე დროს, ყველა სათნოების დედაცაა. ჭეშმარიტი ლოცვისას ადამიანის სული ქრისტეს სულს უერთდება და შედეგად ჩვენში სათნოებები იბადება. ლოცვა არის პირველი და უმთავრესი მცნების აღსრულება. თუ არა ლოცვის მოქმედება, სხვაგვარად შეუძლებელია, რომ ადამიანის მთელი გონება, გული და არსება ქრისტესკენ იყოს მიპრყობილი. ამ დროს ის მკვდრეთით აღდგება და მადლის ძალით ცოცხლდება.
ყურადღება ლოცვისას
ლოცვა ყურადღების განუყრელ თანამგზავრობასა და თანამოქმედებას მოითხოვს. ამ შემთხვევაში ლოცვა მლოცველის განუყოფელი საკუთრება ხდება. ხოლო ყურადღების არქონის შემთხვევაში, ის(ლოცვა) სრულიად უცხოა მისთვის. ყურადღება უხვ ნაყოფს გვაძლევს, ხოლო მისი არქონა ჩვენში ეკლებს აღმოაცენებს.
ლოცვის ნაყოფები – გონების განათლება, გულის ლმობიერება და ქრისტეს სიცოცხლით სულის გაცოცხლებაა. ხოლო ეკლები – სულის სიკვდილი და ფარისევლური თვითკმაყოფილებაა, რომლებიც გულის გაქვავებისა და ლოცვის ხანგრძლივობითა და წარმოთქმული სიტყვების რაოდენობით თავის ამაღლებისგან აღმოცენდებიან.
ის ყურადღება, რომელიც სრულად იცავს ლოცვას გაფანტულობისა და გულისსიტყებისაგან – საღმრთო მადლის ძღვენია. თუკი გვსურს ამ მადლისმიერი და მაცხოვნებელი ნიჭის მოხვეჭა, უნდა ვაიძულოთ საკუთარ თავს, რომ ყურადღებით ვიყოთ ლოცვის ჟამს.
ჩვენს საკუთარ მცდელობას ვუწოდოთ ხელოვნური ყურადღება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მადლისმიერი. წმინდა იოანე სინელის თანახმად, ეს ღვაწლი საკუთარი გონების ლოცვის სიტყვებში მოქცევას მოითხოვს. თუკი ლოცვით ღვაწლში ჩვენი გამოუცდელობის გამო, გონების ყურადღება სიტყვებს განშორდება, მაშინ კვლავ უნდა დავაბრუნოთ ის. დაცემულ გონებას ახასიათებს აქეთ-იქით ხეტიალი, მაგრამ ღვაწლში გულმოდგინებისა და მოთმინების შედეგად, ღმერთი მოგვცემს გონების შეურყევლობის ძალასაც.
ყურადღების შენარჩუნებაში ლოცვის სიტყვების აუჩქარებელი წარმოთქმა გვეხმარება. აუჩქარებლად წარმოთქვი სიტყვები, რათა შენმა გონებამ კონცენტრირება შეინარჩუნოს და არც ერთ სიტყვას არ განშორდეს. როცა მარტო ხარ, ზოგჯერ ხმამაღლა ილოცე, ესეც გვეხმარება ყურადღების შენარჩუნებაში. თავდაპირველად საკუთარი თავის იძულებაა საჭირო. მალე ის ნუგეშსაც მოგვიტანს, რომელიც ამ იძულებას შეამსუბუქებს და უმეტესი ღვაწლის ძალას მოგვცემს. თუმცა, მთელი სიცოცლის განმავლობაში საჭიროა ლოცვისთვის თავის იძულება. უხვი მადლისმიერი ნუგეშის წყალობით, ცოტა მოღვაწეს თუ ღირსებია ძალისხმევისაგან გათავისუფლება. ლოცვა ჩვენი ,,ძველი კაცის’’ მომაკვდინებელია. სანამ ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ცოცხლობს ჩვენში, იქამდე წინ აღუდგება ლოცვის მოქმედებას. დაცემულმა სულებმა იციან რა ლოცვის ძალა, ყველანაირად ცდილობენ, რომ გაანადგურონ, ამაოებითა და ცოდვისმიერი გაფანტულობით წაბილწონ ის და განაშორონ მისგან მლოცველი ადამიანი.
წყარო: http://azbyka.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©