WhatsApp Image 2023 03 04 at 13.27.49

მოწოდების შესახებ – წმინდა სოფრონი (ინგლისელი)

ჩემი შეხედულებით მონაზვნობა, სიყვარულის განსაკუთრებული გამოვლინებაა. სიყვარულისა, რომელიც სიხარულის, სისავსის, ადამიანური მთლიანობასა და ერთობის განცდით გამოიხატება, მაგრამ არის ასევე იმგვარი ფორმა სიყვარულისა, როდესაც ძლიერი შინაგან ტკივილების განცდით გაუსაძლისობამდე მძიმდება ყოფიერება და ეს მანამ გასტანს ხოლმე, სანამ ადამიანის სურვილი – გადარჩეს ყველა დანარჩენი, არ შესრულდება. – ამგვარი სიყვარულის მიღწევის გზები კი ბუნებრივს მიღმაა.

 ადამიანი თავისი არსით იმდენად მრავალშრიანია, რომ ძლიერი დაკვირვებისა და კონცენტრირების შემთხვევაშიც კი არ ძალუძს ჩასწვდეს საკუთარ არსებაში მიმდინარე პროცესებს, მეტიც ამგვარმა დაკვირვებამ შეიძლება მასში სრული უნდობლობა დაბადოს სიცოცხლის საიდუმლოების მიმართ. თუმცა უტყუარია და გამოცდილებით დაბეჭდილი, რომ ტანჯვა საუკეთესო ნიადაგია სიყვარულის აღმოსაცენებლად, მაგრამ ამგვარი მიდგომა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, რადგან ღია არის მცდარი ინტერპრეტაციებისათვის.

  ცხოვრებისეული გზა ისევე როგორც მოწოდება მრავალნაირია, ერთ-ერთ მიმართულებად კი შეიძლება არსებული რეალობით გამოწვეული უკმაყოფილება მივიჩნიოთ, რამაც თავის მხრივ სხვა სიცოცხლის ძიების სურვილი უნდა აღძრას ჩვენში, სხვა მარადიულისა და ნამდვილისა.

 როდესაც საღმრთო მადლი მოიხილავს ადამიანს სრულად მოიცავს მას და სხვა სამყაროს მარადიულ სიცოცხლეს განაცდევინებს. ხელთუქმნელ ნათელთან მიახლება სრულად გარდაქმნის კაცის გონებას. ადამიანური ცნობიერება რომელმაც შეიცნო საღმრთო სიცოცხლე, სახელდობრ სიყვარული ღმრთისა და სიყვარული მოყვასისა ვეღარ სჯერდება რეალობას და გამოსავლად მხოლოდ უკიდურესი ძალისხმევაღა რჩება, რომ თავისი უნარების სრული მობილიზებით, მოიყვანოს გული იმ მარადიული კანონების შესაბამისობაში, რომელიც ერთხელ განიცადა და სწორედ აქ იწყება ჯვარი.

 ნათელი, რომელმაც მისი გული ერთხელ მოიცვა გაქრა, ცოდნით კი მხოლოდ აბსტრაქტული გამოცდილება შერჩა იმ სიცოცხლის კანონისა. საღმრთო მადლით განათლებული ადამიანური ინტელექტი, კი ჭვრეტს საკუთარი დაცემულობის შემზარავ ტრაგედიას, რომელი ტრაგედიის მომზირალიც თითოეული ჩვენგანია, ამის დასტურად კი გულში ჩახედვაც კმარა. სამყაროში არ მოიძებნება ბოროტება, იქიდან რომ არ იღებდეს სათავეს და ხშირად შემაძრწუნებელი სიცხადითაც კი. ამის განმცდელი ადამიანი ცხადია ბედნიერი ვეღარ იქნება, აცნობიერებს რა, რომ საკუთარ თავში ჯოჯოხეთს დაატარებს – ჰოი, ეს უმძიმესი განსაცდელია! მაგრამ რაც უფრო მძაფრია საკუთარი დაავადებულობის განცდა მით მწველია გადარჩენის სურვილი.

 ამგვარი ადამიანური მდგომარეობის საყოველთაობით შეიგრძნობა, მოყვასის გულისცემაც. იმავე ტრაგედიის თანამონაწილე ძმა, ჩვენში თანაგრძნობას აღძრავ და გვიბიძგებს ვილოცოთ არა მხოლოდ საკუთარი თავისათვის არამედ ყველასთვის- “ უფალო იესუ ქრისტე, შეგვიწყალე ჩვენ” – ყველა, ჩვენ გამონაკლისის გარეშე.

