კითხვა: წმინდა სილუანი და წმინდა სოფრონი გამუდმებით საუბრობენ სულიწმინდაზე. როგორ შევიცნოთ გამოცდილებით სულიწმინდა, მათი სწავლების მიხედვით?
პასუხი: ყოველივეს საწყისი ჩვენი ქრისტესადმი რწმენა და მისი სიტყვის შეწყნარებაა. როდესაც მის მცნებებს ჩვენი ცხოვრების კანონად ვაქცევთ, თანდათან გარკვეულ საიდუმლო სიღრმეს ვიძენთ; ვხდებით მისტიკურნი ისევე, როგორც თავად სულიწმინდის პიროვნებაა იდუმალი და უხილავი. სული ღმრთისა სხვადასხვა გზით მოქმედებს. მამა სოფრონმა ერთხელ ამიხსნა, რომ ლოცვა „ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას“ სულიწმინდას მიემართება. მაშასადამე, სულიწმინდა პირველ რიგში განგვწმენდს ცოდვისგან, კურნავს ცოდვით გამოწვეულ ჭრილობებს და თანდათანობით ჩვენში აღმართავს ღმრთის წმინდა ტაძარს – ქრისტეს ხატებას. ქრისტე ხომ უმწვერვალესი ტაძარია, სახლია ღმრთისა (1 პეტ. 4:17), „რამეთუ მას შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორციელად“ (კოლ. 2:9). შემდგომ ადამიანის ბუნება ძალას იკრებს, რათა დაიტიოს სრულყოფილება და სისავსე ქრისტეს სიყვარულისა (შდრ ეფეს. 3:19), „ყოველი ჭეშმარიტება“, რომელსაც ნუგეშინისმცემელი გვიბოძებს (იოანე 16:13). წმინდა სამების პირთა შორის სრული ერთობაა. ყოველივე გამომდინარე დაუსაბამო მამისაგან, სულიწმინდით ვლინდება ქრისტეში.
არსებობს განსაზღვრული წესრიგი – ერთი სიცოცხლე, ერთი ბუნება, ერთი ენერგია, რომლის წყაროც მამაა, რომელიც ამ ყველაფერს ქრისტეს მეოხებით ყველა ჩვენგანს გვიწილადებს სულიწმინდის ძალითა და სრულყოფილებით. ძე ღმერთი შემოვიდა სამყაროში, რათა მამა დაემოწმებინა: „რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ“ (იოანე 15:15). ის მამისადმი სრული მორჩილებით მოვიდა, რათა განედიდებინა იგი და გადმოეცა მისი სიტყვის ჭეშმარიტება; ასევე ახსენებს სხვა „ნუგეშინისმცემელს“, რომელიც „მისთვის დაამოწმებს“ (იოანე 15:26). რაღაც განსაცვიფრებელს ვხედავთ წმინდა სამებაში: ყოველი პირი ამოწმებს და ადიდებს დანარჩენ ორ პირს. ვხედავთ წმინდა სამების პირთა ურთიერთდატევნას (περιχώρησις), ღმრთიურ შეჯიბრს სიყვარულში, სრულყოფილებასა და სიმდაბლეში.
ვხედავთ ძე ღმერთის გამოუთქმელ სიმდაბლესა და მის წარმოცარიელებულ (კენოტიკურ) ბუნებას. მან, ვინც „ხელმიუწვდომელი ღმრთეებაა“, ინება თავისი დიდების მწვერვალიდან ხრწნილების უფსკრულში ჩამოსულიყო და ადამიანური ბუნება მიეღო, რათა საკუთარ თავზე ეტვირთა ჩვენი უძლურებით გამოწვეული ყველა ჭრილობა, გარდა ცოდვისა. მსგავსად დამცრობილ სიმდაბლეს ვხედავთ სულიწმინდაშიც. როდესაც სამყაროში შემოდის სულიწმინდა – საიდუმლოებრივად, მისტიკურად იწყებს მოქმედებას. დიდი ღმრთისმეტყველი მამები ბრძანებენ, რომ სულიწმინდის სახელიც კი მის დამცრობილ ბუნებას ამოწმებს. დანარჩენ ორ პირს კონკრეტული სახელი გააჩნია, რომლებიც მათ კერძოობითობას წარმოაჩენს, – დაუსაბამო მამა და თანადაუსაბამო ძე, სიტყვა ღმრთისა; მაშინ, როდესაც სულიწმინდას არსობრივად საკუთარი ჰიპოსტასური (პიროვნული) სახელიც არ აქვს, არამედ წმინდა სამების დანარჩენ ორ პირთან იზიარებს „სულის“ სახელს. სამივე პირის მიმართ ჩვენ ვამბობთ, რომ „სულ არს ღმერთი“ (ინ. 4:24), მოციქული პავლე ქრისტეს შესახებ კი შემდეგს დასძენს: „რამეთუ დაღათუ ვიცოდეთ ქრისტე ჴორციელად, არამედ აწ არღარა ვიცით“ (2.კორ 5:16).
