მამა ეფრემი

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – ღმრთისთვის სათნო შრომა უნდა გავწიოთ

რა ემართება თესლს? გამოაქვს ღივი, რომელიც ნელ-ნელა ზევით მიიწევს, მიწის ზედაპირს აპობს და სინათლეზე ამოდის. შემდეგ აღმოცენდება, იზრდება, ყვავის და ნაყოფს გამოიღებს.

ლოცვის დროსაც ასე ხდება. ის თანდათან გააპობს გაქვავებულ გულს, მის ზედაპირზე ამოვა და როცა სულიერი სამყაროს ნათელს იხილავს, მაშინ აღმოცენდება, გაიზრდება, აყვავდება და ნაყოფს გამოიღებს.

როცა ლოცვაში მრავალწლიანი შრომის შემდეგ სახიერი ღმერთი ადამიანს ღირსს გახდის, ის დაინახავს, რომ მასში სიმდაბლე მტკიცდება და ბუნებრივ სულიერ მდგომარეობად იქცევა, შესაბამისად, ლოცვაც ძლიერდება და მყარდება; მანამდე კი გრძნობდა, რომ სიმდაბლე არ ჰყოფნიდა და ლოცვასაც ადვილად კარგავდა.

პატარა ბავშვს, როდესაც ფეხს იდგამს, არ აქვს ძალა და ღონიერი მუხლები, იოლად ეცემა და ზიანდება. ცხადია, როცა ასაკი ემატება, მუხლი უმაგრდება, დადის და ადვილად აღარ ეცემა. ასე ხდებ ალოცვაშიც.

ამრიგად, ღმრთისთვის სათნო შრომა უნდა გავწიოთ, ეს განაწყობს ღმერთს, მადლი რომ მოგვანიჭოს. ის, რაც სულიერ ღვაწლში დიდ ზიანს გვაყენებს, უიმედობა და სასოწარკვეთილებაა. არ უნდა გვქონდეს უსასოობა, რაც ნებისმიერ სულიერ სიბრტყეში ეშმაკისგან მოდის. უიმედობა არასოდეს არ არის ღმრთისგან, ყოველთვის ბოროტისგანაა და როდესაც სასოწარკვეთილება გვიახლოვდება, უნდა ვთქვათ: ”ეს ეშმაკისგანაა”.

ეშმაკი ყოველნაირ ლოცვას ებრძვის, განსაკუთრებით კი ასეთ ლოცვას ესხმის თავს. ადამიანი ნებისმიერ ლოცვას თავისუფლად ამბობს შინაგანი მეტყველებით, მაგრამ როცა იესუს ლოცვას იწყებს, ყველა ეშმაკი იქ იყრის თავს.

სატანის დაპირისპირება და ლოცვის წინააღმდეგ ბრძოლა თვალსაჩინოს ხდის, თუ რაოდენ კარგი, სულიერი და ნაყოფიერია იესუს ლოცვა. ვერ ვაცნობიერებთ, თუ რა დიდ მოგებასა და სარგებელს მივიღებთ ამ ლოცვისგან, ამიტომაც არ გვაქვს ლოცვის სურვილი და მოთმინება.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©