siluan atoneli 2

წმინდა სულუან ათონელი – გაუფრთხილდით ღვთის მადლს

გაუფრთხილდით ღვთის მადლს; მასთან ერთად ყველაფერი კარგად, ღვთით კეთდება, ყველაფერი სიხარულით სავსეა, სულს მშვიდობა აქვს დაუფლებული თითქოს რაღაც მშვენიერ ბაღში დადის, სადაც უფალი დ ღვთისმშობელი მყოფობენ. უმადლოდ კაცი ცოდვილი მიწაა მხოლოდ, ხოლო თუ ღვთის მადლია მასთან, გონებით ანგელოზის მსგავსია.

ღვთის მადლი სულისათვის შეუცნობლად არ მოდის, და როცა სული ამ მადლს კარგავს, ენატრება და ცრემლით დაეძებს მას. ხომ გამალებით დაუწყებენ ძებნას მშობლები საყვარელ შვილს, თუ ის დაკარგეს? ღვთისმოყვარე სული კი კიდევ უფრო გამეტებით დაეძებს უფალს, ისე რომ არც კი ახსოვს ნათესავები და საყვარელი ადამიანები.

დიდება უფალს, რომ გვაძლევს უნარს, გულისხმავყოთ მადლის მოსვლა და გვასწავლის გავარჩიოთ – რისთვის მოდის და რისთვის იკარგება იგი. ვინც ყველა მცნებას იცავს მისი სული მუდამ იგრძნობს მადლს – თუნდაც მცირეს. მაგრამ მადლი ადვილად იკარგება ცუდმედიდობის გამო, ერთი ამპარტავნული გულისსიტყვის გამოც კი. შეიძლება ბევრს ვმარხულობდეთ, ბევრს ვლოცულობდეთ, ბევრ კეთილ საქმესაც ვიქმოდეთ, მაგრამ თუ ცუდმედიდობა შეგვიპყრობს, იმ დაფს დავემსგავსებით, რომელიც ჟღარუნობს, მაგრამ შიგნით ფუტუროა. ცუდმედიდობა სულს აცარიელებს და დიდი გამოცდილება, ხანგრძლივი ბრძოლაა საჭირო მის დასაძლევად. მონასტერში შეძენილი გამოცდილებიდან და წმინდა წერილიდან შევიტყვე, თუ რა მავნეა ცუდმედიდობა, და ახლა დღემუდამ შევთხოვ უფალს ქრისტეს სიმდაბლის მონიჭებას. ეს დიდი და დაუსრულებელი მეცნიერებაა.

ფიცხელ ომში ვართ ჩაბმულნი და ეს ომი დიდ სიბრძნეს მოითხოვს ჩვენგან; ფიცხელია ომი, მაგრამ ამასთან ერთად მარტივიცაა. თუ სული სიმდაბლეს შეიყვარებს, ჩვენი მტრების ყველა მახე დაირღვევა და მათი ციხესიმაგრეებიც დაეცემა. სულიერ ბრძოლაშიც ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი, რომ ყველა საბრძოლო მასალა და პროდუქტი მთელი იყოს. მასალა ჩვენი სიმდაბლეა, პროდუქტი კი – ღვთის მადლი; თუ მათ დავკარგავთ, მტრები გვაჯობებენ.

ფიცხელია ეს ომი ამპარტავანთათვის, მდაბალთ კი არ უჭირთ ბრძოლა, რამეთუ მათ უფალი შეიყვარეს, და იგი ანიჭებს თავის მძლავრ იარაღს – სული წმიდის მადლს. მისი ეშინიათ ჩვენს მტრებს, რადგან ის ერთიანად წვავს მათ.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