სულიწმინდას დაუსაბამო მამისა და ძის მსგავსი უკიდურესი სიმდაბლე ახასიათებს, ამიტომ იგი იდუმალებითა და სიფაქიზით გამოირჩევა წმინდა სამების პირებში; როგორც ამას სიმონ ახალი ღმრთისმეტყველი წერს, ის „იდუმალი მეგობარია“, რომელიც სამყაროში ქრისტეს დასამოწმებლად შემოდის. „მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“ ამბობს ქრისტე, მაგრამ სულიწმინდას, მსგავსად ამ სიტყვებისა, შეუძლია თქვას: „მეც აქამომდე ვიღწვი, რათა ქრისტეს სიტყვის მორწმუნე ყოველი ადამიანის გულში ქრისტე იშვას.“
სულიწმინდა საიდუმლო პიროვნებაა, რომელიც ვლინდება იმ ძღვენში, რომელთაც თავის წმინდანებს უბოძებს. ყოველთა წმინდათა ხსენების დღე, არსობრივად სულიწმინდის მადლის დამოწმებისა და დიდების დღეა. თუ ზეციური მამის ხატი ძეა, ხოლო ძის ხატი – სულიწმინდა, რომელიც ქრისტეს ხატებას სახავს ჩვენს გულებში, მაშინ სულიწმინდის ხატი იმ ძღვენთა მიერ გამოისახება, რომელთა თანაზიარნიც ხდებიან მორწმუნენი. სულიწმინდა ყველა ჩვენგანს, ვინც ქრისტე იწამა, მისი სახელით მოინათლა და ჭეშმარიტად მისი სიტყვისამებრ ცხოვრობს, „თჳსსა მადლს“ (შდ. 1კორ: 7:7) არგუნებს, რათა ქრისტეს სხეულის წევრნი გაგვხადოს. ამ გზით ჩვენი პიროვნება მდიდრდება, განივრცობა – „თითოეული ურთიერთას ასოებ“ (რომ. 12:5), ყოველი წმინდანის ძღვენთა თანაზიარნი ვხდებით. ყველაფერი, მსგავსად სამოციქულო კრებულისა, საერთოა: „იყო ყოველივე მათდა ზოგად“ (საქ. 4:32). პირველ ქრისტიანებს ერთი სიცოცხლე, ერთი სუნთქვა, ერთი გული ჰქონდათ, „იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთარს“, ერთი სურვილით აღნთებულნი, განკრძალულნი „განტეხასა პურისასა“ და ქრისტეს სახელის მოხმობაში (საქ. 2:42, 46). მხოლოდ ეკლესიის წიაღში გვეძლევა ძალა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის უნარი, რადგანაც გვეძლევა ცოდნა „რაი-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე… გარდარეული იგი მეცნიერებისა სიყუარული ქრისტესი“ (ეფეს. 3:18-19).
ასე მოაწყო ღმერთმა ყოველივე. ეკლესიის სხეულში ჩვენი სრულყოფილებისკენ სწრაფვა არ განისაზღვრება იმით, თუ რამდენად მარჯვენი ვართ, არც ჩვენი უნარით მივიტაცოთ ესა თუ ის ძღვენი, არამედ საკუთარი თავის დამდაბლებით, რათა გავაცნობიეროთ, რომ „თითოეული ურთიერთას ასოებ“ და ყოველი წმინდანისთვის მინიჭებულ ძღვენთა თანაზიარნი ვართ. შედეგად, ვხდებით უნივერსალურნი, როგორიც თავად ქრისტეა, რადგანაც იმ ზიარებით, რომლისკენაც სულიწმინდა მიგვიძღვის, გვეძლევა გულის სიფართოვე (πλατυσμό*) ქრისტესი – ახალი ადამისა, გარდაგვქმნის რა უნივერსალური გულის მქონე ქმნილებებად. ეს არის ქრისტიანობის დიდებულება, რომელიც მხოლოდ ეკლესიაში მოიპოვება. ღმერთი ყველა ძღვენს მხოლოდ ერთ ადამიანს არ ანიჭებს, რაც არ უნდა დიდებული იყოს ეს პიროვნება, – იქნება იგი პეტრე, პავლე, მაქსიმე, თუ ბასილი დიდი. ყველას კონკრეტული ნიჭი ეძლევა, რათა „ურთიერთას ასოებ“ ვიყოთ და თავმდაბლობა შევინარჩუნოთ. მამა სოფრონმა ერთხელ მითხრა: მათ ვინც სულიწმინდით განახლდა, შეჯიბრის ერთადერთი მიზეზიღა აქვთ – ვინ უფრო მეტად დაიმდაბლებს თავს მოყვასის წინაშეო.