 აქვე გულწრფელად აღვნიშნავ ერთ არასახარბიელო ფაქტს, რაც დამახინჯებადა შეიძლება ჩაითვალოს – კერძოდ, ზრუნვა მთელი კაცობრიობისათვის, ზოგისთვის დამაბრკოლებელი ხდება მსახურებაში, რის გამოც ხშირად თავს იკავებენ ხოლმე ამგვარი მოღვაწეობისგან, როგორც რაიმე აბსტრაქტული და არახელშესახები მოვლენისაგან. მე კი ვფიქრობ მთელი კაცობრიობა, როგორც მოვლენა არ არის თავისი არსით რაიმე განუსაზღვრელი, რომ შეგვეძლოს თუნდაც საკუთარი სულიერი გამოცდილებების რაოდენობრივი აღრიცხვა აღმოვაჩენდით, რომ მათში ჭარბობენ მოლოდინები და ცვალებადობა. ჩვენ, ადამიანები ვერაფერს ვაფასებთ ობიექტურად, ვერაფერს ვცვლით და ვერაფერს ვაღწევთ, ირგვლივ სრული წყვდიადია, აღარ არის ის ნათელი რომელიც ერთხელ ვიხილეთ, ერთადერთი რაც გაგვაჩნია ეს მთრთოლარე მოლოდინია: როდის შეიცვლება ეს უკუნეთი და კვლავ სინათლე დაივანებს, როდის უფალო?… კიდევ რამდენ ხანს?..

მონაზვნობისკენ სწრაფვის კიდევ ერთ სტიმულად უნდა ჩაითვალოს უწყვეტი ლოცვის წადილი. ლოცვის სიყვარულმა ბევრი მოიყვანა მონასტერში და როდესაც მონაზვნობის სიდიადესა და ბრწყინვალებაზე ვსაუბრობ, სწორედ ამას ვგულისხმობ. გონებისმიერი ლოცვა, რომლის არსიც შემდეგში მდგომარეობს: უფალმა განგვიცხადა, რომ ფიქრები გულის წიაღიდან აღმოცენდებიან, მცნებების აღსრულების წყურვილი და აქეთკენ სწრაფვა მთელს ყურადღება სწორედ იქ ამკვიდრებს, გონება განიძარცვება ვიზუალური ხატებისაგან და მდუმარედ ჭვრეტს საკუთარ გულს.

 ეს საიდუმლოებრივი მოქმედება ლოცვის სიტყვებით აღესრულება და მისი არსიც, სწორედ იქ არის დავანებული.

ამიტომ უთქვამთ და გადაჭარბებულად ვერ შევაფასებთ, რომ უფალი მხოლოდ სუფთა გონებით შეიცნობა, სანამ ადამიანი თავის ყურადღებას არ მოსწყვეტს ყოველივე ქმნულს, მანამ ვერ შეიცნობს უფალს და სხვა მრავალსაც…

სწორედ ეს არის მართლმადიდებლური მისტიკის არსი, რომ ყოველი ძალისხმევა ეფუძნებოდეს სახარებისეული მცნებების ზედმიწევნით ეთიკურად აღსრულებას, რომ სწორედ სულიერ-მორალურ სამყაროში ჩაღრმავებით ადამიანი აღწევს გათავისუფლებას, ბუნებითი ყოფისგან, რომელიც გარს გვაკრავს, გათავისუფლებას სხეულებრივი დეტერმინირებულობისგანაც კი, როგორც აღნიშნულია:

„ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც თოთხმეტი წლის წინათ, არ ვიცი, სხეულში, არ ვიცი, სხეულის გარეთ, ღმერთმა იცის, ატაცებულ იქნა მესამე ცამდე.“ [2 კო 12:2]

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ყველივე ეს ზემოთქმული იმგვარი სიფაქიზით შეიძლება გახდეს ჩვენი გამოცდილების საგანი (მიჭირს ზუსტი აღწერა) რომ ადამიანმა, ვერც-კი შენიშნოს აქამდე, როგორ მივიდა და კვლავ ლოცვის მეშვეობით განეცხადოს, თუ რა მოხდა მის თავს.


წერილი 25, ფრაგმენტი პირადი მიმოწერიდან

Share