როგორ მოქმედებს სულიწმინდა ჩვენს ცხოვრებაში? სულიწმინდა სრულყოფს ადამიანს, როგორც პიროვნებას, რადგან იგი აფართოებს (πλαταίνει) გულს და აძლევს უნარს დაიტიოს ყველა ადამიანი – ადამიდან მეორედ მოსვლამდე, რითაც იგი მთელი სამყაროს ხსნისათვის ჰიპოსტასურ ლოცვამდე მიჰყავს. სულიწმინდა აფართოებს გულს, რათა მასში საღმრთო მადლი დამკვიდრდეს და შეიძინოს თანაგრძნობის უნარი „მცირეთაგანთა“ (მთ. 18:10) მიმართ. ეს გაფართოება სულიწმინდაში, ქრისტეს სახელის მოხმობას შეგვაძლებინებს. მისი სახელის მოხმობით ვიზიდავთ სულიწმინდას, რომელიც ქრისტეს ხატების გამოსახვით, ჩვენს გულში ღმრთის საყდარს აგებს. მოციქული ამბობს, რომ „არავის ხელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა“ (1კორ. 12:3). ამრიგად, როდესაც წმინდა გულიდან სიმდაბლითა და ყურადღებით აღმოვთქვამთ სიტყვებს: „უფალო იესო ქრისტე“, – ჩვენში სულთმოფენობა დგება.
სულიწმინდა გვახსენებს ქრისტეს სიტყვებს და გონებას გვიხსნის მათი გათავისებისთვის. როგორც წმინდა სილუანი ამბობს, იგი სრულყოფილ სიტყვებს შთაგვაგონებს და ლიტურგიის დროს წინასწარმეტყველების უნარს გვანიჭებს. სულიწმინდის მეოხებით, ეს ყოველივე ცხოველმყოფელი საიდუმლოს, ძღვენთა კურთხევისა და მისი მაცხოვრის სისხლად და ხორცად გარდასახვისას ხდება. როგორც წმინდა სოფრონი ბრძანებს, ყოველივე ნახსენები: ქრისტეს სახელის მოხმობა, ღმრთის სიტყვა, საღმრთო ზიარების საიდუმლო, – გულის გაფართოების თანხლებით, თანდათან ქრისტიანში სულიწმინდას დაამოწმებს და საბოლოოდ ერთ სიცოცხლედ დაივანებს მის გულში.
კითხვა: ქრისტეს პიროვნება ჩვენს ცხოვრებაში შედარებით ხილვადი გახდა. შეგვიძლია მსგავსი ურთიერთობა დავამყაროთ სულიწმინდასთანაც?
პასუხი: იყო პერიოდი, როცა მუდმივად ვფიქრობდი: „რატომ უნდა ვილოცო მხოლოდ ქრისტეს მიმართ? მინდა, რომ მამის სიახლოვეც ვიგრძნო“. ამიტომაც, დიდი მონდომებით დავიწყე ზეციური მამის მიმართ ლოცვა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ისევ ძეს მივმართავდი, რადგან ვინ არის მამა? იგი, ვინც „ესრეთ შეიყუარა სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (იოან. 3:16). იწყებ მამისადმი ლოცვას და გაუცნობიერებლად ძის მიმართ ლოცვით ასრულებ. ჩვენ მუდმივად ვეცნობით მამას ძის სიტყვებით და საჭიროც კი არ არის მის მიმართ განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარება, რადგან მამა კმაყოფილდება იმითაც, რომ ჩვენ მისი ძის მოწაფენი გავხდეთ და როდესაც მის ხატებას დავემსგავსებით, ძე – როგორც შვილებს, ისე წაგვიძღვება მარადისობაში. ასევეა სულიწმინდის შემთხვევაშიც. დავიწყებთ ლოცვას მისი მისამართით და გაუცნობიერებლად ლოცვა ისევ ქრისტესკენ წარემართება, რადგან იგია, ვინც სულიწმინდას გვიგზავნის.
როგორც ვხედავთ, როდესაც მამა ღმერთის ან სულიწმინდის მიმართ ვლოცულობთ, ჩვენს ლოცვას იგივე ენერგია აქვს, რაც ძის მიმართ ლოცვას. მიუხედავად ამისა, უფალი ბრძანებს: „ არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (ინ. 14:6). არავის ეხილვება სულიწმინდა, თუ არა, როგორც მისგან გამოგზავნილი ძღვენი, რადგანაც სწორედ იგი „აღჴდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა“ (ეფ. 4:8). ქრისტე ამბობს: „უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა“ (ინ. 16:7), რადგან მას, პირველყოვლისა, მას შემდეგ რაც კაცობრიობის გამოხსნა აღასრულა, საკუთარი თავი მამის წინაშე უნდა წარედგინა, რათა მამას ენება სულიწმინდის ძღვენთა სამყაროში გარდამოვლენა. რაც მეტად მოქმედებს საღმრთო მადლი ჩვენში, მით მეტად ვივსებით მადლიერებით სულიწმინდის მიმართაც. „ხოლო თითოეულსა კაცად-კაცადსა ჩუენსა მოცემულ არს მადლი საზომისაებრ ნიჭისა ქრისტესისა“ (ეფ. 4:7) – როგორც პავლე მოციქული ამბობს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში, ჩვენთვის მომადლებულ ძღვენთა გამრავლებასთან ერთად, სულიწმინდასთან თანაარსებობას ვიწყებთ.
ძე – საკუთარი სიცოცხლის გაღებით, ჩვენი გამოხსნის შემოქმედი გახდა, რითაც თავისი განუზომელი სიყვარული წარმოაჩინა. ყოველივე ეს მამა ღმერთის ნება იყო, სულიწმინდა კი ძის ყოველ ქმედებას თან ახლავს და სრულყოფილების ბეჭედს ადებს. ამგვარად, თუ ურთიერთობას დავამყარებთ ქრისტესთან, თავისთავად გვექნება ურთიერთობა მამასა და სულიწმინდასთან. წმინდა სილუანი ამბობს, რომ ქრისტეს ხილვამდე არ იცოდა სულიწმინდის არსებობის შესახებ. შემდგომ კი მან გამოსცადა სულიწმიდის პიროვნული არსებობა, რომელმაც დაუმოწმა, რომ ქრისტე ღმერთია და იგი მოავლენს სულიწმინდასაც. როგორ მიხვდა წმინდა სილუანი, რომ სულიწმიდა იყო ის, ვინც გულში გამოხსნა დაუმოწმა? წმინდანმა სულიწმიდა იცნო იმით, რომ მან ქრისტესადმი უსაზღვრო სიყვარული უბოძა, გააძლიერა მისი ბუნება, რათა შეძლებოდა დატევნა სიყვარულისა, „რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ“ (კოლ. 3:14). თუ სილიწმინდამ ადამიანის ბუნება არ გააძლიერა, ყოველივე ღვთიურის დატევნა შეუძლებელია.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად, რაზეც მუდმივად უნდა ვზრუნავდეთ, ქრისტესთან უფრო მტკიცე და ახლო ურთიერთობის დამყარებაა, რათა „არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ქრისტესა“ (შდ. რომ. 8:38-39). არის ჩვენში ქრისტე? მაშინ არის მამაც და სულიწმინდაც. ჩვენ გვაქვს ზეციური მამის სიტყვა შეურყვნელი – ისეთი, როგორიც ქრისტემ გვიბოძა და ასევე გვაქვს ამ სიტყვის სიღრმისეული გაგების უნარიც – სულიწმინდისაგან მომადლებული. ჩვენი ღმერთი იმ ბერძნულ ღმერთებს არ ჰგავს, ერთმანეთში რომ კამათობდნენ; ჩვენს ღმერთში აღუწერელი, დაუტევნელი თანაარსებობაა – სრულყოფილი სიყვარულის და სიმდაბლის.
- πλατυσμὸς – ეს სიტყვა ეკლესიის მამებთან ხშირად იხმარება გულის სასიხარულო მდგომარეობის გამოსახატად (ე. ჭელიძე)
წყარო: http://pemptousia.com